„დენტალ არტის“ პროფესიონალი გუნდი ყველაფერს აკეთებს თქვენი ჯანსაღი ღიმილისა და კომფორტისთვის“
მასწავლებლის ოჯახში დაბადებულს, თავადაც მასწავლებლობა სურდა, წარმოიდგენდა ხოლმე როგორ შედიოდა კლასში, როგორ ატარებდა გაკვეთილს, როგორ უყვებოდა საინტერესო ამბებს მოსწავლეებს და მათგან როგორ იღებდა ზღვა ენერგიას, თუმცა, წლების მატებასთან ერთად, მრავალფეროვანი ინტერესების ფონზე, გადამწყვეტი მაინც ოჯახის აზრი აღმოჩნდა, რომ სამედიცინოზე ჩაებარებინა. არჩევანი არასდროს უნანია, მეტიც, მიაჩნია, რომ სწორედ იმ სფეროშია, სადაც შეუძლია ადამიანების ჯანსაღი ღიმილისა და ბედნიერების მიზეზი იყოს. OK! ბათუმის სტუმარი
კლინიკა „დენტალ არტის“ დირექტორი და მთავარი ექიმ-სტომატოლოგი ზოია ჩიკვაიძეა, რომელიც, როგორც კლინიკის, ასევე მისი წარმატების მთავარ მიზეზად დაუღალავ შრომას, პროფესიისადმი უდიდეს სიყვარულს, გუნდურობას, მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ მომსახურეობას მიიჩნევს. თვლის, რომ ადამიანისთვის, რომელიც თავის ჯანმრთელობას განდობს, ყველაფერი უნდა გააკეთო, კმაყოფილი რომ დარჩეს კომფორტი უნდა შეუქმნა, გაამართლო მისი ნდობა.
წლები ფერადი შთაბეჭდილებებით…
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და მეც იქიდან დავიწყებ, იმ ფერადი და ლამაზი წლებიდან, რომელსაც ბავშვობა ჰქვია და უკლებლივ ყველასთვის ბედნიერია. გამიმართლა, რომ დავიბადე ოჯახში, სადაც მამა ლიბერალი იყო და სრული თავისუფლება გვქონდა, თუმცა აწონასწორებდა მკაცრი და შეუვალი დედა, რომლის წყალობითაც შრომისმოყვარეობა და წესრიგი ჩვევად მექცა. მასწავლებლის ოჯახში დავიბადე და ჩემი პირველი გატაცებაც მასწავლებლობანას თამაში იყო, თოჯინებს ჩავამწკვრივებდი და გაკვეთილებს ვუტარებდი… შემდგომში მრავალფეროვანი გატაცებები მქონდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ოჯახური არჩევანი იყო და უფროსი დის გავლენაც (რომელიც ახლა გინეკოლოგია). შემდეგ იყო 90-იანების ნაცრისფერი წლები და სტუდენტობის ფერადი ხანა, როცა გემატება მეგობრები, ვისთანაც საერთო ინტერესები და ჰობი გაკავშირებს და, რაც მთავარია, თავისუფლების მძაფრი შეგრძნება, რომელიც ფრთებს გასხამს და გგონია მთებს გადადგამ. ისრუტავ ყველაფერ საუკეთესოს ლექტორებისგან, ხეტიალობ თბილისის ქუჩებში, მოგზაურობ მეგობრებთან ერთად და ბედნიერი ხარ სტუდენტობით. თბილისი ჩემი სტუდენტობის ქალაქია, დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.
მოგვიყევით კლინიკაზე, რომლის დირექტორიც ხართ, როდის გაიხსნა და რა გზა გამოიარეთ დღემდე?
ინსტიტუტის შემდეგ იყო ბათუმი და აქაც გამიმართლა, მოვხვდი ერთ-ერთ მთავარ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც უაღრესად ნოვატორი და წარმატებული ქალბატონი გახლდათ დირექტორი, რომლის წყალობითაც ბევრ სტომატოლოგიურ ნოვაციას ვეზიარე. შემდეგ იყო 2006 წელი და პირველი საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტი, პაწაწუნა და ჩემთვის ყოვლისმომცველი, რომლის აწყობაშიც მთელი სული და გული ჩავდე. სტომატოლოგია ტექნოლოგიურად ძალიან მზარდი დარგია და რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ მჭირდებოდა მეტი ფართი, მეტი აპარატურა და, რაც მთვარია, მჭირდებოდა გუნდი, რომელიც მხარს გამიმაგრებდა. ასე შეიქმნა „დენტალ არტი“.
რა სახის სერვისებს სთავაზობს კლინიკა მომხმარებელს? რატომ უნდა ავირჩიოთ „დენტალ არტი“?
,,დენტალ არტი“ყველა სახის სტომატოლოგიურ სერვისს სთავაზობს პაციენტს: კბილების თერაპიულ მკურნალობას, იმპლანტაციას, ორთოდონტიას, პროთეზირებას და რაც მნიშვნელოვანია, ბავშვთა სტომატოლოგიას. ბავშვობაში სტომატოლოგთან მიღებულ ტკივილს უკავშირდება სტომატოლოგიური ფობია, ამიტომ ჩვენი ექიმები ცდილობენ პირველი ვიზიტი იყოს ხალისიანი და გასართობი სახის.
თანადგომის ფასი…
რაც უნდა ძლიერი იყო ადამიანი, აუცილებლად გჭირდება თანადგომა. როგორც აღვნიშნე იღბლიანი ვარ, დავიბადე ოჯახში რომლის პრიორიტეტიც სწავლა იყო, ცხოვრების მეგზურშიც გამიმართლა. თბილისიდან დაბრუნებულმა ბათუმის კლინიკაში გავიცანი უკვე პროფესიულად შემდგარი ბიჭი, რომელსაც დავუკავშირე ბედი. რომ არა მისი პროფესიური და ოჯახური თანადგომა, ალბათ, ვერაფერს მივაღწევდი. ხელს გვიწყობს ისიც, რომ ერთ სფეროში ვმუშაობთ და მისი შექმნილი სტომატოლოგიური ლაბორატორიის დამსახურებაა „დენტალ არტის“ ღიმილები. რაც მთავარია, იტანს ჩემს ქალურ ჭირვეულობას, როცა ვაცხადებ, რომ ლაბორატორიამ ყველაზე ლამაზი კბილები უნდა გამიკეთოს ჩემი პაციენტებისთვის.
რას მიიჩნევთ თქვენი კლინიკის პრიორიტეტად?
ჩვენი კლინიკის წარმატებას განაპირობებს ის, რომ გვაქვს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით არჭურვილი სტომატოლოგიური ლაბორატორია. ღიმილის დაგეგმარება ანუ დიზაინი სწორედ ამ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი ეტაპია სასურველი შედეგის მისაღწევად. ღიმილის დიზაინის შექმნაში ჩართულია მთელი გუნდი: ექიმი, ტექნიკოსი და, რაც მთავარია, თვით პაციენტიც. ჩვენთვის მთავარია რა სურს პაციენტს. მსურს ბედნიერი ღიმილი პაციენტის სახეზე და ამ შემთხვევაში ჩემი და პაციენტის ინტერესების თანხვედრა ხდება.
იყო სტომატოლოგი, რომელსაც თავის ჯანმრთელობას ანდობენ ადამიანები, ნიშნავს…
იყო ექიმი და დირექტორი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ადამიანი განდობს ყველაზე მნიშვნელოვანს, ჯანმრთელობას. სამუშაო დღე საკმაოდ დაძაბულია, რასაც პაციენტებთან ურთიერთობა მიადვილებს. ეს არის პროფესია, რომელმაც მრავალი მეგობარი შემძინა. ადამიანები, რომლებიც წლებია მანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას და ლამაზ ღიმილს, იმდენად ახლობელნი ხდებიან, რომ ხშირად ნათესაური გრძნობებიც კი მიჩნდება.
რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე ძლიერ მხარედ?
ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეც, ალბათ, ამ ურთიერთობებმა განსაზღვრა. მიყვარს ჩემი პროფესია და ყველა პაციენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სტომატოლოგთან ვიზიტი მრავალჯერადია და ეს განაპირობებს პაციენტის და ექიმის დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, დამღლელია ნებისმიერი პროფესია, რომელშიც მთელ სულს და გულს ჩადებ, მაგრამ ეს არის ჩემთვის საქმე, რომელსაც ხალისითა და გართობით ვაკეთებ, მსიამოვნებს პაციენტებთან ურთიერთობა. ამ ყველაფერს ემატება ტექნოლოგიურად გამართული სამუშაო პირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მიღწევებს და კლინიკაში თითქმის ყველა ნოვაცია გვაქვს დანერგილი, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიები.
ღიმილის როლი ადამიანში…
21-ე საუკუნეში ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა გალამაზების თემას და ქათქათა კბილებიც წარმატების ერთ-ერთი გარანტია.
ბათუმის სიყვარული…
ბათუმი არ არის ჩემთვის მხოლოდ ზღვისპირა ქალაქი ლამაზი ცით, ბულვარით და პალმებით, ბათუმი ჩემთვის ხალხია – თბილი და ერთგული, სადაც ყველა გიღიმის და სითბოთი გავსებს. როცა სიყვარულით ცხოვრობ, შენთან აუცილებლად მოდის სიყვარული. ბათუმელები მე ამ სიყვარულს მჩუქნიან და მაბედნიერებენ, როცა ქუჩაში მიღიმიან და მეფერებიან. ეს არის პატარა ქალაქის მაგნიტური თვისება, გიზიდავს და გულში გიკრავს. ეს არის ჩემი წილი ბათუმი, თბილი, ჟუჟუნა წვიმით და ყავის სურნელით გაჟღენთილი.
დრო საკუთარი თავისთვის…
48 წლის გავხდი, უამრავ რამეს ვერ ვასწრებ, მეტი შემიძლია. რაღაცას მივაღწიე საკუთარ თავზე მუშაობით, მაგრამ ჩემი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, სამუშაოს შესრულებისას ბოლომდე ვიხარჯები, ამიტომ თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. იყო დედა, მეუღლე, ექიმი საკმაოდ რთულია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ წარმატებულ ცხოვრებას ერთი ადამიანი არ ქმნის. ოჯახის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სარკეში ვიყურები და თვალის ირგვლივ გაჩენილ წვრილ ნაოჭებს ვითვლი, როცა ვხედავ, რომ ხელებზე კანი ძველებურად გლუვი აღარ არის, ამის არ მეშინია, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, გვერდში მიდგას მეუღლე, შვილები, მათთვის ჩემი პროფესია მიმზიდველია და ვთვლი, რომ ესეც ჩემი ერთი გამარჯვებაა.
როგორია თქვენი კლინიკის და თქვენი, როგორც სტომატოლოგის სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებიც გახსნილ საზღვრებს უკავშირდება. რადგან ექიმობა ნიშნავს უწყვეტ განათლებას. პანდემიამდე განებივრებულები ვიყავით ლექციებითა და მასტერკლასებით, საშუალება გვეძლეოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისა…
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე