მისი ყველა პროექტი ქართული სულის, ემოციებისა და ხასიათის გამოძახილია. ამბობს, რომ სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული ფოლკლორის მოდერნიზებული ფორმით წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე და დასძენს, რომ შინაგანად თავისუფალი ადამიანები ყოველთვის ქმნიან ისეთ ღირებულ პროდუქტს, რომელიც წლებს, საუკუნეებს უძლებს და არასდროს კარგავს აქტუალობას. „Ok! ბათუმის“ სტუმარი მუსიკოსი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძეა, რომელიც 30 წლის წინ, სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მსმენელმა, მაყურებელმა და როგორც ამბობს, არცერთი წუთით არ მიუტოვებიათ, ყოველთვის აძლევდნენ სტიმულს, ენერგიას, რომ ეკეთებინა ის საქმე, რომელიც მისია, რომელიც უყვარს და წლებია ერთგულად ემსახურება. ბავშვობის ოცნებას, ჰქონოდა ნამდვილი ჯაზკლუბი, სადაც პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავდა, აიხდინა და დღეს მემედ აბაშიძის 40 ნომერში, ბათუმში ერთადერთი ჯაზკლუბის „Secret of Mandarin“-ის პარტნიორი და დამაარსებელია. როგორი იყო გზის დასაწყისი, თავისი პროექტებიდან რომელს მიიჩნევს ყველაზე დიდ გამარჯვებად, რა გეგმები აქვს სამომავლოდ – პასუხებს „OK! ბათუმის“ საშუალებით გაიგებთ…
შემოქმედებითი გზის დასაწყისი…
ძალიან საინტერესო, ლაღი ბავშვობა მქონდა, ყველანაირი ტრავმების გარეშე, რაც აისახება კიდეც ჩემს საქმიანობაში. 6 წლის ვიყავი, როდესაც შევეხე ინსტრუმენტს და მას შემდეგ ის ჩემი ერთგული მეგობარი გახდა. მადლობელი ვარ ჩემი უფროსი ძმის, ვაჟა ცისკარიძის, რომელმაც მაშინ სადღაც ძველ ქარხანაში იპოვა დასარტყამი ინსტრუმენტი, ააწყო და მომცა საშუალება, დრამზე დაკვრაში მევარჯიშა. ბავშვობიდანვე შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი. ყოველთვის მივისწრაფოდი სიახლისკენ, ახლის შესწავლისკენ. აღსანიშნავია, რომ 1995 და 1996 წელს ორჯერ მოვხვდი საუკეთესო ინსტრუმენტალისტებს შორის. შემდეგ პირველი გაცვლითი პროგრამით წავედი ამერიკაში, ლუი არმსტრონგის კოლეჯში, შტატ ჯორჯიაში, სადაც ავიმაღლე ჩემი ცოდნა, გავიმყარე შეხედულებები და საქართველოში დავბრუნდი. შეიძლება ხმამაღლა ვთქვა, ჩემი შემოქმედების მთავარი გზავნილი ბედნიერების ჩუქებაა, ერთგვარი ალია, რომელიც ადამიანებში გამოღვიძებას იწვევს. ყოველთვის ბევრი შემოთავაზება მქონდა, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მემუშავა, მაგრამ არასდროს არ მინდოდა ერთ ადგილზე გაჩერება. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სხვადასხვა საკითხის, მიმდინარეობების შესწავლა. ყოველთვის მზად ვარ, ის ყველაფერი, რაც გავიარე, ვისწავლე, გადავცე და გავუზიარო საზოგადოებას. ბედნიერი ვარ, რომ ყველა პროექტი, რომელიც გავაკეთე, ემსახურება ყველაფერ ქართულის წარმოჩენას და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. ბედნიერი ვარ პროფესიონალი ადამიანების, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვდნენ, დაიჯერეს ჩემი იდეების და დღემდე ნებისმიერ წამოწყებაში მომყვებიან.
მაინც, როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელზეც მუშაობთ, სწორად მიდის საზოგადოებამდე, რაც გამოიხატება იმაში, რომ თქვენი შემოქმედება პოპულარობას არასდროს კარგავს.
ალბათ, გულწრფელობა, სიმართლე და სამართლიანობაა ამ ყველაფრის მიზეზი. ყოველთვის გულწრფელი ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ, რასაც გადმოვცემ და ღმერთს მადლობა ამ უნარისთვის. მას, რაც ნამდვილია, ყოველთვის სწორად აფასებს საზოგადოება და იყვარებს. ხალხი მიგიღებს ან არ მიგიღებს. მე მიმიღო და მადლობა ღმერთს, რომ 30 წელია როგორც აქტუალური არტისტი, ვარსებობ ჩემს ქვეყანაში. ადამიანს რაც არ უნდა ფინანსები, ყველანაირი მარკეტინგული ხრიკი ჰქონდეს ჩართული, თუ მსმენელმა, მაყურებელმა სიყალბე შეგატყო, გამორიცხულია მიგიღოს. ის, რაც ნაღდია, ის, რაც გულიდან მოდის, აუცილებლად იწვევს ნდობას. მადლიერი ვარ საზოგაოების, ხალხის, რომელმაც მე პოპულარული გამხადა. მე ვარ მუსიკოსი, ჯაზმენი, რომელმაც თავის დროზე გადაწყვიტა შეექმნა ახალი მიმდინარეობა ქვეყანაში, ასეც მოხდა და მე შევძელი ქართული ელექტროფოლკის, ქართული ფოლკლორის მოდერნიზაცია, რითაც გავხდი პოპულარული. სულ ვიმეორებ, მე მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ვალი მაქვს, იმ ადამიანების წინაშე ვარ ვალდებული, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ჩემი აქტუალურობის გამყარებას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩემი პროექტები მათთვის კეთდება და ამიტომ მიცხადებენ მუდმივად მხარდაჭერას.
მუსიკალური და არამარტო, პროექტების შექმნისას რა გაძლევთ ინსპირაციას?
ინსპირაცია მაქვს ყველაფრისგან, ყველგან. უპირველესად, ბათუმი არის ჩემი ინსპირაცია, ქალაქი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ბუნებრივად ეს ჰარმონიულობა ჩემში დამწიფდა და დაიწყო შემოქმედებითი მშობიარობა. ფაქტია, რომ შემოქმედი ადამიანებისთვის ყოველი ახალი იდეის დაბადება და განხორციელება მშობიარობის ტოლფასია. ეს ქალაქი გახდა ინსპირაცია იმისა, რომ 30 წლის შემდეგ ბავშვობის წლების ტკბილი მოგონების აწმყოში გადმოტანა შევძელი. წლების წინ მე და ჩემი მეგობრები, პატარა ბიჭები სივრცეს, სადაც ვუკრავდით, ჯაზკლუბს ვეძახდით და ჩვენს მუსიკალურ გემოვნებას სხვებსაც გულუხვად ვუზიარებდით. სწორედ ეს წლები გახდა მოტივაცია, რომ მე 30 წლის შემდეგ მოვახერხე და პირველად ბათუმში ჯაზკლუბი „Secret of Mandarin“ დავაფუძნე, რომელიც მემედ აბაშიძის 40 ნომერში მდებარეობს. აღნიშნულ კლუბში მეც წარვდგები როგორც მუსიკოსი. სხვადასხვა პროფესიონალი მუსიკოსების მონაწილეობით, ჯაზის მოყვარულებს წინ ნამდვილი ჯაზსაღამოები ელოდებათ. ყველაფერი, რაც განთებს, დადებით ემოციებს აღძრავს შენში, შეიძლება შენი შემოქმედების ინსპირაციად იქცეს. ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია, ასევე, არის ჩემი თავისუფლების ხარისხი შემოქმედებაში, რასაც ზუსტად გრძნობს საზოგადოება და ძალიან მიხარია.
რა თქმა უნდა, პროექტები, რომელსაც ქმნით, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არის რომელიმე მათგანი, რომელშიც საკუთარი თავი ყველაზე მეტად გამოხატეთ…
გეთანხმებით, როგორც შვილებს ვერ გამოარჩევ მშობელი, ისე მიყვარს თითოეული პროექტი, რომელზეც აქამდე მიმუშავია. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის მათ შორის ერთი, რომელიც ჩემი ხასიათის, სულის, ემოციის პირდაპირი გამოძახილია და ამ ქართულ, ნაციონალურ-რეგიონალურ მუსიკალურ პროექტს „კახაბერი და ხანუმები“ ჰქვია. მიმაჩნია, რომ ღმერთმა გამომიგზავნა ეს სამი არაჩვეულებრივი ადამიანი და უკვე 13 წელია ერთად მოვდივართ. ყოველ ჯერზე სიახლე შეგვაქვს პროექტში, ჩვენი პერფომანსი არასდროს არის მოსაბეზრებელი. და რაც მთავარია, ვფიქრობ, სწორედ ასეთი უნდა იყოს ქართული მუსიკალური პროექტი, ვგულისხმობ იმას, რომ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომელ კონტინენტზე გამოხვალ და იმღერებ, ყველგან ერთნაირად გასაგები უნდა იყოს, რაზე მღერი. ჩვენი მიზანი იყო ქართული ფოლკლორი, კულტურა სწორი ფორმით გადაგვეტანა თანამედროვეობაში და მსმენელისთვის წარგვედგინა. სწორედ ამიტომ ხდება ყველა პროექტი წარმატებული, რომელსაც მე ვქმნი, ან ჩართული ვარ. ვფიქრობ, სწორი ფორმების შერჩევა ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, რა თანამდებობაც არ უნდა მქონდეს მომავალში, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემი მუსიკის გაზიარება და იმ მუსიკალური პროექტის, რომელზეც მთელი ცხოვრება ვიშრომე იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება ამ მუსიკალური პროექტით გავაცნო მსოფლიოს ქართული კულტურა და ხელოვნება.
ბათუმი თქვენთვის…
ჩემთვის ბათუმი ყველაზე მაგარი ქალაქია. მიხარია, რომ მე, როგორც ბათუმელი, ბათუმიდან გავხდი პოპულარული მთელ ქვეყანაში. ჩემთვის ბათუმელობა ნიშნავს იმას, რასაც ვაკეთებ, რაც ჰარმონიულად გამოირჩევა ჩემს მუსიკაში, სტილით გამოირჩევა ჩემს ჩაცმაში. ბათუმში, ზღვის ქალაქის მხარეში, მუსიკა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ასეა დღემდე. მინდა ბათუმში ყველაფერი საუკეთესო დავაბრუნო, ის ნამდვილი სული, რაც ჰქონდა ამ ქალაქს.
მაინც რას შეცვლიდით ამ ქალაქში?
ერთ-ერთი ჩემი პროექტი არის ქალაქ ბათუმის მერობა და ესეც არის პროვოცირების ერთ-ერთი ფორმა. ის, რომ მე უკვე დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ვიყავი ბათუმის ისტორიაში პირველად, ეს უკვე ისტორიული ფაქტია. მაგრამ ჩემი კანდიდატურის ისევ წარდგენით ვცდილობ პროვოცირება გამოვიწვიო, რომ იმ განათლებულმა, პროფესიონალმა და საინტერესო ადამიანებმა, ვისაც იმისი ამბიცია აქვთ მოკლული, რომ სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში, გამოვაღვიძო. პირველ რიგში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ჩემი ზრუნვის მთავარი თემა ხარისხიანი განათლება იქნება იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში არავის სჭირდება გაუნათლებელი, შეუგნებელი და დაბალი მორალის მქონე ადამიანები.
მუსიკოსობასა და პროდიუსერობასთან ერთად, საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც დიზაინერი. მოგვიყევით საიდან წამოვიდა ეს იდეა…
ეს ინტერესი ბავშვობიდან მოდის. 12-13 წლის ვიყავი როდესაც ჩემს ძმას თავის მეგობართან, მანუჩართან დავყვებოდი. როდესაც უფროსები ერთობოდნენ, სვამდნენ, მე მანუჩარის დედის ატელიეში შევიდოდი და საათობით ვუყურებდი იქ არსებულ ფუსფუსს. შემდგომ უკვე ჩემთვისაც ვუკვეთდი ტანსაცმელს, განსხვავებული სტილის პიჯაკებს, შარვლებს. ბავშვობიდანვე ჩაცმის ჩემეული და განსხვავებული სტილი მქონდა. მოგვიანებით, როცა უკვე პოპულარული გავხდი, სხვადასხვა დიზაინერს ვუკვეთდი სამოსს, რომლითაც სცენაზე თუ სცენის მიღმა, კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ჩემს მეგობარს, ავთო ცქვიტინიძეს მივუტანე ჩემი დიდი ბაბუის სურათი, რომელიც გადავიტანეთ მაისურზე და ხანუმებთან ერთად გასტროლზე ლონდონში წავედი. ლონდონში მივიღე იმდენი კომპლიმენტი და კითხვა, რომ მივხვდი, უკვე დრო იყო აღნიშნული მიმართულებით სერიოზულად დამეწყო მუშაობა. ჩემი ბრენდის ჩამოყალიბებაზე პროფესიონალმა ადამიანებმა იმუშავეს, რისთვისაც ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები. 7 წელია რაც ბრენდი „კახაბერი“ არსებობს. როგორც ჩემი მუსიკით ვუწევ პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანას, იმავენაირად ვუწევ სამოსით. „კახაბერის“ სამოსი, პირველ რიგში, კომფორტულია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი კომფორტისთვის შეიქმნა. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეშიც პირველი აღმოვჩნდი, როგორც მუსიკოსი, რომელსაც თავისი სახელობის კონცეპტუალურად გამართული ბრენდი აქვს, რამაც დაიწყო ცხოვრება და დაიმსახურა მოწონება. „კახაბერის“ პირველი შოურუმი ბათუმში შეიქმნა. ყველა ჩემი შემოქმედებითი პირველი ნაბიჯი მეტწილად ბათუმს უკავშირდება. მე ვქმნი ყველაფერს ისეთს და იმ ხარისხში, რასაც სხვა ვერ ქმნის, მე ჩემეული ხელწერა მაქვს და ამაში ჩემმა განვლილმა წლებმა, გამოცდილებამ და საზოგადოების ჩემი და ჩემი შემოქმედების მიმართ უწყვეტად გამოხატულმა ნდობამ და პატივისცემამ დამარწმუნა.
რა შეუძლია კულტურის ენას…
მხოლოდ კულტურას შეუძლია დაამყაროს მშვიდობა; მხოლოდ კულტურას შეუძლია დიპლომატიის მაღალი ხარისხის შექმნა; მხოლოდ კულტურას შეუძლია სწავლება, ადამიანების განათლება, მნიშვნელოვანი პროექტების დაფუძნება; მხოლოდ კულტურას შეუძლია ყველაფერი ის, რაც დადებითი და პოზიტიურია. ამიტომ მეტი კულტურა ყველაფერში, სულ, სულყველაფერში. მხოლოდ კულტურას შეუძლია შეინარჩუნოს ბათუმიც, საქართველოც და ყველაფერი ის, რაც ჩვენ სწორი განვითარებისთვის, სწორად წარმოჩენისა და წარდგენისთვის გვჭირდება.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე