მეგობრები ისევ ჭიქა ღვინოსთან მეგობრული საუბრებისთვის შექმნილმა ღვინო „ამოსამ“ შეკრიბა. ამჯერად ერთმანეთისგან თითქოს რადიკალურად განსხვავებული, საქმიანი წრეებისთვის განსაკუთრებულად კარგად ცნობილი ორი მეგობარი − თეონა ბაღდავაძე და თამუნა თანდაშვილი იქნებიან ჩვენი რუბრიკის სტუმრები.
გადაღება ძველ ქალაქში, სასტუმრო „მოქსიში“ დავნიშნეთ, იმ მიზეზის გამო, რომ აქ ყველაზე მეგობრული გარემოა. თან, რა თქმა უნდა, მეგობრობის სულითა და ქართული სტუმართმოყვარეობით შთაგონებული ღვინო − „ამოსა“ წავიღეთ. საუბრები ჭიქა ღვინის თანხლებით ხომ მეტად სასიამოვნოა ძვირფასი მოგონებების შესაქმნელად.
თეონა საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობილი სპეციალისტია, თამუნა − როგორც მეგობრები უწოდებენ, დიდი ავიაციის და ახლა უკვე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენელი.
როგორ დამეგობრდით?
(თეონა): თამუნა არის ჩემი პირველი „ლიცენზირებული“ მეგობარი. ოცდაათწლიანი „დაძველების“ მეგობრობა გვაკავშირებს.
ეს იყო ბნელი ოთხმოცდაათიანები. მაშინ, როდესაც თბილისში ციოდა და ბნელოდა, საკმაოდ „სოლიდურ“ ასაკში დავმეგობრდით. მე ოთხი წლის ვიყავი, თამუნა − ხუთის. თავიდანვე ლიდერი იყო. თამუნა აფერადებდა ყველაფერს, აწყობდა სანახაობებს, ქმნიდა მოვლენებს…
დღეს რომ ასწავლიან Positive Leadership-ს, თამუნასთვის ეს არის თანდაყოლილი ნიჭი. მუდამ არის ჩემს ცხოვრებაში, მეც მუდამ ვარ მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ხშირი ურთიერთობა რთულია, მაინც ვახერხებთ დროის ერთად გატარებას. გვაქვს მყარი წერტილი, რის გარშემოც ვტრიალებთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ. მეგობრობის დღიურები ჰქონდა თამუნას, ძალიან უყვარდა, ყველას ავსებინებდა და ასე უწერდნენ ხოლმე: „კარგი გოგო ხარ, მაგრამ…“
(თამუნა): თეონა უბეჯითესი ადამიანი იყო. ძალიან დიდია სია, რის გამოც იოლად დავმეგობრდით: ოთხი წლის ასაკიდან ჩვეულებრივი ინტელექტუალი, ბეჯითი, ჭკუადამჯდარი, პასუხისმგებლობიანი, ლამაზი. რაც მთავარია, ბევრი ბარბი ჰყავდა. უყვარდა წესრიგი. ეს თოჯინები სულ ერთ მწკრივში განელაგებინა. მე ავდიოდი და ქაოსი შემქონდა: ვითამაშებდი, ავურევდი. ის მხოლოდ მე მპატიობდა ამ ამბავს. დღემდე ასეა, მუდამ ქაოსში ვარ, ის ყოველთვის მშვიდია და კარგად ვაბალანსებთ ერთმანეთს. მთელი დღე დაკავებულები ვიყავით − დღისით რეპეტიციები, საღამოს კონცერტები. ფინალში მე აუცილებლად „დაისს“ ვცეკვავდი! არც ფარფატა ვიყავი, არც ნარნარი, მაგრამ „დაისი“ ჩემი იყო.
(თეონა): მთელი ცხოვრებაა, ცდილობს, მაცეკვოს და მამღეროს. არადა, მიუხედავად ჩემი პროფესიისა, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. აჩემებული აქვს, რომ ჩემი მისია „კინტოურის“ შესრულებაა, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწია ამ ჩანაფიქრს. ხშირად ვიცინით ჩვენს განსხვავებულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სპორტული ვარ, არ მიყვარს ცეკვა. „აანთებს ხოლმე კოცონს“ და მე უკან მივჩანჩალებ. ბავშვობაშიც „ბასტი ბუბუში“ სულ ძალით მიმიყვანა. თვითონ ვარსკვლავი იყო, მე ბუჩქივით, უკანა ფლანგზე, მაგრამ შეუძლებელია უარი უთხრა − საოცარი თვისება აქვს, დაგარწმუნოს.
(თამუნა): დიახ, ყველა ჩემს აქტივობაში თეონა უნდა ყოფილიყო, სხვანაირად როგორ?.. ყველა ბავშვისთვის კი არ მემეტებოდა როლების გადანაწილება… მაგრამ, როგორც თეონამ მასწავლა, ცხოვრება ეკოსისტემაა, სადაც ყველა ტიპის ადამიანს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ყველას აქვს მისია. მაგრამ მაინც ვიტყოდი − ჩვენი მეგობრობა მაინც „ბარბის“ გაზიარებით დაიწყო.
ახლა რას უზიარებთ ერთმანეთს?
(თამუნა): ყველა თავისუფალ დროს, ყველა წარმატებას. ძალიან ცოტა ადამიანს უხარია შენი წარმატება. ცუდად რომ ხარ, ბევრი გიდგება გვერდით, მაგრამ წარმატების გაზიარება ყველას არ შეუძლია.
თეონას შეუძლია ძალიან კორექტულად, ფრთხილად მიგითითოს, თუ არასწორ გზაზე დგები, ან არასწორ გადაწყვეტილებას იღებ. მეც არ ვარ მისი კრიტიკოსი. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რა სჭირდება მეორეს იმ მოცემულ მომენტში. თეონა იცით, როგორი ადამიანია? რომ ვურეკავ, ვეკითხები ვინმეზე აზრს და ზუსტ დიაგნოზს რომ დაუსვამს. არასდროს ცდება, მისი პროფესია ხომ „იმიჯმეიკერობაა“ და ზუსტად ხვდება, იმიჯის უკან რეალურად ვინ იმალება.
(თეონა): მეგობრობის დღიურები ჰქონდა თამუნას. ძალიან უყვარდა, ყველას ავსებინებდა და ასე უწერდნენ ხოლმე: „კარგი გოგო ხარ, მაგრამ…“ ეს თავისთავად ხდებოდა, ყველა მას მიჰყვებოდა, მასთან უნდოდა და ბევრს სწყინდა, თამუნასგან იმავეს თუ ვერ მიიღებდა. დღემდე ძალიან შემოქმედებითია და თავადაც შემოქმედებითი ადამიანები უყვარს. ის ნიჭის გამო ბევრ რამეს მიუტევებს ადამიანებს. ჩემთვის − შინაგანი კულტურაა უზომოდ მნიშვნელოვანი. ურთიერთობის შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია.
(თამუნა): უცნაური კავშირი გვაქვს. არც ვიცი, რა დავარქვა. უბრალოდ, ჩემიანია. ძალიან ძლიერია და მუდამ ვგრძნობ, რომ გვერდით მყავს. ადამიანი მაშინაა ძლიერი, როცა საინტერესოა. რაიმე რომ მიჭირს და ვწუწუნებ, ძალიან იოლად შეუძლია დამამშვიდოს, დამანახვოს, რომ ეს მასაც გამოუვლია და მარტივია, ემოციებს არ აჰყვე. თუმცა, აქვე ვიტყვი: ჭკვიან ხალხს თავისი სირთულეები აქვთ, სურთ ხოლმე განმარტოება. უნდა აცადო. ეძინება? − დაიძინოს. თეონას ძილი რომ უყვარს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.
(თეონა): არაფრისდიდებით არ ვთმობ ძილს. მოგზაურობისასაც კი, ყოველთვის ადრე ვიძინებ, არ ვათენებ ღამეებს. ეს დიდი სახუმარო თემაა. ერთხელ, თამუნას მიერ მოწყობილ ტურში, პარიზში, ჩვენმა საერთო მეგობარმა, რომელიც მთელი ღამე ცეკვავდა და ერთობოდა, დილით დამშვიდებული სახით რომ დამინახა საუზმეზე, ძალიან გულწრფელად მითხრა: კი, ნამდვილად იცოცხლებ ჩემზე ათი წლით მეტს, მაგრამ ამ ათ წელს მთლიანად ძილში გაატარებ და რა აზრი აქვსო?..
(თამუნა): ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი თავისგან პერსონაჟის შექმნა შეუძლიათ. თეონამ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად უამრავი საქმე აქვს, საკუთარი თავისგან შექმნა პერსონაჟი − დისციპლინირებული ადამიანის. იკვებება ჯანსაღად, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და აცვია ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელზეც გადასარევად იჭერს წონასწორობას. ჩემი იმიჯი და სავიზიტო ბარათი სხვაა − წითელი კაბა. ასე მოხდა, გარეგნობაზეც გვეტყობა ჩვენი ხასიათი. ჩვენ ტყუილი არ გვჭირდება და საერთოდ, რასაც ვერასდროს ვეგუები, ტყუილი და შურია.
განსხვავებული პერსონაჟები ვართო, და ხასიათის რომელი საერთო შტრიხი გაქვთ?
(თეონა): იუმორი. გვიყვარს სიცილი. თამუნა ამბობს, სასტიკი იუმორი მაქვსო, მაგრამ მე ვიტყოდი, ის უბრალოდ პირდაპირია. მე კი ვცდილობ, შემოვუარო, თუ შეიძლება ითქვას, ირიბად ვიხუმრო. რაც მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთად სიცილი და შეგვიძლია, საკუთარ თავზე ბევრი ვიცინოთ.
(თამუნა): თეონა ხომ მუდამ ღონისძიებებს აწყობს, და ერთადერთხელ რაღაცაზე არ დამპატიჟა − იცოდა, მაინც არ მივიდოდი. უნდა გენახათ, რა ამბავი ავუტეხე. მერე ამაზეც ბევრს ვიცინოდით.
თამუნა, თქვენ ცოტა ხნის წინ Covid-19-ის ძალიან რთული ფორმა გქონდათ. რეანიმაციაში ბევრი ადამიანი გწერდათ. თეონა რას შვრებოდა?
როგორც გითხარით, თეონას ძილი ძალიან უყვარს. ღამით, გვიან, როცა ყველას ეძინა, ის იწყებდა ჩემს გართობას. არასდროს უკითხავს, როგორ ვარ. უბრალოდ მწერდა, ვიხსენებდით ძველ ამბებს, მახალისებდა. არც ერთი წუთით არ მტოვებდა და ზუსტად მაშინ გამოჩნდებოდა, როცა იცოდა – მე ვერ მეძინა.
(თეონა): რეანიმაციაში ყოფნისას, თამუნას მისი შინაგანი პოზიტივი დანებების საშუალებას არ აძლევდა. შეუძლებელი გახლდათ მისთვის მეკითხა, როგორ იყო. ისევ ჩემს პრობლემებზე ვეწუწუნებოდი და ის იქიდანაც მარიგებდა.
(თამუნა): ეს ავადმყოფობა გარკვეულწილად გარდამტეხი იყო. ბევრ რამეს სხვა თვალით შემახედა. ადრე თუ ბევრი რამ მწყინდა, ახლა ეს გრძნობა დამიქვეითდა. შეცდომა ყველას მოსდის. ბოდიში არაა სირცხვილი. მთავარია, მოვერიდოთ ტოქსიკურ სიტუაციებს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა, ყველაზე დიდი სიკეთეა. და თუ ეს სიკეთე შენი მეგობარია, მაშინ ბედნიერი ადამიანი ხარ.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: მაკა მეგრელიძე