საირმე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია თავისი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და მისი მთავარი უპირატესობა მძლავრ ბალნეოლოგიურ რესურსში გამოიხატება. აქ არსებული მინერალური სასმელი და მინერალური თერმული წყლები რეკომენდებულია ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მუდმივად სიახლეების ძიებაშია და სწორედ ამიტომ ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს საირმის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაია სანიკიძესთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს კურორტის შესახებ.
საირმე უკვე არაერთხელ მოხვდა ჟურნალ OK!-ის ობიექტივში. როგორ ფიქრობთ, რომელია ის მთავარი ნიშა, რითაც კურორტი მუდმივად ინარჩუნებს საზოგადოების ინტერესს?
ვფიქრობ, საირმის, როგორც კურორტის, უნიკალურობა, გეოგრაფიული ლოკაციით, უდიდესი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუმრის დასვენებასა და ძალების აღდგენაზე, კომფორტული გარემოს შექმნაზე.
საირმე ისტორიული კურორტია. მისი სამკურნალო წყლები აღმოჩენილია მე-19 საუკუნეში და როგორც სამკურნალო კურორტი, თითქმის 100 წელია ცნობილი გახლავთ, თუმცა კურორტი არ დგას ერთ ადგილას, მუდმივად ახლის ძიებაშია და ვითარდება. მაგალითად, კურორტი საირმე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც გასულ წელს გახდა საქართველოში ევროპის სპათა ასოციაციის − ESPA-ს წევრი. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა აძლევს ჩვენს კურორტს საშუალებას, გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში, ორიენტირი ევროპულ სტანდარტებზე აიღოს, ხოლო 2022 წელს კურორტ საირმის დაკვეთით გერმანულმა კომპანიამ STORCH Water Consulting International ლაბორატორიულად გამოიკვლია და შეაფასა კურორტის მინერალური წყლები. ჩატარებული კვლევების დასკვნის მიხედვით, სამკურნალო წყლების განსაზღვრისა და გამოყენების გერმანული სტანდარტის მიხედვით, საირმის ექვსივე მინერალური წყალი „სამკურნალო წყლის“ კატეგორიას განეკუთვნება.
რომელი მთავარი პრიორიტეტებით გამოირჩევა კურორტი?
რა თქმა უნდა, ეს გახლავთ კურორტის მძლავრი ბალნეოლოგიური რესურსი. კურორტი მდებარეობს მთის მდინარის ხეობაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე და გარშემორტყმულია სამოცი ჰექტარი ფართობის შერეული ტყის მასივით. კურორტიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი მდებარეობს 25 კილომეტრში. სწორედ კურორტის ლოკაცია და ვრცელი ტყის საფარი განაპირობებს, რომ საირმის ჰავა გამოირჩევა ჟანგბადისა და ოზონის მაღალი კონცენტრაციით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კლიმატის გამაჯანსაღებელ და მატონიზირებელ ეფექტს. გარდა ამ ფაქტორისა, კურორტის ჭეშმარიტ სიმდიდრეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სამკურნალო მინერალური წყლები. საირმე ნამდვილად უნიკალურია, რადგან 4 კილომეტრის რადიუსში კურორტი სტუმრებს სთავაზობს 5 ტიპის მინერალურ სასმელ და ერთი ტიპის მინერალურ თერმულ წყალს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საირმის ფართო ბალნეოლოგიური შესაძლებლობების არსებობას. მკურნალობის, გაჯანსაღებისა და პროფილაქტიკისთვის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამები, რომელიც გულისხმობს როგორც მინერალური სასმელი წყლების მიღებას სხვადასხვა კომბინაციით, ასევე ჰიდროპროცედურებს, რომლებიც ტარდება თერმული სამკურნალო წყლით, ასევე, სხვადასხვა ტიპის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო პროცედურებს.
გვესაუბრეთ კურორტის სასარგებლო თვისებებზე.
როგორც აღვნიშნე, ჩვენი კურორტი არის უზარმაზარი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსის მატარებელი. აქ არსებული მინერალური სასმელი და მინერალური თერმული წყლები რეკომენდებულია ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მაგალითად, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული და ნერვული სისტემები, სხვადასხვა ტიპის ანემია. სასუნთქი გზებისა და გინეკოლოგიური პრობლემების დროს.
აქვე უნდა ითქვას, რომ კურორტზე არსებული წყლები ხასიათდება სხვადასხვა მინერალის მაღალი კონცენტრაციით, ამიტომ სასმელი წყლების მიღება და თერმული წყლის პროცედურების ჩატარება მკაცრად რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე.
რა სახის მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ დამსვენებლებს?
კურორტი სტუმრებს სთავაზობს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების საკმაოდ ფართო სპექტრს. გამაჯანსაღებელ ცენტრში სტუმარს შეუძლია მიიღოს ოთხმოცამდე სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო სხვადასხვა ტიპის პროცედურა, მათ შორის ჰიდროპროცედურების ნაირსახეობები, რომლებიც ტარდება თერმული მინერალური წყლით; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, სხვადასხვა ტიპის მასაჟი. სტუმარს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მარილის ოთახით, ღია და დახურული თერმული აუზებით, მშრალი და ორთქლის საუნებით, კურორტის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ფუნქციონირებს 24-საათიანი პოლიკლინიკა, სადაც მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმები თითოეულ სტუმარს კლინიკური მდგომარეობის საფუძველზე ინდივიდუალურად შეურჩევენ მინერალური წყლების მიღების კურსს და გაუწევენ რეკომენდაციას შესაბამის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. პოლიკლინიკაში ფუნქციონირებს გერმანული აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც საჭიროების შემთხვევაში ტარდება კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზები; დიაგნოსტიკური კაბინეტი, სადაც ტარდება ექოსკოპიური კვლევები და დენსიტომეტრია. გარდა კვლევებისა და კონსულტაციისა, საკურორტო პოლიკლინიკაში ტარდება ისეთი პროცედურები, როგორიცაა ინჰალაცია და დუბაჟი ჩვენი მინერალური წყლით.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კურორტზე ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. კურორტზე არსებული აქტივობები მოიცავს ზიპლაინს, რომლის სიგრძეა 800 მეტრი, იწყება საირმის მთებიდან და მთავრდება კურორტის პარკში. კურორტზე არის ე.წ. თოკების ქალაქი, ღია აუზები. დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ველოსიპედებითა და სკუტერებით. კურორტის ტერიტორიაზეა კომპაკ სპორტინგი, იგივე სასროლეთი, აღჭურვილი ბრიტანული და თანამედროვე აპარატურით, რომელიც აძლევს სტუმრებს საშუალებას 5 სხვადასხვა ლოკაციიდან 6 მიმართულებით ესროლონ თეფშებს „ბერეტას“ სისტემის იარაღიდან.
აქ შეხვდებით საირმის საცხობს, რომელიც დამსვენებელს სთავაზობს უნიკალურ, საირმის მინერალურ წყაროზე დამზადებულ პროდუქციას. საირმის საცხობი ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს კურორტზე. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის პური: ბაგეტი, ჩაბატა, ცეხვილი, უსაფუარო, ჭვავის, შავი და მარცვლეულის პურის სახეობები, აგრეთვე ტკბილეული და დესერტები.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ სტუმრების განწყობაზე და ყოველთვის ვთავაზობთ მათ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა თუ კონცერტებს.
გვესაუბრეთ სასტუმროს ინტერიერსა და ექსტერიერზე. რა დახვდებათ დამსვენებლებს ნომრებში და ზოგადად, სასტუმროში?
როგორც ცნობილია, კურორტზე ორი სასტუმროა − სასტუმრო „საირმე“ და „ახალი საირმე“. სასტუმრო „საირმე“, რომელიც 4 ვარსკვლავის სტანდარტს შეესაბამება, აერთიანებს 154 ნომერს, სადაც 390 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმრო კომფორტული, მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი სივრცით გამოირჩევა, რომელიც საირმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს, პარკის გამწვანებაზე კი ყოველდღიურად განსაკუთრებული სიფრთხილით ზრუნავენ. მოწყობილია ბილიკები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. თითოეულ დამსვენებელს საირმის ბუნების უნიკალურ სივრცეში გაშლილი, სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
რაც შეეხება 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „ახალ საირმეს“, იგი სრულად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს საკუთარი ინტერიერით, უნიკალური ადგილმდებარეობითა და ინფრასტრუქტურით. სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს თერმულ აუზებს, ლობი ბარსა და ტერასას. ასევე, გარე აქტივობებში ჩართვას, შიდა ტრანსპორტირებას კურორტის ტერიტორიაზე და ცნობილი შეფის – გია ციკოლიას მიერ მომზადებული უგემრიელესი იტალიურ-ქართული კერძების დაგემოვნებას.
სასტუმროებს საქმიანი ტურისტების მიღებაც შეუძლია. კურორტი სტუმრებს თანამედროვე დიზაინითა და ტექნიკით მოწყობილ 6 სხვადასხვა ტიპის საკონფერენციოს სთავაზობს. საკონფერენციო დარბაზებს შეუძლია 150-მდე ადამიანს უმასპინძლოს. სტუმრის სურვილისამებრ შესაძლებელია საკონფერენციოების მოწყობა როგორც თეატრალური, ისე საკლასო და U ფორმის წყობით. სტუმრებს დახვდებათ პროექტორი, დიდი ეკრანი, გამართული ხმის სისტემა, უკაბელო მიკროფონი და სხვა შესაბამისი ტექნიკა.
როგორია საირმის სამომავლო გეგმები?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საირმე ESPA-ს (ევროპის სპათა ასოციაციის) წევრია. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა დიდი პატივია ჩვენთვის, დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოწვევაა. ვფიქრობ, ქართული კურორტის გაწევრიანება ევროპის სპათა ასოციაციაში არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არა მარტო ჩვენი კურორტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ცნობადი ევროპელი ტურისტებისათვის, არა მარტო როგორც გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მიმწოდებელი, არამედ სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანა. სწორედ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერვისების დანერგვა და არსებულის განვითარება არის ჩვენი მიზანი და სამომავლო გეგმებში აქცენტს ამ მიმართულებით ვამახვილებთ.