თბილისობის საშემოდგომო დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი იხსენებს, რომ 1978 წელს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობისას, ესწრებოდა სწორედ იმ თათბირს, სადაც პირველად გაიჟღერა დედაქალაქის დღესასწაულის შემოღების იდეამ…
ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
თბილისს არ სჭირდება ბევრი ძალისხმევა, რომ გიყვარდეს. ის ყველას ისეთი უყვარს, როგორიც არის. თბილისი ქალაქია, სადაც ყველა პოულობს თავის თავს და საკუთარ თბილისს.
ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასოცირდებიან თბილისთან. ადამიანებს, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი ისტორიის შექმნა მოახერხეს. ყველა მათგანს თავისი თბილისი აქვს, ყველა მათგანს თავისებურად სტკივა და უხარია თბილისი, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი მთავარი გრძნობა, რომელსაც თბილისის სიყვარული ჰქვია.
ნიკო ლეკიშვილი − თბილისის მერი 1995-1998 წლებში, თბილისის საპატიო მოქალაქე
„თბილისთან დაკავშირებით მახსენდება ჩემი ბავშვობის ისტორია. 12 წლის ვიყავი, ზღვიდან დავბრუნდით და ჩემი სახლის მოხატული სადარბაზო, რომელიც იყო ულამაზესი სადარბაზო პლეხანოვზე, 1800-იანი წლების ბოლოს აშენებული, დავინახე, რომ იყო გადაღებილი. ისეთი საშინელი პროტესტი გამიჩნდა, რომ მაშინვე გავიქეცი აღმასკომში, რათა გამეგო, ვინ გადაღება. რაღაცნაირად, მაშინაც ხდებოდა ხოლმე ეს, არაფრად რომ არ მიაჩნდათ რაღაცები და უკვირდათ, რატომ ვაპროტესტებდი. მიმაჩნია, რომ ზუსტად მაშინ, 12 წლის ასაკში გაჩნდა ჩემში თბილისელი.
თბილისს უნდა მოუარო, თბილისი უნდა იცოდე. მე მუდამ ფეხით დავდიოდი სამსახურში, არასოდეს მანქანით სამსახურში არ ვყოფილვარ.
თბილისმა გადაიტანა ყველაზე მძიმე პერიოდები, მაგრამ გადაიტანა. გადაიტანა თავისი თბილისელობით, ერთმანეთის გვერდში დგომით. თბილისურმა ურთიერთობებმა, სულიერმა ურთიერთობებმა გადაარჩინა თბილისი.
ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია, მე, უბრალოდ, არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება.
თბილისი არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული“.
ვლადიმერ გუცაევი − თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი
„თბილისში ვარ დაბადებული, თბილისში გაზრდილი და ვფიქრობ, არ არსებობს თბილისელი, ვინც თბილისში დაიბადა, გაიზარდა და არ აქვს ძლიერი ემოციები ამ ქალაქთან დაკავშირებით. არ არსებობს ადამიანი, ჩამოვიდეს თბილისში და არ იყოს აღტაცებული მისით. მეც, დღემდე, ყოველდღე აღტაცებული ვარ თბილისით.
თუმცა ჩვენ დროს სულ სხვა თბილისი იყო. ეს გახლდათ სულ სხვა ურთიერთობები, სულ სხვა დამოკიდებულებები. დღეს ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს ბუნებრივია. წლები გავიდა, ცვლილებები მნიშვნელოვანია.
ჩვენ დროს იყო ეზო, ბურთი, ხშირად ბურთიც არ გვქონდა, მილიონ სხვადასხვა თამაშს ვიგონებდით, მაგრამ ეზო იყო მნიშვნელოვანი. დღეს ბავშვები არ არიან ეზოში.
და იყო თბილისის „დინამო“…
დღევანდელი ახალგაზრდები ცხოვრობენ სხვა გმირებით: მესი, რონალდო და ა.შ. ჩვენთვის კი „რეალ მადრიდიც“, „ბარსელონაც“, „მანჩესტერიც“, „პსჟ“ და სხვებიც იყო თბილისის „დინამო“, ისეთი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ…
მეამაყება, რომ განვიცადე ეს და იმ ცხოვრებით ვიცხოვრეთ, რა ცხოვრებითაც დღეს ცხოვრობს, მაგალითად, ნეაპოლი. თბილისი მაშინ კვირიდან კვირამდე თბილისის „დინამოთი“ ცხოვრობდა. თამაში დამთავრდებოდა და სამი დღე არჩევდნენ წინა თამაშს, მეორე სამი დღე არჩევდნენ მომავალ თამაშს, მერე მოდიოდა მატჩის დღე, ემზადებოდნენ სტადიონზე წასასვლელად და მიდიოდნენ ისე, როგორც ძალიან დიდ ზეიმზე.
ასეთი იყო მაშინ თბილისი…“
დათო ევგენიძე − კომპოზიტორი, მუსიკოსი
„თბილისი არის განსხვავებული ქალაქი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამით − თითოეულ ადამიანს შეუძლია ატაროს თავისი თბილისი.
რუსთაველის 44 ნომერში ვცხოვრობდი და პირველ სკოლაში ვსწავლობდი. სკოლამდე მისასვლელად მთელი რუსთაველი უნდა გამევლო, გზად, როცა შევხვდებოდი სერგო ზაქარიაძეს, ვამბობდი, ჯარისკაცის მამას შევხვდი-მეთქი; შევხვდებოდი ოთარ კობერიძეს და ვამბობდი − ბაში-აჩუკს შევხვდი… თითოეულ თბილისელს დაჰქონდა თავისი ქალაქი. ლევან აბაშიძე მაგალითად, თავის თბილისს ატარებდა, ირაკლი ჩარკვიანი თავის თბილისს ატარებდა, გეგა კობახიძეს თავისი თბილისი დაჰქონდა, ზურა ყიფშიძე დღეს თავის თბილისს ატარებს, მე ჩემი თბილისი დამაქვს. თბილისი ან გჩუქნის თბილისელობას, ან არ გჩუქნის. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აქ უნდა იყო დაბადებული და მაშინ ხარ თბილისელი. ძალიან ბევრს, არა თბილისში დაბადებულს, გაუთავისებია თბილისი, იმიტომ, რომ თბილისმა მიიღო. თბილისი ან გიღებს, ან არა.
თბილისმა მე მომცა თბილი-სი.
ჩემი ლექსების, ალბათ, 50% თბილისს ეძღვნება, იმიტომ, რომ თვითონ ვარ თბილისი. თბილისმა მომცა ის, რომ მეც თბილისი გავხდი. მიცხოვრია სხვა ქალაქებშიც, მაგრამ ვერც ერთი ქალაქი ვერ გავხდი.
ჩემი დო
ჩემი რე
ჩემი მი
ჩემი ფა
ჩემი სოლ
ჩემი ლა
ჩემი სი…
ეს ცის სარტყლის
შვიდი ფერია −
შვიდივე ნოტია
თბილისი…“
გუგა კოტეტიშვილი – მხატვარი
„თბილისი ჩემთვის არის ყველაფერი − ტკივილიც, სიხარულიც, სიყვარულიც, ნოსტალგიაც. ძალიან განვიცდი, რომ რაღაცები ფუჭდება. ბუნებრივია, ბევრიც კეთდება, მაგრამ რაღაცები კეთდება ძალიან არასწორად. თბილისი ხომ არ არის მარტო სოლოლაკი და მთაწმინდა… ამახინჯებენ იმას, რის გამოც რაღაც სახე აქვს ამ ქალაქს შენარჩუნებული და ამას ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.
თბილისი იზრდება, ფართოვდება, ვფიქრობ, რომ იგივე იუსტიციის სახლი, საკონცერტო დარბაზები და ა.შ. დიდი სამომხმარებლო ობიექტები შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, დიდ დიღომში. ყველაფერი არ შეიძლება იყოს ქალაქის ცენტრში, არ შეიძლება სპილო გააძვრინო ნემსის ყუნწში. ასეთი დიდი ობიექტები უნდა იყოს პირიქით − ცენტრიდან მოშორებით და აქედან იქით წავიდეთ. ეს განტვირთავს თბილისს.
ჩემი სიყვარულია მთაწმინდა, რომელიც ჯერ კიდევ ისე ვერ დამახინჯდა. მიყვარს ის პატარა სახლები, პატარა ქუჩები. ეს ადგილები, ჯერჯერობით, გადაურჩა დიდ მშენებლობებს და ეს არის ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობ თბილისს.
თბილისმა მომცა ის, რაც არის ჩემი გემოვნება, თბილისური სტილი. ეს იგრძნობა ჩემს ინტერიერებში, ჩემს ნამუშევრებში, თბილისური სული აქვს ჩემს ნამუშევრებს და ყველაზე მეტად ეს მომწონს მეც და სხვებსაც.
თბილისს უნდა გაფრთხილება. არის თბილისში ადგილები, რომლებსაც აქვს თავისი ისტორია, არ შეიძლება ამის განადგურება, არ შეიძლება ყველგან კორპუსი დაიდგას. ესაა ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი დღეს“.
სალომე კობალაძე − თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, პარტია „საქართველოსთვის“
„თბილისი ჩემთვის ერთგვარი შთაგონების წყაროა. მქონია ცხოვრებაში რთული პერიოდები, როდესაც მძიმე განწყობაზე ვყოფილვარ და ეს ქალაქი თავისი ენერგეტიკით ყოველთვის დამხმარებია. არ ვიცი, ეს შესაძლოა იმის ბრალია, რომ მე აქ ვცხოვრობ, აქ გავიზარდე და ამდენი რამ მაკავშირებს მასთან, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკით არის დახუნძლული თბილისი. ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი თბილისის გამო უარი. მივხვდი, რომ გამიჭირდება ამ ქალაქის გარეშე ცხოვრება…
სტუდენტობისას, მახსოვს, უნივერსიტეტიდან რომ ამოვუხვევდი ფეხით, შინ მაგვიანდებოდა, იმიტომ, რომ არ არსებობდა, დაახლოებით ათი ნაცნობი არ შემხვედროდა, არ გავჩერებულიყავი, არ მესაუბრა. დღესაც ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და ისე გავდივარ კილომეტრებს, რომ ერთი ნაცნობი სახეც კი არ შემხვდება. ძალიან გაიზარდა თბილისი. ძალიან ჩაიკეტა. ის ხალისი, ის ღიმილი, ის სითბო, ის ურთიერთობები აკლია. ეს პრობლემების, სიდუხჭირის, ბევრი, ძალიან ბევრი რამის ბრალია…
მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ თბილისის განვითარებაში. ყველამ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს ქალაქზე.
