არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით ჰყვებიან საკუთარ პროფესიაზე, უსმენ და გიჩნდება განცდა, დიახ, მათ უნდა ენდო, რადგან ის, ვინც ასეთ ძალისხმევასა და შრომას დებს თავის პროფესიაში, შეუძლებელია არ იყოს პროფესიონალი. თვლის, რომ ადამიანის სილამაზე უპირველესად მისი სულიერებიდან მოდის, ამიტომაც, ყველაზე ხშირად თავის პაციენტებს თავისებურ რეცეპტს უწერს, ეს რეცეპტი კი ბევრი ღიმილის და სიყვარულისგან შედგება. ექიმ-კოსმეტოლოგ ნათია ბერიძეს ბათუმში იცნობენ როგორც ძლიერ ქალბატონს და თავისი საქმის უზადო მცოდნეს, რომელიც მუდმივად ცდილობს მოერგოს ადამიანების საჭიროებებს. ის, რომ ესთეტიკურ ცენტრ „ესტიაში“ ადამიანების კომფორტსა და განწყობაზე ზრუნავენ, ეს იმ წუთიდან იგრძნობა, როცა მათთან მისულს ყველა პირობა გხვდება იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნო. განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის მოსმენა უყვარს. ამბობს, რომ რთულია ის ემოციები გადმოსცე, რაც ამ დროს ადამიანში ჩნდება. ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა მადლიერი პაციენტების სიტყვებს ისმენს, ასეთ დროს თვლის, რომ მისი, როგორც ექიმის ვალდებულება, იზრუნოს ადამიანების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, შესრულებულია.
გზის დასაწყისი…
ყოველი გზის დასაწყისი ძალიან რთულია, არაერთ გამოწვევას ხვდები, მაგრამ, როცა რაღაც მთელი გულით გსურს, საკუთარ თავში პოულობ ძალას, რომ გზა განაგრძო და მიაღწიო დასახულ მიზანს. იმდენად მინდოდა საკუთარი ესთეტიკური ცენტრი მქონოდა, არ შევუშინდი არც ერთ ბარიერს, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე იმას, რომ დღეს „ესტია“ ადამიანებისთვის ხარისხთან, სანდოობასთან და კომფორტთან ასოცირდება. ყველა წარმატება, რაც წილად გვხვდა, ნელ-ნელა მოვიდა, რადგან არასოდეს ხდება არაფერი უცებ, ყველაფერს სჭირდება თავისი დრო და სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად გარგუნებს ყველაზე დიდ ჯილდოს, ადამიანების ნდობასა და სიყვარულს. ჩემს ოჯახთან, შვილებთან ერთად ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, მაგრამ ერთი წუთით არ შემიწყვეტია ფიქრი სწავლასა და განვითარებაზე. მიმაჩნია, რომ განათლება, ახალი და საჭირო ინფორმაციის მიღება, არის ის, რასაც, მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, მაინც უნდა ვუთმობდეთ ერთი-ორ საათს დღეში.
რა თვისებები დაგეხმარათ, იმ ნდობის მოპოვებაში, რაც დღეს გაქვთ…
მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ მთელი გულისყურით უსმენ და მზად ხარ დაეხმარო ყველა პრობლემის გადაჭრაში. ნდობა რომ მოიპოვოს, თვითონ ექიმი უნდა იყოს განათლებული, არ უნდა დაივიწყოს ჰიპოკრატეს ფიცი, უნდა იყოს ღრმად მოაზროვნე, მცოდნე, კვალიფიციური. იმდენად სწრაფად ვითარდება ესთეტიკის სფერო, უფლება არ გვაქვს მოვდუნდეთ, ყოველდღიურად რაიმე არ წავიკითხოთ, თანამედროვე მიდგომებს თვალი არ გადავავლოთ. ნებისმიერ პროფესიაში, როცა ადამიანი მზად არის პროგრესისთვის, ის აუცილებლად გადალახავს ყველა ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ გამოწვევას.
როდის გაგიჩნდათ იდეა ჩამოგეყალიბებინათ ესთეტიკური ცენტრი…
„ესტია“ 6 წლის წინ დავაფუძნეთ. ყოველთვის მინდოდა და მესიზმრეოდა კიდეც, რომ როცა უკრაინიდან, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი, საქართველოში დავბრუნდებოდი, კერძოდ ბათუმში, აუცილებლად გავაკეთებდი პატარა, მყუდრო ცენტრს, რომელიც იქნებოდა მისაღები ფასებითა და ხარისხით. პირველ რიგში, ხარისხზე ვართ ორიენტირებული და იმაზე, რომ ჩვენთან შემოსულმა მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი. შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებ იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს.
რას ნიშნავს „ესტია“, სახელი, რომელიც ძალიან ლამაზად ჟღერს…
როცა ცენტრის სახელზე დავიწყეთ ფიქრი, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა პაციენტმა, ბერძენმა მწერალმა ქალბატონმა, გვირჩია, ესთეტიკური ცენტრისთვის „ესტია“ დაგვერქმია, რაც ბერძნულად მყუდრო სახლს ნიშნავს, რომელშიც აყვავება, გაფურჩქვნა ხდება. მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვეწონა ეს სახელი და ბევრი არც გვიფიქრია, გავითვალისწინეთ ბერძენი ქალბატონის რჩევა.
ძლიერი ქალი ხართ… რა გაძლევთ ძალას იყოთ წარმატებული ექიმი, მზრუნველი დედა, მეუღლე და მეგობარი…
პირველ რიგში საქმისა და ადამიანების სიყვარული. ძალიან მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, აზრების გაცვლა. მიხარია, რომ ჩემს ირგვლივ ბევრი ბედნიერი ადამიანია, ეს ემოცია გადამდებია. იცით რა აბერებს ადამიანს? უსიყვარულობა, შური, ბოღმა. თუ გინდა იყო ბედნიერი, უნდა გაიღიმო, შეიყვარო, ესაუბრო ხეებსაც, წყალსაც, ქუჩებსაც, რაც მოგცემს ძალას შენი ცხოვრება უფრო ლაღი, საინტერესო და ფერადოვანი გახადო. ვცდილობ, ყოველ დილით ადრე ავდგე, მივესალმო მზეს, ადამიანებს, ყვავილებს, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი. ყოველდღე ერთნაირი ემოციით მიხარია ჩემს მყუდრო გარემოში, „ესტიაში“, მისვლა, სადაც ვიცი, რომ შევხვდები ადამიანებს, გავცემ სიყვარულს და მათგანაც ანალოგიურ ემოციებს მივიღებ. იმდენად ლამაზია სამყარო, ადამიანებმა არც უნდა დავიტოვოთ დრო ცუდზე საფიქრელად. პაციენტებს ჩემეულ რეცეპტს ვუწერ ხოლმე და ხშირად ვეუბნები, რომ გაიღიმონ, სჯეროდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის. ვერც ერთი ინექცია ვერ გაგვალამაზებს ისე, როგორც შინაგანი სილამაზე, ამიტომ, უნდა გავიმდიდროთ ის, თუ გვინდა, რომ ყოველთვის საინტერესო ვიყოთ გარშემომყოფებისთვის.
გაგვაცანით ოჯახის წევრები, რომლებსაც ყოველთვის მთავარ მამოტივირებელ ძალას უწოდებთ…
მართლაც, ძალიან დიდ ძალას მაძლევს ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს. მყავს ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი სოფია. ვამბობ, რომ გამიმართლა, ორი არაჩვეულებრივი შვილი შევიძინე რძლისა და სიძის სახით. ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, არ არსებობს ერთი დეტალიც კი, როცა ერთმანეთს არ ვუზიარებთ აზრს, არ ვეკითხებით რჩევას. მეუღლეც ძალიან კარგი ადამიანია, მშრომელი, მუდამ გვერდში მიდგას, რაც გაგვაჩნია ყველამ ერთად და ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით. ჩემი შვილები არასდროს მაძლევენ მოდუნების საშუალებას, სურთ, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე, ვიყო ჯანმრთელი, ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში და ავიმაღლო კვალიფიკაცია, მინდა ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო მათ. მყავს ორი შვილიშვილი, ილია და დემეტრე, რომლებიც ყველაფერი არიან ჩემთვის.
სილამაზის თქვენეული აღქმა…
სილამაზე, ლამაზი სული… დანარჩენი, რაც ვიზუალურ სილამაზეს შეეხება, რა თქმა უნდა, რუტინაა, რომელსაც ყოველდღიური ზრუნვა და შრომა ესაჭირობა.
