ნუკრი მემარნიშვილი
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტი;
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი;
ტერმინების განმარტება
- ენდემი (endemos − ადგილობრივი) − მცენარის ან ცხოველის ადგილობრივი სახეობა, გვარი ან ოჯახი, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება;
- პალეოენდემები (paleo − ძველი; endemos − ადგილობრივი) − მცენარეთა და ცხოველთა უძველესი ენდემური სახეობები ან გვარები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში წარმოიქმნება და დღემდე იქვე არსებობს;
- სახეობა (species) − ცოცხალი ორგანიზმების ბიოლოგიური სისტემატიკის ძირითადი სტრუქტურული ერთეული და ისეთ ორგანიზმთა ერთობლიობა, რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს შინაგანი და გარეგანი ანატომიით, ცხოვრების ნირით, გავრცელების არეალით, უჯვარდებიან იმავე სახეობის სხვა ინდივიდებს (სახეობები ერთმანეთისგან რეპროდუქციულად იზოლირებული ჯგუფებია) და იძლევიან ნაყოფიერ შთამომავლობას. ყველა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმი მიეკუთვნება გარკვეულ სახეობას;
- მცენარეთა ჯიში (ჯიში − variety − ვარირება) − კულტურულ მცენარეთა ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისივე სახეობის სხვა კულტურულ მცენარეთა ჯგუფისგან განსხვავებული ერთი ან რამდენიმე მდგრადი ნიშან-თვისება (ბიოლოგიური, მორფოლოგიური, ბიოქიმიური, სამეურნეო) და ამ ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის უნარი;
- მც. ადგილობრივი ჯიში − ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში, ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის შეთანაწყობით − ხალხური სელექციით ჩამოყალიბებული;
- გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული სახეობები − ცხოველთა და მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები, რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე;
ხორბლის ენდემური სახეობები ქართული ყოფისა და მატერიალური კულტურის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი ეკონომიკური და სამეცნიერო ღირებულება აქვთ;
საქართველოს ხორბლის წარმოშობის უმთავრეს კერად მიიჩნევდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები: ნ. ვავილოვი, მაკ-კეი, პ. ჟუკოვსკი, მ. იაკუბცინერი, ვ. დოროფეევი, ლ. დეკაპრელევიჩი, ვლ. მენაბდე, პ. ნასყიდაშვილი და სხვ;
- „ხორბლისა და ჭვავის ევოლუციის შესაცნობად კავკასია წარმოადგენს განსაკუთრებულ რეგიონს. კავკასია უძველესი ლაბორატორიაა, სადაც ათასობით წლების განმავლობაში ადამიანის ზემოქმედებით მიმდინარეობდა ფორმათა წარმოქმნის გაძლიერებული პროცესი“ (ნ.ი. ვავილოვი);
- „საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების შესწავლით, მათი ევოლუციის დადგენით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ხორბლის სახეობათა წარმოქმნის პროცესს, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი სახეობების, ფორმების, როგორიცაა რბილი და მაგარი ხორბლები. ქართველ ხალხს შესწევდა უნარი ამ ბუნებრივ გენეტიკურ ლაბორატორიაში გამოერჩია და უკეთესი „ოქროს ზოდები“ ეანდერძა თანამედროვეობისათვის“ (პეტრე ნასყიდაშვილი (1928-2014) აკადემიკოსი, სელექციონერი);
- „ჩემმა მრავალწლიანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქართული ხორბალი არის გამორჩეული და დაავადებების მიმართ მდგრადი. იგი ბუნების საჩუქარია, რომელიც სამეურნეო კულტურით მდიდარ ნიადაგზე აღმოცენდა; ეს არის ის, რამაც გააერთიანა ჩემი, როგორც მეცნიერის, ინტერესი გამორჩეული გენეტიკური მასალისადმი და სიყვარული მისი მსგავსი, უხვი და ჯანსაღი ქართული კულტურისა და ხალხის მიმართ, რაც ასე გვაკლია დღევანდელ გაბზარულ სამყაროში“ (ელი როგოზა, ამერიკელი მეცნიერი, მკვლევარი);
- „პური და ღვინო, როგორც ქართული, ისე ზოგადად, ევროპული იდენტობის, ყოფისა და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რაც დიდწილად განსაზღვრავს ევროპული კულტურისთვის ჩვენს მიკუთვნებას. ხორბლის ადგილობრივ სახეობებს/ჯიშებს დიდი პოტენციალი აქვს, დამატებითი შემოსავალი მოუტანოს მეხორბლე ფერმერებს, პურის მწარმოებლებს და მომავალში საექსპორტო პროდუქტიც კი გახდეს“ (მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი);
ენდემური სახეობების ხორბლის ჯიშების გაქრობა-გადაშენების პირას მისვლის მიზეზებია: ინდუსტრიულ ჯიშებთან შედარებით ნაკლები მოსავლიანობა, თავთავის მტვრევადობა და მარცვლის გამოცეხვის საჭიროება (დიკას გარდა), რის გამოც ყოვლად უსამართლოდ და არაგონივრულად უგულებელყოფილია ამ ხორბლების უამრავი უპირატესობები, კერძოდ:
- კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან (არახელსაყრელ გარემო პირობებთან) მაღალი ადაპტაციის უნარი;
- მწირ ნიადაგებზე და არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში (გვალვა, ჭარბი ტენი, ყინვა) ტონაზე მეტი მარცვლის მოსავალი;
- დაავადებების მიმართ კომპლექსური გამძლეობა;
- მარცვალში ცილების, შეუცვლელი ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობა;
- პურის საუკეთესო გემო, ყუათიანობა, სამკურნალო თვისებები, ხანგრძლივი შენახვის უნარი;
- მაღალხარისხიანი, ტრადიციული პროდუქტების წარმოება ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებსა და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება, რაც მნიშვნელოვანია აგრო და კულინარიული ტურიზმის განვითარებისთვის.
ხორბლის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ტრადიცია საქართველოში
მარნეულის ველზე (არუხლო, ხრამის დიდი გორა, შულავერის გორა, იმირის გორა) ძვ.წ.აღ.-ის V-IV ათასწლეულის ნეოლითურ ნამოსახლარებში აღმოჩენილია ხორბლის სხვადასხვა სახეობის (რბილი და მაგარი ხორბალი, კულტურული ცალმარცვალა, კულტურული ორმარცვალა, სპელტა, კოლხური ასლი, ქონდარა ხორბალი) კარბონიზებული მარცვლები; ბოლნისში, ძვ.წ.აღ.-ის VI-V ათასწლეულის ნამოსახლარში აღმოჩენილია ხორბლის სახეობების − კულტურული ცალმარცვალა (გვაწა ზანდური), კოლხური ასლი, მახა, მაგარი ხორბალი − კარბონიზებული მარცვლები;
საქართველოში, სხვადასხვა დროს, ითესებოდა ხორბლის 14 ბუნებრივი, მათ შორის 5 ენდემური სახეობა:
- cartlicum (persicum) − დიკა;
- imopheevii − ჩელტა ზანდური, (Timopheev’s wheat, Zanduri wheat);
- Jhukovskyi − ჰექსაპლოიდური ზანდური, (Zhukovsky’s wheat);
- Paleocolchicum (georgicum) − კოლხური ასლი, ქართული ასლი, კოლხური წყვილმარცვალა;
- macha − მახა.
ხორბლის ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშების გამრავლებას, მათთვის სამეურნეო ფუნქციის დაბრუნებას, გადამწყვეტი როლი აქვს გენეტიკური რესურსების შენარჩუნების, მდგრადი ეკოსისტემების ფორმირების, სასურსათო უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
დიკა (Triticum carthlicum)
დიკა გენეტიკურად მაგარი ხორბლის ჯიშებს მიეკუთვნება (მორფოლოგიურად ჰგავს რბილ ხორბალს). საგაზაფხულო (ახალთესლი), ფხიანი, შიშველთესლოვანი ხორბალია; „სახეობა ჩამოყალიბდა საქართველოს მთიანეთში, მისი თესვა შესაძლებელია 1 000 მ-ზე დაბლა და 2 000 მ-ზე მაღლა − მიწათმოქმედებისათვის ზღვრულ – 2 200-2 300 მ. სიმაღლეზეც“ (ვ. მენაბდე, 1948);
მთის ხორბალია, კარგად ეგუება მკაცრ კლიმატურ პირობებს, ადვილად იტანს ჭარბ ნალექებს, მცირედ მომთხოვნია სითბოსადმი, გამძლეა ჩაწოლისადმი, პროდუქტიული ბარტყობა − 5, აქვს კომპლექსური იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებების (ნაცარი, ჟანგა, გუდაფშუტა) მიმართ; არ ახასიათებს მარცვლის ჩაცვენა, ადვილად ილეწება. გამოირჩევა მარცვალში ცილის მაღალი შემცველობით, აქვს პურცხობის კარგი უნარი;
მოჰყავდათ თითქმის ყველა რეგიონში (შიდა და ქვემო ქართლი, ფშავ-ხევსურეთი, იმერეთი, მთიანეთი, მესხეთ-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი). ხშირად ითესებოდა საგაზაფხულო ქერთან ერთად („ქერჭრელი“); დიკას ასევე თესავდნენ სომხეთში, დაღესტანში, აზერბაიჯანში, თურქეთში.
ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii)
კილიანი ხორბალია, გენეტიკურად მიეკუთვნება მაგარი ხორბლის ჯიშებს, ბიოლოგიურად საგაზაფხულოა, მაგრამ შედარებით გვიან მწიფდება და ამიტომ ითესებოდა შემოდგომაზე;
აქვს ფესვთა ძლიერი სისტემა, მწირ ნიადაგებზე და არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში (გვალვა, ჭარბი ტენი, ყინვა) იძლევა ტონაზე მეტ მარცვლის მოსავალს; გამძლეა ჩაწოლისადმი, პროდუქტიული ბარტყობა − 4-7; აქვს გამორჩეული, კომპლექსური მძლავრი იმუნიტეტი ყველა სახის დაავადების მიმართ; აქვს მტკიცე ღერო, რომელსაც (შეკრული კონები) იყენებდნენ საბძლისა და სხვა შენობების დასახურად („კოროლით გადახურვა“);
თავთავი მტვრევადია, მკვრივი, თეთრი/ყვითელი ფერის; ნაზი, მოკლე ფხებით, აქვს მარცვალში ცილის მაღალი შემცველობა, ძნელად გასალეწ-გამოსაცეხვი. აქვს პურცხობის კარგი უნარი, ცხვება განსაკუთრებულად გემრიელი პური („სამეფო პურს“ უწოდებდნენ და აცხობდნენ დღესასწაულებზე და საპატიო სტუმრებისთვის);
ძირითადად მოჰყავდათ: რაჭაში („გობეჯა“), ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში („პიტა ქობალი“) − ზ.დ. 400-800 მ. სიმაღლეზე (კარგად ხარობს აღმოსავლეთ საქართველოშიც).
ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi Menabde & Eritzjan)
გავრცელებული იყო ზანდურის ცენოზში − მინარევის სახით, მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია, მაგრამ უფრო ძნელად იტანს გვალვას და ტენის მოყვარულია. აქვს 30 სმ-ით მაღალი ღერო; თავთავი, ჩელტა ზანდურთან შედარებით, უფრო წაგრძელებული, ნაკლებად მკვრივი და ნაკლებად მტვრევადია.
კოლხური ასლი, ქართული ასლი (Triticum palaeo-colchicum Menabde;)
კოლხური ასლი, წყვილმარცვალა, კილიანი ხორბალია, ბიოლოგიურად საშემოდგომოა, მორფოლოგიურად ჩელტა მახას მსგავსია (მახას წინაპრადაც მიიჩნევა), მინარევად იყო ხორბალ მახას ცენოზში (რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში);
მცენარის სიმაღლე − 120 სმ. გამძლეა ჩაწოლისადმი, პროდუქტიული ბარტყობა 5-7, აქვს მძლავრი იმუნიტეტი მტვრიანა გუდაფშუტის მიმართ, სუსტად ავადდება ჟანგათი; თავთავი მტვრევადია, ბრტყელი, ძალიან მკვრივი; ნაზი, მოკლე ფხებით, ძნელად გასალეწ-გამოსაცეხვი. მარცვალში ცილის შემცველობა − 25% , ცილაში ამინომჟავა ლიზინის მაღალი შემცველობით (3%). აქვს პურცხობის კარგი უნარი, ცხვება განსაკუთრებულად გემრიელი პური; ძირითადად, გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში.
მახა (Triticum macha Dekapr. et Men.) ჭან. − მოხა, აჭარაში – ხასი, ხარმენი
კილიანი ხორბალია, აქვს მტკიცე ღერო, ფოთლების დიდი მასა, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნია, კარგად იტანს ჭარბტენიანობას, გამძლეა გუდაფშუტა სოკოებისადმი, ჟანგა სოკოებისადმი ნაკლებად გამძლეა;
აქვს როგორც ველური, ისე კულტურული ხორბლის ნიშნები. ტრიტიკოლოგები მიიჩნევენ, რომ მახა ყველა კულტურული ჰექსაპლოიდური ხორბლის საწყისია;
მახას სახეობა მოიცავს 2 ჯგუფს: „გვაწა მახა“ (აქვს ფაშარი, მტვრევადი თავთავი) და „ჩელტა მახა“ (მკვრივი, უფხო, ნაკლებად მტვრევადი თავთავი), გენეტიკურად უფრო ახლოსაა ხორბლის რბილ ჯიშებთან;
მახას პურს სამეფო პურს უწოდებდნენ. მისი ფქვილისგან ცხვება თეთრი, გემრიელი სურნელოვანი პური, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს.