თითოეულ ადამიანს აბედნიერებს სხვებზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ფართომასშტაბიანია. აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ მარიამ მაცაბერიძის მიერ შექმნილი ონლაინმაღაზია „წიგნების თაროც“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიზანს, რომლის სრულყოფისთვის მას თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა. OK! პირადად გაესაუბრა ამერიკაში არსებულ ქართული წიგნების პირველ ონლაინმაღაზიის დამაარსებელს − მარიამ მაცაბერიძეს.
როგორ შეიქმნა „წიგნების თარო“?
ყოველთვის, როდესაც ვიწყებ რაიმე იდეაზე მუშაობას, უპირველეს ყოვლისა, უპირატესობას ვანიჭებ საკუთარ მოთხოვნებს. ნიუ-იორკში 3-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჩემს ოჯახში აღმოვაჩინე, რომ ქართული წიგნების დეფიციტს განვიცდიდით. მოგეხსენებათ, წიგნი არც ისე მსუბუქი ნივთია და მისი ჩემოდნით ტრანსპორტირება ადვილი არ არის, მით უფრო, თუ ადამიანს რამდენიმე მათგანის წაკითხვა სურს. ვიცოდი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩემს ოჯახში არ იქნებოდა, რადგან მეც რიგითი ემიგრანტი გახლდით. აღმოვაჩინე, რომ სრულიად ამერიკის მასშტაბით, ქართული წიგნების მაღაზია არ არსებობდა. საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდე ამ საკითხს და მიზნად დავისახე, შემექმნა ქართული წიგნების პირველი ინტერნეტმაღაზია აშშ-ში, რომელსაც დღეს უკვე ხალხი „წიგნების თაროს“ სახელით იცნობს.
გვესაუბრეთ „წიგნების თაროს“ შესახებ.
ჩვენმა მაღაზიამ უზომოდ დიდი სიყვარული დაიმსახურა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან. წარმატება ძალიან მალე მოვიდა, რადგან ეს მაღაზია სწორედ ის იყო, რაც ემიგრანტებს სჭირდებოდათ. ორი წელია საოცრად ბევრ საქებარ სიტყვას ვისმენთ ჩვენი მომხმარებლებისგან და ეს კიდევ უფრო მეტის გაკეთების მოტივაციას მაძლევს. ყველაფერი საკუთარი ძალებით შევქმენი ჩემს ბიზნესში. ყველაზე დიდი გამოწვევა, მაინც ვებგვერდის შექმნა იყო, თუმცა არც ამას შევუჩერებივარ. ორი თვის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი იმის შექმნაზე, რათა სრულყოფილი სახე მიმეცა − ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს წარმოდგენაში იყო. ყოველთვის ორმაგად გიყვარს საქმე, რომელშიც დიდ შრომას დებ და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენ შენს თავში. „წიგნების თარო“ ემსახურება ნებისმიერ შტატში მცხოვრებ ქართველებს. ეს ზუსტად ის მიღწევაა, რითაც ძალიან ვამაყობ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც შევქმენი არა ფიზიკური, არამედ ინტერნეტმაღაზია კითხვის მოყვარულთათვის.
მთავარი ნიშა, რომელიც „წიგნების თაროს“ გამოარჩევს სხვა ონლაინმაღაზიებისგან.
„წიგნების თარო“ ქართული წიგნების ერთადერთი, ოფიციალური იმპორტიორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი მაღაზია გამოირჩევა სწრაფი მომსახურებითა და სერვისის ხარისხით. ოფიციალურად ვთანამშრომლობთ ბევრ წამყვან გამომცემლობასთან საქართველოში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მუდმივად ვმუშაობ ხარისხისა და სერვისების გაფართოება-გაუმჯობესებაზე. პანდემიის გამო, სხვა ბიზნესების მსგავსად, ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, თუმცა ყველანაირად ვუმკლავდებით. მეტიც − არსებული მდგომარეობა გამოვიყენეთ და დავამატეთ საქართველოდან პირდაპირ შეკვეთის მომსახურება, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეუკვეთოს ნებისმიერი წიგნი „წიგნების თაროს“, ჩვენ კი გარკვეულ დროში ჩამოვიტანთ და გავაგზავნით მას მითითებულ მისამართზე.
როგორ შეუძლიათ მსურველებს მათთვის სასურველი წიგნის შეძენა თქვენს ონლაინმაღაზიაში?
იმისათვის, რომ მსურველმა წიგნი შეიძინოს ნებისმიერი შტატიდან, უნდა ეწვიოს ჩვენს ინტერნეტმაღაზიას, მისამართზე: www.tsignebistaro.com და გამოიწეროს ჩვენი Facebook-გვერდი წიგნების თარო/Tsignebis Taro. შეძენის პროცესი ძალიან მარტივი და სტანდარტულია − ისეთივე, როგორც ყველა ვებგვერდის შემთხვევაში.
სამომავლო გეგმები.
მიზნების დასახვა და უდიდესი სურვილი, განახორციელო ისინი, ადამიანს ეხმარება მობილიზდეს და ბოლომდე მიიყვანოს თითოეული წამოწყება. სწორედ მაშინ ივიწყებ სიტყვებს „ეს შეუძლებელია“, და მიუხედავად საქმის სირთულისა, იწყებ შენი ცხოვრების ახალ ეტაპს. ამ მიზნით, 2020 წლის მიწურულს სურვილი გამიჩნდა, შემექმნა ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის დახურული სივრცე Facebook-ში, სადაც გავაერთიანებდი ყველაფერს, რაც ჩვენ გვაკლია და გვესაჭიროება უცხო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი − მრავალფეროვანი ცხოვრება. ეს იდეაც, როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი მოთხოვნების შემდეგ გამიჩნდა. მივხვდი, რომ ჩემს ინტერესებს აღარ აკმაყოფილებდა სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაცია, ურთიერთობები, გადაცემები და სიუჟეტები. არავის ვავალდებულებ მოსწონდეს ის, რაც მე მომწონს, თუმცა მჯერა, რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს და უღირს საინტერესო, ხარისხიანი ინფორმაცია მიიღოს თუნდაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ემიგრანტები სამშობლოსგან მეტ ყურადღებას იმსახურებენ. აშშ-ში არიან ადამიანები, რომლებმაც სრულიად უფასოდ შექმნეს ემიგრანტებისთვის ჯგუფები, სადაც ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მადლობა მათ ამ სიკეთისთვის და ხალხისთვის გაწეული სამსახურისთვის. გამორჩეული სირთულე, რომელიც ოკეანის მეორე მხარეს ცხოვრებას ახასიათებს, გახლავთ მონატრების დაუსრულებელი გრძნობა. ამიტომ ახალი პროექტის ფარგლებში, დავსხედით ამ იდეით შეპყრობილნი და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ გავათბოთ ადამიანების გულები. რაც მთავარია, კონკრეტულად ემიგრანტებისთვის შეიქმნება ეს ყველაფერი, რათა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ და მარტო არავინაა ამ ურთულეს პერიოდსა და გამოწვევებით სავსე ქვეყანაში. უამრავი ცნობილი ადამიანი დაინტერესდა ამ პროექტით და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, რაც საოცარი განცდაა და მეტ სტიმულს გვანიჭებს. ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ხარისხი ფინანსების გარეშე თითქმის შეუძლებელია. უფასო მომსახურებას თავისი საზღვრები აქვს, რაც ინტერნეტსივრცეში არ გვაკლია. ამიტომაც მსურველებს შევთავაზებთ, ყოველთვიური თანხის სანაცვლოდ, მიიღონ ბევრი ისეთი რამ, რაც ხელმიუწვდომელია, მათ შორის − საჭირო მომსახურებები. გადავწყვიტეთ, გაცილებით დიდი ოჯახი შევქმნათ ჩვენს Facebook-ის დახურულ სივრცეში და იმაზე მეტად გავიცნოთ ახლოდან ერთმანეთი, ვიდრე კომენტარების წერაა. საქართველოდან ჩვენი წარმომადგენლის დიდი დამსახურებითა და მონდომებით, ვეცდებით, ავაშენოთ ხიდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სოციალური ქსელი გავხადოთ უფრო საინტერესო. ჩვენთვის სიუჟეტებს ჩაწერენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სივრცის წევრებს გაესაუბრებიან, უპასუხებენ მათ შეკითხვებს. ასევე, ბევრი სხვა პროფესიონალი ადამიანი გაგვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. გვექნება მუდმივი საუბრები ფსიქოლოგებთან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იქნება ერთჯერადი. ეს ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა და დიდ იმედს ვამყარებთ, რომ „წიგნების თაროს“ გამომწერები, და არა მარტო ისინი, კიდევ ერთხელ დაგვიჭერენ მხარს ამ საჭირო საქმეში. პროექტის წარმატება დიდ გავლენას იქონიებს ემიგრანტების ჩართულობაზე, რჩევების მიცემასა და მათი ინტერესების გათვალისწინებაზე. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან პროექტი დამუშავების პროცესშია და სულ მალე „წიგნების თაროს მედიასივრცე“ მზად იქნება, ახალ პროექტში უმასპინძლოს ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: პაატა მოზაიძე