„ბათუმი იმდენად ღირებული ქალაქია, ნებისმიერი ადამიანი რომ დაინტერესდეს, აუცილებლად იპოვის საინტერესო ამბავს საკუთარი სახლის შესახებ“
არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით უხდებიან ბათუმს, ადამიანები, რომელთა გარეშე ეს ქალაქი თითქოს სულ სხვაგვარი იქნებოდა. ადამიანები, რომლებიც ქალაქის ინტერესების დასაცავად მუდმივად „დგანან იქ, სადაც ქარიშხალია“. მას ხშირად ბათუმის მემატიანესაც ეძახიან, ადამიანს, რომელმაც ყველა ქუჩისა თუ სახლის ისტორია ზეპირად იცის და შეუძლია საათობით ისაუბროს მათზე. OK! ბათუმის სტუმარი ფოტოგრაფი და რეჟისორი შოთა გუჯაბიძეა, რომლის მთავარ საფიქრალს, სწორედ ის ქალაქი და მისი კეთილდღეობა წარმოადგენს, რომელშიც დაიბადა და ცხოვრობს. ვისი ფოტოგრაფი იქნებოდა სიამოვნებით, მისი აზრით რომელ ორ საკითხზე თანხმდება მთელი საქართველო, ვინ არის ადამიანი, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და წიგნს რომ წერდეს, რაზე ისაუბრებდა პირველ რიგში? -წაიკითხეთ ჟურნალ OK! ბათუმის ინტერვიუში
ბავშვობის ნოსტალგია….
დავიბადე და გავიზარდე „ჭაობში“, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც ეზოებს შორის აუცილებლად იყო საერთო ჭიშკარი. მეზობელს პური თუ არ ჰქონდა, შეეძლო არც კი ეთხოვა ისე შემოსულიყო შენთან და აეღო. ბევრი რამ მახსოვს ბავშვობიდან. მახსოვს, როცა შაუმიანის ქუჩაზე პირველი ასფალტი დააგეს. ისიც მახსოვს, როგორ დადგეს ლამპიონები, როგორ გაიყვანეს ქუჩის განათება. მახსოვს, ახალდაგებულ ასფალტზე როგორ გაიარა ტანკმა, რომელიც სავარაუდოდ ურეხსა თუ ხელვაჩაურში არსებულ სამხედრო გარნიზონში მოდიოდა, როგორ დააჩნდა ასფალტს კვალი და ამის გამო როგორ ეჩხუბნენ ასფალტის დამგები ბიჭები ტანკის ახალგაზრდა ქერა მძღოლს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ტანკის ბორბლების კვალი ჩემი სახლის წინ. შემდეგ სხვა უბანში გადავედი და მიუხედავად იმისა რომ 30 წელზე მეტია „სტეფანოვკაზე“ ვცხოვრობ, მაინც „ჭაობელად“ ვთვლი თავს. „სტეფანოვკიდან“ დავდიოდი „ჭაობში“ სკოლაში, ეს ბათუმის პირობაზე ძალიან გრძელი გზაა, ავტობუსი ჩემს ჭკუაზე არ დადიოდა და ხშირად ვაგვიანებდი პირველ გაკვეთილზე. კიდევ ის შეგრძნება მახსოვს, ასფალტი როცა დააგეს ჩემს ქუჩაზე, უფრო მაღალი გამოვჩნდი და ვერ ვხვდებოდი, მე გავიზარდე, თუ ქუჩა. ახლაც, როცა ჩემს ძველ უბანში დავდივარ, გაცილებით დიდი ვარ, თუმცა დღემდე ღობეებიდან ვიყურები იმ ეზოში, ბავშვობაშიც რომ ვიყურებოდი.
მაინც, ყველაზე მეტად რა, ან ვინ გენატრებათ იმ წლებიდან…
ადამიანები მენატრება, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. ძალიან სევდიანი ამბავია ჩემი იმ უბანში მისვლა. თუ ვინმეს შემთხვევით გადავაწყდები, მეზობელს თუ მეგობარს, ყოველთვის ვეკითხები იქაურ ამბებს.
პროფესიაზე, სტუდენტობაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა…
პროფესიით კინორეჟისორი ვარ. ეს არის ჩემი მეორე პროფესია. თავიდან ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ვისწავლე 4 თუ 5 წელი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დიპლომამდე ვიყავი მისული, მივხვდი, რომ ვარ სრულ გაუგებრობაში და მივატოვე სწავლა. მთლად დაკარგულადაც ვერ ვთვლი ამ წლებს, რადგან დიდი გამოცდილება მომცა. გავიზარდე ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრებასთან პირდაპირ გიწევს შეხება, თან ეს ყველაფერი ძალიან დრამატულ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეროვნული მოძრაობა, ხელისუფლებების ცვლა, ხელისუფლების დამხობა, ახალი ხალხის მოსვლა, მუდმივი აქციები. თავიდანვე რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი, სულ მოწინავე თუ თვალსაჩინო. შეიძლება ითქვას, აქციებზე ვარ გაზრდილი და ასე გრძელდება დღემდე. რამდენიმე წლის შემდეგ ტელევიზიაში მივედი, სადაც კონკურსი ტარდებოდა. გამოცდილება მქონდა, რაღაცებს ვწერდი, გამოქვეყნებულიც კი მქონდა და ჩავთვალე, რომ უნდა მეცადა ბედი. აღმოჩნდა, რომ კონკურსი დამთავრებული იყო, თუმცა მაინც მიმიღეს, სადაც1 თუ 2 წელი ვიყავი საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი. შემდეგ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი გაიხსნა. სარეჟისორო ფაკულტეტზე გამოაცხადეს მიღება. ვიფიქრე, ვცდი ბედს, რატომაც არა მეთქი, რადგან კინო ბავშვობიდანვე მიყვარდა. ბავშვობიდანვე ვკითხულობდი კინოზე სერიოზულ პროფესიულ ლიტერატურას, ჟურნალებს, თუკი რამე იყო ხშირად ვყიდულობდი და ვეცნობოდი. ინსტიტუტში როცა მივედი, გამოცდების მოსამზადებლად 15-20 წიგნისგან შემდგარი პროგრამა მომცეს, რაც უნდა წამეკითხა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს წიგნები ზეპირად ვიცოდი. ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი, იმიტომ რომ თუკი ვინმე ვარსკვლავი იყო ქართულ კინოში, ფაქტობრივად ყველასთან მიწევდა ამ პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა. 1997 წელს ჩავაბარე. სხვათა შორის იმდენად მაღალი შეფასებები მივიღე რომ, მაინტერესებდა 5 წლის განმავლობაში ვინმე თუ მოხსნიდა ჩემს რეკორდს და აღმოჩდა, რომ ვერავინ შეძლო. ცოტა უხერხული კი იყო, მაგრამ ამით ვკეკლუცობდი. სტუდენტობა იყო ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან მიხდებოდა პირდაპირ, რეალურად შევხებოდი პროფესიას, რომელიც ძალიან მიყვარს, ამავდროულად გავიცანი ბევრი უნიკალური ადამიანი, რომლებიც შემდეგ ჩემი მეგობრებიც კი გახდნენ. ამ დროს გადავიღე პირველი ფილმი და გავიმარჯვე პირველ კინოფესტივალზე.
არიან ადამიანები, რომლებიც ერთხელ შეგხვდებიან და მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში…
ერთის გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა პირველ რიგში ზაზა ხალვაშზე ვიტყოდი ამას, ვინც იყო ჩვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი და ვისთანაც ახლო კონტაქტი მქონდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ბოლომდე. მასთან ისეთ საკითხებზე ვსაუბრობდით, რაც ლექციის თემას სცდებოდა. ზაზას გარდა, ჩემზე ასევე მოახდინეს შთაბეჭდილება მანანა კორძაიამ, ლელა ოჩიაურმა, სულიკო ჟღენტმა. გიორგი ბერიძემ დატოვა ძალიან დიდი შთაბეჭდილება, რომელიც კინოოპერატორის ოსტატობას გვიკითხავდა. ძალიან კარგი ფოტოგრაფი და ოპერატორი იყო. სულ მაკლია ის დღეები, იმიტომ რომ გამუდმებით საზღვარგარეთ იყო ფილმების გადასაღებად. მახსოვს, მასთან ურთიერთობის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ფოტოგრაფიას.
როდიდან დაიწყო თქვენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია და ფოტოგრაფიის რომელ მიმართულებაში გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს?
ფოტოგრაფია სულ მაინტერესებდა, ალბათ იმ წუთიდან, როცა პირველად დავინახე ფოტოაპარატი, ან პირველად გადამიღეს ფოტო. გამუდმებით ვსვამდი კთხვებს ამ თემაზე, რაღაც დონეზე მამაჩემი მაძლევდა პასუხებს, იმიტომ რომ გამოცდილება ჰქონდა ჯარში სამსახურისას. სულ მიყვებოდა ფოტოს გადაღებასა თუ ბეჭდვაზე, მაგრამ ეს არათუ მიკმაყოფილებდა ინტერესს, პირიქით, მიზრდიდა კიდეც, რადგან თუ რამე აუხსნელი და გაუგებარია, ზუსტად ეს არის ამ პროფესიის განსაკუთრებული ხიბლი. იმდროინდელი ფოტოგრაფია ამ იდუმალებით კიდევ უფრო იყო შემოსილი, რამდენადაც სულ სხვა ტექნოლოგიით ხდებოდა ფოტოს გადაღება და შემდგომ უკვე გამოსახულების მიღება. პირველ კლასში ვიყავი, როცა კბილი ამტკივდა და ამოღების სანაცვლოდ მომხიბლეს ფოტოაპარატის ყიდვით. მაშინ მიყიდეს პირველი ფოტოაპარატი. მახსოვს, დღევანდელი მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში დედაჩემმა და მამაჩემმა როგორ მიმიყვანეს კბილამოღებული, როგორ გადმოიღო გამყიდველმა ეს ფოტოაპარატი და როგორ გადახსნა, შიგნით როგორ შემახედა დიაფრაგმას. რაღაც ისეთი სუნი ჰქონდა, რაც დღემდე მახსოვს, არაფერს არ ჰგავს ის სუნი. შემდეგ, ეს ადგილი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი გახდა მთელს ქალაქში, რადგან გარდა ფოტოაპარატებისა იქ იყიდებოდა დამატებითი აქსესუარები ფოტოგრაფირებისთვის. მაშინ უამრავი რაღაც სჭირდებოდა ფოტოს მიღებას, ფოტოს დაბეჭდვას. მერე უკვე როცა გავიზარდე და საკუთარი ხელფასი მქონდა, დავდიოდი, რაღაცებს ვყიდულობდი. ახლა იქ სუპერმარკეტია პრასი და საპონი იყიდება, თუმცა ის იდუმალება ისევ აქვს შერჩენილი ჩემთვის. ძნელი იყო იმ დროს ცოდნის მიღება, რა და როგორ უნდა გადაიღო, იმიტომ რომ უამრავი პარამეტრი უნდა დამთხვეულიყო, რათა ნორმალური გამოსახულება მიგეღო. თავიდან ადამიანი რომ გადავიღე და იმ ადამიანმა საკუთარი თავი იცნო, ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. როგორც კი მივხვდი, რომ რაღაც შემეძლო ამ სფეროში, მას შემდეგ გამუდმებით ვიღებდი ფოტოებს, ჯიბეში სულ მქონდა ფირები და ფხვნილები, რომლითაც შემდეგ ხსნარები მიიღება. ამ კუთხით, ძალიან მეხმარებოდა ზური ციცხვაია, რომელსაც ლაბორატორია ჰქონდა ბლაგოევგრადის ქუჩაზე, ხშირად ვეკითხებოდი რაღაცებს, მიმჟღავნებდა ხშირად ამ ფირებს, ვმეგობრობდით. იმ დროს გამოდიოდა ჟურნალი „სავეცკოე ფოტო“, რომელიც პირველად მზესუმზირის გამყიდველისგან ვიჩუქე, მისგან ქაღალდის პარკებს აკეთებდა. სულ რაღაც 1-2 შემოდიოდა ქალაქში, სადღაც ჭავჭავაძის დასაწყისში ერთ ჯიხურში იყიდებოდა და თუკი იყო გადარჩენილი ვყიდულობდი ხოლმე. იქ იყო საუბარი იმაზე, თუ რომელი ცნობილი ფოტოგრაფი როგორ იღებს, როგორი ტექნოლოგიით. ან როგორ უნდა გადაიღო ღამით, და კიდევ უამრავი საინტერესო დეტალი. ვხვდებოდი, რომ ფოტო მარტო ის კი არ არის, ვიღაცას გადაუღებ და იცნობს, არამედ მას აქვს ძალიან დიდი შინაარსი და ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ ფოტოთი. გამუდმებით მიხსნიდა ახალ-ახალ სამყაროებს ფოტოგრაფია. ის ჟურნალები დღესაც მაქვს შენახული და ბევრი რამ მასწავლა. ფოტოგრაფია სწავლის პროცესია გამუდმებით, შენ თვითონაც ეძებ, ექსპერიმენტებს ატარებ. სახლშიც, სულ დავიდარაბა მქონდა ამის გამო, რადგან ოკუპირებული მქონდა აბაზანა. როცა ფოტოებს ვბეჭდავდი, ამ დროს ვერავინ შედიოდა შიგ. ეს რამდენიმესაათიანი პროცესი იყო. გვიან გამოვდიოდი, ძალიან დაღლილი და ამიტომ ალაგება მეზარებოდა ათასნაირი ქიმიკატების და ტექნიკის. ანუ პრობლემებს ვქმნიდი ჩემი გატაცების გამო და ამას იტანდა ოჯახი და ეს ძალიან მიკვირდა. ისევე როგორც დღეს მიტანს დედაჩემი, როცა რაღაც ნანგრევები, ქვები, აგურები, ლითონის დეტალები, სადარბაზოს ფილები მიმაქვს სახლში დანგრეული ისტორიული სახლებიდან. მომწონს ჟანრული ფოტოგრაფია. ადამიანები თავიანთ ყოფით გარემოში, მათი სხვადასხვა მოვლენასთან კავშირი, ან პირიქით, მოვლენასთან წინააღმდეგობა, ადამიანების ერთმანეთთან კონფლიქტი ან ჰარმონია და ამ პერსონაჟების ხასიათის აღბეჭდვაა ჩემთვის ძალიან საინტერესო.
ფოტოგრაფს, ალბათ, აქვს საამაყო კადრი, რომელიც კონკრეტულ ამბავს, კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება, რაზეც თვლის, რომ ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აღმოჩნდა. თუ არის თქვენს ცხოვრებაში ასეთი კადრი….
ასეთი კადრები არის, მაგრამ დროთა განმავლობაში იცვლებიან ისინი. მოგწონს რაღაც პერიოდის განმავლობაში, მერე ახალი ფოტო შემოდის, ამიტომ, ერთ კონკრეტულს ვერ ვიტყვი. მე უფრო ის კადრები მახსენდება ყველაზე მძაფრად, რომლის გადაღებაც ვერ მოვახერხე. ვფიქრობ წიგნი ხომ არ დავწერო საკომპენსაციოდ, სადაც იმ ფოტოებზე მოვყვები, რომლებიც ვერ გადავიღე. სიზმარმა იცის ხოლმე, ჩვეულებრივ ამბავსაც უფრო მძაფრად განიცდი, რომ გამოიღვიძებ ცოტა ხანი მძიმედ სუნთქავ. რაღაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს ფოტოებთან, რომლებიც ვერ გადავიღე.
ბათუმზე ბევრს შეუძლია უსაზღვროდ საუბარი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ამ ქალაქის დაცვით და მუდმივად დგანან ამ ქალაქის სადარაჯოზე. ერთ–ერთი პირველი ადამიანი, ვინც ამ კუთხით მახსენდება ხართ თქვენ. რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?
ერთელ სადღაც ვთქვი, რომ ორი საკითხია ამ ქვეყანაში, რომელზეც მთელი საქართველო თანხმდება, ის რომ ლიკა ქავჟარაძე არის ლამაზი და ბათუმი ყველას უყვარს. ოღონდ ეს იყო ადრე, როცა ბათუმი მართლა მეგონა, რომანტიკა, ბავშვობა, წინაპრები, ავტორიტეტები, უნიკალური არქიტექტურა, უნიკალური ისტორიები, ამ სახლების შიგნით იდუმალება და ადამიანები ტრაგიკული ბედისწერით. ტრაგიკული ბედისწერა უხდება ხოლმე ისტორიას. მე ვეძებ ხოლმე ამ ისტორიებს და ბევრიც მაქვს ნაპოვნი. რაღაც დროის მერე არსებობის სულ სხვა ეტაპზე გადავედი. ბათუმი ჩემთვის აღარ არის რომანტიკა და არის ჩვეულებრივი ბრძოლის ველი, სადაც განუწყვეტლივ ვებრძვი ძალიან ცუდ ადამიანებს, რომლებსაც ბათუმი საკუთარ ყანად მიაჩნიათ. ანადგურებენ ამ ქალაქს, მის ისტორიას, კულტურას, რომლებიც საშინელი ბრძოლით და სისხლით არის მოპოვებული. ძალიან ღირებულს ვკარგავთ და ძალიან ცოტა ადამიანი იაზრებს ამას ჯეროვნად. თუკი ოდესმე დადგება ის დრო, როცა მივხვდებით რა დავკარგეთ, მაგრამ, გვიან იქნება. ბევრი ისეთი რამ არის განადგურებული, რომელსაც არ ეშველება და სამწუხაროდ, ეს პროცესი არ ჩერდება. თუკი რაიმე ჯერ კიდევ გადარჩენილია, მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ დღემდე ვერ დაანგრიეს. რომანტიკა, ყავა, თოლიები, ზღვა და სიყვარული ზედაპირულად ჩანს ხოლმე, თორემ ბათუმი განუწყვეტლივ დიდი განსაცდელის წინაშეა, განუწყვეტლივ იბრძვის, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ მის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად უხდება და არ უხდება ბათუმს…
ბათუმს უხდება თავისი წარსული, თავისი კულტურა, ისტორია, ადამიანები. ბათუმი არ არის მხოლოდ შენობები. ბათუმი უნიკალური ქალაქია. ხომ არიან განსაკუთრებული, ორიგინალური ადამიანები, ასევე არიან განსაკუთრებული, ორიგინალური ადამიანი – ქალაქები, როგორც პიროვნებები, რომლებიც სხვას არ ჰგვანან და გამორჩეული არიან ყველა თვალსაზრისით, ბათუმი ასეთი ქალაქი იყო. ის გაჩნდა ძალიან უცებ, ამითაც უნიკალურია, გაჩნდა როგორც ევროპული ქალაქი, ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით. ის იმდენად უნიკალური იყო, რომ ჩვენ წესით დღეს იუნესკოს სიაში უნდა ვყოფილიყავით, რომ არა ის ხელისუფლებები, რომლებიც ბოლო წლებია გვყავს.
განტვირთვის წუთები..
ჩემთვის განტვირთვა არის მეორე ადამიანთან ურთიერთობა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული არის სხვა ადამიანი. ადამიანები მანიჭებენ ყველაზე დიდ სიამოვნებას.
ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად იკრიბებით მეგობრები…
ძირითადად მეგობრების ოჯახებში. გარე სივრცეს, რაც შეეხება, მაგალითად, ამ გარემოში, სადაც ახლა ვართ, არაერთ მეგობართან ერთად ვყოფილვარ ხოლმე, ძირითადად ლადო ბაზიაშვილთან. დიდი ხნის განმავლობაში საყვარელი სივრცე იყო ზაზა ფირცხალაიშვილის სახლი. გიორგი გოგიბერიძესთანაც ხშირად ვხვდებით მეგობრები. ასევე, ბათუმის გარეთაც არის ადგილები სადაც სიამოვნებაა ჩემთვის იმ გარემოში და იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა ვინც იქ იყრის ხოლმე თავს.
თქვენ, ყველაზე კარგად იცნობთ ბათუმს. ერთი დღით გიდი რომ იყოთ და სტუმრები გყავდეთ უცხოეთიდან, პირველ რიგში რას აჩვენებდით ბათუმში?
ხშირად ვყოფილვარ გიდი. არის პროექტები, როცა გიდობა მიხდება. სპონტანურადაც ყოფილა. იმის გამო რომ არ ვარ პროფესიონალი გიდი, ჩემი ტური იწყება იქიდან, სადაც ვდგავარ. ნებისმიერი წერტილიდან შემიძლია მოვყვე იმ ადგილის, იმ შენობის ისტორია. ჩემთვის განსაკუთრებული არის ის ადგილი, სადაც ვარ. ძალიან მომწონს სარკინიგზო ხიდი, რომელიც არც თუ ისე ძველია, საბჭოთა პერიოდისაა. პორტიდან დღევანდელ სასოფლო-სამეურნეო ბაზრამდე ჩადის და შუაში ძალიან ბევრი ლიანდაგია, დაახლოებით 20 მატარებელი დგას ხოლმე. მიმყავს კიდეც ხანდახან მეგობრები. შეგრძნება მაქვს, ძველ ბათუმს ახალთან აერთებს, თითქოს ხმელეთს და ცას შორის არის გამოკიდებული. იქ უფრო, განსაკუთრებით გრძნობ თავს ამ ქალაქელად. ეს ადგილი ძალიან საინტერესოა წვიმაში, რადგან გამუდმებით მაზუთი თუ ნავთობია დაღვრილი და უცნაურად ირეკლავს ყველაფერს. გამუდმებით მოძრაობენ მატარებლები, დინამიკში ისმის რაღაც ხმები. იქიდან ჩანს პორტი, ზღვა და საშინელებები, რომელსაც ვაშენებთ დღეს. ეს არის ერთგვარი ხიდი, არა მხოლოდ ურბანული მნიშვნელობით, არამედ წარსულსა და აწმყოს შორის. გამუდმებით იმის შიში მაქვს, რომ ამასაც დაანგრევენ და იქ რაღაც კორპუსებს ჩადგამენ. ასევე მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს ადგილი, სადაც ახლა ვართ, რადგან ზუსტად ამ ადგილას ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი დამსახურება აქვს ბათუმის წინაშე – გრიგოლ ვოლსკი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური გვარი ჰქონდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი იყო და ბათუმისთვის ნომერ პირველი საზოგადო მოღვაწე. სხვათა შორის, ილია ჩამოდიოდა მასთან და როგორც ჩვენ აქ ვსხედვართ, ილია და გრიგოლიც ისხდნენ ასე და საუბრობდნენ ამ ქალაქის მომავალზე. მიუხედავად მისი უდიდესი დამსახურებისა, ვოლსკის სახლიც დაუნგრიეს, საფლავიც დაკარგეს. მოკლედ, რაც კი შეიძლება ადამიანს სიცოცხლეში თუ სიკვდილში საშინელება დამართო, ყველაფერი დამართეს. ვცდილობ ისეთი ამბები მოვყვე, რომლებიც ისტორიული ფაქტებით არის გამყარებული. ბათუმი იმდენად ღირებული ქალაქია, ნებისმიერი ადამიანი რომ დაინტერესდეს, აუცილებლად იპოვის საინტერესო ამბავს საკუთარი სახლის შესახებ.
ქართულ სამზარეულოზეც რომ გვითხრათ, რამდენად გურმანი ხართ, თუ არის რაიმე განსაკუთრებული კერძი, რომელიც ძალიან გიყვართ?
მართალია არც ისე ძველი და ტრადიციულია, მაგრამ აჭარული ხაჭაპური, ისევე როგორც უმრავლესობას, ვისაც გაუსინჯავს. ხინკალიც მიყვარს. სიმართლე გითხრათ, დიდად გურმანი არ ვარ და ცხიმიანი საჭმელებიც არ მიყვარს. მიყვარს აჭარული ყველი, თუმცა ბორანო ნაკლებად. ზოგადად, მარტივი საჭმელები მიყვარს. მიწევს ხოლმე პროფესიონალებთან ამ თემაზე საუბარი, თუნდაც ჩვენს რეგიონში, აჭარაში იმდენად ღირებული და იმდენად მდიდარი კულინარია გვაქვს, რომ ხანდახან მრცხვენია კიდეც, რომ არ ვიცი. მე თვითონ მხოლოდ კვერცხს ვწვავ, მეტი გამოცდილება არ მაქვს. გურული ვარ, გურია კი არის მჭადის და საცივის კერა, მაგრამ სხვა კუთხეებთან შედარებით ცოტათი იჩაგრება. არის უსამართლოდ მივიწყებული კერძები, მაგალითად – ბრინჯულა, რომელსაც დედაჩემი აკეთებს და რომელიც უნიკალურია. ჩემს მეგობრებს სულ ვთხოვ ხოლმე შეიტანონ ბრინჯულა მენიუში.
ვისი პირადი ფოტოგრაფი იქნებოდით…
ბევრის. სიამოვნებით ვიქნებოდი ქრისტეს პირადი ფოტოგრაფი, მის ამქვეყნიურ თუ არაამქვეყნიურ ცხოვრებას გადავიღებდი. ბევრი უნიკალური ადამიანის, უნიკალური მოვლენის ფოტო ან არ არსებობს, ან არსებობს და დაკარგულია. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაც ეგ არის, როგორ ვმოგზაურობ დროში, როგორ ვიღებ ამბებს, რომლებმაც სამყაროში ცვლილებები მოიტანა. ბევრი ისეთი ადამიანია, რომლის ფოტოც ბევრი მაქვს და თუკი მის გარემოცვაში, მის ახლოს მიწევს ყოფნა, გამუდმებით ვუღებ ფოტოებს და ნერვებსაც ვუშლი ხოლმე. კინოფესტივალ „ბიაფის“ ფოტოგრაფი ვარ მისი დაარსების დღიდან, 16 წელია. ცხადია, იმ უნიკალური ადამიანების, მსოფლიო კინოს ვარსკვლავების ძალიან ბევრი ფოტო მაქვს. განსაკუთრებით, რეზო ჭეიშვილის, საშა რეხვიაშვილის, ოთარ იოსელიანის, კიდევ ბევრი ადამიანის. იმდენი ფოტო მაქვს ზოგიერთი ადამიანის, რომ თქვან შოთა გუჯაბიძე ჩემი პირადი ფოტოგრაფიაო, არ ვიუკადრისებ, პირიქით.
საყვარელი წიგნი, მუსიკა და ფილმი, რომელიც სულ თან გდევთ?
წიგნი – რეზო ჭეიშვილის „ჩემი მეგობარი ნოდარი“. მუსიკას რაც შეეხება, ყველა ჟანრის მუსიკა მომწონს, რომლებსაც სიღრმე აქვს. ისეთი მუსიკა მომწონს დრო რომ გამოცდის, თუმცა ახალი ხმები რომ მესმის, იმაშიც ვპოულობ ხოლმე რაღაც საინტერესოს. მუსიკაში შოპენს გამოვყოფ, პრელუდია მი მინორს, თითო ნოტი ისმის თითქმის, მაგრამ ძალიან ღრმაა. ფილმი – ბუნუელის „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“. ჩემს ბავშვობაში გადიოდა ილუზიონში, მაშინ ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ აუხსნელი შეგრძნებები დამრჩა. მერე მივხვდი, ფილმში მთავარია დაგრჩეს განცდა, რასაც ხასიათი ჰქვია კინოენაზე. ძალიან დიდი ხნის მერე დავიწყე ამ ფილმის ძებნა. არაფერი მახსოვდა, არც რეჟისორი, არც მსახიობები. შემდეგ ვიპოვე და აღმოჩნდა, რომ ეს არის შედევრი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. მაოცებს მისი აბსურდულობა, რეჟისორის ოსტატობა, საოცარი დრამატურგია.
რამდენიმე სიტყვით მინდა „ბათომზეც“ გვითხრა, რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია, რა გზავნილი აქვს მას საზოგადოებასთან?