თბილისი ჩემი სახლია. აქ ქუჩაშიც შინ ვარ, შინაც სახლში ვარ. ყველგან შინ ვარ“.
გურამ წიბახაშვილი − ფოტოგრაფი
„ეს არის ქალაქი, სადაც დავიბადე და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ქალაქი, სადაც მოვკვდები.
მე ვცხოვრობდი სასაფლაოსთან ახლოს, კუკიაზე. სასაფლაო არის ჩემთვის ძალიან მისტიკური ადგილი და თან ძალიან კარგი სკოლა. სასაფლაოზე თუ ბევრჯერ მიხვალთ და წამოხვალთ, ნახავთ, რომ მთელი ქალაქის ისტორია იქ არის, იქ არიან ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქის ისტორია შექმნეს.
თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ვერ წყდები. წახვალ, ჩამოხვალ, წახვალ, და ისევ ჩამოსვლა გინდა.
ეს არის ქალაქი, რომელიც შენი პასუხისმგებლობის ქვეშ არის. თუ რამე ამ ქალაქში ცუდია, შენი პასუხისმგებლობაც არის, თუ რამე კარგია, ესეც შენი პასუხისმგებლობაა. ყველას ჩვენი წვლილი მიგვიძღვის თბილისის წინაშე − გამფუჭებელსაც და გამკეთებელსაც.
ამიტომაც მგონია. რომ მთავარია ადამიანებს გული შესტკიოდეთ თბილისზე, გულგრილნი არ იყვნენ. თბილისი იქით არ წავიდეს, რომ აქედან წასვლა მოგინდეს“.
ნატალია ქუთათელაძე − მომღერალი, მეცო-სოპრანო
„მთელი ჩემი ბავშვობა ამ ქალაქთან ასოცირდება. ყველა ამბავი, ყველა ისტორია, ყველა სასიყვარულო ისტორია, ყველა კონფლიქტი, ყველაფერი ასოცირდება თბილისთან.
ჩემი მეგობრებიც, ყველანი ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მთელი ჩვენი მსვლელობა სკოლაში და სკოლიდან უკან, იყო ფეხით. ჩემს ბავშვობაზე რომ ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება ეზო და ეს ქუჩები.
მახსოვს, პირველად, როცა ჩემი თავი ტურისტად დავინახე ამ ქალაქში. ებრაელი მეგობარი მყავდა სტუმრად და მაშინ პირველად მოვიარე მასთან ერთად ძველი თბილისი და ის პატარა, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ქუჩები. ეზოში ხეხილს სხლავდნენ და გვაჩუქეს ულამაზესი ალუბლის ტოტი, ქალმა ფანჯრიდან გამოიხედა და ყავა შემოგვთავაზა… ეს არის მართალი ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ეს უბრალო ადამიანები არიან თბილისის კოლორიტები. ვფიქრობ, სწორედ ისინი ქმნიან თბილისის განსაკუთრებულ აურას.
ის, რასაც დღეს ჩვენი ქალაქი დაემსგავსა, არის ჩვენი სახე. რაც არ მოგვწონს, ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ვიღაცას შეუძლია ცხვირწინ რაღაც ამოგიშენოს, ვიღაცას შეუძლია შენს სადარბაზოში, ეზოში რაღაც დასვაროს, დაანაგვიანოს ისე, რომ არ იფიქროს. ძალიან მაწუხებს და არ ვიცი, რა ეშველება იმ შენობებს, რომლებიც უკვე აშენებულია და საშინლად ამახინჯებს ჩვენს ქალაქს. ვფიქრობ, შეიძლება მწვანე საფარით დავფაროთ და ეს იყოს გამოსავალი.
ამ ყველაფერზე სამზარეულოში კი არ უნდა ვისაუბროთ მეგობრების წრეში, ყველამ რაღაც ქმედითი უნდა ვაკეთოთ, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ და ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე.
ყოველთვის, როდესაც სადმე მივდიოდი, ვცდილობდი, რომ ის ჩემოდანი, რომლითაც მივდიოდი, ბოლომდე არ ამომელაგებინა. ასე ვარ დღემდე − მუდამ ვტოვებ ჩემოდანში რაღაცას, რაც ვიცი, რომ დამაბრუნებს თბილისში“.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ნანო თენოშვილი