ტურისტული კომპანია „დინა თრეველი“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტ და აქტიურ რეჟიმში ოპერირებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. დაარსების დღიდან, კომპანიის მიზანი იყო რეგიონული ტურიზმის განვითარება, რისთვისაც გუნდმა საკმაოდ ბევრი მიმართულება შექმნა. OK! Travel Book-ი კომპანიის დამფუძნებელ ნატო ქართველიშვილს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს „დინა თრეველის“ მომსახურებებისა და აქტივობების შესახებ.
როგორ გაჩნდა ტურისტული კომპანია „დინა თრეველის“ დაარსების იდეა?
„დინა თრეველი“ პირველი ტურისტული კომპანია იყო, რომელიც გაიხსნა კახეთში, კერძოდ ქ. თელავში. იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ ოჯახმა გადავწყვიტეთ დასვენება და უცხო ადგილების აღმოჩენა, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, შემდეგ კი ვეცადეთ ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვა ადამიანებისთვის. საწყის ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გვემოგზაურა და შეგვესწავლა ესა თუ ის ქვეყანა და მისი კულტურა, სადაც შემდგომში ვგეგმავდით ჯგუფის გაყვანას. ამ გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩვენს განვითარებას პროფესიული თვალსაზრისით, ხოლო ჩვენი ჯგუფებისთვის ეს იყო უდიდესი კომფორტი, რადგან ჩვენი სახით მათ ჰყავდათ გამოცდილი ხელმძღვანელი მთლიანი ტურის განმავლობაში.
ეს არის სფერო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, ემოციებზე, და აუცილებლად მოითხოვს დიდ ნებისყოფას, რადგან მუშაობის პროცესში ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად განსხვავებულია ადამიანების სურვილები და მათი ინტერესები. ვეცადეთ სწორად შეგვერჩია პარტნიორები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, და გუნდური მუშაობით მიგვეღო მაქსიმალური შედეგი. კომპანია აქტიურად მონაწილეობს ტურისტულ გამოფენებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, დავაარსეთ სატრენინგო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს გაიაროს ინტენსიური კურსი ტურიზმის მიმართულებით. ასე რომ, ტურიზმი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და შევეცადეთ ყველა დეტალის ძალიან სწორად და სწრაფად განვითარებას.
უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურებს, ავიაბილეთების დაჯავშნას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, სასტუმროს ჯავშნებს, ტრანსფერებს, სამოგზაურო დაზღვევას; საგზურებს ისეთ პოპულარულ კურორტებზე, როგორიცაა თურქეთი, ეგვიპტე, მალდივები, შრი ლანკა და ა.შ. ასევე, სავიზო მხარდაჭერას ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით.
კომპანიას ამ ეტაპზე კახეთის მასშტაბით აქვს სამი ფილიალი და რა თქმა უნდა, პოპულარიზაციას ვუწევთ შიდა ტურებს, განსაკუთრებით კი კახეთში, ღვინის მიმართულებით.
ჩვენს კუთხეში ჩამოსულ ტურისტებს ნამდვილად სიამოვნება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელით. ჩვენ გვყავს კვალიფიციური გიდები და გვაქვს სატრანსპორტო მომსახურება.
როგორი გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაზე და რამდენად გაიზარდა მოგზაურობის მსურველი ადამიანების რიცხვი?
პანდემიამ უდიდესი გავლენა იქონია ტურიზმზე, რაც საკმაოდ რთული და სტრესული იყო თითოეული ამ სექტორში მომუშავე ადამიანისთვის, მათ შორის ჩვენთვის, თუმცა ჩვენ ეს კრიზისი დავძლიეთ და არ გვითქვამს საქმიანობის შეწყვეტაზე უარი. ვეცადეთ გვეპოვა გამოსავალი და მგზავრებისთვის შეგვექმნა მაქსიმალური ხელშეწყობა ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი. გარკვეული პერიოდი ყველა ადამიანი უარს ამბობდა მოგზაურობაზე, ჩვენ გარშემო შექმნილი მძიმე ფონისა და ფინანსური კრიზისის გამო, თუმცა ახლა უკვე, როდესაც საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა, მოთხოვნაც გაიზარდა და კვლავ ახერხებს მოსახლეობა სხვადასხვა მიზნობრიობით გამგზავრებას (სასწავლო, სამუშაო თუ სამედიცინო მიზნით) და ა.შ.
კომპანიას აქვს მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები, რაც საშუალებას გვაძლევს გავყიდოთ როგორ ბიუჯეტური ტურები, ასევე მოვიზიდოთ მაღალმხარჯველი სეგმენტის ტურისტები.
გეგმავთ თუ არა ტურებს ქვეყნის შიგნით?
პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება ქვეყნის შიგნით და რამდენად ბევრი გვაქვს სამუშაო ამ მიმართულებით. 2021 წლის შემოდგომიდან ჩვენ ვიწყებთ კახეთში რთველის მრავალფეროვან ტურებს, უკვე საკუთარ ვენახებში. ამის შესახებ ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი. მსგავსი აქტივობა ნიშნავს მეტ დასაქმებულ კადრს, ბევრ მოზიდულ სტუმარს ჩვენს კუთხეში, ადგილების დატვირთვას საოჯახო ტიპის სასტუმროებში და კახური ტრადიციების, კულტურისა და სამზარეულოს გაცნობას კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა სულ მალე დასტაბილურდება, რაც დადებითად აისახება სფეროზე, რომელსაც ტურიზმი ჰქვია. გვაქვს ფილიალების გაფართოების სურვილი საქართველოს ორ დიდ ქალაქში − ქუთაისსა და ბათუმში, რადგან ორივე ქალაქში ფუნქციონირებს აეროპორტი და გვსურს უფრო მეტი სტუმარი დავპატიჟოთ პირდაპირ კახეთში. ასევე, ვფიქრობთ, რომ პანდემიის ფონზე გამოიკვეთება გარკვეული ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ პოპულარული და უსაფრთხო იქნება გამყვანი ჯგუფებისთვის. ამას აუცილებლად შევისწავლით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ნელ-ნელა მოვემზადოთ ახალი თავგადასავლებისა და მოგზაურობისთვის.