მრავალწლიანი ცხოვრების გზაზე, არაერთი გამოწვევის წინაშე მდგომს, ბევრი სირთულის მიუხედავად, ფარხმალი არასდროს დაუყრია. სამშენებლო კომპანია „კალატოზის“ ფინანსური დირექტორი მზექალა თურმანიძე ფიქრობს, რომ ოცნებების რეალობად ქცევას, მხოლო ერთი – მყარად დასახული მიზანი სჭირდება. თვლის, რომ ყველა ბარიერის გადალახვის ერთადერთი გზა, ურყევ ფასეულობებზე დაყრდნობილ თავდაუზოგავ შრომაზე გადის. ოჯახი 1994 წელს, პროფესიით ექიმ მერაბ ბოლქვაძესთან შექმნა. ათწლეულების მანძილზე, ყველა სირთულე ერთად გადალახეს. ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად ბევრი შრომა არ დასჭირვებიათ, რადგან OK! ბათუმის სტუმარს მზექალა თურმანიძეს, მიაჩნია, რომ მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად, მთავარი პრიორიტეტი მათი ინტერესების გათვალისწინებაა.
გაგვაცანით ოჯახის წევრები…
დავიწყებ იმით, რომ მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, სადაც დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ ექვს დედმამიშვილს. ყოველთვის ვიცოდი ადამიანების სიყვარულისა და თანადგომის ფასი. ვიცოდი, რომ სიკეთე, რომელიც შეგვიძლია უანგაროდ ვაკეთოთ, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაგვიბრუნდება და გავიმარჯვებთ ყველა დაბრკოლებაზე, რომელსაც ცხოვრება დაგვახვედრებს.
ასე, ხელიხელჩაკიდებულები მოვდივართ 28 წლის განმავლობაში, ჩვენს ოთხ შვილთან ერთად და ვცდილობთ, დავეხმაროთ, რომ პირველ რიგში ბედნიერები იყვნენ, შემდეგ კი წარმატებულები. ამაყი დედა ვარ, როცა მათ ვუყურებ, მჯერა, იცხოვრებენ ბევრად ძლიერ, სტაბილურ ქვეყანაში და ამისთვის მათი მშობლები თავისი წილი პასუხისმგებლობით იბრძოლებენ. უფროსი შვილი, ლევანი 27 წლისაა, ის თბილისში ერთ-ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო, ახლა კი ჩვენი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის „კალატოზი“-ს ხელმძღვანელია. ლევანის იდეები და ჩვენი გამოცდილება, საუკეთესო ტანდემია. მეორე შვილი 25 წლისაა. ნაზიბროლა, პროფესიით იურისტია, სექტემბრის ბოლოს ვაჟიშვილის დედა გახდება, ჩვენ კი დიდი სიხარულით ველოდებით პირველი შვილიშვილის მოვლინებას ამ სამყაროში. მესამე შვილი, ნიკოლოზი 16 წლისაა, მეოთხე შვილი – სესილი კი 12-ის. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან. უფლის მადლობელი ვარ, რომ მაჩუქა 4 არაჩვეულებრივი შვილი, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გაუძღვებიან ჩვენი ოჯახის ბიზნესს, განახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო პროექტებს, რომელიც ბათუმს და ბათუმელებს არაერთ სიკეთეს მოუტანს.
იყო მრავალშვილიანი დედა და წარმატებული ქალი…
ნიშნავს საკუთარ თავს არასდროს მისცე მოდუნების უფლება. უფალი მაძლევს ძალას უფრო ძლიერმა განვაგრძო გზა უკეთესი მომავლისკენ. მრავალშვილიანობა არ არის ადვილი, მაგრამ ასევე მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილს, ხშირად მიფიქრია, რა ბედნიერებაა, როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ სახლში და ასე უყვართ ერთმანეთი. დედის მაგალითიდან გამომდინარე, სულ მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა და მეც დედაჩემივით საუკეთესო დედა ვყოფილიყავი. არ ვიცი როგორი დედა ვარ, თუმცა მინდა, პირველ რიგში, თითოეული მათგანის მეგობარი ვიყო, მოვუსმინო და გავუგო. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ მისწრაფებას წარმატებისკენ და არ ვზღუდავთ მათ თავისუფლებას. ჩვენი კომპანიის 100%-იანი წილი თანაბრად არის გადანაწილებული ოთხივე შვილზე.
მოგვიყევით „კალატოზზე“, რა სახის სერვისს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს, რამდენი წელი ხართ ბაზარზე და რა არის თქვენი წარმატების ფორმულა…
მინდა წარსულის გამოცდილებით დავიწყო. ჩვენი ოჯახის ბიზნესში ჩართვა ხულოს რაიონიდან დაიწყო, სადაც ორი წელი ვცხოვრობდით. იმ დროისათვის მერაბი იყო თერაპიული განყოფილების გამგე, მეც, პროფესიით ფარმაცევტმა, გავხსენი აფთიაქი და აქტიურად ვმუშაობდი. შემდეგ ბათუმში გადმოვედით, მერაბმა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობა. შემდგომში კი, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა აჭარაში.
2019 წელს გადავწყვიტეთ სამშენებლო კომპანია „კალატოზის“ დაფუძნება. სახელის იდეა ჩემს შვილს, სესილის ეკუთვნის, რომელიც იმ დროისთვის მესამე კლასში იყო. სასკოლო მასალიდან კარგად ახსოვდა, რომ ძველად ხიდებისა და ჯებირების მშენებელს კალატოზი ერქვა, ამიტომაც ურჩია მამას, სამშენებლო კომპანიისთვის ეს სახელი დაერქმია. ასე დაიწყო „კალატოზის“ საინტერესო ისტორია. სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „კალატოზის“ პირველ პრემიუმ კლასის პროექტს, რომლის არქიტექტორები გახლავთ რამინ და ოთარ შავაძეები, 2020 წლის 3 მარტს ჩავუყარეთ საძირკველი, ისინი, ჩემი აზრით, ქალაქში ყველაზე გამოცდილი და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. „გალილეო ბათუმი“ – ასე ჰქვია ჩვენს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „გალილეო ბათუმის“ დახვეწილი არქიტექტურა ორგანულად ერწყმის ქალაქის ურბანულ განვითარებას, ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული პროექტი, საცხოვრებელ სახლთან ერთად, მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსიც გახლავთ. 21-ე სართულზე განთავსდება რესტორანი, აუზი, ფიტნეს-დარბაზი, სპა-საუნა და მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც ზღვისა და მთის პანორამული ხედები იშლება. კომერციულ სართულზე განთავსდება რეცეფცია, სავაჭრო ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, მარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა კომერციული დანიშნულების ობიექტი. 9 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, კომპლექსთან ერთად, იქნება 5 სართულიანი ავტოპარკინგისა და 9 სართულიანი გამაჯანსაღებელი/სარეაბილიტაციო კლინიკის შენობა. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება რეკრეაციული სივრცე. სამშენებლო კომპლექსით დაინტერესებულნი არიან, არაერთი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის გამოვყოფდი ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც კომპანია მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ შეიძინონ ფართი და ჰქონდეთ საოცნებო ბინა ბათუმში. პროექტი „გალილეო ბათუმი“ ექსპლუატაციაში, 2023 წლის დეკემბერში შევა.
გუნდური მუშაობის ძალა…
კომპანია „კალატოზის“ გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, რომელსაც საერთო მიზანი ამოძრავებს, ერთმანეთის აზრის გაზიარებით, მუდმივი ზრდითა და განვითარებით ვიქნებით მოწინავეები სამშენებლო ბიზნესში. ჩვენს კომპანიაში თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები დაცულია, ვცდილობთ ადამიანებს სათანადოდ დავუფასოთ ის შრომა, რასაც საქმეში ყოველდღიურად დებენ.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
მე და მერაბი 28 წელია ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ ჯერ ვერ მივეცით თავს უფლება ერთად დასასვენებლად წავსულიყავით, პირველ რიგში, საქართველოს ულამაზესი კუთხეების დათვალიერებას ვგეგმავთ. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას მთლიანად მოვინახულებთ. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. იყო ბევრი იმედგაცრუება, ტკივილი, დაბრკოლება, თუმცა მაინც შევძელით, ერთიანი ძალებით, ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით მყარად ფეხზე დადგომა. არასდროს მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ფარხმალი დავყაროთ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავეყრდნოთ ერთმანეთს, რადგან ვიცით, რაც არ უნდა სიმძიმე გვაწუხებდეს, არც ერთი ჩვენგანი გვერდზე არ გავდგებით და ერთიანი ძალებით გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას.
მუდამ ფორმაში…
ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო. ბავშვობიდან ასეთი ვარ, მიყვარს მოწესრიგებულობა, თუმცა გენეტიკაც მიწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ჩემს შვილებს ლამაზი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ. ჩემი მიზანი ასეთია – ჩემი 12 წლის სესილის დედა აუცილებლად ახალგაზრდად უნდა გამოიყურებოდეს. მერე რა, რომ მალე ბებია გავხდები. მუდმივად ვცდილობ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო. ცხოვრების კიდევ ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩემმა შვილებმა და ჩემმა მეუღლემ ყოველთვის იამაყონ ჩემით.
როგორც ვიცით არაჩვეულებრივი კულინარი ხართ…
ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, კერძებს ბავშვობიდან ვამზადებ და საკმაოდ კარგად გამომდის. ვფიქრობ, ამის ნიჭი დედაჩემისგან მერგო. 21 წლის გავთხოვდი, მეუღლის ოჯახში უკვე იცოდნენ ჩემი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ, ჩემი მომზადებული კერძებით, მეუღლის ოჯახს ყოველ ჯერზე ვაკვირვებდი.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბიზნესი მომავალში?
მეც და ჩემი მეუღლეც მაქსიმალისტები ვართ, გვიყვარს როცა ყველაფერი უმაღლეს ხარისხშია გაკეთებული. ჩვენ, შვილებთან და მომავალში შვილიშვილებთან ერთად ვაპირებთ ჩვენი კომპანიის მიერ აშენებულ „გალილეო ბათუმში“ცხოვრებას, შესაბამისად, თითოეულ ნიუანსს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზუსტად ვიცით, რომ ძალიან კარგი კომპლექსი გამოგვივა, ეს იქნება ქალაქში, პატარა ქალაქი. მჯერა, წლების შემდეგ, სიამაყით აღვნიშნავთ, რომ „გალილეო ბათუმი“ ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი სივრცეა ქალაქ ბათუმში. მეამაყება ჩემი კომპანია, ჩემი თანამშრომლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც წვლილი შეაქვს ჩვენი კომპანიის, პროექტის განვითარებასა და წარმატებაში.
ტექსტი: ნანა აბულაძე