9 თებერვალს ჯგუფმა „მგზავრებმა“ და რეჟისორმა ლადო კვატანიამ გამოუშვეს მოკლე მეტრაჟიანი ფილმი-კლიპი ტრეკისთვის „ვალსი“ ახალი ალბომიდან „მგზავრები კამარა“, რომელიც თებერვალში გამოდის.
ალბომი „კამარა“ „მგზავრების“ პირველი სტუდიური ნამუშევარია სენსაციური Geo- დან 5 წლის შემდეგ. კამარა არის ბავშვობის 10 ისტორია: სიხარულის, ოჯახის, სიყვარულის, მშობლების გაგების, სამშობლოს გაგების, მეგობრობისა – და დანაკარგის პირველი შეგრძნება.
“ვალსი” არის სიმღერა ახლობელი ადამიანის დაკარგვის შესახებ, ცეკვა “საკუთარ თავთან”, მაგრამ სინამდვილეში – ადამიანის ახლობელ სულთან, რომელიც ჩვენთან აღარ არის. სიმღერა შეიცავს იავნანას მოტივს, რომელსაც ბავშვობაში „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის ბებია მღეროდა.
ვიდეოზე მუშაობა 1 წელი გაგრძელდა, გადაღებები მაღალმთიან ქართულ სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი დათო დვალიშვილი ასრულებენ.
რეჟისორი ლადო კვატანია ცნობილია სადებიუტო ფილმით “სიკვდილით დასჯა” (2022) რომელშიც მთავარ როლს ნიკო თავაძე თამაშობს, ხოლო როგორც კლიპის შემქმნელი – იგი შემდეგ შემსრულებლებთან გვხვდება: Cardi B & Kanye West, Manizha, Oxxxymiron, Monetochka, Noize MC და სხვა.
ახალი ალბომის შესახებ და რეჟისორთან ურთიერთობაზე „მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი საუბრობს:
“ვალსი” არის პირველი კლიპი-სინგლი მგზავრების ახალი ალბომიდან “კამარა”, რომელიც 5 წელი იწერებოდა. ალბომი ძალიან განსხვავებული და ჟღერადობით „მგზავრებისთვის“ უჩვეულოა. მასში დომინირებს დისკო და ის ჟანრები, რომლებსაც ჩვენი მშობლები ჩვენს პატარაობაში უსმენდნენ, ისინი ახალგაზრდები და ყველა ერთად – ბედნიერები არიან. სიმღერაში მთელი ჩვენი სული და ჩვენი ახლობლების ხსოვნა ჩავდეთ. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა პირველად სიკვდილს შევხვდი, 16-17 წლის ვიყავი როდესაც ბებია გარდაიცვალა.
დღემდე მახსოვს დანაკარგის ეს განცდა – არ ვიცოდი, რომ ასე ხდებოდა, არ ვიცოდი რა მექნა ამ შეგრძნების წინაშე. ამის შესახებ არის “ვალსი” – ეს არის ცეკვა “საკუთარ თავთან”, თითქოს ცეკვა სიცარიელეში, მაგრამ სინამდვილეში შენ ცეკვავ ამ სამყაროში და შენი ახლობელი სული შენთან ერთად სხვა სამყაროში ცეკვავს. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიმღეროდა ბებია იავნანას – სიმღერაში ეს მოტივია გამოყენებული. “ვალსი” ეძღვნება ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს, რომლებმაც სიკვდილის შემდეგაც არ დაგვტოვეს.
მახსოვს, როდესაც მაძინებდნენ, მესმოდა რომ სამზარეულოში, სადაც ბევრი ხალხი იყო, უფროსები რაღაცაზე საუბრობდნენ, მუსიკა ისმოდა. მძინარეს მეგონა, რომ იქ, სამზარეულოში, ალბათ მსოფლიოში ყველაზე მაგრად ერთობოდნენ. მას შემდეგ გავიზარდე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკეთესი გართობა არსად მინახავს. ალბომი გაჟღენთილია ჩვენი ამ გრძნობით, ამ პირველყოფილი დღესასწაულის ატმოსფეროთი. ის, ჩვენი ბავშვობის მსგავსად, ხალისიანია. ჩვენ სიღარიბეში ვცხოვრობდით – როგორც მთელი საქართველო 90-იან წლებში – მაგრამ ამას თითქმის არ ვგრძნობდით, რადგან ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა – და ეს მართლაც მშვენიერი იყო.
ლადოსთან ურთიერთგაგება პირველივე წუთიდან ჩამოყალიბდა. ის საქართველოში გაიზარდა, ბავშვობა აქ გაატარა. მე მას სიმღერა გავუგზავნე და არ ამიხსნია რას ეხებოდა ის. მოსმენის შემდეგ დარეკა და აბსოლუტურად მსგავსი შთაბეჭდილებები გვიამბო, ჩვენი აზრები სრულიად დაემთხვა ერთმანეთს. შედეგი კი არის ფილმი- კლიპი. “ვალსი” ერთობლივი ნამუშევარია, რომელსაც მე დიდად ვაფასებ. მიხარია, რომ ის სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორიც არის. ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო „ვალსზე“ მუშაობაში, მასში ჩადო მცირეოდენი პირადი ტკივილი, რომელიც, სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. და, მგონია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ ტკივილის სინათლეზე გამოტანა.“
ალბომის მნიშვნელობაზე და შინაარსზე, ასევე გადაღების პროცესზე საუბრობს რეჟისორი, ლადო კვატანია:
„ბოლო სამი წელია მე და გიგი ერთად მუშაობაზე ვფიქრობდით. ბავშვობაში ქართული ენა ვიცოდი, ხუთ წლამდე მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდი, მაგრამ საცხოვრებლის გამოცვლის შემდეგ და ასაკთან ერთად, დამავიწყდა. ტრეკის მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ სიმღერის სიტყვები არ ვიცოდი, დავწერე სცენარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთლიანად ემთხვეოდა „ვალსის“ გზავნილს. გასული წლის დასაწყისში გადაღებებისთვის მზადება დავიწყეთ. 2022 წლის 27 იანვარს მე და გიგი პირველად წავედით ბახმაროში ლოკაციების სანახავად – ეს არის ავთენტური სოფლის ტერიტორია მთებში, თბილისიდან დაახლოებით 5 საათის სავალზე. ამ მოგზაურობისას ზვავის საფრთხის გამო ქარბუქში მოვყევით, გაგვიმართლა, რომ რამდენიმე კვირა მთაში არ დავრჩით კომუნიკაციისა და პროდუქტის გარეშე და უვნებლად გადავრჩით. ზუსტად 9 თვის შემდეგ – 2022 წლის 27 ოქტომბერს – ჩვენ ჩვენი პროექტის გადაღება დავასრულეთ და ბავშვის დაბადება ფირზე ჩავწერეთ.. გამოდის რომ, როცა მე და გიგი იანვარში მთაში ობიექტებს ვარჩევდით, სადღაც თბილისში ჩვენი ისტორიის მომავალი გმირი ჩაისახა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლიპში შავ-თეთრი კადრები არ წარმოადგენს საარქივო ქრონიკას, ამ კადრებს მე თვითონ ვიღებდი სექტემბრის ერთი კვირის განმავლობაში რაჭასა და ბახმაროში, მაღალმთიან ქართულ სოფლებში. ჩვენ შემოქმედებითი პერიოდი ორ ბლოკად დავყავით – დოკუმენტური და მხატვრული, და პირველი რაც უნდა გამეკეთებინა იყო ქრონიკის მასალის მიღება – ერთგვარი მეტაფორა იმ სამყაროზე, რომელშიც გარდაცვლილები ცხოვრობენ. ჩვენ გადაღება Scoopic ფირზე დავიწყეთ, რომელსაც აქვს თავისი პლასტიურობა და გამოსახულების ესთეტიკა. ამ პროცესში კამერა მწყობრიდან გამოვიდა და გადაღება გავაგრძელეთ 60-70-იანი წლების Bolex-ით, რამაც იგივე ქრონიკის ეფექტი მოგვცა. მასალა შეიცავდა უამრავ დეფექტს, ციმციმებს, რამაც გააძლიერა ეფექტი. მაგრამ ეს არ არის საარქივო მასალა, არამედ ახლა, ჩვენს მიერ არის გადაღებული. საოცრებაა, რომ მოვახერხეთ ამ მყიფე უდროობის დაფიქსირება – ცხოვრება ქართულ სოფლებში. გზა ამ სოფლებისკენ ტურისტული ნაკადისთვის ჩაკეტილია, ჩვენი გზა დამღლელი იყო, არც თუ ისე ადვილი, მაგრამ მეგობრებისა და ნათესავების დახმარების წყალობით ის გაიხსნა – ასე მოვახერხეთ უნიკალური მასალის გადაღება, რომელიც მოგვიანებით დაგვეხმარა ისტორიის აგებაში.
„მგზავრები“ და ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ ნამუშევარს ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს უძღვნის, მათ ფოტოებს ფილმის ბოლოს ფოტოკოლაჟში იხილავთ.“
იხილეთ მგზავრების და ლადო კვატანიას ერთობლივი ნამუშევარი, მოკლე მეტრაჟიანი ფილმი – „ვალსი“ :