„OK! ბათუმის“ სტუმარი კლინიკა „ჰოლომედისა“ და „ჰოლომედის“ ახალი პლატფორმის Ultrasound Academy-ს დამფუძნებელი, ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფიქრია რეხვიაშვილია, რომელიც გამუდმებით ცდილობს ფეხი აუწყოს ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიახლეებს. მიაჩნია, რომ როგორც სხვა პროფესიაში, მედიცინაშიც არაერთი გამოწვევა არსებობს, რომელსაც მხოლოდ მაშინ დაძლევ და გაუმკლავდები, თუ მუდმივი ზრდისა და განვითარებისკენ ისწრაფვი. მიიჩნევს, რომ მისთვის მოტივაციის წყარო ის პაციენტები არიან, რომლებიც ნდობას უცხადებენ და არ აძლევენ მოდუნების საშუალებას. რას გულისხმობს „ჰოლომედის“ ახალი პლატფორმა, რა სირთულეებს უკავშირდება რადიოლოგის პროფესია, რაში ეხმარება მოგზაურობა და რას მიიჩნევს წარმატების მთავარ ფორმულად – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ინტერვიუში.
რამდენიმე სიტყვით მოგვიყევით „ჰოლომედის“ შექმნის მიზანზე, ასევე სერვისებზე. რატომ უნდა ავირჩიოთ თქვენი კლინიკა?
ექიმის პროფესია 24 წლის წინ ავირჩიე და მას შემდეგ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის. სამედიცინო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახვა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებს. ჯანდაცვის მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად კი გადავწყვიტე კლინიკა „ჰოლომედი“ დამეარსებინა, რომელიც ინტეგრაციულ მედიცინას და მკურნალობის ჰოლისტიკურ მიდგომას ეფუძნება. მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომის დახმარებით შესაძლებელია ოპტიმალური ჯანმრთელობის მიღება ადამიანის ყველა ასპექტის სწორი დაბალანსებითა და მკურნალობის პროცესში პაციენტის ფიზიოლოგიური, ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინებით. სწორედ ეს გამოარჩევს „ჰოლომედს“ სხვა კლინიკებისგან.
მუდმივად ცდილობთ, სამედიცინო სფეროში არსებულ სიახლეებს აუწყოთ ფეხი და საზოგადოებას შესთავაზოთ მათ საჭიროებაზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომები. რა გაძლევთ ამის ძალას და მოტივაციას?
რადიოლოგია არის თვალები, რომლითაც თანამედროვე მედიცინა ხედავს ადამიანის სხეულს, ხოლო რადიოლოგი ეხმარება ექიმს. დაინახოს ხილულის მიღმა, რაც განკურნებისკენ მიმავალი მთავარი გზაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ როგორც რადიოლოგს, მაქვს დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა, ვიყო უკეთესი მათთვის, ვისაც ვემსახურები. ჩემი ძალა და მოტივაცია გამომდინარეობს ჩემი სურვილიდან, რომ მაქსიმალურად კომფორტული გავხადო ჩემი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი, შევთავაზო მათ უფრო ზუსტი დიაგნოზი და ნაკლებად ინვაზიური მკურნალობა. სამედიცინო სფეროს მუდმივი განვითარება მიბიძგებს იქითკენ, რომ ვისწავლო მეტი და გავაუმჯობესო ჩემი პრაქტიკა. რაც ამ სურვილს და მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს, ჩემი პაციენტების მიერ გამოცხადებული ნდობაა. თითოეული პაციენტი უნიკალურია და ვგრძნობ ღრმა პასუხისმგებლობას, შევთავაზო ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებსა და გარემოებებზეა ორიენტირებული.
ასევე, დააარსეთ Ultrasound Academy. მოგვიყევით, რა ტიპის მომსახურებას და შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული პლატფორმა სამედიცინო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს…
ალბათ დამეთანხმებით, ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხი აუწყოს სიახლეებს და მუდმივად იყოს ინფორმირებული სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. განათლების ტრადიციული ფორმით მიწოდება დიდ დროსა და ფიზიკურ დანახარჯებს მოითხოვს. დღეს აქტუალური გახდა ონლაინსწავლება, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმენა „ჰოლომედის“ პროფესიული განვითარების (HoloMedi Professional Development – HPD) პლატფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამისნიტროს შესაბამის კურიკულუმებზე დაფუძნებული დიპლომის შემდგომი როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში სწავლების საშუალებაა, პროფესიული განათლების პროგრამებისაგან შედგება და ხელს უწყობს მედიცინის დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს შვილს, თათია კაპანაძეს, რომელმაც სამედიცინო სფეროში მიღებული ცოდნა სრულად მოახმარა პლატფორმის შექმნას. ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები უფრო ინტერაქტიული და თანამშრომლობითი გახადა ექიმებისთვის. ინოვაციური ციფრული პლატფორმა დაინტერესებულ პირებს როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი და ავტორიტეტული კლინიკების ტრენერი ექიმი-სპეციალისტების ჩართულობით ონლაინკურსებს, ვიდეოტრენინგებს, ცოდნის გაღრმავების, თანამედროვე ტენდენციების მონიტორირებისა და მათ შორის უწყვეტი სამედიცინო განათლებით (უპგ) ქულების მოპოვებას სთავაზობს. პლატფორმა ხელმისაწვდომია 24/7-ზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, რაც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ისწავლონ საკუთარი ტემპით და საკუთარი გრაფიკით. გადაამოწმონ და გააუმჯობესონ თავიანთი ცოდნა სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად. გაცვალონ მოსაზრებები პლატფორმის ონლაინბლოგის მეშვეობით, გაუზიარონ ცოდნა და მუშაობის შედეგები კოლეგებს. აღნიშნული მოქნილობა უზრუნველყოფს, განათლება შეუფერხებლად მოვარგოთ დატვირთულ პროფესიულ ცხოვრებას, რათა დროის უქონლობის გამო არ მოვახდინოთ მისი უგულებელყოფა.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატებული პროფესიული გზის მთავარ ფორმულად?
ჩემი წარმატების მთავარი ფორმულა ჩემი ოჯახის ურყევი თანადგომა და ხელშეწყობაა. მედიცინა რთული პროფესიაა და წარმოუდგენელია სამუშაო გამოწვევებთან გამკლავება სახლში ძლიერი ფუნდამენტის გარეშე. ოჯახი არის ჩემი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ემოციურ სტაბილურობას, რაც მჭირდება კარიერაზე ორიენტირებისთვის, ამავდროულად, მახსენებს ბალანსის მნიშვნელობას. ისინი გვერდში მედგნენ როგორც გვიანი ღამის ცვლის პერიოდში, ისე სწავლის წლებში. იმის ცოდნა, რომ მათი მუდმივი მხარდაჭერა მაქვს, საშუალებას მაძლევს, უყოყმანოდ მივუძღვნა ჩემი თავი ჩემს პროფესიას. ოჯახი, ასევე, მახსენებს დასვენებისა და პიროვნული კეთილდღეობის მნიშვნელობას, მეხმარება ჯანსაღ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში.
რა სირთულეებს უკავშირდება რადიოლოგიის პროფესია და რა უნარებს მოითხოვს იმისათვის, რომ პაციენტი გენდოს?
რადიოლოგიას, ისევე როგორც სხვა მრავალ სამედიცინო სპეციალობას, გააჩნია თავისი გამოწვევები. რადიოლოგი ხშირად ეხება კრიტიკულ დიაგნოზებს, როგორიცაა კიბოს ადრეული სტადიის გამოვლენა ან შინაგანი დაზიანებების იდენტიფიცირება, რომლებიც უხილავია. დიაგნოსტირების პროცესში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული მკურნალობა ან პაციენტის მდგომარეობის არასწორი მართვა, ამიტომ სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება უმთავრესია. კიდევ ერთი გამოწვევა ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფ მიღწევებზე ფეხის აწყობაა, რაც მოითხოვს უწყვეტ სწავლას და ადაპტაციას. პაციენტის მკურნალობის პროცესის თვალსაზრისით, რადიოლოგები ხშირად მუშაობენ სცენის მიღმა, კულისებში, მაგრამ პაციენტებთან ურთიერთობისას ისეთ პროცედურებში, როგორიცაა ბიოფსია ან ინტერვენციული რადიოლოგია, კომუნიკაციის უნარები საკვანძოა. პაციენტებმა შეიძლება იგრძნონ შფოთვა ან დისკომფორტი, ამიტომ აუცილებელია პროცედურების ახსნა მკაფიოდ, თანაგრძნობით, რათა შემსუბუქდეს შფოთვა. თანაგრძნობა და ინდივიდუალური მიდგომა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, რაც გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ პაციენტი დარჩეს მშვიდი დიაგნოსტირების პროცესში. ამასთანავე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, რადიოლოგები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვა ექიმებთან, ჯანდაცვის პროფესიონალებთან. მკურნალობის პროცესში კარგი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები უზრუნველყოფს ვიზუალიზაციის შედეგების ეფექტურად ინტეგრირებას.
ექიმობის მიღმა… ინტერესი, ჰობი, რომელიც გაძლევთ განტვირთვის საშუალებას…
მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა იმაზე, როგორც ექიმი, როგორ მივუდგები ჩემს საქმიანობას. სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობამ, სხვადასხვა კულტურის შეცნობამ საშუალება მომცა, უფრო ფართო შეხედულება შემექმნა ჯანდაცვის სფეროზე. მოგზაურობა დამეხმარა დავკვირვებოდი, თუ როგორ აგვარებს სხვადასხვა საზოგადოება გამოწვევებს ჯანდაცვის სფეროში. აღნიშნული გამოცდილება მეხმარება მაშინ, როდესაც უცხოელ პაციენტებთან ვმუშაობ. მოგზაურობა ასევე მეხმარება განტვირთვაში. მედიცინა შეიძლება იყოს საკმაოდ დამღლელი პროფესია როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, მოგზაურობა კი საშუალებას მაძლევს განვიტვირთო ახალ გარემოში და ჩემს სამუშაოს ახალი ენერგიებით მივუბრუნდე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მოგზაურობისადმი ჩემმა სიყვარულმა უკეთესი ექიმი გამხადა, რადგან ის გამუდმებით მახსენებს პაციენტთა მკურნალობის პროცესში ურთიერთობისა და გაგების მნიშვნელობას.
რატომ უნდა ჩავიტაროთ რადიოლოგიური კვლევები?
ინსტრუმენტული კვლევები და კონკრეტულად ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა აუცილებელია დიაგნოსტიკის, მონიტორინგისა და სამედიცინო მდგომარეობის ფართო სპექტრის სამკურნალოდ. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, დაინახონ სხეულის შიგნით დეტალური გამოსახულებები, რომლებიც არაინვაზიურად და უმტკივნეულოდ ხელს უწყობენ ისეთი დარღვევების იდენტიფიცირებას, როგორიცაა სიმსივნეები, ინფექციები და ქრონიკული დაავადებები, რაც შეიძლება არ იყოს ხილული მხოლოდ ფიზიკური გამოკვლევით. რადიოლოგიური გამოსახულების ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი დიაგნოზის დადგენა, რომელიც ხელს უწყობს მდგომარეობის ადრეულ გამოვლენას, ხშირად სიმპტომების გამოვლენამდეც კი. ეს ადრეული გამოვლენა გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობისა და უკეთესი შედეგებისთვის. რენტგენოლოგიური კვლევა იძლევა გამოსახულებას რეალურ დროში, რომლებიც ეხმარება ექიმებს ისეთი პროცედურების განხორციელებაში, როგორიცაა ბიოფსიები ან ოპერაციები. ისინი ასევე ხელს უწყობენ მკურნალობის პროგრესის მონიტორინგს. რადილოგიური გამოკვლევები განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა ართრიტი ან სიმსივნე. რეგულარული ვიზუალიზაცია ხელს უწყობს ექიმს, თვალყური ადევნოს პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მკურნალობის შეცვლა. შინაგანი პრობლემების ადრეული იდენტიფიცირებისთვის რენტგენოლოგიურმა კვლევებმა შეიძლება ადამიანს თავიდან აარიდოს გართულებების განვითარება, რაც დროული სამედიცინო ჩარევის საშუალებას იძლევა.
სამომავლო გეგმა…
ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თავს განვუსაზღვრო როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი გეგმები. ასევე, მაქვს უფრო ზოგადი მიზნები და მისწრაფებები, რომელზეც მუდმივად ვმუშაობ. ჩვენ გვაქვს უსაზღვრო სამედიცინო მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება როგორც გაფრთხილება, ისე განვითარება. შესაბამისად, როგორც ყველას, მეც მსურს, რომ ჩემი კლინიკით წვლილი შევიტანო საქართველოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. სწორედ ამიტომ ჩემი, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების გადამზადება. აღნიშნული პლატფორმით გვაქვს ამბიცია, რომ ყველა რადიოლოგმა და ექიმმა საქართველოში მიიღოს მსოფლიო დონის განვითარების შესაძლებლობა. ითანამშრომლოს კოლეგებთან მთელი მსოფლიოდან და წვლილი შეიტანოს სამედიცინო მეცნიერების წინსვლაში. ჩვენი ელექტრონული სწავლების პლატფორმა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ზრდის ინსტრუმენტი, ეს არის კატალიზატორი ინოვაციებისა და პროგრესისთვის საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში.
ფოტო: ალექსეი სეროვი