თუ ტოკიოს ოლიმპიადამდე, ყველაზე ღიმილიან ჯუდოკას − ლაშა ბექაურს, მხოლოდ ძიუდოს მოყვარულები იცნობდნენ, ოლიმპიადის შემდეგ კვარცხლბეკიდან ნათქვამმა „წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ჩემი ხალხი“, ის მთელი ქვეყნის ფავორიტად აქცია. როცა შეკითხვაზე, რაში დახარჯავდა მოგებულ მილიონს, უპასუხა, რომ ემიგრაციაში მყოფ ბებიას და დეიდას დააბრუნებდა, სპორტისადმი ყველაზე ინერტულებსაც შეაყვარა თავი. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა საკუთარ თავს 21 წლის იუბილეზე საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა − ოლიმპიური ოქრო, მილიონი სახელმწიფოსგან მიიღო, ალმა მატერისგან ბინა თბილისში, ხოლო სპონსორისგან − ახალთახალი მანქანა… რა გზა გაიარა ოცნების ასრულებამდე, რა გეგმები აქვს და ბევრ სხვა თემაზე, ლაშა OK!-ის შეკითხვებს უპასუხებს.
„ძიუდომდე მამამ მიმიყვანა თავის ძველი „ნივით“. 7 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავამარცხე, მაგრამ არ მომეწონა. მამას ძალით დავყავდი ძიუდოზე. თავად მკლავჭიდელმა იფიქრა, რომ ძიუდო ბევრად პერსპექტიულია, მეუბნებოდა, რომ დიდი სპორტსმენი გავხდებოდი. მწვრთნელი, კახა წიკლაურიც ამას მეუბნებოდა − აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებიო. მამა ყველაზე წესიერი და პატიოსანი კაცია. მან შემაყვარა სამშობლო, გამზარდა პატრიოტად, ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. ძალიან ქართველია, კაცური კაცია, არაფერი ეშლება. როცა რაიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, გასვლის წინ მამას ვურეკავ, ვესაუბრები, მახსენებს ყველა დიდ წინაპარს… მოკლედ, როცა ტატამიზე გავდივარ, ჩემი ომი მაქვს“.
მითხრეს, რომ 300 არაგველი გიყვართ ძალიან. ტატამიზე სამასმეერთე არაგველი ხართ?
არა! 300-ში პირველი არაგველი! გამარჯვებაში დახმარებას ყოველთვის წმინდა გიორგის ვთხოვ, ღმერთს არ ვაწუხებ. თან ღვთისმშობლისა და 300 არაგველის ხატი დამაქვს. ძიუდო 2016 წლიდან შემიყვარდა, როცა პირველი საერთაშორისო ტურნირები მოვიგე. მერე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ევროპა-მსოფლიო, მასტერსი, და წავიდა!.. მანდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად იყო საქმე! არ ვიცი, რა ვთქვა, ღმერთი მფარველობს, აბა ამ ხელით ოლიმპიადა როგორ მოვიგე? ტრავმა რომ მივიღე, 2 დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მამა მოვიდა და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, მერე უკვე ზურა კახაბრიშვილი, ექიმები, მწვრთნელები − ყველა ერთად დამეხმარა და მადლობა მათ. ისეთი განადგურებული ვიყავი, საშინლად მძიმე იყო მდგომარეობა. დღეში რამდენიმე კლინიკაში მივდიოდი, 15 ნემსს ვიკეთებდი, არადა, ხომ ნახეთ, ევროპაზე როგორ ვიყავი, გიჟივით… ოლიმპიადაზე რომ ასე ვყოფილიყავი, ალბათ, დავიმხობდი იქაურობას!
არა უშავს, ცალი ხელითაც კარგად დაიმხეთ! მუდამ კარგ გუნებაზე ხართ, მუდმივად ლაღი. ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა თქვა, რომ თქვენი მთავარი ღირსება ხასიათია, რომ თქვენ გაიმარჯვეთ მოწინააღმდეგეებზე, მსაჯებზე, მედიცინაზე!
ყოველთვის ძალიან სუსტი ვიყავი, ახლა მოვედი ჯანზე. სანამ არ გავიმარჯვებდი, არ ვნებდებოდი! ეს წინაპრების, ქართველობის, მთის სისხლის დამსახურებაა − არასოდეს ვნებდები! მარტო არ ვიყავი, ზურა მუდამ უკან დამდევდა, ტელეფონში 300 არაგველებზე სიმღერას მირთავდა და მასმენინებდა. გიჟივით გავდიოდი! იმ მომენტში იმდენ რამეზე ფიქრობ… გადავხედე ჩემს ცხოვრებას და გავიფიქრე: რამდენი იწვალე, რამდენი იბრძოლე, რამდენჯერ მშიერმა, გაყინულმა, ბოლოს ტრავმირებულმა გაუძელი და ეს ყველაფერი ამ დღისთვის! თქვენ არ იცით, სოფელში გაზრდილი ბიჭისთვის, არანაირი პირობები რომ არ აქვს, ეს რამხელა ამბავია! ჩემი ოჯახი, დედა, დები, ბებია, სოფელი, ჩემი არხილოსკალოელები და მერე ჩემი ქართველი ხალხი, როგორი ბედნიერი იქნებიან! იმხელა სიხარულს და სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან.
როგორც ვიცით, ადრეულ ასაკში დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა…
პირველი ხელფასი 15 წლის საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დამენიშნა − 200 ლარი. არ გამოგვივლია იოლი პერიოდი, მაგრამ ვისაც გაჭირვება არ უნახავს, მისთვის უფრო ძნელია გაუძლოს სირთულეებს. 200 ლარი… ახლახან, თბილისში სახლიც ვიყიდე, ოლიმპიადამდე.
21 წლის ასაკში იყიდო სახლი, გახდე ოლიმპიური ჩემპიონი, მოიგო მილიონი, მანქანა, მეორე სახლი… ამას ბევრი დიდ ასაკში ვერ ახერხებს! დაგრჩათ რაიმე, რისი მიღწევაც გსურთ?
ჯერ დიდებში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოვიგო, 4 ოლიმპიადის გამარჯვებული უნდა გავხდე. არ გავტეხ პირობას! ყოველთვის მინდოდა სოფელში კარგი სავარჯიშო დარბაზი ყოფილიყო და ახლა ვიწყებთ შენებას. ჩვენკენ, მთის ხალხში, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ეს არ უნდა დაიკარგოს. იცით, რამდენი თაობა დაიკარგა?.. მინდა მათ მოტივაცია მივცე. იცით, როგორ ვუყვარვარ ბავშვებს? ვიცი, გამომივა! მოხუცებსაც ვუყვარვარ. ვგიჟდები მათი ისტორიების მოსმენაზე. და მიხარია, რომ ეს ოლიმპიურ ჩემპიონობამდეც ასე იყო.
ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ლექსებს წერს! რამ დაგაწერინათ პირველი ლექსი? − სიყვარულმა? სამშობლომ? ოჯახმა?
თავიდან გოგო მომწონდა და მას დავუწერე ლექსი. შემდეგ ბათუმში, 2018 წელს, ისეთი მაგარი ჩანახატი დავწერე, მეც მომეწონა. მარტო ვიყავი ოთახში და მომაწვა გრძნობები. ნელ-ნელა უკეთ გამომდის.
შეყვარებული ხართ?
არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო. შემდეგ მასწავლებელმა რაღაცაზე იხუმრა ჩემთან მიმართებაში, მასაც გაეცინა და გადამიყვარდა.
ოო, აი, სიყვარული ბევრ ლექსს დაგაწერინებთ. ისე, როგორი გოგონები მოგწონთ?
ვნახოთ, არ ვიცი, რაღაცნაირი. ვერ ავხსნი.
რა გაღიზიანებთ ადამიანებში?
პირფერობა.
რა გიყვართ ადამიანებში?
ბრძოლისუნარიანობა, სიცოცხლით ტკბობის უნარი, სიკეთე.
ყველაზე მეტად რით ამაყობთ?
იმით, რომ ქართველი ვარ!
თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
მიყვარს ძმაკაცებთან ერთად ნადირობა, გასვლა. მაგრად გამომდის. მწყერზე, კურდღელზე ვნადირობთ ხოლმე, ძალიან კარგად ვისვრი. თევზაობაც მიყვარს, ოღონდ დიდხანს ვერ ვჩერდები. თუ მოდის, კარგი, თუ არადა… მთაში მიყვარს ხოლმე გასვლა. მამაოა მთაში − გიორგი წიკლაური, მასთან მივდივარ ხოლმე. ვკითხულობ ვაჟას, ჩოხელს… ვუსმენ ალუდა ქეთელაურს, ზურა ბენიანიძეს…
ზურას, რომელსაც თქვენ დაეხმარეთ სიმღერის ჩაწერაში?
ასე ჰქვია? მხოლოდ ერთხელ დავუდექი გვერდით. ისეთ ლექსებს და სიმღერებს წერს, კიდევ ვეცდები.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადამდე, რა მნიშვნელოვანი გეგმები გაქვთ?
უპირველესად, მხარი უნდა მოვირჩინო, მტკივა. მალე ისევ მკურნალობას დავიწყებ. ძალიან მინდოდა 20 წლისას მომეგო ოლიმპიადა, მაგრამ ერთი დღით ადრე გავხდი 21-ის. ახლა მთავარი 4 ოლიმპიადის მოგებაა.
როგორია მოლოდინი თქვენი მისამართით, როდესაც ყველა ელოდება, რომ უნდა მოიგოთ? ეს კარგია, რთულია, თუ?..
მწვრთნელების აზრით, ამაზე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ ეს არ მთრგუნავს. ვიცი, ხალხი მელოდება, და ეს უფრო დიდი მოტივაციაა − თითქოს ომში მივდივარ და გამარჯვებული ვუბრუნდები. ახლა უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ არასოდეს მეშინოდა პასუხისმგებლობის. პირობას გაძლევთ − არასოდეს წავალ პოლიტიკაში. მინდა სიცოცხლეში დავამარცხო სიკვდილი და საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო ოქროს ასოებით. ისევე, როგორც ილია, ვაჟა.
რას გააკეთებთ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ?
ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით.
ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი