უკვე ორ წელზე მეტია, რაც ჟურნალ OK!-ის დამატება მოწვეულ რედაქტორებთან ერთად იქმნება. ძალიან საინტერესო პერიოდს გადის თითოეული ის ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდე ჩართულია მთელ ამ პროცესში. საბოლოოდ კი, მკითხველამდე მიგვაქვს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები.
ამჯერად განსხვავებული ნომრით წარვდგებით ჩვენი ერთგული მკითხველის წინაშე! გთავაზობთ OK! Travel Book-ის თითოეული მოწვეული რედაქტორის რჩეულ თემებს, რომლებიც წლის ამ სეზონზე განსაკუთრებულად საინტერესო წასაკითხი იქნება და ამავდროულად, კარგ მეგზურობას გაგიწევთ თქვენი შვებულების პერიოდში.
თეონა ბაღდავაძე – აგვისტო, 2019 წელი
ზაფხული ისე მიყვარს, ვერ ვხვდები, ადამიანი როგორ შეიძლება ცუდ გუნებაზე იყოს წელიწადის ამ სამ თვეს, რომელსაც მთელი წელი ველოდები. ველოდები სიცხის გამო, მსუბუქი ჩასაცმელის და განსაკუთრებით, ახალი ადამიანებისა და ადგილების აღმოჩენის გამო. წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ყველასთვის – 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ასეთი შიში, ბრაზი და უსუსურობა აღარ მიგრძნია, თუმცა ამ ძალიან ცუდად დაგეგმილმა ან გამიზნულმა პროვოკაციამ ბევრი რამ სულ სხვა თვალით დამანახვა. დამანახვა ის სოლიდარობა, რომელიც ასე ძალიან გვაკლია და „სანახავი რომ კიდევ ბევრია“ ჩვენს ქვეყანაში.
ნინო ნამგალაძე – თებერვალი, 2020 წელი
მოგზაურობა თავისუფლებაა…
მოგზაურობა ემოციაა…
მოგზაურობა ადრენალინია…
მოგზაურობა შეიძლება ნებისმიერი ტრანსპორტით – თვითმფრინავით, გემით, მანქანით, მატარებლით, ველოსიპედით. ბოლოს და ბოლოს – ფეხით…
მოგზაურობა შეიძლება წარმოსახვით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წიგნს კითხულობ…
სწორედ ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობაც. თავდაპირველად იყო წიგნებში აღწერილი უცხო ქვეყნები, ადამიანები, თითქოს ჩვენნაირები – მსგავსი ხასიათებით, თავგადასავლებით, თუმცა მაინც განსხვავებულები. ცნობისმოყვარეობა ის ძლიერი შეგრძნებაა, რამაც აიძულა ჩემი გონება წარმოსახვით ემოგზაურა. მერე მოხდა ისე, რომ ჰოლივუდი შემოიჭრა ჩვენი ტელევიზორების ეკრანებზე და უკვე ჩემი თვალით ვხედავდი წამოსახვით სამყაროს. ოცნება, ოდესმე დამეწყო მოგზაურობა, რეალობად უნდა მექცია. ჩემი პირველი გასვლა იმ დიდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც 70 წლის განმავლობაში ყველა ერთად ვცხოვრობდით, პოლონეთში მოხდა. საქართველოში დავბრუნდი მეგობრებისთვის შეძენილი ნაირ-ნაირი საჩუქრითა და ემოციით, რომელიც მავსებდა და მაბედნიერებდა. ეს ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ყველას გადაედო ჩემ გარშემო. ამის შემდეგ იყო 1990-იანი წლები და ჩემი სტუდენტობა. თანდათან ყველაფერი აირია და უცხო ქვეყნების მონახულების იდეა სულ უფრო ემსგავსებოდა ოცნებას. 21 წლის სამდიპლომიანი გოგონასთვის სამსახური, ეკონომისტის ან იურისტის პროფესიით, იმ ოცნებაზე არარეალური იყო, ვიდრე უცხო ქვეყნებში მოგზაურობა.
გოგა ჩანადირი – აგვისტო, 2020 წელი
მართლა რა უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ.
სამზარეულოზეც ხომ არ ვდავობთ? ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული კერძებია და თუ რომელიღაც სადმე მეორდება, გემო მაინც სხვა აქვს. ჩვენი ქვეყნის სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
არ უნდა გამომრჩეს ქრისტიანული კულტურა. აბა, ნახეთ, ვთქვათ, ამირანაშვილის ან მესტიის მუზეუმი.
ალბათ იცით, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს.
მიზეზი ბევრია. თუმცა, ჩამოვთვლიდი: ქვეყანაში არის საუკეთესო წყალი, მთისა და ზღვის ჰაერი, ღვინო, ჭაჭა, რძე და მისი ნაწარმი, და კიდევ ბევრი რამ, რაც ადამიანთა ხანგრძლივ ცხოვრებას განაპირობებს.
ისტორიითაც როგორი მდიდარია ჩვენი ქვეყანა. საკმარისია, ნახო შატილი, დართლო და უშგული, და მიხვდები, რომ მთელი საქართველო ამ პატარა სოფლებშია ჩატეული − სულიერებით, სიმტკიცით, სიმამაცით.
ტრაბახი რომ არ გამომივიდეს, თავად უნდა ნახო და შეიგრძნო ეს ყველაფერი.
ელენე ოთარაშვილი – თებერვალი, 2021 წელი
ბავშვობაში, როცა საინტერესო ჟურნალების კითხვა და შეგროვება მიყვარდა, ჟურნალის რედაქტორობაზე მიოცნებია. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მოწვეულ რედაქტორად ყოფნის შემოთავაზება. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, ვინაიდან OK!-ის უდიდესი აუდიტორია ჰყავს. საინტერესო თემები შეგირჩიეთ, წინ წამოვწიეთ ბევრი აქტუალური საკითხი.
პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს და ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ტურიზმი. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა. ახლა უკვე ის ეტაპი გვაქვს, როცა მოწყურებული გვაქვს გარეთ გასვლა, ურთიერთობა, სხვადასხვა ადგილის მონახულება, ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც კი საშუალება მოგვეცემა და სრულად აღდგება ყველაფერი, ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით განვითარების იმ ეტაპს, რომელსაც ტურიზმმა მიაღწია.