აგვისტო დასასვენებელი თვეა. მთელი წლის განმავლობაში ის აუცილებელი პერიოდი, როდესაც თითქოს „რესტარტს“ აკეთებ. უნდა გადატვირთო გონება, შეაჯამო ძველი და დაგეგმო ახალი. ჰოდა, დასვენება რა არის სხვა, თუ არა ჰამაკი და წიგნი? ან პლაჟი და წიგნი? ან კომფორტული სავარძელი და წიგნი? სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თანამედროვე მწერლებთან თქვენთვის პაემანი მოგვეწყო. რა თქმა უნდა, ჟურნალის ერთი ნომრით ყველას ვერ მოვიცავდით, მაგრამ მომავალში გპირდებით, ამ ხაზს აუცილებლად გავაგრძელებთ.
ეს პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა კომპანია „ავერსი“. მადლობა, რომ არა მარტო ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასა და სილამაზეზეც ზრუნავს.
OK! მადლობას უხდის დახმარებისთვის გამომცემლობებს „ინტელექტი“ და „პალიტრა L“. მადლობა ყველა გამომცემელს, რომ დღეს წიგნი ისევ გვიყვარს.
ნესტან ნენე კვინიკაძე
ლიტერატურა ყოველთვის ძალიან მიყვარდა.წერა, როგორც ყოველდღიური ვარჯიში, აუცილებელია. თინეიჯერულ სირთულეებს, როგორც კოჟრებს, გარდავქმნიდით შემოქმედებაში.
იყო პირველი რომანი − „ისპაჰანის ბულბულები“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვფიქრობ, აქედან იწყება ჩემი პოზიციონირება მწერლობაში. მაშინ ბევრი ქალი ავტორი არ გახლდათ და მომწონდა ეს მდგომარეობა. თამაშ-თამაშით დაწყებული ამბავია, ჩემთვის ძალიან კომფორტული მდგომარეობაა, ბევრ რამეში მეხმარება წერა. ეს ჩამოყალიბდა ჩემი სათქმელის გაზიარების მთავარ ფორმად.
ელექტრონული სამყარო უზარმაზარი გამოწვევაა ნაბეჭდი წიგნისთვის. საბედნიეროდ, რაც უნდა დიდი იყოს სირთულე, წიგნი არაა წარმავალი და მუდმივად აქტუალური იქნება. განათლება − ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, გაზიარება ცოდნის, მაგალითის. რაც უნდა ვაკეთოთ, განათლება, როგორც საძირკველი, თუ არ არსებობს, ძალიან საეჭვო იქნება ნებისმიერი კონსტრუქცია, რომელსაც ზედ დააშენებ.
მორალური პასუხისმგებლობა ყოველთვის იკვებება განათლებით, წიგნით და ამის გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. ადამიანები გადავეჩვიეთ პატარა ამბების დიდი სიხარულის პოვნას და შეგრძნებას. არ შეიძლება კარიერისტულმა სქემამ გადაყლაპოს ყველაფერი ნაღდი. გისურვებთ, ის „ნაღდი“ არ დაკარგოთ და გაიცანით საკუთარი რეალური პიროვნება.
ივა ფეზუაშვილი
მუდამ ვცდილობ, როცა წიგნს ვწერ, ჰორიზონტზე ჩანდეს ახალი პროექტი. მიზეზი ისაა, რომ წიგნის დამთავრების შემდეგ დიდი სიცარიელე მრჩება.
ერთმა მწერალმა თქვა, წიგნს რომ წერ, იხარჯები, ამთავრებ და რომ მორჩები, მერე იგონებ ნარატივს, რატომ დაწერე ეს წიგნიო. ძირითადად ასეა, თუმცა ხშირად მაინც არსებობს მიზეზები, რაც კონკრეტულ ნაწარმოებს გაწერინებს.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გავხდი. პრიზი რომანისთვის „ბუნკერი“ მივიღე და ამან ძალიან ბევრი გზა გამიხსნა. უკვე ოთხ ენაზე მაქვს კონტრაქტი და კიდევ მოდის სხვა შეთავაზებებიც.
ჩვენს ქვეყანაში რთულია, მიზანს გაჰყვე. უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ხშირად საკუთარ სურვილებზე უარის თქმა გიწევს.
ევროპული პრიზის მოგებით გამიჩნდა ფუფუნება, ვაკეთო ის, რაც მიყვარს − ვემსახურო ლიტერატურას. მთავარია, იპოვო ძალა.
არჩილ ქიქოძე
ჩემთვის წერა სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეს ნიშნავდა… 21 წლის ვიყავი, როცა წერა დავიწყე. მაშინ ეს ნიშნავდა ემოციების გადმონთხევას, ახლა უკვე პროფესიაა… პროფესია ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან საქართველოში ამით ვერ ცხოვრობ, მაგრამ მაინც პროფესიაა. ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და მგონია, რომ ასე თუ ისე გამომდის. მაშინ იმპულსური იყო, ახლა კი სამუშაოა.
თბილისი არის ჩემი საარსებო გარემო. მე სხვა ქალაქში არ მიცხოვრია. ვყოფილვარ სხვაგან, მაგრამ არ მიცხოვრია. ყველაფერი ამ ქალაქთან არის დაკავშირებული… ამ ქალაქს ერთი კონკრეტული ფერი არ აქვს, ყველანაირია თბილისი, იმიტომ, რომ მთელ ცხოვრებას იტევს. ცხოვრებაც ხომ ბევრნაირია… ეს ქალაქი ძალიან ჩემია.
თავისუფლებაა, ვწერო ისე, რომ არ გავითვალისწინო კონიუნქტურა, ანუ ვწერო ისე, როგორც ჩემთვის არის საინტერესო.
როდესაც წიგნის წერას ვასრულებ, კარგი შეგრძნება მაქვს. არ გამაჩნია სიცარიელის განცდა.
სალომე ბენიძე
რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ჩემი პირველი ტექსტებიც ბავშვობაში გამოქვეყნდა, როცა დედაჩემი მიხვდა, რომ ლექსები, რომელსაც ვყვებოდი, სინამდვილეში, ჩემი იყო. ჩემი გადაწყვეტილებით, პირველი ტექსტი 2009 წელს გამოვაქვეყნე – „ომის ბალადა“, ლექსი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გავლენით დაიწერა, ანონიმურად განვათავსე lit.ge-ზე. პარალელურად, პროზასაც ვწერდი და ჩემი მოთხრობები რამდენჯერმე მოხვდა სულაკაურის გამომცემლობის „15 საუკეთესოში“, რაც ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის, ისევე, როგორც ლექსების სადებიუტო კრებულისთვის მიღებული „საბა“.
ბოლო წლებში, როცა არ უნდა მკითხონ, რით ვარ დაკავებული, ყოველთვის ვპასუხობ, რომ სალმან რუშდის ვთარგმნი. ახლახანს მისი „ოქროს სახლი“ დავასრულე და თუ ლიტერატურულ ოცნებაზეც მკითხავთ, გეტყვით, რომ რუშდის „შუაღამის შვილები“ მართლაც არის ის ტექსტი რომლის თარგმნაზეც უკვე მრავალი წელია, ვოცნებობ. და კიდევ, მინდა, მეტი თარგმნილი პოეზია გამოიცემოდეს საქართველოში.
„ქალაქი წყალზე“, რომელიც მართლაც საკუთარი თავისთვის დავწერე, ის წიგნია, რომელმაც ჩემთვის უცნობი ადამიანების სიყვარულიც მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, და ბევრი პასუხისმგებლობაც. ახლა ჩემს ნაწერებს კიდევ უფრო კრიტიკულად ვიყურებ და ალბათ ამის ბრალია, რომ ჩემი ახალი რომანი ძალიან ნელა იწერება.
ყოველთვის რთულია, რამე ურჩიო უმცროს თაობას ისე, რომ დამრიგებლურად არ ჟღერდეს. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვეტყოდი, რომ შიშის გამო უკან არ დაიხიონ. შიში ძალიან ადამიანური რამაა, მთავარია, როგორღაც მისი მოთვინიერება და მასთან ერთად ცხოვრება შევძლოთ. არსებობს სამი რამ, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოლებ: საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩემი თავისუფლება და გოგოების და ქალების უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გოგოებს, რომლებიც ახლა მოზარდები არიან, ხვალ უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ესაა ის, რისთვისაც დროს და რესურსს არასოდეს დავზოგავ.
მარიამ გურგენიშვილი
პროფესიით იურისტი ვარ, ბავშვობიდან ვწერდი. მუდამ ვიცოდი, რომ წერა მინდოდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ბავშვობის ოცნება რეალობად ვაქციე. მონაწილეობა მივიღე კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და დაუჯერებლად სწრაფად, სამ დღეში დავწერე პირველი ოცი გვერდი, გამიმართლა. იმედი მქონდა, მკითხველს მოეწონებოდა და ასეც მოხდა, ყველა თაობის წიგნი გამოვიდა. ყველას მინდა ვუთხრა, რომ გაყვეს ბავშვობის ოცნებას, მაქსიმუმი გააკეთოს მის მისაღწევად. რა არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებ? − წერა.
გაგა ნახუცრიშვილი
ისე მოხდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ლიტერატურის გარშემო ტრიალებს. ლექციებს ვკითხულობ ლიტერატურაზე და ძალიან მომწონს ის პროცესი, რომ თაობები ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ბუნებრივად ხდება − როცა რაღაცას გასცემ, გიბრუნდება და ეს ძალიან საინტერესოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი საქმე გიყვარდეს და არ იყო კონფორმისტი.
მომწონს წერა, კარგად ვარ, როცა ვწერ. პროზა, პოეზია, ორივე იარაღია, რომლითაც სათქმელს გამოვხატავ.
პირველი წიგნი წინა საუკუნის 90-იანებში გამოვეცი, მხოლოდ ათი ეგზემპლარი დავდე გასაყიდად, დანარჩენი გავაჩუქე. მძიმე პერიოდი იყო, ეს კრებული უფრო მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის გავაკეთეთ.
არის ბევრი კარგი ლექსი, როდესაც კითხულობ და გინდა, რომ შენი დაწერილი იყოს და ჯდები, თავად იწყებ წერას და მიყვები ამ უმადურ საქმეს, გაცილებით მეტს გასცემ ლექსის წერისას, ვიდრე უკან იღებ, მაგრამ რომ არ გასცე, არ შეგიძლია, ეს პროცესი გაბედნიერებს. ყველა სიტყვა ლამაზია, თუ სწორად იხმარ.
დავით გაბუნია
ცამეტი წელი ერთსა და იმავე „ხრუშჩოვკაში“ ვცხოვრობდი. კორპუსებს შორის მინიმალური დაშორებით, ხედი − მეზობლებზე. ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს რომანზე „დაშლა“. რა თქმა უნდა, ისტორია მოგონილია, მაგრამ მთავარი ხატი სწორედ ჩემი „ხრუშჩოვკიდან“ წამოვიდა. უპირველესად დრამატურგი ვარ, ძირითადად თეატრისთვის ვწერ.
თუ ვინმე ჩემგან რჩევას ელის, ერთადერთი, რასაც ვურჩევდი − მიიღეთ განათლება, ყველაფრის ფასად. განათლებული ადამიანი თავისუფალ ადამიანს ნიშნავს.
ტორესა მოსი
წერა მოწყენილობისგან დავიწყე. ძველი „მე“ იურისტი იყო, სამსახურში გამოთავისუფლებულ საათებს წერაში ვატარებდი და იქამდე მივედი, რომ იურისტობა მივატოვე და დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ლიტერატურაა. პირველი ტექსტი წერილი იყო შეყვარებულის მისამართით, რომელიც იმ ბლოკნოტშივე დარჩა. სხვათა შორის, ბლოკნოტში სხვა ბევრი ტექსტიც დავტოვე. პირველად ჩემი ოთხი მოთხრობა ჟურნალში გამოქვეყნდა და აქედან დავიწყე ნაწერების გამომზეურება.
მთავარი ტექსტი დასაწერი მაქვს და იმედია, ამას შევძლებ. წერის პროცესში ყოველთვის პასუხებს ვეძებ და ეს ყველაზე საინტერესოა.
არ ვიცი, საკუთარი თავისთვის რა მაქვს სათქმელი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ წიგნების კითხვა უდიდესი სიამოვნებაა და ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს.
თუკი რამისთვის უნდა იბრძოლო, ეს თავისუფლებაა. თავისუფლება უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ეს არ არის მოცემულობა, მას სწავლა სჭირდება. რაც მეტად ხარ თავისუფალი, მეტი პასუხისმგებლობა გენიჭება საკუთარი თავის წინაშე.
ნანა აბულაძე
ლიტერატურათმცოდნე ვარ, მაგრამ სამსახური, სადაც ვმუშაობ, არაა დაკავშირებული ლიტერატურასთან. წერის დროს არის ხოლმე ბევრი მოულოდნელობა. შეიძლება თავიდანვე იცოდე ხაზი, სიუჟეტი, მაგრამ ზოგმა პერსონაჟმა საკუთარ ჭკუაზე გატაროს ავტორი. „აკუმის“ წერა ცოტა რთულ პერიოდს დაემთხვა, ვერაფრით დავიტევდი სათქმელს ჩემში, უნდა გამომეხატა აუცილებლად. გამომცემლობაში წიგნი როცა მივიტანე, გამომცემელმა მითხრა, იმედია, წარმატებული წიგნი გამოგვივაო. გამიკვირდა − მე ხომ მანამდე არსად არაფერი მქონდა დაბეჭდილი, მაგრამ ფაქტია, გაამართლა. ამდენ ჯილდოს არ ველოდი ნამდვილად…
უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაცები, რასაც თავად ვერ ვწყვეტთ, თავისით ლაგდება ხოლმე და ბუნდოვანი გზა, რომელსაც ხედავ, სწორ ადგილას მიგიყვანს. მთავარია, იშრომო და შრომა აუცილებლად დაფასდება. არ უნდა გვეშინოდეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის. მნიშვნელოვანია, შეძლო უარის თქმა იმაზე, რაც ამ გზაზე დაგაბრკოლებს, გვერდი აუარო სტერეოტიპებსა და დოგმებს. ეს თან პასუხისმგებლობაა, თან სირთულეა, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა. ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს გასავლელი.