აბრეშუმი – ელვარე ქსოვილი, რომელსაც ბოჭკოთა დედოფალს უწოდებენ. ძველ დროში სამეფო კარის წარმომადგენლებსა თუ დღეს, უბრალო ადამიანებს – მთელ მსოფლიოში ყველას – ხიბლავდა და ხიბლავს აბრეშუმის ელეგანტურობა, მაგრამ ყოველთვის როდი იყო ხელმისაწვდომი. ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ამ ქსოვილის სახელწოდებას უკავშირდება სახელგანთქმული „აბრეშუმის გზის“ ისტორია, რომელმაც მთელ მსოფლიოზე გარდამტეხი როლი მოახდინა. ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი კვანძი კი სწორედ საქართველოა.
როდესაც ვაჭრები უძველეს აბრეშუმის გზაზე მოგზაურობდნენ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს პირველ კომერციულ ძალისხმევაში – ერთმანეთთან დაეკავშირებინათ აღმოსავლეთი და დასავლეთი. ფაქტობრივად, ჩინელი და რომაელი იმპერატორები მართავდნენ თითქმის მთელ მსოფლიოს, თუმცა ცოტა რამ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. აბრეშუმის გზამ სრულიად შეცვალა ეს ყოველივე, ადამიანებს გააცნო ახალი საქონელი, საკვები და კულტურა. ქართველი ერი კი ამ ქსელის შუაგულში იყო და კვლავაც არის, როგორც დამაკავშირებელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შესაბამისად, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, მუდამ წარმოადგენდა ხიდს დასავლეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, რითაც მათ საშუალებას აძლევდა, ჩართულნი ყოფილიყვნენ ერთმანეთის კულტურაში. ასეთი მდებარეობა ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა საქართველოს, დაეკავებინა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის პროცესში.
კავკასიის მთებში მდებარე საქართველომ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში და მეცნიერები ევროპის უძველეს წინაპართ სწორედ ამ ქვეყანას უკავშირებენ. ისტორიული აბრეშუმის დიდი გზა – ეს იყო ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. მე-19 საუკუნის გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა მეტად ლამაზად მონათლა ეს მიმართულება და მას „აბრეშუმის გზა“ უწოდა, რომელიც ისტორიულად არსებული სახმელეთო, საზღვაო და სამდინარო საერთაშორისო სავაჭრო გზათა სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო. ბერძნული ნაწარმი მოედინებოდა მტკვრისა და რიონი-ყვირილას მთელ მაგისტრალზე. სავაჭრო-სატრანსპორტო მაგისტრალებით ამიერკავკასიასა და საქართველოში ბიზანტიასა და ირანს შემოჰქონდათ აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები, საფეიქრო ნაწარმი და ა.შ.
აბრეშუმის დიდი გზით ჩინეთიდან უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მომხმარებლები ძირითადად რომის წარჩინებულები იყვნენ. ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და ა.შ. შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა.