ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“, ბორდის წევრი, კომპანია „გალფ ჯორჯია“, ვიცეპრეზიდენტი, ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი
როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რა იქცა ინსპირაციად?
2009 წელს წამოვიწყე ღონისძიებების ორგანიზების მცირე ბიზნესი, დავაფუძნე კომპანია „სელექტი“ და მას შემდეგ „სელექტს“ არაერთი პატარა თუ დიდი ღონისძიებებისთვის გაუწევია მომსახურება.
თუმცა, ამ კომპანიის მართვა არასოდეს ყოფილა ჩემი ძირითადი საქმიანობა. ძალიან მიყვარს ეს სფერო, ვფიქრობ, თუ კარგად გესმის რა სჭირდება შენს მომხმარებელს და რას ელოდება შენგან, ყველაფერი გამოგივა. რა თქმა უნდა, კარგ გუნდთან ერთად თუ მუშაობ, აქტიური ხარ და იდეების ნაკლებობას არ განიცდი, საუკეთესო პროექტებიც გარანტირებული გაქვს.
რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?
გზა, რომელიც უმეტესწილად ჩემს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, არასოდეს ყოფილა მარტივი. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო − სირთულე იმის გამო არასოდეს შემქმნია, რომ ქალი ვარ. არასდროს მაშინებდა სირთულეები და ახლაც არ შემიძლია სრულ სიმშვიდეში მუშაობა. ყოველთვის რაიმე ისეთს ვეჭიდები, რაც თითქოს დისკომფორტს მაგრძნობინებს, რთულია, გამოწვევებითაა სავსე. მაგრამ საქმეს მაინც ვეჭიდები, რადგან მგონია, გამომივა.
ბევრი შეცდომაც დამიშვია ამ გზაზე. ხშირად ვფიქრობ, რატომ არ გავაკეთე ესა თუ ის პროექტი, რატომ არ გავყევი ბოლომდე იდეას, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი… მაგრამ შეცდომების გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომაც რამდენჯერაც დავცემულვარ, იმდენჯერ წამოვმდგარვარ და გამიგრძელებია გზა.
რა გასწავლათ გამოცდილებამ?
ვიტყოდი, რომ თუ გაქვს შრომისა და განვითარების სურვილი, თუ ხარ მიზანდასახული ადამიანი, ყველაფერი შესაძლებელია გამოგივიდეს. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის. ამასთან ერთად, გამოცდილებამ მასწავლა შორეულ პერსპექტივაში ამა თუ იმ პროექტის დანახვაც. ხანდახან ცხადად ვხედავ, ღირს თუ არა ფიქრის დაწყებაც კი, საიდანაც ყველა მნიშვნელოვანი ამბავი იღებს სათავეს.
ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რთულ გზაზე მხარს გიჭერდნენ?
რთულ გზაზე უპირველესად მეხმარებოდა დედა. ის ყოველთვის არის და იქნება ჩემთვის ეგრეთ წოდებული როლ-მოდელი. დედამ თავისი შრომით და განვითარების დაუშრეტელი სურვილით მიაღწია იმას, რაც დღემდე მაოცებს.
1959 წელს 20 წლის დედა კარდაკარ დადიოდა მოსწავლეებთან და ინგლისურს ასწავლიდა. 50 წლის განმავლობაში კი პედაგოგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ალბათ, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ მასსავით თავდაჯერებული ადამიანი არასოდეს შემხვედრია. ამ ჩუმ თავდაჯერებას კი ყოველთვის მხოლოდ მისი ინტელექტი და შრომა განაპირობებდა.
ასევე ძალიან გამიმართლა, მაშინაც, როცა კერძო სექტორში გადმოვინაცვლე. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ საუკეთესო პროფესიონალები. ისინი დღემდე ჩემი დიდი მეგობრები და მხარდამჭერები არიან. როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ, ყოველთვის ვფიქრობ მათდამი სამადლობელ სიტყვებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ დაგიჯერა პირველად და ვინ განდო საქმე. ვცდილობ, მეც ასეთი ხელმძღვანელი ვიყო. თანამშრომლებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ჩემ ირგვლივ ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, ვისგანაც მაგალითს ვიღებდი. როცა გვერდით ძლიერი და წარმატებული ხალხი გყავს, არასოდეს გაქვს მოდუნების საშუალება.
რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?
ჩემთვის წევრობა უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა, რომელიც მეწარმე ქალების წინაშე ავიღეთ. ბევრი ახალგაზრდა მეწარმე გვყავს, რომლებიც გვენდობიან და უპირველესად, მათ წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას.
რას უსურვებდით/ურჩევდით ქალებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?
პირველეს ყოვლისა, სჯეროდეთ და იმუშაონ საკუთარ თავზე. საჭიროა, იცნობდნენ თავიანთ სურვილებს. ხშირად ყველაზე კარგად სწორედ ის გამოგვდის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენთან მოდის. მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას − ამ ორ დიდ ძალას თუ გავაერთიანებთ, მიუღწეველი არაფერი დაგვრჩება. მთავარია ვისწავლოთ, როგორც წარმატებით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნება, ასევე მარცხის გააზრება. ყველაფერს ახსნა აქვს − უნდა ვეცადოთ მარცხის შემთხვევაში ბევრი რამ ვისწავლოთ. პირადად მე მეხმარება ის, რომ თითქმის არასოდეს ვარ კმაყოფილი საკუთარი შედეგით, ყოველთვის მრჩება განცდა − „უკეთესადაც შეიძლებოდა“. ამ გამოთქმას ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს. მგონია, რომ განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა, ბევრი საჭირო და კარგი წიგნის კითხვა, სწავლა, გვაძლევს მეტ შესაძლებლობას, ვიყოთ უკეთესები.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს საზოგადოების ფორმირებაში. ჩვენს საქმეს თუ გავაკეთებთ და მასში მთელ გულს ჩავდებთ, ქვეყნის პროგრესიც არ დააყოვნებს. არ არის აუცილებელი, ქალი მხოლოდ პოლიტიკაში იყოს იმისთვის, რომ ქვეყანას გამოადგეს. ყველანი ქვეყნისა და ამ საზოგადოების ელჩები ვართ. ყველას გვაქვს მისია, გავაუმჯობესოთ საქართველოს მომავალი, თითო აგური დავდოთ ქვეყნის შენებაში. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პატრიოტიზმი.
როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?
დრო − ამ ფენომენზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. დრო არავის უცდის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სწორად გვქონდეს დაგეგმილი ჩვენი დღე, კვირა თუ თვე. ხომ გახსოვთ სენტ ეგზიუპერის პატარა პრინცი რას ამბობს: „იცი, ვარდი შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მას შენი დრო დაახარჯე“. კარგად ვიცი დროის ფასი, ამიტომაც მუდამ ვცდილობ არავის ვალოდინო, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში შევასრულო. ჩემი დღის განრიგიც საკმაოდ დატვირთულია: კვირაში 5 დღე, დილით ადრე, 06:45 ან 07:00 საათზე ვდგები. ადრე თუ არ ავდექი, მერე ვერაფერს ვასწრებ. მიყვარს დილა და ამ პერიოდში ყველაზე ნაყოფიერი ვარ. კვირაში 5 დღე, დილით 1 საათი ვვარჯიშობ. მაქვს ჩემი დილის საყვარელი პროცედურები, რომელიც ყველა ქალის მსგავსად, თავის მოვლის ინდივიდუალურ პროცედურებს უკავშირდება. ამასობაში, ბავშვებიც იღვიძებენ და იწყება რია-რია… ჩემს ბიჭს სკოლისთვის ვამზადებ და ერთად გავდივართ შინიდან. ლუკა სკოლაში მიდის, მე − სამსახურისკენ. სამსახურშიც დღის პირველი ნახევარი ძალიან დატვირთულია. შუადღისას ვცდილობ ცოტა შევისვენო, გავისეირნო ან მეგობრებს შევხვდე. საღამომდე სამსახურში ვარ და დარჩენილ საქმეს ვასრულებ.
ვცდილობ, შინ გვიან არ დავბრუნდე. ვფიქრობ, დროის მართვა საკმაოდ კარგად შემიძლია. ვახერხებ, ძირითადი სამუშაო სამსახურშივე დავასრულო და შინ დაბრუნებულმა არ ვიმუშაო. საღამო ძირითადად ბავშვებისაა − ვთამაშობთ, ვკითხულობთ, ფილმებს ვუყურებთ. შაბათ-კვირა უმეტესწილად ოჯახს ეკუთვნის. ასე ვახერხებ დროის გადანაწილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე ვერ ხერხდება და ხშირად ღამეებიც მითენებია, გადაბმულადაც მიმუშავია კვირების განმავლობაში, ისე, რომ არც დამისვენია, მაგრამ ასე ხშირად არ ხდება. მიყვარს ჩემი საქმე. უბრალოდ, რაც ასაკი მემატება, მით მეტად ვაფასებ სახლს, ოჯახს, მეგობრებს. დღეს ყველას გვაქვს საშუალება თვალი ვადევნოთ საქმიანი და წარმატებული ადამიანების ცხოვრებას. მათი უმეტესობა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვირჩევს არ წავართვათ დრო ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, არ მოვაკლოთ ყურადღება მშობლებს თუ ძვირფას მეგობრებს… არ შემიძლია, არ დავეთანხმო მათ.
ამონარიდი ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტიდან
საქართველოში ყველა სფეროში გვყავს უნიჭიერესი გოგონები. სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი OK!-ის გამოცემაც. ქალები, რომლებზეც ჟურნალში გიყვებით, სათითაოდ ყველა, მაგალითია წარმატებისა, წინსვლისა, სიძლიერისა. არც ერთი არ დაბადებულა მეწარმედ ან მაღალი რგოლის მენეჯერად − თითოეულმა ურთულესი გზა განვლო. შრომის, სწავლისა და განვითარების წყალობით, დღეს არიან ზუსტად იქ, სადაც არიან. მადლობა თითოეულ მათგანს იმისათვის, რომ არ შეშინდნენ და გააგრძელეს ეს რთული გზა, რადგან სწორედ ქალების ძალა, ჩვენი შემართება, ჩვენი სიყვარული და გაუტეხელობა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.
ყოველთვის, როდესაც ქალებს ვახსენებ, უპირველესად ემიგრანტი ქალები მახსენდებიან. საქართველოსგან შორს მყოფი, თავდადებული დედები, ბებიები თუ შვილები. სწორედ ისინი არიან უდიდესი პატრიოტები.
მათ საკუთარი შრომით არჩინეს და დღემდე არჩენენ რამდენიმე ასეულ ათას ოჯახს საქართველოში. მათი დამსახურება და წვლილი ქვეყნის გადარჩენაშიც დიდია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ემიგრანტებს არ აქვთ მარტივი ცხოვრება. ყველამ ვიცით ასევე მათი გრძნობების შესახებ, მათი სირთულეებით სავსე ყოფის შესახებ. ვიცით, და სამწუხაროდ, ვერაფერს ვთავაზობთ სანაცვლოდ. მადლობას თუ ვეტყვით მხოლოდ, იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებენ.
ჩვენი − ქალების ცხოვრება მარტივი არ არის. მახსოვს, ორი წლის წინ სინტია ნიქსონის ვიდეომ Be a lady, they said ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. თითქოს ამ მცირე ვიდეოთი, სადაც ყურადღება ქალის ყოველდღიურობაზეა გამახვილებული, თვალები აგვიხილა ბევრ წვრილმანზე. ხშირად ვიხსენებ ამ დიდი ძალის მქონე ვიდეოს, სინტიას გამომეტყველებას საუბრისას, ინტონაციას, ტემპს. ყველა წინადადება ისე ებმის ერთმანეთს, ხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოიქცევა ქალი − მას მაინც ყოველთვის გააკრიტიკებენ. აი, აქ უნდა შევჩერდეთ და გავაანალიზოთ შემდეგი − ქალის ცხოვრებას მუდმივად თან სდევს კრიტიკა, გაკიცხვა. ხშირად ისევ ქალებისგან, „კეთილისმსურველთაგანაც“ არ გვაკლია ხოლმე მცირე შეგონებები. ხშირად ისეთი ადამიანებიც გვიპირისპირდებიან, რომლებიც ყველაზე დიდ საყრდენს უნდა წარმოადგენდნენ ჩვენთვის. არც ამის უნდა შეგვეშინდეს. არსებობს ოქროს გამონათქვამი: „დროსთან ერთად, ყველაფერი გაივლის“. ნებისმიერი სირთულე გაივლის და თუ ოდესმე კრიტიკის ქარცეცხლში მოყევით, აქედან მხოლოდ პლიუს ერთი გაკვეთილი გამოიტანეთ, უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი.
აქვე მინდა მთავარი სათქმელი არ გამომრჩეს და გავიმეორო: მთავარია მივაღწიოთ შინაგან თავისუფლებას, ვუსმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს…
ყველა გოგომ უნდა ვიცოდეთ, სულ პატარაობიდან, რომ პირველი, ვინც უნდა გვიყვარდეს, ჩვენი თავია. ვიზრუნოთ, გავუგოთ, ვაპატიოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას… შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, პატარა და დიდ შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა და გამოგვაქვს დასკვნებიც. არ არსებობს სიტუაცია, შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით. სწავლით და შრომით კი იმასაც მივაღწევთ, რაც ერთ დროს შეუძლებელი გვეგონა!
გაზაფხულია უკვე გარეთ. ყველას ბედნიერ და სიხარულით სავსე გაზაფხულს გისურვებთ, გოგოებო!