მოდის ისტორიაში 1990-იანი წლები ყველაზე გამორჩეული, ცოცხალი და ბრწყინვალე იყო, რაც, თავის მხრივ, იმ სუპერმოდელების დამსახურებაა, რომელთა სახელები დღემდე კარგად ახსოვს ჩვენს მკითხველს. სინდი, ნაომი, ლინდა, კლაუდია, კრისტი, ჰელენა – ეს ის სახელებია, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და სტილის ხატებად იქცნენ. შეიძლება ითქვას, მათ გარდატეხა მოახდინეს სამოდელო სფეროში, ეს იყო პერიოდი, როდესაც პოდიუმზე მთავარი აქცენტი მოდელზე კეთდებოდა და არა სამოსზე.
ყოველთვის, როცა 90-იანი წლების სუპერმოდელებს ვიხსენებ, პირველ რიგში პიტერ ლინდბერგის გადაღებული შავ-თეთრი ფოტო მახსენდება. ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მოდელები: ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კრისტი ტარლინგტონი და ტატიანა პატიცი ბრიტანული „ვოგისთვის“ გადაიღო. აღნიშნული ყდა სუპერმოდელების ოქროს ხანის საწყისადაც ითვლება. ასევე, ეს ყდა გახდა მუსიკოს ჯორჯ მაიკლის ინსპირაცია თავისი კლიპისთვის Freedom.
სინდი კროუფორდი – სუპერმოდელი 1966 წლის 20 თებერვალს დექალბში, ილინოისის შტატში დაიბადა. მისი მამა ელექტრიკოსი, დედა კი მედდა იყო. ჰყავს ორი და, უმცროსი ძმა სამი წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა, რაც მთელი ოჯახისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. 17 წლის ბეჯითი მოსწავლისთვის ყველაფერი Elit Model look-ის კონკურსით დაიწყო, სადაც სინდი მეორე ადგილზე გავიდა.
1989 წლიდან 1995 წლამდე კროუფორდს MTV-ზე გადაცემა მიჰყავდა. 90-იანების შუა წლებში ის პეპსის რეკლამებში გადაიღეს. გარდა ამისა, სინდიმ სცადა ბედი კონოშიც, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის ვარჯიშზე გადაღებული ვიდეოები აღმოჩნდა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მალევე გახდა პოდიუმის დედოფალი და მოდური კამპანიების სახე.
1989 წელს სინდი „რევლონის“ სახეც გახდა, მან არაერთი ცნობილი ჟურნალის ყდა დაამშვენა, მათ შორის ისეთების, როგორიცაა:Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure.
კროუფორდმა სხვა სუპერმოდელებთან ერთად სამოდელო ბიზნესის საკულტო ეპოქა შექმნა.
სინდი 1991 წელს მსახიობ რიჩარდ გირს გაჰყვა ცოლად. იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ერთმანეთს 4-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ სუპერმოდელმა რანდე გერბერი გაიცნო. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ჩუმად იქორწინა. მათ ორი შვილი – პრესლი და კაია ჰყავთ. კაია გერბერგი დედის გზას გაჰყვა და ის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა.
2000 წელს სინდიმ ოფიციალურად თქვა უარი სამოდელო კარიერაზე. მისი ეპოქალური დაბრუნება 2017 წელს Versace-ს მოდის სახლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ. პოდიუმის ქალღმერთებმა: სინდი კროუფორდმა, ნაომი კემპბელმა, კარლა ბრუნიმ, კლაუდია შიფერმა და ჰელენა კრისტენსენმა ერთად მიაგეს პატივი ლეგენდარულ ჯანი ვერსაჩეს.
ნაომი კემპბელი – მოდელი სამხრეთ ლონდონში, სტრიტჰემში დედამ გაზარდა. ნაომი ეკრანებზე პირველად 7 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც ბობ მარლის სიმღერის Is This Love-ის კლიპში მიიღო მონაწილეობა.
კემპბელის სამოდელო კარიერა მალევე განვითარდა – 16 წლის ასაკში ის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ამერიკული „ვოგისთვის“ გადაიღო, შემდეგ იყო ბრიტანული „ვოგის“ გარეკანიც.
