ბავშვობაში სურდა მასწავლებელი ან ჟურნალისტი გამოსულიყო, ერთმა მძიმე ფაქტმა კი მისი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა და პროფესიად ექიმობა აირჩია. მიაჩნია, რომ დღეს სწორედ იმ საქმეს ემსახურება, რაც საშუალებას აძლევს, იდგეს ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. „OK! ბათუმის“ სტუმარი დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრ ბათუმის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი, პედიატრი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თეონა ტაბატაძეა, რომელიც თავის პროფესიაზე, ინტერესებსა და შეხედულებებზე გვესაუბრება.
რატომ სამედიცინო და კონკრეტულად პედიატრია?
ბავშვობაში მასწავლებელი ან ჟურნალისტი მინდოდა გამოვსულიყავი. ზაფხულობით ბებოსთან, სოფელში, მაგიდაზე დავალაგებდი წიგნების გროვას და საათობით ვიჯექი, ნოდარ დუმბაძის ლექსები მქონდა დაზეპირებული და ვითომ ვკითხულობდი, მერე წარმოვიდგენდი, სხვას როგორ ვასწავლიდი. წიგნთან განმარტოების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და დღემდე ჩემს საყვარელ მდგომარეობად რჩება. საათობით შემიძლია განვმარტოვდე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. საბოლოოდ პედიატრი გავხდი და ეს განაპირობა ჩემი ძმის გარდაცვალებამ. 13 წლისამ ბავშვურად და გულწრფელად გადავწყვიტე, რომ შევეცდებოდი მთელი ცხოვრება მაქსიმუმი გამეკეთებინა, რათა მსგავსი ტკივილი სხვა ადამიანებს არ განეცადათ. საბოლოოდ მგონია, რომ ბავშვობის ყველა განვახორციელე, გავხდი ექიმი, ვასწავლი სტუდენტებს პედიატრიას, მაქვს ინსტაგრამგვერდი, სადაც მშობლებისთვის პატარა ინფორმაციულ რილსებს ვაქვეყნებ.
იყო პედიატრი, იმსახურებდე საზოგადოების ნდობას, ნიშნავს…
ჩემთვის ნიშნავს, იყო მაქსიმალურად კომპეტენტური შენს საქმეში, სიყვარულით აკეთო, რასაც აკეთებ. ამისთვის ყოველთვის ბევრს ვშრომობ. ჩემი შემოსავლის უმეტესი წილი ისევ ჩემს განათლებას, ცოდნის გაღრმავებას ხმარდება. ყველაზე მეტად მწყინს და გულს მტკენს ფრაზა, როცა აჟღერებენ, რომ ექიმებს მხოლოდ ფული ადარდებთ, სინამდვილეში კი, ეს უკანასკნელი, ექიმისთვის ყველაზე ნაკლები საფიქრალია. იმისთვის, რომ კომპეტენტური და ექსპერტი იყო შენს პროფესიაში, მუდამ უწყვეტი განათლების პროცესში უნდა იყო, რაც მოითხოვს საკმაოდ კარგ ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენს დღევანდელ რეალობაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა და განათლება ეს ორი მთავარი ქვაკუთხედია, რაშიც ეკონომია არ უნდა გავაკეთოთ.
ბავშვები და მათთან ურთიერთობა…
როცა მეკითხებიან, მიძნელდება თუ არა ბავშვებთან მუშაობა, გულში სულ ვფიქრობ, ამაზე საინტერესო და კარგი ვერ წარმომიდგენია, რა უნდა აკეთო ადამიანმა. ბავშვები ყველაზე გულწრფელი არსებები არიან. იმდენად დიდი და სუფთა პოზიტიური ენერგია მოდის მათგან, შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობის პროცესში მათთან ყველაზე ნაკლებად ვიღლები. პირიქით, ხშირად არის შემთხვევა, პატარა პაციენტისგან იმდენად დიდი პოზიტიური ენერგია მოდის, მთელი კვირა მიმყვება ეს სასიამოვნო განცდა. ზოგი ძალიან ლამაზია, ზოგი სასაცილო, ზოგი ონავარი. ასე გვაქვს დაყოფილი მე და ჩემს ასისტენტს ყველა პაციენტი.
საშემოდგომო რეკომენდაციები მშობლებს, როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები ზამთრისთვის…
თუ პატარა ჯანმრთელია, არანაირ მომზადებას არ საჭიროებს. სიყვარული, ბევრი ჩახუტება და გარკვეული ხარისხიანი დროის გატარება მათთან ერთად, საკმარისია. ავადობით ყველა პატარა ავადობს, მაგრამ თუ მის გარშემო ჯანსაღი გარემოა, თბილი სითხეებითა და სახლში მოსვენებით, მარტივად გამოვალთ. იმ პატარებთან კი, რომელთანაც ვიცით, რომ გვაქვს გარკვეული მდგომარეობები, როგორიც არის, მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია ან რომელიმე ვიტამინის დეფიციტი, სასურველია ექიმთან ერთად შემოდგომაზე დროულად გადავამოწმოთ და მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი, რომ ზამთრის ვირუსებს მარტივად გაუმკლავდეს.
მოგზაურობა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე…
სულ ვხუმრობ, ალბათ წინა ცხოვრებაში ბოშა ვიყავი-მეთქი. ყველა მოგზაურობის დროს ვიზრდები, უფრო ჰუმანური ვხდები. აღფრთოვანებული ვარ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურით, არქიტექტურით. ძალიან მიძნელდება კონკრეტულად რომელიმე მოგზაურობის გამოყოფა, რადგან ყველა და ყველაფერი მიყვარს, სადაც ვიმოგზაურე. კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებდი შრი-ლანკაზე. მაგრამ ყველაზე დიდი გაცნობიერება რაც მაქვს ყველა მოგზაურობის შემდეგ, არის ის, რომ საოცარი ქვეყანა გვაქვს და უფრო და უფრო მადლიერი ვარ ღმერთის, რომ აქ, საქართველოში დავიბადე და ქართველი ვარ.
შვილები და მათთან გატარებული თავისუფალი დრო…
შვილებიც ავიყოლიე მოგზაურობაში. მივხვდი, რომ ყველაზე ხარისხიან თავისუფალ დროს მოგზაურობის დროს ვატარებ მათთან. ამიტომ 2024-ში რამდენიმე ქვეყანა მოვინახულეთ ერთად. ვფიქრობ, რომ შვილი ღმერთისგან მონდობილი არსებაა, რომელიც გარკვეული დროით გაბარია. შენი მოვალეობაა გიყვარდეს, იზრუნო, ასწავლო, მისცე იმდენი ლამაზი დღე, წუთი და ლამაზი დრო, რამდენიც შეგიძლია, რაც გაჰყვება მთელი ცხოვრება საგზლად, რომელიც სულ დაეხმარება. არ ვეთანხმები, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ შვილებს მატერიალური უზრუნველყოფა ან უძრავი ქონება უნდა შეუქმნან, ამისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და ნაკლებ დროს ატარებენ მათთან, შემდეგ ცხოვრება გადის და რჩება კედელი, შიგნით კი სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ავსებს. ჩვენი ვალია, შვილებს მივცეთ სწორი განათლება, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, ლამაზ დღეებზე. მატერიალური კეთილდღეობა მათ თავად უნდა შექმნან, ეს არის სწორი ალგორითმი და ასეთ დროს პიროვნება განიცდის სრულყოფილებას.
რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად?
იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, რომ ცხოვრება უსამართლო არ არის. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გვზრდის, გვასწავლის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც კი მოინდომებ, რომ არავინ არავისზე არც მეტი და არც ნაკლებია, ყველა ერთნი ვართ. ამ ყველაფრის გათავისებამ ისე დაალაგა ყველაფერი, რომ ჩემი შემდეგი ყველა ნაბიჯი წარმატებულია.
ინტერესები და ჰობი, რომელსაც ჰარმონია მოაქვს თქვენში…
ჩემი პროფესია ჩემი ჰობიცაა. ვცდილობ მაქსიმალურად კომპეტენტური ვიყო, რათა პროცესისგან მივიღო მაქსიმალური სიამოვნება. ამისთვის უამრავ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კურსს, ლექციას თუ წიგნს ვეცნობი. ეს ეხება როგორც სომატიკას, ისე ფსიქოლოგიას და ნეიროფსიქოლოგიას. ყველაზე ჰარმონიულად ვგრძნობ თავს, როცა შემიძლია პაციენტსა და მის მშობელს მოკლე დროში მოვუგვარო სომატური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა. ზოგჯერ, უბრალოდ, სწორი მიმართულების მიცემა ძალიან დიდი საქმეა. ამიტომ ვცდილობ, ჩემი განათლება გასცდეს მხოლოდ პედიატრიის ცოდნას. ასევე, მიყვარს ჩოგბურთის თამაში, მაგრამ სულ მეწყვილის ძებნაში ვარ. მეგობარი მყავს, ვისაც ჩემსავით უყვარს ჩოგბურთი, უბრალოდ, მეზღვაურია, 6 თვე ხმელეთზეა, 6 თვე ზღვაში. თუ ვინმე ჩემს მდგომარეობაში ხართ და ბათუმში ცხოვრობთ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ.
პედიატრია და გამოწვევები…
ვისურვებდი ბევრ კომპეტენტურ პედიატრს საქართველოში. მშობლების განათლების ამაღლებას. თუ მშობლის განათლების დონე დაბალია, ჭირს „ფინიშზე“ გასვლა. შემსრულებელი ყოველთვის მშობელია, ამიტომ დიდი როლი აქვს მშობელს ბავშვის ჯანმრთელობაში. ერთხელ ლექციაზე ლექტორმა თქვა და სულ მომყვება ეს ფრაზა ლაიტმოტივად: „პედიატრია და პედაგოგიკა ყველაზე პატრიოტული დარგია“, ერთი განაპირობებს ჯანმრთელი თაობის აღზრდას, მეორე – განათლებულის და ეს ორი უკანასკნელია ზუსტად ძლიერი სახელმწიფოს გარანტი.
ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
ის, რომ ყოველთვის იმდენად სავსე ვიყო, შევძლო ყველა ადამიანთან, ვისთანაც შეხება მექნება, ჩემი წილი დახმარება და სიკეთე დავტოვო. შევძლო, ჩემმა შვილებმა გააცნობიერონ, რომ სიცოცხლე, ყველაფრის მიუხედავად, მშვენიერია და რომ აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს. ის, რაც გვაქვს, უკვე საკმარისია და აქ და ახლა შეგვიძლია ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ნებისმიერ პრობლემას თუ მოვაცილებთ ემოციას, რჩება გამოწვევა, რომლის მოგვარება ყველა ადამიანს ძალუძს, თუ ამას გულით მოინდომებს.
როგორია თქვენი წილი ბათუმი, ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ…
9 წლია ამ ქალაქში ვცხოვრობ. ვგიჟდები ამ ქალაქზე… ეს არის ქალაქი, რომელიც შემიძლია შევმოსო ყველა იმ ლამაზი და თბილი სიტყვით, რაც ლექსიკონში მომეპოვება.
ჩემი მთავარი გზავნილი…
ყველა ერთი ვართ, ამიტომ ნურავის გაეჯიბრებით. უბრალოდ, სიყვარულით აკეთეთ ყველა ის საქმე, რომელიც გიყვართ, დანარჩენზე ნუ იზრუნებთ, თავისით დალაგდება. იყავით ბავშვებივით, „უნდა“ ჩაანაცვლეთ „მინდა“-თი. ძალით არასდროს არაფერი აკეთოთ, ჯანმრთელობას ვნებს. მოძებნეთ თქვენი საყვარელი საქმე. ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების ფილოსოფია.