“ის არის ნამდვილი კუტიურიე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით” – ასე ახასიათებდა გაბრიელ შანელი კრისტობალ ბალენსიაგას… ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ესპანელ შემოქმედს კრისტიან დიორი “დიზაინერების ოსტატს” ეძახდა, ხელმძღვანელს, რომლის საქმიანობასაც ყველა სხვა დიზაინერი მიყვებოდა… სესილ ბიტონი მას “მოდის პიკასოს” უწოდებდა, დიანა ვრილენდი კი “ყველაზე დიდებულ დიზაინერად” მოიხსენიებდა, ვისაც კი ოდესმე მოდის სამყაროში უარსებია…
კრისტობალ ბალენსიაგა თავის სამოსს საზოგადოებას მუსიკის გარეშე აჩვენებდა, რომ აუდიტორიას კონცენტრაცია მთლიანად ტანსაცმლის ხაზზე გადაეტანა. სწორედ ასე მოიქცა ბრენდის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, როდესაც 53 წლის შემდეგ პირველად “ბალენსიაგას” ოტ კუტიურ კოლექცია წარადგინა.
ერთია, შეგეძლოს ბრენდის ისტორიის პარალელურად, წარსულის ოტ კურიურ კოლექციების მემკვიდრეობის პატივისცემა, მეორე კი შეძლო ამ მემკვიდრეობის სენსაციურ, ბრენდის აწმყო კონცეფციად ტრანსფორმირება.
ულტრა-ასპირაციული კოლექციის ჩვენებით დემნას მიზანი არა ქუჩის სტილის ესთეტიკის დაბრუნება, არამედ თაობის ინკლუზიური ღირებულებების სენსაციური ამაღლება იყო.
ბევრი ადამიანისთვის რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება სპორტული მაისური, სვიტერი, ჯინსები და ქურთუკი კლასიკურ ბლეიზერთან და გრანდიოზულ საღამოს კაბასთან ერთად ოტ კურიურის კონცეფციას მივაკუთვნოთ, თუმცა დემნა გვასალიასთვის ეს სრულიად ბუნებრივია.
ნდობა, სიდიადე და სიმარტივე – ქართველმა დიზაინერმა ამ დეტალების დახმარებით ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ როგორი გზებით შეეძლო ბრენდის არსი “კუტიურის მომხიბვლელობით” გაეჟღინთა.
“ხალხს ჰგონია, რომ მე ვარ დიზაინერი, რომელიც მხოლოდ ჰუდებსა და სპორტულ ფეხსაცმელებს ქმნის. რეალურად მე ასეთი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამოსის წარმოება ძალიან მიყვარს… იღბლიანი ვარ, რომ ბალენსიაგაში ვმოღვაწეობ. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მეპოვნა კავშირი და ბალანსი ბრენდის ისტორიასა და ჩემს ამჟამინდელ იდეებს შორის. მინდოდა ოტ კურიურის კოლექციით, კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობისა და ჩემი თანამედროვე ხედვის შერწყმით მეჩვენებინა რეალურად როგორი დიზაინერი ვარ.”
კარიერის უდიდესი გამოწვევის მიუხედავად რევოლუციური ხედვის მქონე დიზაინერმა 20-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კუტიურეს შემოქმედება წარმატებულად გააცოცხლა, როდესაც ესპანელ გენიოსს უახლესი კოლექციით პატივი მიაგო.
“ეს იყო ჩემი წუთიერი დუმილი კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობის წინაშე. მაგრამ ეს წუთი ასევე იყო დრო იმისთვის, რომ ცოტახნით მეც გავჩუმებულიყავი. პანდემიამ მაიძულა დუმილისთვის გარკვეული დრო გამომეყო, რომ რეალურად გამეგო კუტიურის არსი და კონკრეტულად რა მოსწონდა ამ “პროფესიაში” კრისტობალ ბალენსიაგას, როგორც ამას თავად ეძახდა.”
“მე გავაანალიზე, რომ საქმე მხოლოდ მოდაში არ არის. ძალიან მიყვარს სამოსი, ამიტომ მე სამოსზე უფრო ვსაუბრობ, ვიდრე მოდაზე.”
გვასალიამ გააცოცხლა ფრანგული მოდის სახლის ესთეტიკა და პარალელურად მასში Street Style ელემენტები შეიტანა. დემნამ საკუთარი დივერსიული იდეები ოტ კურიურის ენად აქცია, რომელსაც კრისტობალ ბალენსიაგას უკვდავი სტილის ელემენტებით ყოველდღიური გარდერობის დეტალები შემატა. დიზაინერისთვის უახლესი კოლექცია შესანიშნავი სიმბიოზი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სამოსში მჭიდროთ იგრძნობოდა ორი რადიკალურად განსხვავებული პოლუსების კავშირი.
“კუტიური ბალენსიაგას არსია. ეს არის საწყისი წერტილი. არც ჩანთა, არც სპორტული ფეხსაცმელი, არც ლოგოებითა და პრინტებით გაფორმებული მაისურები. ოტ კუტიური არის ოსტატობის უმაღლესი დონე. სილუეტები, სამოსის არქიტექტურა და ყველაფერი რაც ფრანგული მოდის სახლის საძირკველია.”
“ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ მომავლის განჭვრეტა, პარალელურად უნდა ვათვალიერებდეთ წარსულს, რომ ვნახოთ საიდან სად მივდივართ. ტანსაცმელი ჩემზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მომხდენია. გავაანალიზე, რომ სამოსის შექმნა მაბედნიერებს და მივხვდი იმას, რომ მოდის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, ვნებაში, რომლის გამოვლენის საუკეთესო გზაც სწორედ ოტ კუტიურია.”
კრისტობალ ბალენსიაგა მოდერნისტულობისკენ მიიწევდა, ამიტომაც იყო დემნა გვასალიასთვის მნიშვნელოვანი მისი წარსული მემკვიდრეობისთვის პატივი ეცა. Როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა დიზაინერმა ოტ კუტიურ კოლექციაში ჩვეულებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნაჭრებიც გამოიყენა.
“მინდოდა დამეწყო საუბარი თანამედროვე მომხმარებელთან, რომ ოტ კუტიურის ჩაცმის სურვილი მათაც გასჩენოდათ, სწორედ ამ მიზეზით მინდოდა, უბრალო, ყოველდღიური ნაჭრების გამოყენება.”
“ტანსაცმელში მთავარია ის, თუ სამოსი როგორ გვაგრძნობინებს თავს, როგორ მოახერხებს ჩვენს ტრანსფორმაციას. ეს არის მაგია, რომელიც რთულია გამოსცადო Ready-To-Wear კოლექციების შექმნის დროს, როდესაც მოკლე დროში ძალიან ბევრი პროდუქტის შექმნაა საჭირო.”
“იმისთვის, რომ იყო რელევანტური და აქტუალური, აუცილებელია გქონდეს კონტაქტი უდიტორიასთან. ჩემთვის ძალიან მოსაწყენია შექმნა დეკორატიული მოდა და არ ილაპარაკო მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოდა არის რეალობისა და შემოქმედების ანარეკლი. ჩემთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ დახატო ლამაზი ესკიზები, შექმნა სამოსი და ითვალთმაქცო თითქოს მსოფლიო არ არსებობს შენს გარშემო.”