„სადაც ჩნდება მოვლენათა ინტერპრეტაცია, ჟურნალისტის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დამოკიდებულება ფაქტისადმი, ჩემთვის ჟურნალისტიკა მთავრდება იქ“
მაღალმთიანი აჭარის ულამაზეს სოფელში, დიდაჭარაში დაიბადა, ტელევიზორზე, როგორც ჯადოსნურ ყუთზე უზომოდ შეყვარებულ პატარა ბიჭს თავადაც სურდა „ეკრანს შიგნით“ აღმოჩენილიყო, თავისი წარმოდგენით ზღაპრულ სამყაროში, რომელშიც მხოლოდ კარგი ამბები ხდებოდა. ბავშვობისდროინდელი ოცნების ახდენა იქედან დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მალევე გააცნობიერა, რომ მისი წარმოდგენა ზღაპრულ სამყაროზე გადაჭარბებული იყო, რომ რეალურად „ჯადოსნური ეკრანის“ მიღმა ჟურნალისტის საქმიანობა უდიდეს შრომას და პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა, ისე „მოიწამლა“ ჟურნალისტიკით, 23 წელია არც ერთი დღე არ უღალატია მისთვის.
რა რჩევას აძლევს ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელი საყვარელი საქმე აქცია ბიზნესად და რომელია კადრი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ მერაბ წულუკიძესთან.
რატომ ჟურნალისტიკა, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
არასდროს მიფიქრია რა უნდა გამოვსულიყავი, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რისი კეთებაც მინდოდა. პროფესია აბსოლუტურად ემოციურ ნიადაგზე ავირჩიე და ვფიქრობ, ეს სწორია. ადამიანმა უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. არ დამიგდია ყური არავის რჩევისთვის და არ გამიანალიზებია რა შემეძლო, ან რაში გამომადგებოდა ეს პროფესია. არჩევანი განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორმა, რომელზეც ბავშვობაში, პრაქტიკულად, ავადმყოფურად მიჯაჭვული ვიყავი. გვქონდა მხოლოდ ორი არხი – ქართული და რუსული. თანამედროვე სამყაროსკენ მიმართული ერთადერთი და ისიც ძალიან ვიწრო ფანჯარა იყო ტელევიზორი, საბჭოთა პერიოდის მიუხედავად, ძალიან ბევრი რამ სწორედ ტელევიზორისგან ვისწავლე. რა იყო ჟურნალისტიკა ეს ძალიან გვიან გავაცნობიერე, მაგრამ სურვილი, რომ ეკრანს შიგნით ვყოფილიყავი, ძალიან მძაფრად მქონდა. ყველა, ვინც ტელევიზორში ჩანდა, ზეადამიანებად და მიუწვდომლებად მეჩვენებოდა, მეგონა, რომ ეკრანს მიღმა იყო ზღაპრული სამყარო, ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათლებული, ყველაზე წესიერი ხალხით. სრულიად გაუცნობიერებლად, ადრეულ ბავშვობაშივე მქონდა სურვილი „ტელევიზორში მუშაობის“- ამიტომაც ავირჩიე ჟურნალისტიკა, ეს მეგონა ტელევიზიაში მოხვედრის ერთადერთი გზა.
გამოწვევების ეპოქაში რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ჟურნალისტი, რა პასუხისმგებლობაა იყოთ შუამავალი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის…
საერთოდ არ მივიჩნევ, რომ ჟურნალისტი რაიმე ფორმით არის, ან უნდა იყოს შუამავალი, ჩვენი მთავარი ფუნქციაა საზოგადოების ინფორმირება. მე გაწვდით ამბავს სარკისებური სიზუსტით, მე გაწვდით სხვის კომპეტენტურ მოსაზრებებს ამ ამბავზე, აუდიტორიას კი გამოაქვს დასკვნა. სადაც ჩნდება მოვლენათა ინტერპრეტაცია, ჟურნალისტის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დამოკიდებულება ფაქტისადმი, ჩემთვის ჟურნალისტიკა მთავრდება იქ. შეიძლება ეს ზედმეტად კლასიკური და კონსერვატორული მიდგომაა ამ პროფესიის მიმართ, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვფიქრობ, არ მესმის ჟურნალისტის, რომელიც თავს მახვევს საკუთარ მოსაზრებას. რით განსხვავდება ეს კლასიკური პროპაგანდისგან, მგონი არაფრით. ამიტომაც მგონია, იყო ჟურნალისტი, არის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, რომ შენ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შექმნას ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამის მიხედვით მიიღოს საზოგადოებამ გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცეს, საზოგადოება არ მიიღებს შენ კარნახს, როგორ იმოქმედოს. მისი დარწმუნება უნდა მოახერხო მხოლოდ უტყუარი ფაქტებით, დღევანდელ ფეიკ-ნიაღვარში ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
ჟურნალისტებს ხშირად გვიწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, როცა არასდროს იცი როგორ განვითარდება მოვლენები. თუ გიფიქრიათ, რას გრძნობენ ამ დროს თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები და საერთოდ, რას გრძნობთ მსგავსი გადაღებების დროს, როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას?
ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ვერაფერზე ფიქრობ იმ დროს, გარდა იმ მოვლენისა, რომლის მონაწილეც ხდები. ფორსმაჟორი არ გიტოვებს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრით მოახერხებ მობილიზებას. რა თქმა უნდა, როცა მძიმე მოვლენის ეპიცენტრში ჩანხარ, როცა პირდაპირ ეთერში ხედავს შენი ოჯახის წევრი რომ სროლაში ხარ… ცრემლსადენმა გაზმა მოგხუთა და ვეღარ საუბრობ, ბუნებრივია, მათი განცდები გასაგებია, ისიც თუ რა ხასიათზეც დადგებიან, მაგრამ შენ იმ მომენტში ამაზე ვერ ფიქრობ. თქვენი კითხვა, ალბათ, ასეთ მოვლენებს გულისხმობს, მაგრამ ჟურნალისტისთვის გაცილებით რთული ფორსმაჟორია მაშინ, როცა ინფორმაციას ვერ იღებ დროულად, როცა არ იცი რა უნდა თქვა, როცა პირდაპირ ეთერამდე წუთები გრჩება და მზად არ ხარ, როცა ფიქრობ, რომ ათასობით ადამიანი გიყურებს და შენგან ზუსტ ინფორმაციას ელოდება, ეკრანზე კი არ უნდა ჩანდეს, რამდენად სტრესულ მდგომარეობაში ხარ.
იმისთვის, რომ გენდოთ მაყურებელი, ჰქონდეს განცდა, რომ უყვებით სიმართლეს, გარდა პროფესიონალიზმისა, კიდევ რა თვისებებია საჭირო?
მაყურებელი ყველაზე კარგად ამჩნევს რამდენად გულწრფელი ხარ. ამ კითხვაზე ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი მაქვს. პირველ რიგში, შენ უნდა გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ.
გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები, მათი ინტერესები…
უკვე 21 წელია მეუღლე მყავს. მიყვარს ეს ქართული სიტყვა – ზუსტად გამოხატავს იმას, რაც უნდა იყოს ცხოვრების მეგზური. ეს საკმაოდ დიდი დროა და სრულიად საკმარისი ყველა გამოცდისთვის, რომ აღარასდროს მოგინდეს შენს პირად ცხოვრებაში ოდესმე შეიცვალოს რამე. ცოტა ბედისწერისაც მჯერა… სტუდენტობის დროს, თბილისში, ერთი ბოშა ქალი გადამეკიდა ქუჩაში, უნდა გიმკითხაოო. სად იყო 90-იანებში სამკითხაო ფული, ვერაფრით დავაღწიე თავი. ბოლოს სიგარეტი გამომართვა და დამამადლა, ამის საფასურს გეტყვი, შენი მეუღლის სახელი 7 ასოსგან იქნება შემდგარიო. წლების შემდეგ გავიცანი გურანდა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. წლებია ბათუმის საკრებულოში მუშაობს. გვყავს სამი ქალიშვილი. უფროსი მარი სამართალმცოდნეობაზე სწავლობს, მეორე კურსი დახურა და მჯერა, მისგან ძალიან კარგი იურისტი გამოვა. შუათანა, ეკატერინე, აბიტურიენტია და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა ქირურგი გახდეს. არასწორია ჩემი დამოკიდებულება, გულწრფელად მეცოდება იმ სიძნელეებისთვის რაც უნდა გადალახოს, მაგრამ იმდენად უნდა, იძულებული ვართ პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და მხარი დავუჭიროთ. ნაბოლარა კი, მხოლოდ მეოთხე კლასშია. ის, შედარებით გვიან და მოულოდნელად მოგვევლინა, მაგრამ დღეს ვეღარც კი წარმოგვიდგენია რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ანასტასიას გარეშე. მშობლიურივით ფლობს რუსულ ენას, ინტერნეტით ისწავლა და დღეს მისი მთავარი ინტერესი, ჯერჯერობით, იუთუბერობაა.
რამდენად მკაცრი მამა ხართ, როგორია თქვენი მიდგომები ამა თუ იმ საკითხის მიმართ?
ალბათ, არც ერთი მამა არ იტყვის, რომ მკაცრია, რა თქმა უნდა, არც მე. ეს შვილებმა უნდა შეაფასონ, თუმცა, მართლა არა ვარ მკაცრი მამა და ძალიანაც რომ მოვიწადინო, ვერ ვიქნები. დღეს სხვა ფასეულობებია, სხვა გარემო, სხვა ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის, ვიდრე ეს შორეულ წარსულში -ჩემს ბავშვობაში იყო. დღეს სულ პატარა ანასტასიასაც ისე ვესაუბრებით, როგორც ჩვენ ტოლს, სხვანაირად არ გამოვა. ასე რომ, ამა თუ იმ საკითხზე შემიძლია მხოლოდ ჩემი მოსაზრება შევთავაზო, იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ თუ ჩემი არგუმენტები მათთვის დამაჯერებელი იქნება.
გარდა ჟურნალისტიკისა, საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ყვავილები. მოგვიყევით, როდის დაუმეგობრდით და დაიწყეთ ზრუნვა მათზე, რას გაძლევთ მათთან ურთიერთობა და როგორ აქციეთ საყვარელი საქმე ბიზნესად…
მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ყვავილების მიმართ ბავშვობიდან დიდი სიყვარული მქონდა-მეთქი. ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა. ბათუმში ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობთ და გვაქვს პატარა მიწის ნაკვეთი. ისეთი მდებარეობა აქვს, რომ კომერციული დანიშნულებით ვერ გამოვიყენებდით, ამიტომ ვიფიქრეთ, სათბური მოგვეწყო. „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში პირველი კონკურსი როცა გამოცხადდა, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ბოლო დღეს შევიტანეთ განაცხადი სათბურის მოწყობაზე. ინტერნეტით მოვიძიე რა შეიძლებოდა ყოფილიყო რენტაბელური პატარა ფართობზე და ბიზნეს-გეგმა შევადგინეთ მწვანე ხახვის მოყვანაზე. დაგვაფინანსეს და მართლაც მოვიყვანეთ პირველ წელიწადს მწვანე ხახვის ძალიან კარგი მოსავალი, გაგვიმართლა, იმ ზამთარს კილოგრამის ღირებულებამ 20 ლარს მიაღწია, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ მხოლოდ 9-10 წელიწადში ერთხელ ხდება, ამიტომ სასწრაფოდ პროფილის შეცვლა გადავწყვიტეთ. შევჩერდით ყვავილებზე. კონკრეტულად ალსტრომერიაზე, ინტერნეტით გავიცანი სომეხი ახალგაზრდა ბიჭი მაკარ არაკელიანი, რომელსაც რუსეთში – არმავირში, ძმებთან ერთად აქვს ჰექტრობით სათბური. სწორედ მისი დახმარებით მოვაშენეთ ალსტრომერია. ეს არის ფანტასტიკური შრომისმოყვარე ბიჭი, რომელსაც არ ეზარებოდა და ვიდეოთვალით მასწავლიდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. სხვათა შორის, ნერგების პირველი შეკვეთა დაგვიანდა და მეგონა, ჟარგონით რომ ვთქვათ, „გადამაგდო“, მაგრამ სამი თვის შემდეგ მოვახერხეთ შემოტანა და მაკარმა გამოგვიგზავნა ორნახევარჯერ მეტი ნერგი, ვიდრე შევუკვეთეთ. მითხრა, რომ ეს იყო დაგვიანების კომპენსაცია. ხშირად მიყვარს ამ ისტორიის მოყოლა. მართლა იშვიათი მაგალითია და იმიტომ. ეს არის ერთადერთი კულტურა, რომლის მოყვანაც, ასე ვთქვათ, შეთავსებადია რეპორტიორობასთან. არ მოითხოვს ბევრ დროს და ენერგიას, თან ბათუმის კლიმატი ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა და სიყვარული ყვავილებთან. ასე დავიწყეთ პატარა ბიზნესი, რომელსაც, იმედი გვაქვს, კარგი მომავალი ექნება, ვნახოთ.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო, სად და ვისთან ერთად ატარებთ მას…
თითქმის ვერასდროს ვგეგმავ, სად და როგორ გავატარებ თავისუფალ დროს. ზოგადად, სულ მინდა ვიყო სახლში. ჩემთვის დასვენება და განტვირთვა არის ჩემი სახლი და სხვა არაფერი.
მინდა გაიხსენოთ გადაღება, რომელიც ძალიან მკაფიო კადრად დარჩა თქვენს ცნობიერში და რომელმაც ბევრ რამეზე დაგაფიქრათ…
23 წელია უწყვეტად ვმუშაობ სხვადასხვა ტელევიზიაში და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი კადრი შემორჩა მეხსიერებას… თუმცა, არ მიჭირს ერთის გამოყოფა. თუ სწორად მახსოვს, 2011 წელს, თურქეთში, ქალაქ ვანში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა. ერთი კვირით გამიშვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაღებაზე, ემოციურად ძალიან მძიმე სამუშაო იყო. ვნახე, როგორ ამოიყვანეს კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხალი ჩვილი, რომელზეც დაღუპული დედა იყო გადაფარებული, ვერასდროს დავივიწყებ ამ კადრს… მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანია ამ ცხოვრებაში ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით.
რომ არა ჟურნალისტი ვინ იქნებოდით…
მართლა არ ვიცი, როცა პირველად ვნახე ფილმი „კოქტეილი“ ტომ კრუზის მონაწილეობით, ყველაფერზე თავის დანებება და ბარმენობა მინდოდა, მაგრამ მაშინ, 90-იანებში, საქართველოში ამის არჩევანიც კი არ გვქონდა…
საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ….
ძალიან საინტერესო. საზოგადოება არ არის ცუდი ან კარგი, საზოგადოება არის ისეთი, როგორიც არის და ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება მასთან შეგუება. საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა კი, უბრალოდ, საკუთარი თავისგან უნდა დავიწყოთ.
ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჟურნალისტიკით, ფიქრობენ, რომ მომავალში აღნიშნულ პროფესიას დაეუფლონ, რა რეკომენდაციას, რჩევებს მისცემდით, ან რას ეტყოდით, უბრალოდ…
პირველ რიგში, მომავალ ჟურნალისტებს ვურჩევდი დაეუფლონ რომელიმე კონკრეტულ პროფესიას და ჟურნალისტიკა აითვისონ პრაქტიკაში. ჩემი აზრით, ასე სჯობს. გულწრფელები იყვნენ, არასდროს თქვან და გააკეთონ ის, რისიც არ სჯერათ, თუნდაც მათი შეხედულება მოცემული მომენტისთვის მცდარი იყოს. შეცდომებზე ვსწავლობთ… აუცილებლად ვეტყვი კიდევ ერთ რამეს, რაც ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ჟურნალისტმა მითხრა. არასდროს დაუკარგოთ ადამიანებს თავის მართლების შესაძლებლობა, თუნდაც ამის ალბათობა იყოს 0.01 პროცენტი. ნურასდროს იტვირთებთ მსაჯულის ფუნქციას, ეს არ არის ჟურნალისტის საქმე.
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ….
ქვეყანა, რომელშიც ჩვენს შვილებს მომავალი აქვთ.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე