თინა ქიტუაშვილი 1980 წლიდან ექიმის წოდებას ატარებს და ცხოვრების მთავარ გატაცებას უშურველიn ენერგიით ამარაგებს, თავად კი მოტივაციას მომავალი თაობის მედიკოსების აღზრდით იღებს, რომელთაც წლობით დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების ორი მთავარი პროფესია ოდითგანვე პედაგოგიკასა და მედიცინას უკავშირდება, ფაქტი კი ისაა, რომ ქალბატონი თინა ორივე მათგანის სინთეზს წლების განმავლობაში ნაყოფიერ შრომას ახმარს.
იქ, სადაც ახლა დერმატოვენეროლოგის, გენერალური დირექტორის მრჩეველის პოზიციას იკავებს, ოთხი ათეული წლის წინ, სრულიად სხვა მიზნებით მივიდა. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ენდოკრინოლოგად მუშაობა დაიწყო, თუმცა პარალელურად, იმ საინტერესო ფენომენს უფრო ღრმად ეცნობოდა, რომელსაც კანი− ადამიანის სარკე წარმოადგენს. სულ უფრო მეტის გაგების წყურვილით, მაშინ გაიაზრა, რომ ცხოვრების პროფესიას სწორედ ახალ გატაცებას დაუკავშირებდა. მას შემდეგ 38 წელი გავიდა და ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალ თაობას იმ მუხტს ახლოს აცნობს, რომელმაც თავად კურსი მარტივად შეაცვლევინა. წარმატებული ექიმი საინტერესო ისტორიის თხრობის კვალდაკვალ, OK!-ის საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ბევრი მკითხველისთვის საინტერესო პრობლემატიკაზე ესაუბრა.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ალბათ პაციენტებისთვის ფრჩხილის სოკოა. რას გვეტყოდით ამ პარაზიტზე და რას ეტყოდით ამ აბეზარი დაავადების მქონე ადამიანებს დასაიმედებლად?
სოკოთი დაავადებული ფრჩხილის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. ფრჩხილის ფირფიტა შესაძლოა იყოს გასქელებული, გაყვითლებული, დაშლილი… გვჭირდება ისეთი პრეპარატი, რომელსაც უნარი ექნება, სოკოს საწინააღმდეგო ჩვენებასთან ერთად, სხვა არაერთი სასარგებლო მახასიათებელი ჰქონდეს, როგორიცაა დატენიანება-გასუფთავება. წამალი უნდა აღწევდეს ფრჩხილის მსხვილ მასებში, ჰქონდეს გარქოვანებული უბნების დაშლის უნარი და რასაკვირველია, ანტიმიკოზური ეფექტი. მსგავსი ადგილობრივი თერაპია ხშირ შემთხვევაში შეუცვლელია და დროული მკურნალობა სისტემურ ჩარევას თავიდან აგვაცილებს. რაც ყველაზე მთავარია, სოკო არის პარაზიტი, რომლის განადგურებაც შესაძლებელია!
რა თავისებურება ახასიათებს მას სეზონურად?
ზამთრისა და შემოდგომის განმავლობაში, პაციენტებს ფრჩხილის სოკოვანი დაავადება შედარებით ნაკლებად აწუხებთ. ზაფხულის დადგომასთან ერთად, როცა სოკოსთვის ხელსაყრელი პირობები დგება, იწყება კანის ქავილი, სისველე, თავს იჩენს დაავადების მწვავე ფორმა და სუბიექტური ჩივილების გამო პაციენტი ექიმს მიმართავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტიანი სწორედ „მიძინების“ ჟამს არის.
როგორია სოკოვანი დაავადების ხასიათი ასაკობრივ კატეგორიასთან მიმართებაში?
ტერფის მიკოზის უმეთვალყურეოდ დატოვება მის ფართო გავრცელებას გულისხმობს, რადგან სოკოს არა მხოლოდ ხელით თავად ვავრცელებთ, არამედ ის ლიმფური გზებითაც „მოგზაურობს“ და ინფიცირების არეალს აფართოებს. ხშირად, როცა მოხუცებში მიკოზების განსაკუთრებით მძიმე სურათს ვხედავთ, მიიჩნევა, რომ ეს ასაკობრივი პრობლემაა. სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ სოკოს ძალიან დიდი დრო ჰქონდა გამრავლებისა და მდგომარეობის გამწვავებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფრჩხილზე გარკვეული დისტროფიული ცვლილებები შეიძლება სწორედ ასაკობრივი იყოს. არც ფრჩხილის ფირფიტის ფერისა თუ სტრუქტურის შეცვლა გულისხმობს მაინცდამაინც სოკოს არსებობას, არამედ შესაძლოა სხვა დაავადებებს უკავშირდებოდეს.
წლების განმავლობაში დაკვირვებით, რა იცვლებოდა თქვენთვის საკუთარ პროფესიასთან მიმართებაში?
დარგის განვითარებასთან ერთად, მთავარი, რაც წლებმა სასიკეთო ცვლილებები მოიტანა ქვეყნისთვის, მსოფლიო სამედიცინო ასპარეზთან ინტეგრირებაა. ჩვენ წინ მეტი თვალსაწიერი გადაიშალა, რამაც პროფესიონალიზმი და საკუთარ ძალებში თავდაჯერება შეგვმატა. ახლა ჩემთვის და ჩემი არაერთი კოლეგისთვის ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის ასოციაციის წევრობა უდიდეს კვლევებთან, ბიბლიოთეკებთან, სამეცნიერო მასალებთან იოლი წვდომის საშუალებაა და ჩვენც მუდმივად ვიზრდებით.
რითი გავსებთ ახალგაზრდა თაობებთან ურთიერთობა?ის, რომ მათთვის სწორი ორიენტირის მიცემისა და განათლების გადაცემის საშუალება გაქვთ...
მიყვარს, როცა ცოდნის გაზიარების საშუალება მეძლევა, მიყვარს ნიჭიერ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან. მომწონს მათთვის გარჯა და შემიძლია, ისინი უსაზღვროდ შევიყვარო. სიმართლე გითხრათ, სიამაყეც მიპყრობს, როცა მათ ჩემს წინამორბედ კორიფეებთან ურთიერთობით დაგროვებულ საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ.
რას გულისხმობს თქვენთვის განტვირთვა?
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ოჯახი ჩემთვის მთავარი რელაქსაციაა. ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა მუსიკას აქვს, მიყვარს სიმღერების შესრულება და იყო წლები, როცა მეგობრები ერთად ხშირად ვახერხებდით შეკრებას და ასე მოლხენას. მყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი, რომელთა წარმატებითაც ვხარობ. მათგან მხოლოდ ერთმა აირჩია დერმატო-ვენეროლოგის გზა და ჩვენს ოჯახში ის მესამე თაობის წარმომადგენელია.