„ის ძალიან მორცხვი იყო. თუმცა საუკეთესოდ შეასრულა თავისი მოვალეობა, თითქოს ამას ათასობით წლის განმავლობაში აკეთებდა“, – იხსენებს მეისელი.
კარიერის დასაწყისში რამდენიმე ჟურნალმა უარი თქვა მასთან თანამშრომლობაზე მისი კანის ფერის გამო. ამ ფაქტის შემდეგ მას მხარი მისმა მეგობრებმა, ტოპ-მოდელებმა, კრისტი ტარლინგტონმა და ლინდა ევანგელისტამ დაუჭირეს, რომლებმაც რამდენიმე მოდის სახლს, მათ შორის Dolce & Gabbana-ს უთხრეს – „თუ თქვენ არ აიყვანთ ნაომის, არც ჩვენ გეყოლებით“.
ის გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ფრანგული„ ვოგის“ გარეკანისთვის გადაიღეს.
ნაომი ცნობილია მეტსახელით – შავი პანტერა. დღესაც მისი გამოსვლა პოდიუმზე სხვა დანარჩენ მოდელებს ჩრდილავს.
ნაომის რეპუტაცია სრულყოფილებისგან ძალიან შორს იყო. ის არაერთხელ გახვეულა სკანდალში, ბევრჯერ აღმოჩნდა სასამართლოში. ასევე ცნობილია ხისტი ხასიათით. 2005 წელს კემპბელმა აღიარა, რომ ალკოჰოლსა და კოკაინზე დამოკიდებულების გამო ხუთი წლის განმავლობაში მკურნალობდა. მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარება 1994 წელს, პოპულარობის პიკზე დაიწყო.
კარიერასთან ერთად გამორჩეული იყო მისი პირადი ცხოვრებაც. იგი ხვდებოდა ლეონარდო დი კაპრიოს, რობერტ დე ნიროს, აშერს, ლიამ პეინს, რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინს, ფორმულა 1-ის რბოლის ხელმძღვანელს ფლავიო ბრიატორეს.
2021 წლის 18 მაისს ნაომი პირველად გახდა დედა. 50 წლის სუპერმოდელს ქალიშვილი ჰყავს, მამის ვინაობა კი საიდუმლოდ რჩება.
სუპერმოდელის ეპოქის დასასრული არ ნიშნავდა ნაომის სამოდელო კარიერის დასასრულს. ის აგრძელებს ჟურნალების დამშვენებას, გამოდის პოდიუმზე და აფორმებს კონტრაქტებს კოსმეტიკურ ბრენდებთან.
სუპერმოდელი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ მისი მიზანია აფრიკაში მცხოვრები ხალხის ცხოვრება უკეთესი გახადოს. სწორედ ამიტომ აფრიკაში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. როგორც ნაომი ამბობს, მას აღარ უნდა ესმოდეს სიტყვები „ღარიბი აფრიკა“.
კრისტი ტარლინგტონი – 1969 წლის 2 იანვარს კალიფორნიაში დაიბადა. სამოდელო კარიერაზე სულაც არ ოცნებობდა, ის დაინტერესებული იყო ცხენებით და საცხენოსნო სპორტით. 14 წლის ასაკში იგი შენიშნა ფოტოგრაფმა დენი კოდმა. კრისტიმ 16 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი „ფორდის“ სააგენტოსთან.
1985 წელს ჟურნალ Vogue-ში მუშაობდა. ეს გარემოება მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან საჭირო დროს საჭირო მომენტში საჭირო ადამიანებმა შეამჩნიეს და პოდიუმის ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა. 1986 წელს კი ბრიტანული Vogue-ისთვის გადაიღეს. შემდეგ იყო სარეკლამო კონტრაქტები ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა: Revolve, Calvin Klein, Maybeline, რასაც მაღალი მოდის კვირეული და უდიდეს დიზაინერებთან მუშაობა მოჰყვა.
20 წლის ასაკში მან ხელი მოაწერა ექსკლუზიურ სამწლიან კონტრაქტს Calvin Klein-თან.
1993 წელს მოდელმა კარიერაში პაუზა გააკეთა და სწავლა განაგრძო. იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. კრისტი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. მოდელი ცხოველთა უფლებების დასაცავადაც იბრძოდა და სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „მირჩევნია შიშველმა ვიარო, ვიდრე ბეწვის სამოსი მოვირგო“.
2003 წელს ტარლინგტონი დაქორწინდა მსახიობ და რეჟისორ ედ ბერნსზე, რომლისგანაც ქალიშვილი გრეისი და ვაჟი ფინი ჰყავს.
მამის ფილტვის კიბოთი გარდაცვალების შემდეგ მოდელმა თავი დაანება მოწევას და აქტიურად შეუერთდა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას. გარდა ამისა, ის ქველმოქმედებასაც ეწევა. მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტია – Every Mother Counts. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოებას ეხმარება.
2009 წელს მოდელმა კვლავ უნივერსიტეტში ჩააბარა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელა სწავლა.
ამერიკელი მოდელი მაღალ მოდაში 2019 წელს დაბრუნდა. სუპერმოდელმა ნიუ-იორკის მოდის ჩვენებაზე მარკ ჯეკობსის შემოდგომა 2019-ის ჩვენება დახურა.
ლინდა ევანგელისტა – კანადელი და იტალიური წარმოშობის ლინდას დედა სამოდელო ქასთინგებზე ატარებდა. 15 წლის ასაკში მისით ELITE-ს სამოდელო სააგენტო დაინტერესდა.
მომავალი სუპერმოდელი 1987 წელს დაქორწინდა თავის პირველ ქმარზე, სამოდელო სააგენტო Elite-ს ბოსზე ჯერალდ მარიზე. ამ პერიოდში მოდელმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა და ფერიც შეიცვალა. კატის თვალები გაბედულ ვარცხნილობასთან ერთად უფრო ეგზოტიკურს ხდიდა მის გარეგნობას.
მისი დებიუტი ჟურნალის ყდაზე L’Officiel-ის ნომერში შედგა, შემდეგ იყო უამრავი ცნობილი და გლამურული ჟურნალების cover girl, როგორიცაა: Vogue, Harper’s Bazaar, Glamour, Cosmopolitan და ა. შ. ლინდას უმუშავია არაერთ ცნობილ ფოტოგრაფთან, ის ხშირად მათი მუზაც გამხდარა. 1993 წელს ლინდა განქორწინდა და შტატებში დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ლინდას პირადი ცხოვრება არ განვითარდა ისე ჰარმონიულად, როგორც მისი კარიერა. იგი ჯერალდ მარისთან განქორწინდა. ასევე დაშორებით დასრულდა მისი ურთიერთობა ფეხბურთელ ფაბიენ ბარტეზთან, მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოსთან.
ყველასთვის მოულოდნელი იყო პერიოდი, როდესაც ლინდა ევანგელისტა მოდის სამყაროდან სრულიად გაქრა. ჯანმრთელობის პრობლემებმა და რადიკალურმა გარეგნულმა ცვლილებამ იგი დეპრესიაში ჩააგდო. 2022 წელს კი დუმილი დაარღვია და წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციაზე ალაპარაკდა.
2015 წელს ლინდა ევანგელისტამ გადაწყვიტა ლიპოსაქციის არაინვაზიური მეთოდისთვის მიემართა და სხეული ფორმაში FDA-ს „ცხიმების გაყინვის პროცედურით“ ჩაეყენებინა. პროცედურიდან სამი თვის შემდეგ მოდელმა შენიშნა, რომ ნიკაპთან, ბარძაყებსა და მკერდთან კანი სულ უფრო იზრდებოდა და მკვრივდებოდა. მას პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიის დიაგნოზი (PAH) დაუსვეს.
PAH არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც პაციენტების 1%-ზე ნაკლებში იწვევს გაყინული ცხიმოვანი სხეულის გასქელებას და გაფართოებას, ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ სახეცვლილი სხეული ლიპოსაქციას აღარ ექვემდებარება.
წლების განმავლობაში მალვის შემდეგ, ლინდა პირველად გამოჩნდა Fendi-ს ჩანთის სარეკლამო კამპანიაში. შემდეგ ის გახდა ბრიტანული Vogue-ის 2022 წლის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავი.
„აღარ მინდა ტირილი, აღარ მინდა დამალვა, ვაპირებ გავაგრძელო ცხოვრება და დავეხმარო როგორც ჩემს თავს, ასევე სხვებსაც, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება“.
ტატიანა პატიცი – დაიბადა 1966 წლის 25 მარტს და გარდაიცვალა 2023 წლის 11იანვარს. მან 17 წლის ასაკში დაიწყო სამოდელო კარიერა. დასაწყისში ის უფრო ჰობად აღიქვამდა ამ პროფესიას. მისი პირველი მნიშვნელოვანი გარეკანი იყო ბრიტანული Vogue-ისთვის 1985 წელს გადაღებული ფოტო – ეს იყო წელი, როდესაც ლინდბერგმა ტატიანა აღმოაჩინა. როგორც უცხოური პრესა იწერება, ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგს ძალიან უყვარდა მისი გადაღება და 30 წელი ითანამშრომლა მასთან. ტატიანამ დაამშვენა არაერთი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი, მათ შორის: Elle, Marie Claire, Cosmopolitan და Harper’s Bazaar. გარდა ამისა, ტატიანა იყო მსახიობი, ის გადაიღეს ფილმებში: „Rising Sun“ და „Restraining Order“ .
მოდელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კამპანიაა ფოტოსესია Calvin Klein-ისთვის. აღნიშნული გადაღება დღემდე რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო კამპანიად.
პატიციმ საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად უცნაურად გრძნობდა თავს სამოდელო სამყაროში: „იყო ძალიან ბევრი მოგზაურობა და დაღლილობა“.
ბოლო წლებში ის არ ერიდებოდა ასაკზე საუბარს, მოგვიანებით L’Oreal-ის კამპანიის სახე გახდა Age Perfect კოსმეტიკისთვის.
სუპერმოდელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი მკერდის მეტასტაზური კიბო იყო.
კლაუდია შიფერი – მიუხედავად იმისა, რომ ლინდბერგის იმ ცნობილ ფოტოზე კლაუდია არ არის, შეუძლებელია მის გარეშე ვისაუბროთ 90-იანი წლების სუპერმოდელებზე, რომლებმაც ეპოქა შექმნეს.
გერმანელი მოდელი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. სკოლის წლებში კლაუდიას საკუთარი სიმაღლე აკომპლექსებდა და საერთოდ არ თვლიდა თავს ლამაზად. Metropolitan Models-ის სამოდელო სააგენტოს დირექტორთან, მიშელ ლევანტონთან იღბლიანმა შეხვედრამ წინასწარ განსაზღვრა მისი მომავალი ბედი. ლევანტონმა დაარწმუნა 17 წლის კლაუდიას მშობლები, რომ მათი ქალიშვილი პარიზში წასულიყო, რათა სამოდელო კარიერა აეშენებინა, თუმცა თავად შიფერი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მისდა გასაკვირად, წარმატებამ არ დააყოვნა. პარიზში გადასვლიდან ერთ წელში, 1988 წელს, კლაუდია ფრანგული Elle-ს გარეკანზე გამოჩნდა და სწრაფად მოიპოვა წამყვანი მოდის დიზაინერების, კერძოდ კარლ ლაგერფელდის სიყვარული.
მოდელი მუდმივად მონაწილეობდა ჩვენებებში და ჩნდებოდა ჟურნალებში: Vogue, Cosmopolitan, GQ, Playboy, Vanity Fair, Harper’s Bazaar, Marie Claire და სხვ.
პოპულარობის მწვერვალზე კლაუდია იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომლის შემოსავალი დაახლოებით 50 ათასი დოლარი გახლდათ დღეში.
2000 წელს კლაუდიამ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, პროდიუსერი და კინორეჟისორი მეთიუ ვონი. წყვილი სამ შვილს ზრდის.
სუპერმოდელის ეპოქის დასასრულს Forbes-მა მისი წლიური შემოსავალი $ 9 მილიონად შეაფასა.
დღეს კლაუდია შიფერი არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი და აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ბოლო წლებში შიფერი მონაწილეობდა „ვერსაჩეს“ შოუსა და რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში.