სიმწვანე, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, წიგნი და ბებია, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს – სწორედ ეს ჩამონათვალი ასოცირდება ყველაზე მეტად სოფელში დასვენებასთან, რომელიც ყველა ჩვენგანს ასე გვიყვარს.საქართველო მდიდარი ქვეყანაა ულამაზესი სოფლებით და ყველა მათგანს თავისებური ხიბლი აქვს, რასაც ძირითადად უნიკალური ბუნება განაპირობებს. სტუმართმოყვარე ადგილობრივების წყალობით კი, არა მარტო შიდა ტურისტებს, ქართული სოფლები უცხოელ დამსვენებლებსაც აქტიურად იზიდავს ცნობილი თუ უცნობი ადგილების აღმოსაჩენად. OK! Travel Book-ი გთავაზობთ საქართველოს 10 სოფლის ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
უშგული (სვანეთი, მესტია) – ულამაზესი თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც შედგება 4 სოფლისგან, ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი). ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს. სოფელი მდებარეობს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალის, შხარას ძირას. აქედან სათავეს იღებს ენგური.
უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთ მაღლა მდებარე სოფლად მიიჩნევა. მას კონკურენციას ისევ სხვა ქართული სოფლები (ბოჭორნა, ჯუთა) უწევენ.
უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
უშგულში მრავლად არის ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები და სალოცავები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ლამარიაა.
28 აგვისტოს, მარიობას, აქ უამრავი მორწმუნე იკრიბება.
უშგულის ღირსშესანიშნაობაა ასევე თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები. საზაფხულო კოშკები 1950-იან წლებში დაშალეს და ფერმის საშენ მასალად გამოიყენეს.
სოფელში არის არქეოლოგიური მუზეუმიც.
შატილი (ხევსურეთი, დუშეთი) – მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არღუნის ხეობაში. ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 115 კმ. ესაზღვრება რუსეთს.
საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.
შატილი, იგივე ციხე-სოფელი, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი, სადაც სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედას სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელად ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს უწოდებენ, რომლებიც XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც.
დართლო (თუშეთი, ახმეტა) – მდებარეობს თუშეთში, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის მანქანით, ისე საჰაერო გზით.
დართლო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად და თუშეთის ერთ-ერთ დიდ სოფლად მიიჩნევა.
აქ არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
დგას XIX საუკუნის დანგრეული ეკლესია, რომლის გვერდით ძველი სასამართლოა შემორჩენილი. ისტორიას ახსოვს შემთხვევა, როცა აქ ქალი მოსამართლეც ჰყავდათ.
თუშეთში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, არც ტაძრის ნანგრევებზე და არც სალოცავზე, რომელიც დართლოში ბევრია, ქალების შესვლა არ შეიძლება. მათთვის საგანგებო სადიაცო ბილიკები არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები თუშეთში ღორის ხორცის ატანას ერიდებიან.
დართლოში ბევრი საოჯახო სასტუმროა.
გერგეტი (ხევი, ყაზბეგი) – გერგეტი სტეფანწმინდასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებაა. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, გერგეტში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი კოშკები.
სოფლის თავზე აღმართულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი − გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც XIV საუკუნეს განეკუთვნება. ბაგრატ V-მ ტაძრის დაცვა გერგეტელებს ჩააბარა და მათ საყდრისშვილობა უბოძა.
გერგეტის გარშემო სხვა სალოცავებიც არის.
ჯუთა (ხევი, ყაზბეგი) – სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ზღვის დონიდან 2200-2260 მეტრის შუალედშია, რის გამოც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.
ჯუთა სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული.
სოფელს ულამაზესი ჭაუხები გადმოჰყურებს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
აქვეა ჩანჩქერი და ტბა, საიდანაც ჭაუხები შთამბეჭდავად ირეკლება.
ადიში (სვანეთი, მესტია) – უძველესი სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე, მესტიიდან 27 კმ.
ადიშში შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების მრავალი ძეგლია: მათ შორის, გარედან მოხატული ეკლესია.
სოფელი მთებშია მოქცეული და მას მეტ მისტიკურობას სძენს. თითქოს, გარესამყაროსგან მოწყვეტილია და მის სიმშვიდეს მდინარე ადიშისჭალის დგაფუნი თუ არღვევს ხოლმე.
ომების დროს ქართველები ბარიდან ამოტანილ საგანძურს აქ ინახავდნენ. ერთ-ერთ კოშკში, რომელიც ახლა ნაწილობრივ დამარხულია, ადიშის ოთხთავით ცნობილი ხელნაწერი წიგნი საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა.
გორელოვკა (ჯავახეთი, ნინოწმინდა) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელიც ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ბუღდაშენის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე მდებარეობს.
ცნობილია ვულკანური წიდის საბადოთი.
ადგილობრივი სომხები გორელოვკის ძველ სახელწოდებად „ბუღდაშენს“ ასახელებენ.
ძველად, დასახლებული ადგილი, მტრის შემოსევების გამო, დაცარიელდა. მე-19 საუკუნეში აქ დუხობორები დაასახლეს და მათ საკუთარი კულტურა მოიტანეს. ააშენეს მათთვის დამახასიათებელი სახლები და ხის სალოცავი, რომელიც ახლაც დგას და გამორჩეული ნაგებობაა.
თავად გორელოვკა, განსხვავებული არქიტექტურის გამო, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია.
აქვეა ბუღდაშენის ტბა, სადაც ყოველთვის უამრავი ფრინველია.
ბეშუმი (აჭარა, ხულო) − მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან − 30 კმ.
აქაური ჰაერი საუკეთესოდ მიიჩნევა და მისწრებაა მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა აქვთ.
საკურორტო სეზონი გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე.
ბეშუმში აჭარლებმა საზაფხულო სახლების მშენებლობა მე-20 საუკუნეში დაიწყეს. სახლები ახლა ისე ლამაზად არის შეფენილი, რომ სოფელს სასიამოვნო სანახავს ხდის.
ზამთარში დიდი თოვლია, რამაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ხელი შეუწყო.
ყოველ 4 აგვისტოს ბეშუმა (თუ ბეშუმობა?) იმართება, რომლის უცვლელი ნაწილი დოღია.
ღები (რაჭა, ონი) – სოფელი ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მეტრი. ონიდან 35 კილომეტრი.
სოფელი ღები 1503 წლიდან მოიხსენიება, მანამდე კი, საუკუნეთა განმავლობაში, ღები სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა და მკვლევრებიც ტოპონიმ „ღების“ წარმომავლობას სვანურ გარემოში ეძებენ. თუმცა, სახელს უკავშირებენ ლეგენდას მღებავის თაობაზე, რომელიც სოფელში დამკვიდრდა.
ღები, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს, რაჭის ერთ-ერთი დიდი სოფელი იყო და ახლა, პრაქტიკულად, დაცლილია. ღები მთებში ჩამჯდარი სოფელია, რომელსაც რიონის ხეობა ლამაზ ელფერს სძენს.
ღებელები საუბარში ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლებიც ბევრი ქართველისთვის უცხოა.
აქ არის ერთადერთი შემორჩენილი დუროიანი სახლი და უკვე ინგრევა. მას სასწრაფოდ სჭირდება აღდგენა.
ასურეთი (ქვემო ქართლი, თეთრიწყარო) – სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან − 29 კმ-ით.
ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში სპარსელთა შემოსევების გამო გაპარტახდა და დაცარიელდა. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში აქ გერმანელი მოახალშენეები დაასახლეს და გერმანული სოფელი ელიზაბეტთალი დააარსეს. ელიზაბეტთალი სოფელს 100 წლის განმავლობაში ერქვა, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი − ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია 1871 წელს აშენებული გერმანული ტაძარი. 1941 წლიდან გერმანელები სტალინის ბრძანებით გაასახლეს და სოფელში დარჩა გერმანული მემკვიდრეობა, მათ შორის − სასაფლაო. ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და გერმანიის მთავრობების ფინანსური მონაწილეობით, სასაფლაო მოაწესრიგეს, აღადგინეს ტაძარი და რამდენიმე სახლი.
ასურეთი ათეულში შეტანილი სოფლებიდან თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებაა.