თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც შესაძლებელია ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება ერთ სივრცეში. ცენტრში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიმართულება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, რეანიმაცია, ქირურგიული მიმართულებები, სტაციონარი, ლაბორატორია და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ცენტრი.
კლინიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნეიროქირურგია. თანამედროვე სტანდარტის ნეიროქირურგიის ცენტრი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი უახლესი საოპერაციო სისტემით (ნეიროქირურგიული ეგზოსკოპი). თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მეორე კლინიკაა ევროპაში, სადაც აღნიშნული ნეიროქირურგიული სისტემა დაიდგა.
ასევე, კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ზოგადქირურგიული დეპარტამენტი, სადაც ყველა სახისა და სირთულის ქირურგიული ოპერაციები ტარდება უახლესი ტექნოლოგიებით. ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია (ე.წ. წონის კორექციის ოპერაციები), მეტაბოლური ქირურგია (დიაბეტი ტიპი 2-ის ქირურგია), ორთოპედია-ტრავმატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და სხვა.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
- პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- მსოფლიო მედიცინაში არსებული ინოვაციური მეთოდების ინტეგრაცია. კლინიკაში დეფიციტური სამედიცინო სერვისებისა და სივრცის შექმნა;
- პაციენტზე ორიენტირებული, მაქსიმალურად რაციონალიზებული, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული სამედიცინო სერვისები, რომელთა ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო ანალოგებს.
დღეს კი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შესახებ OK!-ის უფრო დეტალურად კლინიკის სპეციალისტები უამბობენ.
გიორგი მაღალაშვილი − თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.
„ამ სფეროში ჩემი საქმიანობა უკვე 50 წელიწადს ითვლის. წლების განმავლობაში მუდმივად მქონდა უკმარისობის შეგრძნება, რადგან ვერ ვასრულებდით სრულად იმ პროცედურებს, რომელთა შესაძლებლობაც აქვს ნეიროქირურგიულ მიმართულებას. ახალი პრაქტიკების დანერგვა და განვითარება მხოლოდ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში შევძელი. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რომელსაც კლინიკის მენეჯმენტი ახორციელებს. ამ მხარდაჭერამ შესაძლებლობა მომცა განყოფილებაში სამედიცინო ტექნიკის სიახლეები დამენერგა. მაგალითად, შემოგვეტანა უნიკალური ეგზოსკოპის აპარატი. სულ რამდენიმე წლის წინ მსგავსი აპარატურა სხვა დაწესებულებებში არ არსებობდა. პირველად, როცა ეგზოსკოპის შესახებ შევიტყვე, მსოფლიოში მხოლოდ რვა ცალი იყო გამოყენებული. მეცხრე ეგზოსკოპის მფლობელები ჩვენ გავხდით. ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ევროპის მასშტაბით საქართველოში ჩვენი კლინიკა ამ უნიკალური პრაქტიკის პიონერია. დღეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგიის მიმართულებით პაციენტებს თითქმის ყველა აუცილებელ ჩარევას სთავაზობს.
მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ, ყველაზე დიდ სტიმულს წარმატებული ოპერაციები მაძლევს. პოსტოპერაციული გართულებები ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. თან დამყვება ეს საზრუნავი და სხვა საქმის კეთების დროს ემოციურად ისევ იქ ვარ. წარმატებული ოპერაციების სიხარულიც ჩვენი ყოველდღიური ემოციური ფონის შემქმნელია. ორშაბათს თუ საოპერაციო პროცესი კარგად წავიდა, შემდეგ მთელი კვირა მიმყვება ეს ბედნიერი განწყობა. პაციენტებს კი ვურჩევდი, რომ ჩივილების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს. ჯანმრთელობის ძლიერი სისტემის მიუხედავად, ასევე ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გეგმური გამოკვლევები და პროფილაქტიკური გასინჯვები“.
ლიზა გოდერძიშვილი − თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჰოსპიტალურ სფეროში თითქმის 25 წელზე მეტია ვმუშაობ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიაგნოსტიკას და არაქირურგიულ მკურნალობას. ამასთანავე, ჩვენი მოვალეობაა ქირურგიული პაციენტების პრეოპერაციული შეფასება და პოსტოპერაციული რთული შემთხვევების ქირურგებთან ერთად მართვა. ეს კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს პოსტოპერაციული გართულებების რისკის მნიშვნელოვან შემცირებას. ჩვენი პროფესიის ყველაზე რთული და არსებითი ასპექტი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც ფუნდამენტურ ცოდნას, პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. დიაგნოზის დასმასთან ერთად, აუცილებელია პაციენტის სწორი შეფასება და პროგნოზირება. დიდი გამოწვევაა პაციენტის ახლობლებთან ურთიერთობაც. სამწუხაროდ, ჩვენთან პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმთან ურთიერთობის კულტურა სათანადოდ არაა განვითარებული, რაც პაციენტებსა და ოჯახის წევრებს არასწორ მოლოდინს უქმნის და ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ მათ რეალურ ინფორმირებაში. ეს არის პროფესია, რომელიც აბსოლუტურად გიცვლის ცხოვრების წესს, რის გამო ოჯახს, ნათესავებს და სხვა ურთიერთობებს ბევრად ნაკლებ დროს უთმობ. კლინიკიდან და პაციენტის მხრიდან ნებისმიერი ზარი ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტო ყველაფერი და დაუბრუნდე პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
ჩვენს პაციენტებს ვურჩევ, პრაქტიკიდან ამოიღონ თვითმკურნალობა და მიმართონ, დაუჯერონ პროფესიონალებს“.
გიორგი ნიკოლიშვილი − თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მმართველობის ხელმძღვანელი.
„ამ სფეროში 2004 წლიდან ვმუშაობ. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს გახსნის დღიდან შემოვუერთდი. ჩემი პროფესია მოიცავს ზოგადქირურგიულ ოპერაციებს, როგორიცაა გადაუდებელი და გეგმური ქირურგია, ასევე, ბარიატრიული ქირურგია.
ჩვენმა სფერომ წლების განმავლობაში დიდი განვითარება განიცადა. განსაკუთრებით დიდი ნახტომია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დაიხვეწა ქირურგიული მიდგომები და აპარატურა. ამის ნათელი მაგალითი მცირე ინვაზიური ჩარევები და ლაპაროსკოპიაა. ბუნებრივია, ჩვენი კლინიკა ამ პროცესს ფეხს უწყობს და ევროპული და ამერიკული სტანდარტით მუშაობს.
ყველა ექიმისთვის ქირურგია ძალიან დიდი ვალდებულებაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამ მიმართულების ხელმძღვანელი ხარ. ჩემი მოვალეობაა ყველა ექიმის თითოეული ნაბიჯისა და ოპერაციის ხარისხის კონტროლი. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტთან პირველ შეხვედრას და საუბრის დინამიკას. პირველი შთაბეჭდილება შემდგომში პაციენტის შენდამი ნდობას განაპირობებს. ექიმს უნდა შეეძლოს პაციენტის მდგომარეობაში შესვლა, რათა მას თავი სანდო გარემოში აგრძნობინოს. როდესაც ჩემთან მოდის გეგმური პაციენტი, მასთან კომუნიკაციის დამყარება უფრო მარტივია, რადგან პაციენტმა უკვე იცის, რომ სანდო გარემოში მოდის სამკურნალოდ. ხოლო რაც შეეხება მწვავე პაციენტებს, ნდობის მოპოვება ეტაპობრივია. ჩემს პაციენტებს ვურჩევდი, ექიმს მიენდონ. ასევე, პათოლოგიის გამოვლენისთანავე, პროფესიონალთან კონსულტაცია, დროული მიმართვა სტაციონარში, არსებითად მნიშვნელოვანია.
ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს კლინიკა დიდი შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე სამედიცინო ცენტრია. სწორედ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში შესრულდა პირველად ბარიატრიულ ქირურგიაში (წონის კორექციის ქირურგია) ოქროს სტანდარტად აღიარებული მინიგასტრიკ ბაი პასისის ოპერაციები. აღნიშნული ჩარევები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით წარმატებით დავნერგეთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ცენტრს აქვს ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით“.
თამარ გოგიჩაიშვილი − თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტისა და კლინიკური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი.
„ანესთეზია-რეანიმატოლოგიას 20 წელზე მეტია ვემსახურები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მხოლოდ კვალიფიციური პროფესიული უნარებით არ შემოიფარგლება. აქ უნდა იყო კოლეგა, მეგობარი, გულშემატკივარი… თანაგრძნობა ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც არა მარტო პაციენტები, არამედ მათი ახლობლებიც საჭიროებენ. ჩვენ ვცდილობთ უსაფრთხო გარემო შევუქმნათ საკუთარ პაციენტებს. მოგეხსენებათ, ინფექცია ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი გამოწვევაა არა მარტო ჩვენს კლინიკასა და ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ რეანიმაციაში პაციენტებს ვთავაზობთ იზოლირებულ, ერთმანეთისგან გამიჯნულ დაყოვნებას, რაც გვეხმარება ჰოსპიტალური ინფექციის პროფილაქტიკასა და მის გაუმჯობესებულ მართვაში.
რაც შეეხება ანესთეზიას, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ტარდება ყველა ტიპისა და სირთულის როგორც გეგმური, ასევე გადაუდებელი ქირურგიული ჩარევები. არც აქ ვღალატობთ ტრადიციას და ვცდილობთ ჩვენს პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ − ჩვენს საოპერაციო ბლოკებში ხშირად ისმის მუსიკა. პაციენტებს ვთავაზობთ ანესთეზიის მულტიმოდალურ სერვისს, რაც გულისხმობს როგორც ტრადიციულ, ზოგად ანესთეზიას, ასევე რეგიონულ გაუტკივარებას. პაციენტს ვუტოვებთ უფლებას თავად აირჩიოს გაუტკივარების ტიპი. ცალკე მინდა გამოვყო ცნობიერი კრანიოტომია − სერვისი, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა. ეს გახლავთ ანესთეზიის ის მეთოდი, როდესაც თავის ტვინზე გარკვეული ტიპის ოპერაციული ჩარევების დროს პაციენტს არ სძინავს და ასრულებს მითითებულ ინსტრუქციას, რაც საშუალებას გვაძლევს შესაძლო და მოსალოდნელი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე ჩავატაროთ აღნიშნული ოპერაციული ჩარევა. ყოველივე ეს შესაძლებელია მიღწევებით თანამედროვე მედიცინაში, საერთაშორისო უწყვეტი სამედიცინო განათლების შესაძლებლობითა და გუნდური მუშაობით, რომლის გარეშე წარმატება შეუძლებელია. ჩვენი პროფესიის ადამიანებს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ! ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ურთულესი სამუშაოს შესრულება, რაც ძალიან დიდ გულისხმიერებას მოითხოვს. სამსახურში ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს, ეს ჩემი მეორე ოჯახია. სირთულისა და გამოწვევების მიუხედავად, მე მიყვარს საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვემსახურები. დღესაც, არჩევანის წინაშე რომ ვიყო, იმავე გზას ავირჩევდი და კვლავ სიცოცხლის სადარაჯოზე ვიდგებოდი“.
ნიკოლოზ ონაშვილი − თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი.
„ინტერვენციული რადიოლოგია მოიცავს მცირე ინვაზიურ ჩარევებს სხვადასხვა რადიოლოგიური გამოკვლევის მეთოდების კონტროლით. კერძოდ, ვატარებთ სიმსივნური წარმონაქმნების აბლაციას (მოწვას), სანაღვლე გზების ან ჩირქგროვების დრენირებას (დაცლას), შინაგანი ორგანოების ბიოფსიას (ჩხვლეტას ქსოვილის აღებისა და მიკროსკოპული კვლევის მიზნით) და სხვა პროცედურებს, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან ულტრასონოგრაფიის კონტროლით, დამიზნებით. ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები გადავდგი 2010 წელს. წლების განმავლობაში ჩვენს დარგში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მედიცინის სფეროში ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია, ამიტომ ექიმი თავად თუ არ განვითარდა და არ გაეცნო სიახლეებს, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება მუშაობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენს დეპარტამენტში მუდმივად ხდება პერსონალის განვითარება საზღვარგარეთ სტაჟირებებით, უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციით, კონფერენციებზე დასწრებით თუ ონლაინ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსით. თანამედროვე მედიცინას და ყველა მნიშვნელოვან სიახლეს მივყვებით. ჩვენი კლინიკა მუდმივად ახალი სტანდარტისა და ჩარევების დანერგვაზეა ორიენტირებული, ეს კი როგორც მე, ისე ჩემს კოლეგებს ძალიან გვეხმარება. დღევანდელ მედიცინაში გუნდური მუშაობის პრინციპი ყველაზე ეფექტიანია და ჩვენი პრიორიტეტი პაციენტის ჯანმრთელობაა.
მედიცინის ნებისმიერ დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის ჯანმრთელობა გახლავთ. პაციენტებს ვურჩევდი სერიოზულად მიუდგნენ თავიანთ ჯანმრთელობას, რადგან დაავადების პროფილაქტიკა ბევრად მარტივია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამიტომ, უმჯობესია, პაციენტებმა პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მოგვმართონ“.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
ტელ: (032)2 10 44 44
https://www.facebook.com/TCHospital
მის: ჩაჩავას ქუჩა #1