როგორია თქვენი რეკომენდაცია მათთვის, ვისაც სურთ სახის კანი მუდამ ფორმაში ჰქონდეთ…
მოდი აქედან დავიწყოთ, რა არის კანი. პაციენტები ხშირად მეკითხებიან, რომ კანი სხეულის მთლიანი საფარია და რატომ სხეულის სხვა ნაწილებზე არ ჩნდება ასეთი ნაოჭები, როგორც სახეზე. პასუხი მარტივია, იმიტომ რომ, სახის კანი არის კუნთოვანი. მიმიკები, რომლითაც ვიცინით, ვსაუბრობთ, ცხოვრებისეული სტრესები, ყველაფერი ჩვენი სახის კანზე აისახება. პირველ რიგში, ქალბატონებს ვეტყვი, რომ არასდროს არ არის გვიან დაიწყონ სახის მოვლაზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია სახის სწორი დაბანა, გაწმენდა. სახის გაწმენდა აუცილებელია და ამისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. მეორე და აუცილებელი, სახე უნდა დავიცვათ მზის სხივებისგან, ნებისმიერ ამინდში, როცა სახლიდან გადიხართ, სახეზე უნდა დაიტანოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი სახის დამცავი. ჩემი რჩევაა ნადგამი წყლით ჩამოვიბანოთ სახე. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დაბანა დაიწყეთ ოთახის ტემპერატურის წყლით და დაასრულეთ ცივი წყლით. იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი კანი, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, უნდა ცხოვრობდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, არეგულიროთ კვება და დაიცვათ წყლის ბალანსი, ასევე მოიწესრიგოთ ძილი. ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს ახალგაზრდობასა და სილამაზეს. სასურველია ჩანთაში სულ ვიქონიოთ თერმორეგულარულები და მივისხურთ სახეზე, რათა ჩვენი სახის კანი დატენიანებული იყოს.
დღეს, რა გამოწვევის წინაშე დგას ესთეტიკური მედიცინა…
შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ესთეტიკური მედიცინა მედიცინაა, ამიტომ, მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, მოდი ყველამ ვიფიქროთ პაციენტის ჯანმრთელობაზე. ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც უნდა ტუჩის შევსება, ჩვენ უნდა ვურჩიოთ არის თუ არა ეს მისთვის აუცილებელი. ყველამ გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ამით არაფერს არ დავაშავებთ… გამოწვევაა ის, რომ ძალიან ბევრი არალიცენზირებული პრეპარატია შემოსული და ეს არ უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს. აუცილებლად უნდა იყოს ლიცენზირებული, უნდა ვიცნობდე პრეპარატის ქიმიურ შემადგენლობას, რომელსაც ვიყენებ. ხაზს ვუსვამ, აუცილებელია ვიცოდეთ არის თუ არა ჩვენება, თუ ჩვენება არ არის, ამ შემთხვევაში ასეთ პრეპარატს გვერდზე გადავდგები. უმჯობესია ჯერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე ვიფიქროთ.
არასდროს დამავიწყდება…
80 წლის ქალბატონი მოვიდა ჩემთან, ყოფილი მოციგურავე. მეუბნება, ქალბატონო ნათია, ისე არ გამალამაზოთ ჩემმა ახლობლებმა ვერ მიცნონო. რაღაც პროცედურების ჩატარების შემდეგ სარკეში ჩაიხედა და ცრემლები წამოუვიდა, მითხრა, თუ შეიძლება ხელებს დაგიკოცნითო. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა ჩემთვის, მართლა არასდროს დამავიწყდება. არასდროს მავიწყდება პაციენტების გაბრწყინებული თვალები, მათი სამადლობელო სიტყვები, რომელსაც სულ ვისმენ და მაბედნიერებს.
სამომავლო გეგმები…
ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წინ და მინდა ეს ჩემი ქალაქელებისთვის სიურპრიზი იყოს. ყველაზე პირველად რასაც განვახორციელებ იქნება ის, რომ ვაპირებ „ესტიას“ ვერანდაზე მოვაწყოთ სასიამოვნო სივრცე, სადაც ჩემს ბათუმელებს შეეძლებათ უსასყიდლოდ მოვიდნენ, ისაუბრონ, მიირთვან ყავა და დასახონ საინტერესო გეგმები.
ბათუმელი ქალბატონები…
მინდა გითხრათ, ბათუმში ბევრი მოვლილი ქალბატონი ცხოვრობს. ბათუმელი ქალი სულ სხვანაირ სურნელს აფრქვევს. ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ისეთი სტუმარ-მასპინძლობა, აჭარელ ქალბატონებს რომ შეუძლიათ, არ შემხვედრია. რადგან ჩვენ გვაქვს ზღვისა და მთის კლიმატი, ბათუმელი ქალის კანი გამოირჩევა და თუ ცოტათი მეტად მოუვლის, მოეფერება და გაითვალისწინებს იმ რუტინას, რაც რეკომენდაციის სახით ვურჩიე, მათი სახის კანი ნამდვილად ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თუ არ მოწევთ სიგარეტს, თუ იცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, თუ დაარეგულირებთ კვებისა და ძილის რეჟიმს, აუცილებლად იქნებით ლამაზები და ჯანმრთელები. დავიმახსოვროთ ერთი რამ, სილამაზის საიდუმლო ჩვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, გისურვებთ იყოთ უსაზღვროდ ბედნიერები.
ტექსტი: ნანა აბულაძე