საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს უმასპინძლა და ქათულ თანამედროვე ხელოვნებასა და არტისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტუმრებისადმი მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერის სოციალურ – პოლიტიკური განვითარების პროცესში ქართული კულტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კულტურა და შემოქმედების ერთმანეთისათვის გაზიარება ქართველი ხალხისათვის სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას წარმოადგენს.
,,ძალიან მიხარია, რომ ამ საღამოს ძალიან ბევრნი სტუმარი გვყავს. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ,,დედაენის დღე“. ეს, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად გვაერთიანებს და რაც ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. ჩვენი არაჩვეულებრივი ენა არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია.
ჩვენი ძალა და ენერგიაა ასევე, ჩვენი კულტურა და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება ერთად ვიზეიმოთ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნა, რომელიც თბილისში წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
ყველასთვის გასაგებია დღევანდელი დღის მნიშვნელობა, TAF – ი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ და ადგილობრივ გალერისტებსა და მხატვრებს. ეს გაერთიანება, სიახლის გაცვლა, თქვენი შემოქმედებითი ნაფიქრალის გაზიარება არის ის, რაც ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას თავის ისტორიულ დანიშნულებასა და სიცოცხლეს აძლევს, რადგან თბილისი კავკასიაში ყოველთვის იყო კულტურის დედაქალაქი და ეს მისი მთავარი დანიშნულებაა. ამით თბილისი აერთიანებდა მთელ კავკასიას და ეს როლი მომავლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ, მომავალშიც ვნახავთ ამ კუთხითაც რამდენად სერიოზული დატვირთვა ექნება მას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და არ დავიღლებით ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრით. საქართველოს ევროპული მომავალი ისიცაა, როცა ევროპა არის აქ და TAF სწორედ ის ადგილი და ის მომენტია, როცა ევროპა ჩვენთანაა. ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს ღრმა რწმენას, რომ ჩვენ აღარ ვართ ჩამოშორებული ევროპულ პროცესებს, შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე და ცივილიზებული მსოფლიოსგან. დღეს შავი ზღვა არის ის, რაც გვაერთიანებს და რაც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით ევროპის მთავარი ნიშანით: ყველა თავისი იდენტობით, ყველა თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით.
მინდა დღეს ვისარგებლო ამ დღით და დავაჯილდოვო ღონისძიების ორგანიზატორები და ინიციატორები. მახსოვს რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის დაწყება, მაგრამ ურთულესია ასევე მისი გაგრძელება, განვითარება, გაზრდა, გაძლიერება და ეს არის ის, რასაც მშვენივრად ახერხებთ და თქვენ ამას მთელი ქართული კულტურული საზოგადოება უნდა გიმადლოდეთ და ყველანი ძალიან ამაყები ვიყოთ, რომ ეს თქვენ ჩვენთვის შეძელით. ძალიან დიდი მადლობა ორივეს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრის დამფუძნებელი კახა გველესიანი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების არტ დირექტორი ერიკ შლოსერი.
მოწვეული სტუმრებისათვის სასახლეში ქართველი დიზაინერის, ირაკლი ნასიძისა და სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის ერთობლივი პერფორმანსი გაიმართა – „ხელოვნება – კულტურის მეხსიერება და მომავლის ჭვრეტა“.
სტუმრების წინაშე წარდგენენ ასევე ანსამბლი ,,შავნაბადა“, რომელმაც ქართული ხალხური მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიცია – ,,ევროკავშირის ჰიმნი“ შეასრულა და გორის ქალთა კამერული გუნდი.
უცხოელი გალერისტები, ჟურნალისტები და არტისტები მაღალ შეფასებას აძლევენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებასა და მის პერსპექტივებს, ამბობენ, რომ მას თამამად შეუძლია საკუთარი განსხვავებული სიტყვა თქვას და გამორჩეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს თანამედროვე ხელობნებაში.
პოლ დუჟარდენი, ხელოვნების ისტორიკოსი და BOZAR-ის გენერალური დირექტორი ბრიუსელში 2002-2021 წწ-ში აცხადებს, რომ გლობალურად, ქართული ხელოვნება ევროპული ხელოვნების ნაწილია.
,,თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ამ ურთიერთკავშირს ევროპულ სივრცესთან. ამიტომ მიხარია, რომ დიდი ხნის განმავლობაში, რაც ბელგიის მთავარ ხელოვნების ცენტრს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ იმას, რაც ხდება საქართველოს თეატრში, ცეკვაში, ლიტერატურაში, კინოში.
საინტერესოა როგორი იქნებოდა შემდგომი შემოქმედება, როგორ იმუშავებდნენ ქართველი მხატვრები დასავლეთ ევროპელ არტისტებთან ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, როგორი იქნებოდა მათ შორის თანაშემოქმედებითობა ერთობლივ პროექტებში.
ვფიქრობ, რომ არსებობს იდეა შევქმნათ სხვადასხვა დისციპლინების პლატფორმები – ეს იქნება არქიტექტურა, სცენოგრაფია, მუსიკა, პოპი და როკი, რაც ამ პლატფორმებს გაცილებით მეტ მობილურობას მიანიჭებს“,- აღნიშნა პოლ დუჟარდენმა.
მისი აზრით, არტბაზრობაზე ახალგაზრდა მხატვრებს აქვთ პოტენციალი ციფრულ სამყაროში, იციან რასთანაც აქვთ მათ კავშირი. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, არის ევროპულ სივრცესთან პარტნიორობაში ყოფნა, სხვადასხვა ქვეყნის არტისტებთან ერთად მუშაობა.
,,ასე რომ, როდესაც ისინი ამთავრებენ სასწავლებლებს, მათ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ Erasmus+-ით მაგისტრატურა გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში. ვფიქრობ, საუკეთესო ელჩები იქნებიან. ის ახალი თაობა, რომელიც არტბაზრობაზე გავიცანი, საქართველოს ნამდვილად გახდის ევროპული სივრცის ნაწილად, რომელშიც ის იყო, მემკვიდრეობით, წარსულითა და ისტორიით. თქვენ ნამდვილად იცით, რომ ჩვენ საერთო ოჯახი ვართ და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამ ყველაფერის გაკეთება. ასე რომ, მე ნამდვილად მჯერა საქართველოსთან ერთობლივი ევროპული პროექტის“, – აღნიშნა პოლ დუჟარდენმა.
ანნა სომერს კოქსი, The Art Newspaper-ის დამფუძნებელი რედაქტორი ამბობს, რომ ის, რაც ქართულ თანამედროვე ხელოვნებას ევროპულისგან განასხვავებს ეს ქართული გონებაა და არა ხარისხი, რადგან ხარისხი ძალიან მაღალია.
,,თანამედროვე ხელოვნებაში ყველა თავის კულტურულ ფონს ასახავს, ასეა აქაც, საქართველოშიც. ასე რომ, როცა უყურებ ნამუშევარს, ფიქრობ, რომ კარგია, შემდეგ კი, აღმოაჩენ მის უკან არსებულის მნიშვნელობას, იმას, რაც ჩვენთვის ევროპის დასავლეთ ნაწილში საინტერესოა. თქვენ ქრისტიანული ევროპის აღმოსავლეთ კიდეში ხართ, რაც ჩვენთვის ამაღელვებელი და რომანტიულია. ჩვენ არაფერი ვიცით საქართველოს შესახებ, მაგრამ სწორედ ხელოვნებაა სწრაფი გზა თქვენი გაცნობისთვის, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ლიტერატურის მარტივად წაკითხვა. ვფიქრობ, რომ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა ანნა სომერს კოქსმა.