ეკოლოგიური შეფუთვა მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ცხადია, ის უნდა იცავდეს პროდუქტს, მაგრამ ამასთან, ეკოლოგიური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და თავისი ფუნქციის ამოწურვის შემდეგ მეორად გადამუშავებას უნდა ექვემდებარებოდეს.
ტრადიციული შეფუთვის მასალები სულ უფრო პოპულარული ხდება − დაწყებული გადამუშავებადი პლასტმასისგან, დასრულებული ბიოდეგრადირებად კონტეინერებამდე.
ეკომეგობრული შეფუთვა უკვე აუცილებლობაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გარემოს ძალიან სჭირდება დახმარება, არამედ გაყიდვების თვალსაზრისითაც – მომხმარებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მას. ერთ-ერთი გზა, რითაც კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი ნახშირბადის ნაკვალევისა და გარემოზე ზემოქმედების გავლენის შემცირება, საკუთარი პროდუქტის შეფუთვაა.
ქვემოთ მოცემულია ეკომეგობრული შეფუთვის სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მათ განხილვამდე საინტერესოა, რა იყო პლასტმასას გამოყენების წინაპირობა?
ბოლო საუკუნის განმავლობაში შესაფუთმა მასალამ გადამწყვეტი როლი შეასრულა წარმოებაში. ის არის დასამზადებლად იაფი, მსუბუქი და მოქნილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს პლასტმასას თვისებები. ის არ არის ბიოდეგრადირებადი და მისი ყველა ტიპი არ ექვემდებარება გადამუშავებას, ამიტომაც პლასტმასას უმეტესი ნაწილი საბოლოოდ ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში იყრის თავს.
მეცნიერთა გამოთვლებით ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება ოკეანეში. დღესდღეობით, პლასტმასა არის ყველგან – მიწაზე, მდინარეებში, ოკეანეებში, ცოცხალ ორგანიზმებშიც კი.
მსოფლიოში წარმოებული პლასტმასას 40% შესაფუთად გამოიყენება. ბიზნესმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ეს მაჩვენებელი საკუთარი პროდუქტის შეფუთვის ცვლილებით. ამასთან, ეკომეგობრული შეფუთვის ალტერნატივები ალბათ უფრო ხელმისაწვდომი იქნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესს საკუთარი მომგებიანობის ზრდაში.
ეკომეგობრული შეფუთვა პლასტმასას ჩასანაცვლებლად
ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა ეკოლოგიური შეფუთვის მრავალი ვარიანტი. გლობალური გარემოსდაცვითი კამპანიების წყალობით, კომპანიებისთვის ახალი ბიოდეგრადირებადი შეფუთვის პოვნა მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.
მუყაო
მუყაო ალბათ ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის საუკეთესო ვარიანტია ბაზარზე. არის ბიოდეგრადირებადი და ბევრად სწრაფად იშლება, ვიდრე პლასტმასა. ასევე, მარტივია მისი გადამუშავება.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუყაო ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად მიიჩნევა, არის ის, რომ შესაძლებელია მისი მდგრადი მოპოვება. მუყაო მზადდება განახლებადი მერქნისგან.
გარდა იმისა, რომ მუყაო მდგრადია, არის წარმოუდგენლად პრაქტიკული. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ინდუსტრიაში (ჩანთების, ყუთების, კონტეინერების, დამცავი შესაფუთი მასალის და სხვათა შესაქმნელად).
ბიოპლასტმასა − ეკომეგობრული შეფუთვა
ზოგჯერ პროდუქციის შესაფუთად მუყაოს გამოყენება არახელსაყრელია. მაგალითად, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში პლასტმასას შეფუთვა ზრდის პროდუქციის მოქმედების ვადას.
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იწერება პლასტმასას მავნებლური თვისებების შესახებ, ყველა მათგანი არ არის ერთნაირი. ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასა ცნობილია, როგორც ბიოპლასტმასა, რომელიც შექმნილია განახლებადი ბიომასის გამოყენებით, როგორიცაა: მცენარეული ცხიმები, ზეთები, სიმინდის სახამებელი. პლასტმასების უმეტესობისგან განსხვავებით, ბიოპლასტმასა 100%-ით ბიოდეგრადირებადია. მისგან შესაძლებელია შესაფუთი საშუალებების დამზადება.
მდგრადი ბიზნესის უპირატესობები
ბიზნესს შეუძლია შეფუთვის საშუალებით შეამციროს ნეგატიური ეფექტი გარემოზე, თუმცა გარდა ამისა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საშუალებით აქვს სხვადასხვა უპირატესობა, კერძოდ:
ბრენდის იმიჯის ზრდა
ბრენდები, რომლებიც თავიანთ კორპორაციულ პასუხისმგებლობას მდგრადობაზე აფუძნებენ, უფრო მიმზიდველნი ხდებიან ეკომომხმარებლებისთვის. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას პროდუქტის შეძენის დროს, ამიტომ როდესაც ადამიანები წააწყდებიან ბრენდს მდგრადი ღირებულებებით, სავარაუდოა, რომ ისინი მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას დაამყარებენ ასეთ ბიზნესთან.
კონკურენტული უპირატესობის მოპოვება
ეკოლოგიური შეფუთვის შეთავაზება ზრდის ბრენდის უპირატესობას იმ კონკურენტების მიმართ, რომლებსაც ჯერ არ შეუცვლიათ თავიანთი პროდუქციის შეფუთვა ეკოლოგიურად სუფთა მასალით. ბუნებრივია, მომხმარებლები რომლებსაც სურთ საკუთარი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება, უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის მქონე პროდუქციას მიანიჭებენ.
მზადყოფნა მომავალი კანონმდებლობის მიმართ
უკვე ამოქმედდა გარემოსდაცვითი კანონები და რეგულაციები. სავარაუდოდ, მომავალში უფრო მეტ რეგულაციას ვიხილავთ, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ხელს შეუწყობს უკვე მიყენებული ზიანის კომპენსირებას. ამიტომ, დღეს ბიზნესი ეკოშეფუთვის დანერგვით მზად იქნება სამომავლო რეგულაციებისთვის.