წლებია დაიმსხვრა მითი, რომ გამონაყარი ადამიანის ცხოვრების გარკვეულ პერიოდში იჩენს თავს და გარდატეხის ასაკის შემდგომ სამუდამოდ ქრება კანიდან. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ აკნე კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი დერმატოლოგიური ბრენდები მოვლის სხვადასხვა ტიპის საშუალებებს გვთავაზობენ, სულ უფრო რთულდება გათვიცნობიერებული არჩევნის გაკეთება და სრულფასოვანი რუტინის შედგენა. სწორედ ამიტომ, დერმატო-ვენეროლოგი მაია მარიდაშვილი გაგაცნობთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ აღნიშნული პათოლოგიის შესახებ.
რა არის აკნე?
აკნე ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის დაავადებაა, რომელიც უპირველესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში. ეს გახლავთ სახე, ზურგი და გულმკერდი. დაავადება ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგვიანებითაც შეიძლება იჩინოს თავი და ამას გვიანი აკნე ეწოდება.
როგორია დაავადების სტატისტიკა და რომელი ასაკისთვისაა დამახასიათებელი ყველაზე ხშირად?
აკნე არის ერთ-ერთი ხშირი დაავადება, რომელიც აწუხებს მოსახლეობის 85%-ს 12-25 წლამდე ასაკში და 11%-ს _ 25 წლის ზემოთ. დაავადება ერთნაირად გვხვდება ორივე სქესში, თუმცაღა გოგონებში იწყება ცოტათი უფრო ადრე, ვიდრე ვაჟებში.
რას გულისხმობს ვულგარული აკნე?
თანამედროვე შეხედულების თანახმად, აკნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. გამონაყარის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს: ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური განწყობა, არასრულფასოვანი ჰიგიენა, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები, ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
მეტწილად მიზეზი მამაკაცური ჰორმონის, ანდროგენის დონის აწევაა, რაც ერთგვარ გამშვებ მექანიზმად იქცევა აკნეს გავრცელებისთვის. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლის სტიმულირება, შესაბამისად, სებუმის ჰიპერსეკრეცია იჩენს თავს. აკნეს პათოგენეზში მეორე ფაქტორი არის პათოგენური ჰიპერკერატოზი, რაც გულისხმობს ფოლიკულური ეპითელის ჰიპერკერატინიზაციას, რასაც მოჰყვება თმის ფოლიკულის დახშობა და იქმნება უკვე ხელსაყრელი პირობები მიკრობების გამრავლებისათვის. სწორედ აქ ერთვება პათოგენეზის მესამე რგოლი – პროპიონბაქტერია, რომელიც იოლად მრავლდება ამ დახშულ ფოლიკულში და იწვევს ანთებას. ამას შემდგომ მოსდევს იმუნური პასუხი, რასაც საბოლოოდ მივყავართ აკნოზური ელემენტის წარმოქმნამდე, როგორიცაა – პაპულა, პუსტულა, თეთრი და შავი კომედონები და სხვა. სწორედ ამიტომ ენიჭება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებსა და სრულფასოვან ჰიგიენას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ტიპის გამონაყარი არ წარმოადგენს განგაშის სიგნალს. რეალურად, აკნეს კლასიფიკაცია მისი გავრცელების დონისა და სიმძიმეების მიხედვით ხდება: I ხარისხის აკნე _ 1-10 აკნოზური ელემენტი; II ხარისხის აკნე _ 10-40; III ხარისხის აკნე _ 40 ელემენტი და მეტი. ეს აკნეს ყველაზე მძიმე ფორმაა.
I ხარისხის აკნეს დროს მკურნალობა ტარდება მხოლოდ გარეგანი საშუალებებით, როგორიცაა ანტიბაქტერიული, ჭარბი ცხიმის მოსაცილებელი და ჰიპერკერატოზის მოსახსნელი ადგილობრივი ანუ გარეგანი მოხმარების მედიკამენტები. რაც შეეხება II ხარისხის აკნეს მკურნალობას, ამ შემთხვევაში ზემოთხსენებულ ადგილობრივ თერაპიასთან ერთად მკურნალობაში ერთვება პერორალური ანტიბიოტიკები და, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმონული კონტრაცეფცია გოგონებში. III ხარისხის აკნეს დროს არჩევის პრეპარატები არის რეტინოიდები.
რადგან ჰიგიენის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მოვლის პროდუქტების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სწორედ ამიტომ, მსურს ყურადღება გავამახვილო ყველასთვის ხელმისაწვდომ ბრენდზე, რომელიც თავად დერმატოლოგს, პოლონელ ექიმ ირენა ერისს ეკუთვნის. ფარმაცერისი მარტივი, მეტწილად არაკომოდოგენური ინგრედიენტებითაა ფორმულირებული და კანის 13 პათოლოგიის მოვლის ხაზს აერთიანებს. შეამჩნევდით, რომ ნებისმიერ დერმატო-კოსმეტოლოგიურ ბრენდში მწვანე ფერი აღინიშნება აკნეს სამკურნალო ხაზი, გამონაკლისს არც ფარმაცერისი წარმოადგენს.
როგორი უნდა იყოს აკნესკენ მიდრეკილი, ან აქტიური გამონაყარის მქონე კანის მოვლის რუტინა?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტიპის კანის მოვლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სამ ეტაპს – გაწმენდას, დატენიანებას და მზისგან დაცვას ენიჭება. ეს არის მარტივი სახელმძღვანელო ნებისმიერი ადამიანისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიანი კანი მეტად არის მიდრეკილი გამონაყარისკენ, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს მისი გამოშრობა, პირიქით, ასეთ შემთხვევაში ჯირკვლების გაღიზიანებას და ჭარბ ცხიმიანობას გამოვიწვევთ. რუტინაში გამოყენებულმა პროდუქტებმა უნდა მოახდინონ სებორეგულაცია, ამავდროულად ნაზად მოაშორონ კანს ზედმეტ ცხიმი, მტვრის ნაწილაკები და გამაღიზიანებელ ფაქტორები, რომლებიც მთელი დღის მანძილზე ხვდებიან ჩვენს სახეზე.
SEBO – MICELLAR -ანტიბაქტერიული მიცელარული წყალია, რომელიც იდეალურად აშორებს მაკიაჟს სახისა და თვალის ზონებიდან. დერმატოლოგიურად შემოწმებული ფორმულა ტოლერანტულია ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი. ის შეიცავს ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა თუთია და ნუშის მჟავა. კერატოლიტიკური და ანთების საწიინააღმდეგო მოქმედების გამო, ნუშის მჟავა ექსფოლიატორებისა და პილინგების შეუცვლელ კომპონენტს წარმოადგენს. ის ასტიმულირებს უჯრედულ განახლებას და ათანაბრებს კანის ფერს. რაც შეეხება თუთიას, ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს აკნეს მკურნალობის პროცესში, რადგან იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და მეტწილად განაპირობებს კანის რეგენერაციისა და დამცველობით ფუნქციებს.
სებო-მიცელარი არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აღადგენს კანის ნორმალურ მიკროფლორას. მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მისი მულტიფუნქციურობაც, რაც კიდევ უფრო ბიუჯეტთან-მეგობრულს ხდის არჩევანს. პროდუქტის გამოყენება თამამად შეგიძლიათ თვალის ზონაზეც, რადგან უსაფრთხოა ლინზების მომხარებელი ადამიანებისთვისაც კი.
PHARMACERIS – SEBOSTATIC DEEPLY CLEANSING FOAM
იმისთვის, რომ კანის იდეალურ სისუფთავეს მივაღწიოთ, მიცელარული წყლით სახის გაწმენდის შემდგომ ქაფით ან გელით დაბანაა აუცილებელი. არჩევანი თავისუფალია და თქვენთვის მეტად მისაღები ტექსტურის მიხედვით უნდა გაკეთდეს. მაგალითისთვის, მსუბუქი, ანტიბაქტერიული, ქაფისებრი დასაბანი საშუალება ათავისუფლებს ფორებს, თავიდან აგაცილებთ მათ დახშობას და ანთებით პროცესს. ამასთანავე აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და რთულად დასაშლელ მზისგან დამცავსაც კი. აქტიური ინგრედიენტების, მჟავების შემცველობის გამო უზრუნველყოფს ჰიგიენის ჯეროვან დაცვას და გამონაყარის პრევენციას.
ANTI-ACNE NORMALIZING FACE CREAM SPF 20
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური რუტინისასაც კი, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დატენიანებასა და მზისგან დაცვას. უმეტესად ასეთი საშუალების სწორად შერჩევა სირთულეს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც სრულიად არ აწუხებს კანის პათოლოგიები. ჩვენ ვეძებთ პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს ჯეროვან დატენიანებას და დაცვას ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან, ამავდროულად, სრულყოფილად შეიწოვება კანში და არ დატოვებს სიმძიმის შეგრძნებას.
ფარმაცერისმა კომბინირებული/ცხიმიანი/გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის იდეალური SPF შექმნა, რაზეც ჩატარებული კლინიკური კვლევები მოწმობს. საშუალება A/B ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს და განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ანტი-აკნეს ინოვაციური ფორმულა ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეფექტურად ასუფთავებს ფორებს და 71%-ით ამცირებს მათ ვიზუალურ ხილვადობას. ღვინისა და ლიმნის მჟავების შემცველობის გამო აქტიურად ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიას, ამავდროულად ათანაბრებს კანის ფერსა და სტრუქტურას.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარმაცერისი ქმნის შედარებით დაბალბიუჯეტური, სუფთა ფორმულების მქონე, ეფექტური ბრენდის პრეცედენტს.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ არსებობს თუ არა აკნეს განმეორების შესაძლებლობა? როგორ დავიცვათ თავი ამისგან?
ამ დაავადების განმეორების გარკვეული ალბათობა არსებობს. ეს ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კანის ტიპზე. მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები და თუ ასეთი პაციენტები მკურნალობის კურსის დამთავრების შემდგომ შეწყვეტენ კანის ყოველდღიურ მოვლას, რასაკვირველია, დაავადების განმეორების ალბათობა იქნება მაღალი. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემანარჩუნებელ ადგილობრივ თერაპიას, რაც, ფაქტობრივად, გულისხმობს ისეთი საშუალებების გამოყენებას(დასაბანი გელი, გამწმენდი ლოსიონი), რომლებიც ახდენს ჭარბი ცხიმის მოცილებას, რითაც საკვებ ნიადაგს აცლის აკნეს გამომწვევ ბაქტერიას. ასევე სპეციალური კერატომარეგულირებელი კრემები, რომლებიც ცხიმის სეკრეციას არეგულირებენ და სხვა გარეგანი გამოყენების საშუალებები.
მაია მარიდაშვილი, ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოების წევრი
საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი
საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის წევრი
საქართველოს ფოტოდერმატოლოგიის და კანის კიბოს ასოციაციის წევრი
ავტორი: ლალიკო თუმანიშვილი