როგორც კი პირველი ისტორიული სახლი დაინგრა ბათუმში, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვისაც შეიძლებოდა ამ თემაზე დალაპარაკებოდი. პირველი იყო ბიძინა აფხაზავა. ისიც, როგორც მე ძველი ფოტოების კოლექციონერი იყო და ამ თვალსაზრისით ბევრი საერთო გვქონდა. შემდეგ გაზეთმა „ბათუმელებმა“ დაიწყო აღნიშნულზე ინტენსიურად წერა. განსაკუთრებით მტკივნეული ის დრო იყო, როცა მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა მოეშალა კულტურული მემკვიდრეობა და მის სანაცვლოდ ფული ეკეთებინა. ამან ძალიან ბევრ ადამიანს გაუღვივა ვნება და დაიწყო ნგრევის შეუქცევადი პროცესი. ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობდით მე და ნანა კვაჭაძე, რომელიც ძველ ბათუმზე იწყებდა წერას. მერე ერთობლივად გადავწყვიტეთ ოფიციალური სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის. ოფიციალურად 2011 წელს ჩამოყალიბდა საზოგადოება „ბათომი“, წელს10 წლის გავხდით. „ბათომმა“ ის მაინც მოახერხა, რომ ძველი ბათუმის პრობლემა ხმამაღლა გააჟღერა. რომ არა ეს საზოგადოება და მისი აქტიურობა, ძველი ბათუმი ისე დაინგრეოდა, ბევრს არავის ეცოდინებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრის გადარჩენა შევძელით, მაგრამ შევძელით პრობლემების დასმა და რიგ შემთხვევაში გადარჩენაც კი. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო და ბათუმის პრობლემები ჩამოათვლევინო, ერთ-ერთ პირველს მაინც იტყვის ძველი ბათუმის გადარჩენის პრობლემას, რაც ვფიქრობ, პირველ რიგში, ამ საზოგადოების დამსახურებაა. მსოფლიოში თუკი ვინმე ამ სფეროში მუშაობს, ყველა თანადგომას გვიცხადებს. არიან ადამიანები რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან, მხარს გვიჭერენ. ვარ „იკომოსის“ წევრი, რომელიც არის ყველაზე ავტორიტეტული ძეგლისდამცველი ორგანიზაცია მსოფლიოში.
„იკომოსი“ გამუდმებით ცდილობს ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯები გადადგას. საერთაშორისო ავტორიტეტის, პროფესიონალი, კვალიფიცირებული, ცივილიზებული, კომპეტენტური ადამიანებისგან გვაქვს ყოველთვის მხარდაჭერა, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი, რომლებიც წყვეტენ ბათუმის ბედს.
რას ეტყოდით ბათუმელ ახალგაზრდებს, რა იქნება თქვენი ერთგვარი მოწოდება, რომ დაიცვან ბათუმი და გაუფრთხილდნენ ამ ქალაქს…
სიმართლე გითხრა, ცოტა ხელი მაქვს ჩაქნეული ამ თაობაზე. კი იძახის ყოველთვის წინა თაობა, მაგრამ ჩემს დროს მართლა სხვანაირად იყო. მთელი სტუდენტობა მაქვს გატარებული იმაში, რომ ხმამაღლა ვამბობდი, რაც არ მომწონდა. ეს სამყარო არ არის სრულყოფილი და მის გაკეთილშობილებაში შენ აუცილებლად შენი წვლილი უნდა შეიტანო. ამ თაობას ამას ვერ ვამჩნევ. ცხადია, გარკვეული გამონაკლისები ამ თვალსაზრისითაც არსებობს, თუმცა თუკი აქციებს, საჯარო აქტივობებს დავაკვირდებით, სულ საშუალო ან უფროსი თაობა არის ჩართული. ჩემდა გასაკვირად, ჩვენს მოძრაობაში ძირითადად ქალები, გოგონები არიან. შეიძლება ეს ცალკე შესასწავლი ფენომენია, რატომ განიცდიან, რატომ უყვართ, რატომ ადარდებთ, რატომ იბრძვიან უფრო მეტად ქალები ისტორიის, კულტურის, ქალაქის გადასარჩენად, ვიდრე მამაკაცები. ახალგაზრდობა ხომ მხოლოდ ასაკი არ არის? ახალგაზრდობაა, როცა სხვანაირი შეხედულება გაქვს სამყაროზე, უფრო ბობოქარი და ემოციებით სავსე და გგონია, რომ ერთი ხელის დაკვრით შეცვლი ყველაფერს. შენი გონება თუ სხეული არ არის ჯერ შერყვნილი ცუდი იდეებით, ცუდი საქციელით, კომპრომისებზე ჯერ არ ხარ წასული. სუფთა სინდისით და ორგანიზმით ხარ მინდობილი დანარჩენ სამყაროს. დღევანდელ ბათუმში ბევრი მოძრაობაა, რომელშიც მეტ-ნაკლებად მეც ვმონაწილეობ ხოლმე, თუმცა დიდად კმაყოფილი არ ვარ დღევანდელი ბათუმელი ახალგაზრდების ჩართულობით ბათუმისთვის ბრძოლაში.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე