ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელშიც ბავშვობის გემოები განსაკუთრებულ ემოციებს არ აღძრავს. „თბილისის კონდიტერი“ 1990‑იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე 30 წელია ერთგულად ემსახურება საზოგადოებას. საწარმო გახსნის დღიდან ინარჩუნებს თავდაპირველ გემოებს და ყოველდღიურად ანებივრებს მომხმარებლებს დაუვიწყარი არომატებით. ჟურნალი OK! „თბილისის კონდიტერის“ დამფუძნებლებს − ეკა შალიკაშვილს და ელენე კვაშალს ესაუბრა, რომლებმაც უფრო ვრცლად გვიამბეს საწარმოს შესახებ.
ეკა, გვიამბეთ „თბილისის კონდიტერის“ შესახებ. რამდენი ხანია, რაც საწარმო ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
საწარმო „თბილისის კონდიტერი“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოჩნდა ბაზარზე და უკვე 30 წელია საზოგადოებას უგემრიელესი პროდუქტით ანებივრებს.
მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო ყველა ჩვენგანისთვის. დედა პროფესიით მუსიკოსი და ხელოვნებათმცოდნეა და იმისათვის, რომ ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა და თავი ერჩინა, შეიძინა საკონდიტრო ღუმელი და 7 კვადრატულში დაიწყო წარმოება, ორ დამხმარე ადამიანთან ერთად. საკმაოდ მოკლე დროში მოხდა მაშინდელ ქართულ ბაზარზე შესვლა. დაახლოებით ორ თვეში ათვისებული გვქონდა თბილისში არსებული 300-მდე მაღაზია.
ეს ის პერიოდია, როდესაც აქტიურდებოდა კერძო სექტორი, რამაც ხელი შეგვიწყო იმაში, რომ აქტიურად შევსულიყავით ქართულ ბაზარზე. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ ძალიან ბევრ ტენდერში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდა ჩვენი სტუდენტური კაფე-ბარი, სადაც სტუდენტები ჩვენი პროდუქციის აქტიური მომხმარებლები იყვნენ.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობს „თბილისის კონდიტერი“ საზოგადოებას?
ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის პროდუქტებს და ძირითადად ორიენტირებული ვართ დისტრიბუციაზე, რომელიც შემდეგ ამარაგებს მაღაზიებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ ეტაპზე გვაქვს 6 დასახელების პროდუქტი, მათ შორის არის კრემიანი ნამცხვრები, რომლებიც მაღაზიებში შედის დაფასოებული სახით, თავსდება ჩვენი საწარმოსთვის განკუთვნილ თაროებზე და შემდეგ ხდება მისი რეალიზაცია.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი საწარმოს მიმართ მრავალწლიანი მოთხოვნა და პოპულარობა?
ჩვენი საწარმო ნამდვილად მრავალი წელია, რაც წარმატებულად ინარჩუნებს მოთხოვნას და პოპულარობას ქართულ ბაზარზე. ამას ისიც განსაზღვრავს, რომ აბსოლუტურად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს წარმოების პროცესი, არსებობს დღისა და ღამის ცვლები, რათა არ შევწყვიტოთ მუშაობა არცერთი წუთით. ფაქტობრივად სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველას თავისი საქმე აქვს და ასე უფრო გვიმარტივდება სამუშაოს შესრულება.
აქვე მინდა მოგიყვეთ ჩვენი თანამშრომლების შესახებ ის, რომ ჩვენ წლებია გვყავს უცვლელი გამოცდილი გუნდი, რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას, განსაკუთრებით ბოლო 2 პანდემიური წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ სამუშაო პროცესი არ გაგვეჩერებინა, მათ კი გაიღეს ყველანაირი ადამიანური რესურსი, რათა ჩვენი საწარმოს მუშაობა წუთითაც კი არ გაჩერებულიყო.
გვესაუბრეთ ნედლეულის ხარისხზე, რომელსაც პროდუქციაში იყენებთ?
პროდუქციაში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულს, რომელიც გადის სრულ კონტროლს. რაც ყველაზე მთავარია არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
გეგმავთ გაფართოებას?
როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს ძალიან დიდი წარმოება, ფაქტობრივად ერთი ნაბიჯია ქარხნამდე, მაგრამ ამას ესაჭიროება განსაკუთრებული ფინანსური რესურსები. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში აუცილებლად გავფართოვდებით და უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი პროდუქცია.
გვესაუბრეთ დანადგარებზე.
დანადგარები, რომლითაც აღიჭურვა ჩვენი საწარმო, შევიძინეთ 1990-იანი წლებიდან 2000 წლამდე. ჩემი ოცნება იყო ახალი დანადგარების შეძენა, თუმცა ფინანსებიდან გამომდინარე, დროში იწელებოდა. წელს საჭირო გახდა და შევიძინეთ 3 ახალი დანადგარი, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო სწრაფად მოვახდინოთ პროდუქტის რეალიზება.
როდის გადაწყვიტეთ Conditer.ge-ის შექმნა?
საიტი Conditer.ge პანდემიის პერიოდში შევქმენი, რათა ჩვენი მომსახურებისთვის მიწოდების სერვისი დაგვემატებინა და საზოგადოებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი პროდუქტი.
თანამშრომლობთ მიტანის სხვადასხვა სერვისთან?
მიტანის სერვისებით სარგებლობა ძალიან აქტუალურია დღევანდელ ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი დრო და რესურსი იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ მათთან, თუმცა ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, ახლო მომავალში გაფართოებასთან ერთად საზოგადოებას მივცეთ იმის საშუალება, მარტივად გამოიძახონ ჩვენი პროდუქცია მიტანის სერვისების საშუალებით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საწარმოსთან დაკავშირებით?
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენი პირველი ამოცანა ამ ეტაპზე არის გაფართოება, რაც საწარმოს საშუალო ზომის ქარხნად გარდაქმნას გულისხმობს. ასევე, ჩვენი სამომავლო გეგმა და ძალიან დიდი სურვილია, გავხსნათ ჩვენი ბრენდის დასახელების მაღაზია.