OK! მიხეილ ცაგარელს ესაუბრა, რომელმაც თითოეული ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი გაგვიზიარა. ამასთან ერთად, თქვენ წაიკითხავთ, თუ რა საჩუქარი ვაჩუქოთ ახალ წელს ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებულ ადამიანს.
ვერძი
წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია ვერძისთვის, მათ შორის ფინანსური კუთხით. შესაძლოა ძველი საქმეებიდან ფინანსური ბონუსები, პრემიები მიიღოს. ან მოჰკიდოს ხელი ისეთ საქმეს, რომლის რეალიზებაც მისცემს ფინანსურ შესაძლებლობებს. მეორე ნახევარი უფრო მეტად უნდა დაუთმოს მოლაპარაკებებს, რადგან გაიცნობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს, რაც მისცემს საშუალებას, განახორციელოს ახალი იდეები და პროექტები. წლის მეორე ნახევარში შესაძლოა საგრძნობლად გააუმჯობესოს ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეგობრებთან. მიიღოს მათი თანადგომა, რაც მისი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყურადღება მართებს წლის
პირველ ნახევარში ჯანმრთელობის მიმართ, არ გადაიღალოს და გადაიტვირთოს. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მივიდეს კვალიფიცირებულ ექიმთან, რათა შეცდომებს ადგილი არ ჰქონდეს. მეტი თავდაჭერა და დიპლომატია მართებს კოლეგებთან მიმართებაში, რათა ურთიერთობები არ დაეძაბოს. ხოლო წლის მეორე ნახევარში
მეტი დიპლომატია, კომპრომისების მიღწევა მართებს პარტნიორებთან, რადგან მისი სიხისტე, პირდაპირობა და სიჯიუტე შესაძლოა კონფლიქტების საბაბი გახდეს. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, გაცილებით სასიკეთო და წარმატებული წელი გექნებათ.
რაც შეეხება საჩუქარს, ვერძს უყვარს ისეთი სახის ნივთები, რომლებიც მას სიამოვნებას მიანიჭებს. ასეთი შეიძლება იყოს კომპიუტერული ტექნოლოგია, ავტომობილი, ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ინვენტარი. მისთვის მთავარია სწრაფად იმოძრაოს და იმუშაოს.
კურო
კურო 2024 წლის ერთ-ერთი ფავორიტია. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში შეძლებს მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებას, ინიციატივების საკუთარ თავზე აღებას, ავტორიტეტის გაზრდას. არ აქვს სიზარმაცის უფლება. აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. მეორე ნახევარი არანაკლებ სასიკეთოა, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. ის პროექტები, რასაც წლის პირველ ნახევარში განახორციელებთ, წლის მეორე ნახევარში მოგცემენ ორმაგ ფინანსურ სარგებელს. ამ ყველაფერთან ერთად წლის პირველ ნახევარში შესაძლოა კუროს დაეძაბოს ურთიერთობები შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მეტი დიპლომატია, თავდაჭერა გმართებთ. არ აჰყვეთ სხვადასხვა სახის პროვოკაციებს და არ გაართულოთ ურთიერთობები. ასევე არ იქნება მომგებიანი სხვადასხვა კონკურსსა და ლატარიებში მონაწილეობა. მეორე ნახევარი მოითხოვს მეტ თავდაჭერას კოლეგებთან. ასევე ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, რათა ზედმეტი გადაღლის ფონზე პრობლემები არ შეგექმნათ. თუმცაღა დიდია შეცდომების ალბათობა დიაგნოზებთან მიმართებით, ამიტომ გმართებთ გადამოწმება და მეტი ყურადღება. თუმცა თქვენ მაინც ამ წლის ფავორიტი ნიშანი ხართ.
ხოლო მისთვის განკუთვნილი საჩუქარი უნდა იყოს ძალიან პრაგმატული, მას უნდა შეეძლოს ამ საგნების პრაგმატული გამოყენება ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად. მაგალითად საათი, კოსმეტიკა კარგი არჩევანი იქნება.
ტყუპები
ტყუპებიც 2024 წლის ფავორიტი ნიშანია,
მაგრამ მისი წარმატებები დაიწყება წლის მეორე ნახევრიდან. აქვს არნახული შანსები. ტყუპები არის მოლაპარაკე ნიშანი, შესაბამისად, ხშირად აფრქვევს საიდუმლო ინფორმაციებს, რომელსაც მის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ამიტომ, თუ გსურთ იყოთ წარმატებული, ენას კბილი დააჭირეთ და შეინახეთ საიდუმლო, ნუ ისაუბრებთ ზედმეტს თქვენი გეგმების შესახებ. ჩუმად დაგეგმეთ ყველაფერი და ივნისიდან განახორციელეთ. თქვენი იდეების სწორად გენერირება არნახულ შედეგებს მოგცემთ. წლის პირველ ნახევარში ხელისშემშლელი ფაქტორები იჩენს თავს, შესაძლოა ეს იყოს ოჯახური პრობლემები, შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ტექნიკას, სანტექნიკას ასევე ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან. ამიტომ მოგიწოდებთ არ გაამძაფროთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მეორე ნახევრიდან გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და დიპლომატია შვილებთან და სასიყვარულო ურთიერთობებში. ასევე მეორე ნახევარი ნაკლებად წარმატებულია კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობისთვის.
საჩუქრის შემთხვევაში, რასაკვირველია, უნდა იყოს კომპიუტერული ტექნოლოგიები, წიგნი. მას უყვარს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საინფორმაციო სფეროსა და საშუალებებთან.
კირჩხიბი
კირჩხიბს პირველ ნახევარში ეძლევა ის
შანსები, რაც ხშირი არ არის მის ცხოვრებაში
– ახალი სამსახურის დაწყება, იდეა-პროექტის ჩამოყალიბება, კარგი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორიგინალური თვითგამოხატვა.
მეორე ნახევარი მოითხოვს მეტ გასაიდუმლოებას, თუმცა ეს პერიოდი კარგია ქველმოქმედებისთვის, ეს გაზრდის თქვენი წარმატების ფაქტორს. ძალიან კარგია კულინარიული ბიზნესისთვის, ფოტოგრაფიის სფეროსთვის, წარმატების ფაქტორი რადიკალურად მოიმატებს. პირველ ნახევარში ხელისშემშლელი ფაქტორებიც იქნება. მეორე ნახევარში კი მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. მთლიანობაში წელიწადი უდავოდ კარგი იქნება კირჩხიბებისთვის.
რაც შეეხება საჩუქარს, მოგეხსენებათ, კირჩხიბი ხელოვნების დიდი მოყვარულია. ამიტომ აჩუქეთ მას დაწყებული წიგნიდან, დამთავრებული ლამაზი სურათით, საოჯახო/საყოფაცხოვრებო ნივთებით.
ლომი
რაც შეეხება ლომს, პირველი ნახევარი ძალიან კარგია. შესაძლოა მიიღოთ გარკვეული წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს თქვენს შემდგომ პროფესიულ კარიერულ ნახტომს, განვითარებას. მეორე ნახევარი არანაკლებ საინტერესოა, რადგან ხელს უწყობს სიახლეების შემოტანას თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი სამეგობრო წრე, საქმე, პროექტი, სამსახური, შესაძლოა ეს იყოს ახალი სახლიც და ა.შ. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენს ახლებურად გამოვლენას. რაც შეეხება ნაკლოვან ტენდენციებს, წლის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით ფინანსებთან, მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, კაპიტალდაბანდებას, ინვესტიციებს. მეორე ნახევარი ითხოვს ყურადღებას, ნუ ენდობით ნურავის სიტყვიერად, გადაამოწმეთ ყველაფერი, თავდაჭერა გმართებთ გარშემო მყოფებთან, რათა სიტუაცია არ დაიძაბოს.
ლომი ყოველთვის პომპეზურია. მეფეთა ნიშანია, ამიტომ მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს. მეორე კატეგორია არ არსებობს. ამიტომ თუ რაიმეს შეიძენთ, უნდა იყოს
ძალიან მაღალი ხარისხის, ბრენდული. ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, საიუველირო ნაწარმი თუ სხვა. დანარჩენს ნაკლებად შეხედავს და ისიამოვნებს.
ქალწული
ქალწულს წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგი აქვს მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, უცხო ენების ათვისებისათვის. შესაძლოა მათთან ჩამოყალიბდეს ძალიან საინტერესო საქმიანი თანამშრომლობები. მეორე ნახევარი ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას. გეძლევათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. წლის პირველ ნახევარში
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა სამედიცინო შეცდომებმა იჩინოს თავი. მეორე ნახევარში მეტად ყურადღებიანი იყავით ფინანსებთან, მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს, ინვესტიციებს.
საჩუქარს რაც შეეხება, ქალწულისთვის მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები. თუმცა ყველაფერი კარგი ხარისხის. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენისთვის განკუთვნილი საგნები.
სასწორი
წლის პირველი ნახევარი ითხოვს საიდუმლოს დაცვას. ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, ფრთხილად იყავით საეჭვო ინტიმური კონტაქტების მიმართ. შესაძლოა ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენი სასიყვარულო პარტნიორიც კი გახდეს, მაგრამ ყურადღებით იყავით. წლის პირველი ნახევარი ხელს უწყობს ინტიმურ პარტნიორულ ურთიერთობებს. მეორე ნახევარი ძალიან კარგია უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, მგზავრობა-მოგზაურობისათვის, პარტნიორული თანამშორომლობებისათვის, ასევე სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უცხოეთში. ნეგატივს რაც შეეხება, წლის პირველ ნახევარში ყურადღებით იყავით მეგობრული კონტაქტების მიმართ, შესაძლოა დაიძაბოს და გაფუჭდეს ეს ურთიერთობები, ამიტომ
მეტი დიპლომატია გმართებთ. წლის მეორე ნახევრიდან კი პარტნიორული ურთიერთობები მეტ ყურადღებას მოითხოვს. ნებისმიერი რთული საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტეთ. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა.
სასწორისთვის საჩუქრად კარგი იქნებოდა პიჯაკი, შარვალი (ორეული), სურათი. დიდი თაყვანისმცემელია ხელოვნების. თუმცა
ნებისმიერი საჩუქარი, რასაც მას შევურჩევთ, უნდა იყოს ხარისხიანი.
მორიელი
განსაკუთრებით კარგია წლის პირველი ნახევარი პარტნიორული ურთიერთობებისათვის, საქმიანი თანამშრომლობებისათვის. შესაძლებლობა გაქვთ სწორად წარმოაჩინოთ საკუთარი ინტუიცია, შემოქმედებითი ნიჭი და უნარი. კარგი პერიოდია შემოქმედებითი კონტაქტებისთვის. მეორე ნახევარი კარგია სპორტის სფეროსთვის. მათ შორის საბრძოლო ხელოვნებისთვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს კარგად წარმოაჩინოთ თავი ძალოვან სისტემებში, აუდიტის სფეროში. მეორე ნახევარი ითხოვს თქვენგან საიდუმლოს დაცვას. ძალიან ინტენსიური იქნება პარტნიორულ- ინტიმური კონტაქტებისათვის. პირველ ნახევარში უნდა უფრთხილდეთ მეგობრულ კონტაქტებს. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, პროექტების რეალიზაციას, რადგან შესაძლოა მეტი სირთულეები და წინაღობა შეგხვდეთ. მეორე ნახევარში შესაძლოა გამოჩნდნენ ფარული მტრები, ინტრიგები, ჭორები, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ და არ მისცეთ საბაბი სხვებს.
საჩუქრის შემთხვევაში მორიელს ფართო მასშტაბის სურვილები აქვს. მას ესიამოვნება კომპიუტერული ტექნოლოგია, კარგი ტანსაცმელი, ასევე აფასებს პრაგმატულ საგნებს, თუნდაც საათს, ტელეფონს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია. თუ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, ეს პერიოდი საუკეთესოა განკურნებისთვის. თუ ხართ მედიცინის მუშაკი
ან პედაგოგი, თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება. ასევე აღვნიშნოთ, რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ზრდისა და ავტორიტეტის ამაღლებისათვის. მეორე ნახევარი კარგია პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ქორწინებისთვის. კარგია ასევე შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციოლოგია, ხელოვნების
ფართო სპექტრი. თუმცა ნუ იქნებით ხისტი, ამან შეიძლება შეაფერხოს თქვენი წინსვლის ფაქტორები. ამიტომ მეტი თავდაჭერა გმართებთ. მეორე ნახევარში არ დაძაბოთ ურთიერთობები მეგობრულ კონტაქტებში. ყურადღებით იყავით ახალ იდეებთან და პროექტებთან.
მშვილდოსანს გაახარებს მოგზაურობასთან დაკავშირებული საჩუქრები, მაგალითად, ვაუჩერი, ბილეთი. თუნდაც ჩანთა, რომელსაც მოგზაურობისას გამოიყენებს.
თხის რქა
წლის პირველი ნახევარი ერთ-ერთი საუკეთესოა ქორწილებისთვის, შვილების გაჩენისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შესაძლოა წლის პირველ ნახევარში კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს. მეორე ნახევარი კი ხელს
შეუწყობს ჯანმრთელობის პრობლემებისგან გათავისუფლებას. ამავდროულად, ყურადღებით უნდა იყოთ წლის მეორე ნახევარში ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, რათა ზედმეტი სიხისტითა და სიჯიუტით სიტუაცია არ დაძაბოთ. ამიტომ მეტი თავდაჭერა გმართებთ. პირველი ნახევარი კი ყურადღებას ითხოვს მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით. უცხოელებთან კონტაქტი არ იქნება სასურველი.
რაც შეეხება საჩუქარს, აქ აუცილებლად პრაგმატულ ნივთებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. მაგალითად, ლამაზი კალმისტარი, რომელსაც სამსახურში გამოიყენებს, ბლოკნოტი, შარვალი, პიჯაკი (ორეული). თუმცა ყველაფერი ტრადიციული, არავითარი ავანგარდი და თანამედროვეობა.
მერწყული
წლის პირველი ნახევარი უნდა გაატარონ სამშობლოში, რადგან ეზრდებათ წარმატების შანსები. ასევე შესაძლებელია წარმატებით გადაწყვიტოს მემკვიდრეობის საკითხები. საგრძნობლად აუმჯობესებს საყოფაცხოვრებო საკითხებს, შესაძლოა შეცვალოს დიზაინი, გაალამაზოს საკუთარი სახლი ან აგარაკი. გადაწყვეტს მარტივად საყოფაცხოვრებო საკითხებს და გააუმჯობესებს ურთიერთობებს ახლობლებთან, მათი თანადგომა კი შემდგომი წარმატების ფაქტორი იქნება. ივნისიდან საუკეთესო დრო დგება, რომ თქვენ, როგორც ლიდერმა და ორგანიზატორმა, წარმოაჩინოთ საკუთარი მონაცემები. ეს პერიოდი
იღბლიანია კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობისთვის. მეორე ნახევარში საგრძნობლად უმჯობესდება შვილებთან ურთიერთობა. ასევე შესაძლია ჩამოყალიბდეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ან გაუმჯობესდეს ძველი. ეს არის რომანტიკული თავგადასავლებისთვის საუკეთესო პერიოდი. ხელს კი ზედმეტი ლაპარაკი უშლის, ნუ გათქვამთ საიდუმლოს, ფრთხილად იყავით საიდუმლო კონტაქტების მიმართ, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც ჯერ მოგხიბლავთ, შემდგომ კი პრობლემებს შეგიქმნით. მეორე ნახევარი კი არ არის სასურველი უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობებისთვის.
საჩუქრის შემთხვევაში ვერ მიიღებს ვერაფერს ტრადიციულს, მას ხიბლავს ყველაფერი ახალი, თანამედროვე, უჩვეულო. მაგალითად, იმპრესიონისტული სურათი. რაც მეტად ეგზოტიკურს აჩუქებთ, მეტად ნასიამოვნები დარჩება.
თევზები
პირველი ნახევარი ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი საინტერესო ინფორმაციის მიღების, სწავლის პერიოდი. ჩამოყალიბდება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას. უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეორე ნახევარი გაატარეთ სამშობლოში, რადგან რადიკალურად მატულობს წარმატების შანსი. შესაძლოა არაერთი საყოფაცხოვრებო საკითხი გადაწყვიტოთ. აქაც შესალებელია მემკვიდრეობის საკითხების გაუმჯობესება.
ამ ტენდენციებს ხელს უშლის პარტნიორული ურთიერთობები, როგორც საქმიანი, ასევე პირადი. გმართებთ მეტი წინდახედულება, დიპლომატია, თავდაჭერა და ინტუიცია. წლის მეორე ნახევარში კი მოერიდეთ საეჭვო ახალ ინტიმურ კონტაქტებს, რადგან შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი.
საჩუქრის შემთხვევაში თევზებს ფართო სპექტრი აქვთ. დაწყებული სურათით, დამთავრებული წიგნით, კოსმეტიკით. ასევე გაახარებს შარფები, თუმცა აუცილებლად ლურჯ, ფირუზისფერ, მწვანე და გარდამავალ ფერებში.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე ფოტო: ალექსეი სეროვი