რალფ ლორენი – “ამერიკული ოცნების” შემოქმედი და მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, პიროვნება, რომელიც ტრადიციულ ამერიკულ კულტურასთან ასოცირდება, შემოქმედი, რომლის ხედვაც უკვე ათწლეულებია, რაც თანამედროვე სტილს, კლასიკურ ამერიკულ ელეგანტურობასა და გლამურული სამყაროს დახვეწილ დეტალებს აერთიანებს.
მუდმივად განვითარებად სამყაროში, მოდის ტენდენციები ყოველდღიურად იცვლება, თუმცა რალფ ლორენის მიერ ჩამოყალიბებულ საკულტო სტილს მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
რალფმა ააშენა დიდებული იმპერია. ის არის პირველი დიზაინერი, რომელმაც “ცხოვრების სრული ხედვა” წარმოგვიდგინა და შექმნა გლობალური ბრენდი, რომელიც ამჟამად პრემიურ პროდუქტების ოთხი კატეგორიის (სამოსი, სახლი, აქსესუარები და სუნამოები) უპირობო ლიდერია.
“ამერიკული ოცნება” აერთიანებს გლამურს, დახვეწილობას, მიმღებლობასა და წარმატების მიღწევის სურვილს, რაც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს დელიკატურ ბალანსს.
“სტილი პერსონალურია, მას მოდასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოდა დროებითია, ტენდენციები კი გამუდმებით იცვლება.”
“პიროვნული სტილი არის ის, რისიც ყოველდღიურად გვწამს, ამიტომ მოდა ჩემთვის ინდივიდუალურობასთან და მუდმივობასთან ასოცირდება.”
რალფ ლორენის დიზაინი განასახიერებს ამერიკული ცხოვრების წესს, რომლის ინსპირაციაც თავად ამერიკელი საზოგადოება და მათი ყოველდღიური სტილი გახდა.
“როდესაც საქმიანობა დავიწყე, ხალხისთვის მოდის სამყაროში სიახლისკენ მიმავალი გზა ევროპისკენ მიდიოდა. მაშინ, როდესაც მე ამერიკით ვიყავი შთაგონებული, ნამდვილ მოდას ყველა საზღვარგარეთ ეძებდა.”
“მომწონდა აღმოსავლეთ სანაპიროს სიკაშკაშე, კოვბოების გაცვეთილი შარვლები, ამერიკული ხალხური ხელოვნების მდიდრული მემკვიდრეობა და ჰოლივუდის გლამური. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, რადგან ხალხის ყოველდღიური ცხოვრების სტილით იყო წარმოდგენილი.“
ყველაფერი 1967 წელს დაიწყო, როდესაც მანჰეტენზე, Brooks Brothers-ში მომუშავე რალფმა, რომელსაც დიზაინერობის არანაირი ამბიცია არ გააჩნდა, ჰალსტუხების საკუთარი ხაზი შექმნა.
“მახსოვს, როგორ მივედი ჩემს უფროსთან და ვუთხარი: “მსურს ამ ჰალსტუხების გამოშვება, რადგან, ვფიქრობ, რომ დიზაინი ახლებურია”, მან კი მითხრა: “მსოფლიო რალფ ლორენისთვის მზად არაა”. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება… რადგან კომპლიმენტი მეგონა.”
1968 წელს ახალგაზრდა დიზაინერმა ბიზნესი Empire State Building-ში Polo-ს პატარა შოურუმით დაიწყო, 1970 წელს Bloomingdale’s-ში მამაკაცის სამოსის პირველი ბუტიკი, 1971 წელს კი – ბევერლი ჰილზში The Polo by Ralph Lauren -ის პირველი მაღაზია გახსნა. ამერიკელმა დიზაინერმა 1972 წელს საზოგადოებას ქალის სამოსის პირველი სრული კოლექცია წარუდგინა.
Polo-ს დაარსებიდან მხოლოდ რამდენიმე წელი იყო გასული, როდესაც რალფ ლორენმა 1976 წელს Coty Awards-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მიიღო და გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც ქალისა და მამაკაცის სამოსის კატეგორიების პრიზი ერთსა და იმავე წელს მოიგო.
1978 წლის მარტში რალფ ლორენმა ქალისა და მამაკაცის სუნამოების სადებიუტო ხაზი წარადგინა. ბრენდის პოპულარობა კი წლების გასვლის შემდეგ იმდენად გაიზარდა, რომ მან გადაწყვიტა საზოგადოებისთვის არამხოლოდ სამოსი და სუნამოები, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებიც წარედგინა.
“ცხოვრების ისეთი ხედვა მაქვს, რომელიც ეხება არამარტო სტილის ელემენტებს, არამედ ყველაფერს, რაც მიყვარს და რისიც მჯერა.”
“ყველა ეძებს რაღაც მისტიკურსა და მარადიულს, თუ როგორ მივაღწიე წარმატებას, მაგრამ ერთადერთი საიდუმლო შრომაში მდგომარეობს. ყოველთვის უნდა დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შეგიძლია.”
1983 წელს რალფ ლორენი გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც, ინოვაციური პროდუქციით, განსხვავებული ფერებით, დახვეწილი დეტალიზაციითა და ამაღელვებელი სტილით სავსე Ralph Lauren Home-ის სადებიუტო კოლექცია წარადგინა.
დიზაინერი, რომელსაც მოდის განხრით განათლება არათუ უნივერსიტეტში, არამედ სკოლაშიც კი არ მიუღია, მოდის სამყაროს უმაღლეს მწვერვალებს ნელნელა იპყრობდა, მან 1999 წელს Ralph Lauren-ის რესტორანი ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ კი პარიზსა და ნიუ-იორკში გახსნა. მსგავსი ნაბიჯები კომპანიას აძლევდა საშუალებას ამერიკული სტილის სახე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსოფლიო ასპარეზზე გაეტანა.
“არასდროს მივლია მოდის სკოლაში, ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა დიზაინერობა. უბრალოდ ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი ზუსტად რა.”
“მამაჩემი ხელოვანი იყო, რთული პერიოდის ჟამს მას სამუშაოს პოვნა უჭირდა, ამიტომაც სახლების მოხატვა დაიწყო. ერთხელაც დამაინტერესა და მისი ნამუშევრების სანახავად წავედი. როდესაც დავინახე, მივხვდი, რომ მასში რაღაც განსაკუთრებული იყო და მეც განსაკუთრებული ვიყავი.”
რალფ ლორენი არამხოლოდ ამერიკულ გარდერობს, არამედ მდიდრული ცხოვრების სტილის შემეცნების ფუნდამენტურ გზებს განსაზღვრავდა.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უკვე მკაფიო ხდებოდა, რომ რალფ ლორენი, როგორც ბრენდი მჭიდრო კავშირში იყო დიზაინერის პიროვნებასთან, რომელმაც ხელოვნების სხვადასხვა დარგების, ფილმების, სპორტისა და მუსიკის რეფერენსები გააერთიანა და შექმნა სარტორიული სტილი, რომელიც იმჟამინდელი ელიტური აკადემიის ცნებებს განსაზღვრავდა.
“ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა კინემატოგრაფიამ და ფილმების სამყარომ, რომელსაც ოცნება შეუძლია. როდესაც კოლექციაზე ვმუშაობ, მას სინემატიკური თვალსაზრისით ვუახლოვდები, რადგან მე არ ვქმნი სამოსს, მე ვქმნი ოცნებას.”
“თავდაჯერებულობა განვითარებიდან მოდის. ყოველთვის მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტს ვსწავლობდი და უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი.”
რალფ ლორენი არის დიზაინერი, რომელსაც მიღებული აქვს ამერიკელი დიზაინერების საბჭოს (CFDA) უმნიშვნელოვანესი ჟილდოები, მათ შორისაა Lifetime Achievement Award, Womenswear Designer of the Year, Popular Vote Award და სხვა.
ბრენდი 30 წელზე მეტია მხარს უჭერს და აფინანსებს LGBTQIA+ საზოგადოებასთან დაკავშირებულ პროექტებს, რაც მოიცავს მოხალისეობრივ აქტივობებს, კორპორაციულ ინიციატივებსა და ფინანსურ გრანტებს. 2020 წელს რალფ ლორენმა Pride Month ციფრული კამპანიით აღნიშნა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის გენდერ ნეიტრალური Polo Pride კოლექცია შექმნა.
მოდელების, მსახიობების, მომღერლებისა და სხვა აქტივისტების გაერთიანებით შექმნილი ციფრული მარკეტინგული ჯგუფის მიზანს განსხვავებული ისტორიების საფუძველზე ადამიანების ინკლუზიურობის, საკუთარი თავის სიყვარულისა და თანასწორობის შემცველი შეტყობინებების გავრცელება წარმოადგენდა.
ამერიკელი ბიზნესმენი და დიზაინერი საზოგადოებამ მოდის სამყაროს მწვერვალების დაპყრობის შემდეგ როგორც ფილანტროპი, ისე გაიცნო. რალფ ლორენმა 1989 წელს ვაშინგტონში Georgetown-ის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მკერდის კიბოს საკვლევი ცენტრი Nina Hyde Center დააარსა. 1994 წელს CFDA-სთან თანამშრომლობით საქველმოქმედო კამპანია Fashion Targets Breast Cancer, 2001 წელს კი განათლებისა და მოხალისეობის პროგრამების მხარდასაჭერი ფონდი Polo Ralph Lauren Foundation დაარსა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ორგანიზაციების, სკოლების, საკვლევი ცენტრებისა და კომპანიების, რომელთა შესაქმნელადაც რალფ ლორენმა უამრავი რესურსი დახარჯა. საქველმოქმედო საქმიანობის მიუხედავად დიზაინერს არ უყვარს, როდესაც ფილანტროპს ეძახიან, რადგან, ფიქრობს, რომ ადამიანების დახმარების სურვილი გულიდან მოდის და ქველმოქმედებას არ მოიაზრებს როგორც საქმიანობას.