დადგა ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება ის მსოფლიო კამპანიები, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ადამიანებს: კიბო განაჩენი არ არის, და თუკი დროულად მივმართავთ სკრინინგ ცენტრებს, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება მარტივად დაექვემდებარება მკურნალობასა და დამარცხებას.
სწორედ ამიტომ, დროულ დიაგნოსტიკას პრინციპული, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართული OK! უერთდება ვარდისფერი ოქტომბრის მსოფლიო კამპანიას და ყველას მოგიწოდებთ, დროულად ჩაიტაროთ ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა, რადგანაც, დიახ, ჩვენი სიცოცხლე ნამდვილად ჩვენს ხელშია.
სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენს რესპონდენტებს: „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილსა და „ონკოსაზოგადოება ჰოუფის“ ვიცე-პრეზიდენტს, ხათუნა ჭინჭარაშვილს.
მოდი, დასაწყისისთვის მოუყევით ჩვენს მკითხველს, რატომ ეწოდა ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე, ოქტომბერს – ვარდისფერი?
(ანა): ბევრი წლის წინ ესტე ლაუდერმა შემოიტანა ვარდისფერი ლენტი, როგორც კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო და აქედან წამოვიდა ვარდისფერი ოქტომბრის იდეა. 1991 წლიდან მოყოლებული, არსებობს ვარდისფერი ლენტი, როგორც ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების სიმბოლო. კამპანია ტარდება ხოლმე დრამატული ვიზუალური ეფექტებით, მაგ. პარიზში ვარდისფრად ნათდება ეიფელის კოშკი, ბრაზილიაში კი ქრისტეს ქანდაკება, ჩვენთან – ანძა ნათდება ვარდისფრად. ამ დროს მთელი მსოფლიო მოცულია ვარდისფერი ოქტომბრის სიმბოლიკით, ყველანი ვიკეთებთ ვარდისფერ ლენტებს და შევახსენებთ ერთმანეთს სკრინინგის მნიშვნელოვნებას.
რამდენად მნიშვნელოვანია ვარდისფერი ოქტომბრის მსოფლიო კამპანია?
(ანა): ორგანიზაცია „ევროპა დონა“ 1994 წელს იტალიაში შეიქმნა, რომლის მიზანიც იყო ონკოპაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, დაავადების ირგვლივ ცნობიერების ამაღლება. სწორედ მსოფლიო ტენდენცია იყო ეს, რადგან იმ დროისთვის ცივილიზებულ დასავლეთშიც პრობლემას წარმოადგენდა დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენა და დროული სკრინინგი. სწორედ ამ დიდმა მოძრაობამ გამოასწორა სტატისტიკა და წამყვანი ევროპული ქვეყნები, რომელთაც ვცდილობთ, მხარდამხარ გავყვეთ, სრულიად სხვა მონაცემებს ფლობენ დღეს. მათთან სკრინინგ პროგრამები ფანტასტიკურად მუშაობს. ჩვენთან ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ ადამიანების ცნობიერებამდე დავიყვანოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას დაავადების დასამარცხებლად.
(ხათუნა): ამ მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანია, ადამიანების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს და ჯანმრთელობის შემოწმება კულტურად ჩამოაყალიბოს, რათა ცხოვრებისეულ პრიორიტეტში გვქონდეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ცნობიერების ამაღლების გარდა სხვა ბერკეტი არ არსებობს იმის მისაღწევად, რომ ავუხსნათ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად სკრინინგის ჩატარება. მთავარია, რომ სტიგმისგან დავცალოთ საზოგადოება. კიბო, როგორც დიაგნოზი, მძიმედ ჟღერს და ადამიანები გაურბიან მასთან შეხებას, სკრინინგის კუთხითაც კი. უნდა შევახსენოთ მათ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ადრეული დიაგნოსტიკით მარტივად შეიძლება მისი დამარცხება.
სტატისტიკურად რამდენად გაიზარდა მიმართვიანობა ძუძუს კიბოს სკრინინგზე საქართველოში?
(ანა): თბილისის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა. ცოტა წინ წავედით რეგიონების მასშტაბით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამიტომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე რეგიონებია. მიმართვიანობის სტატისტიკა თბილისში 27%-მდე ავიდა, რეგიონებში არც კი დავასახელებ, იმდენად ცოტაა ეს მაჩვენებელი. ბევრნაირი შეხედულება და სტიგმაა ამ თემის ირგვლივ. ქალები ხშირად ამბობენ, რომ არ აწუხებთ არაფერი და ვერ ხვდებიან, ჯერ რატომ უნდა მივიდნენ ექიმთან. ასევე, ეშინიათ, ვინმემ არ გაიგოს, რომ გამოკვლევას იტარებენ, რათა განსჯის ობიექტები არ გახდნენ. ეშინიათ ცუდი დაგნოზის გაგების.
(ხათუნა): პირადად ჩემთვის ყველაზე სავალალო დამოკიდებულება შემდეგია: „რომ გავიგო, მაინც რას ვუშველი“… ეს დამოკიდებულება კიბოს დიაგნოზის მიმართ არსებობს და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომ კიბო განაჩენი არ არის და დღევანდელი, განვითარებული მედიცინა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ დაავადებას, ხშირ შემთხვევაში, წარმატებით უმკლავდება.
თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
(ანა): მინდა, პირველ რიგში, ვახსენო ჩვენი „ვარდისფერი სივრცე“, რომელიც 2019 წლიდან არსებობს და ერთადერთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სივრცეა ზრდასრული ონკოპაციენტებისთვის. აქ ხელმისაწვდომი გვაქვს ბევრი კარგი სერვისი, მათ შორის არტთერაპია, რომლითაც დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ ონკოპაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს. ამ პროექტის ავტორი და მხარდამჭერია კომპანია PSP, რომელიც უდიდეს თანადგომას გვიწევს მის განხორციელებაში. აუცილებლად აღვნიშნავ, რომ „პსპ“ არის ორგანიზაცია, რომელიც წლების მანძილზე ყველა მნიშვნელოვანი და პრინციპულად საჭირო პროექტის შესრულებაში თავიდან ბოლომდე გვედგა მხარში, მათ შორის, კოვიდის რთულ პერიოდში. იმ პერიოდში პაციენტები ადგილზე ვერ ჩამოდიოდნენ ქიმიოთერაპიისთვის და „პსპ“-ს მანქანას თითოეულ პაციენტამდე მიჰქონდა პრეპარატები რეგიონებში. ჩვენ არ ვართ განებივრებული კერძო სექტორისგან დიდი მხარდაჭერით, რასაც სინამდვილეში ძალიან ვსაჭიროებთ და ამიტომაც ვუსვამ ხაზს „პსპ“-ს ჩართულობას, როგორც სამაგალითო მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქმეში. ასევე უნდა ვახსენო, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინელი ონკოპაციენტებისთვის პრეპარატების შეგროვება გადავწყვიტეთ. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქაც „პსპ“-მ ითამაშა, სერიოზული კონტრიბუცია შეიტანა და მთლიანობაში 8000 ფლაკონი ქიმიოთერაპიის პრეპარატი გავუგზავნეთ უკრაინელ ონკოპაციენტებს. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი საიმედო პარტნიორისგან. კერძო კომპანიების მხარდაჭერა ჩვენი ტიპის ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპის ქვეყნებში სწორედ კერძო კომპანიების მხარდაჭერა არის ასეთი ორგანიზაციების ძირითადი რესურსი. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში კომპანია „პსპ“-სთან ერთად არაერთ სხვა კერძო კომპანიას გადავუხდით მადლობას მხარდაჭერისთვის.
(ხათუნა): ჩვენს ორგანიზაციას 3 მიმართულება აქვს: ცნობიერების ამაღლება, პაციენტთა ადვოკატირება (ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა) და პაციენტების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. მეც მინდა, რომ ამ სამივე მიმართულებაში გამოვყო „პსპ“-ს უდიდესი თანადგომა, რომელიც გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ლოგისტიკურ და ორგანიზაციულ დახმარებაშიც გამოიხატება. პაციენტთა ადვოკატირება ვახსენე და სწორედ ამ კუთხით, მედიკამენტების პაციენტებისათვის ტექნიკურად გამარტივებული მიწოდების საკითხები სწორედ ამ კომპანიამ მოაგვარა მაშინ, როცა ამის უზრუნველყოფა თავად ონკოპაციენტებს ბევრი სირბილის, დროისა და რესურსების ხარჯვად უჯდებოდათ. ეს ყველაფერი თავად მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, როგორც ყოფილ ონკოპაციენტს და მართლაც ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩემთვის ამ საკითხის მოგვარება. ზემოთ ვახსენეთ ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. მე თავად მახსოვს, როგორი შვება იყო, როგორი გულაჩუყებული ვიყავი, როცა თავის დროზე, როგორც ონკოპაციენტმა „პსპ“-ს დახმარებით მივიღე ფსიქოსოციალური დახმარება. ასეთ დროს ემოციურად, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხედავ, რომ ვიღაც ზრუნავს შენს კარგად ყოფნაზე.
წლევანდელი ვარდისფერი ოქტომბრისთვის რა კამპანიები გაქვთ დაგეგმილი?
(ანა): ყოველწლიურად „ევროპა დონა საქართველო“ და „კავკასიის ონკოსაზოგადოება ჰოუფი“ ვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს. ეს გახლავთ მდუმარე აქცია. ვარდისფრად შემოსილები ცაში ბუშტებს ვუშვებთ, როგორც ჩვენს გულითად სურვილებს კოსმოსში. ამით ვიქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენ აქ ვართ, ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არის თავიდან ბოლომდე სოლიდარობის აქცია. გარდა ამისა, გავაკეთებთ ფლეშმობს – პაციენტების ცეკვას. ამით ვუშვებთ სამყაროში ჩვენს იმედიან ენერგიას, ვამბობთ, რომ ჩვენ მაგრები, ძალიან ძლიერები ვართ და გავიმარჯვებთ.
ცალკე აღსანიშნავია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ – ასეთი არაჩვეულებრივი კამპანია, რომელსაც ვატარებთ სკრინინგ ცენტრსა და საკრებულოსთან ერთად. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გავაერთიანოთ ამ სლოგანის ქვეშ, რომ დროულად მივიდნენ სკრინინგ ცენტრში ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ამ კამპანიის ფარგლებშიც, ტრადიციულად მხარს გვიჭერს და ძალიან გვეხმარება კომპანია „პსპ“.
(ხათუნა): „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, დროულად წავიდნენ სკრინინგ ცენტრებში დიაგნოსტიკისთვის. წელს რეგიონებშიც გვინდა გავიდეთ ამ კამპანიის ფარგლებში და უკვე მოკლე მომავალში მთელი საქართველო მოვიცვათ.