იცოდით, რომ „ხავერდოვანი სეზონი“ − ყველასთვის კარგად ნაცნობი ტერმინი, XX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა, რომელიც გულისხმობდა დათბილული სამოსიდან თხელ, ხავერდის სამოსზე გადასვლას. 1920 წლისთვის ეს ტერმინი სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდს შეარქვეს და მას შემდეგ „ბრილიანტის ფასი“ მიიღო ამ პერიოდში დასვენებამ. განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ზაფხული არასდროსაა საკმარისი. მოკლედ, გთავაზობთ ადგილს, სადაც მოწყდებით ქალაქის ხმაურს, იზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე, სულიერ სიმშვიდეზე, ზღვის თბილი ტალღებით სხეულის განებივრებაზე და თან, სურვილის შესაბამისად გართობაზე. ამისთვის კი შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო − საქართველოს საზღვაო კურორტი შეკვეთილი, კაპროვანში, სასტუმრო „ივერია ელლთან“ ერთად ყველა თქვენს სურვილს განახორციელებს. უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, თუ რას გვთავაზობს თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი სასტუმრო, OK!-ის შეკითხვებს სასტუმროს მენეჯერი − ნანიკო გიორგაძე უპასუხებს.
რამდენი წელია, რაც თქვენი სასტუმრო ფუნქციონირებს და რა რაოდენობის სტუმრების მიღება შეგიძლიათ?
სასტუმრო „ივერია ელლი“ მდებარეობს შეკვეთილის ულამაზეს და ყველაზე პრესტიჟულ უბანში − კაპროვანში, ფიჭვნარით შემოსაზღვრულ ადგილას, პირველ ზოლში, სამკურნალო შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე. ეს საუკეთესო ადგილია ერთდროულად დასვენებისთვის და მკურნალობისთვის − ზღვის, სამკურნალო ქვიშის, ფიჭვნარის, სიმშვიდისა და მხიარულების კომბინაციით.
ოთხი წელია, რაც ჩვენი სასტუმრო მუშაობს. სხვადასხვა ტიპის 60 ნომერი ფუნქციონირებს. გვაქვს კომფორტული და კარგად აღჭურვილი ერთოთახიანი და ლუქსის ტიპის (ოროთახიანი − საოჯახო) ნომრები, ზღვისა და ტყის პანორამული ხედებით. შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 150-მდე სტუმარს.
გარდა ინტერიერში მაქსიმალური კომფორტისა, რას სთავაზობთ დამსვენებლებს ექსტერიერში?
სასტუმრო ფლობს პირველ ზოლში 4000 კვ.მ ტერიტორიას, საიდანაც 100-მეტრიანი ბილიკით გადიხართ კერძო სანაპიროზე. ეზო კეთილმოწყობილია საზაფხულო ავეჯით, გვაქვს ღია აუზი, ღია კინოთეატრი, აკვა-აერობიკა, საბავშვო მოედანი, ბატუტი, საბილიარდო, მაგიდის ჰოკეი, მაგიდის ჩოგბურთი, პიკნიკის ზონა, ჰამაკები, ფიჭვნარში რელაქს-ზონა პუფებით, სანაპიროს ფრენბურთი და სხვა.
რამდენად ადაპტირებულია ბავშვებზე თქვენი სასტუმრო?
ჩვენთვის თითოეული სტუმრის კომფორტზე ზრუნვა პრიორიტეტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ბავშვებს ეხებათ, ამიტომაც შევქმენით პატარებისთვის მყუდრო, მხიარული, კომფორტული და შემეცნებითი გარემო. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიშნით ვართ გამორჩეული სხვა სასტუმროებისგან.
გარდა იმისა, რომ გვაქვს საბავშვო სივრცე, ღია კინოთეატრი, საბავშვო მოედანი და სხვა გასართობები, ასევე სტუმრებს ვთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, შთამბეჭდავ და ორიგინალურ პროგრამებს დიდებისთვის და პატარებისთვის მთელი დღის განმავლობაში, ყოველდღე. დეტალური აღწერილობა დღის მთავარი თამაშებისა და გასართობი შოუს შესახებ ყოველთვის არის გამოკრული სპეციალურ დაფაზე სასადილო სივრცეში, რათა სტუმრებმა შეძლონ მომზადება და სურვილისამებრ ჩართვა ყველა მხიარულ და გასართობ აქტივობაში.
სასტუმროს გასართობ პროგრამებს და სამხატვრო ანიმაციას უზრუნველყოფენ ანიმატორები. გასართობ პროგრამაში „მინი დისკო“ არის ყველაზე საუკეთესო დრო, როცა პატარებს შეუძლიათ ცეკვა და სიმღერა ღია სივრცეში, მშობლებთან და ანიმაციური ფილმების ყველაზე ცნობილ პერსონაჟებთან ერთად.
ზაფხული ყველასთვის ზღვასთან, მზესთან, შვებულებასთან, მხიარულებასთან და უამრავ ფერად მოგონებასთან ასოცირდება. ხშირად, გადატვირთული გრაფიკის გამო, შვილებთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ამიტომ თუ დაგეგმავთ დასვენებას ჩვენთან, თქვენ აინაზღაურებთ ამ დანაკლისს. ჩვენს გასართობ თამაშებში, შვილებთან ერთად მშობლებიც იღებენ მონაწილეობას, რაც პატარებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.
რა სახის პრიორიტეტი გაქვთ სხვა დასასვენებელ ცენტრებთან შედარებით?
სასტუმრო „ივერია ელლი“ მდებარეობს შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებები უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ჩვენი კერძო სანაპიროს უნიკალური მაგნიტური ქვიშა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, ფიჭვნარი და მზე − ტურისტთა გაჯანსაღებისა და გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ასევე აღსანიშნავია, რომ ბახმაროს მთიდან წამოსული ჰაერი ერწყმის ზღვის ჰაერს და ამის შედეგად იქმნება ჟანგბადით განსაკუთრებულად მდიდარი ჰავა, რომელიც ძალიან ეფექტიანია წვიმიან ამინდში, ფიჭვნარის უნიკალური თვისებების დახმარებით. სწორედ ტყისა და ზღვის ბრიზის გამო, აქ არ არსებობს დამქანცველი სიცხე, ხოლო სასტუმროს შავი მაგნიტური სანაპირო ზოლი განსაკუთრებულია, რომელსაც თავისი სამკურნალო თვისებებით არ გააჩნია ანალოგი მთელ მსოფლიოში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მაგნიტური ქვიშა ჩამოიტანა მდინარე სეფამ ანდეზიტით მდიდარი მთებიდან. ეს მდინარე კი მდებარეობს ჩვენი სასტუმროს სანაპიროსთან, 60 მეტრში. ამიტომაც კონკრეტულად ეს სანაპირო ზოლი გამოირჩევა ქვიშაში მაგნეტიტის ყველაზე მაღალი შემცველობით.
სამეცნიერო გამოკვლევები მოწმობს მაგნიტური ქვიშის მაღალ სამკურნალო ეფექტიანობას შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, გულის შეძენილი მანკები და სხვა); საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, პოსტტრავმული რეაბილიტაცია და სხვა); ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, სხვადასხვა ტიპის ნევროზი და სხვა); ბავშვთა დაავადებები (მაგალითად, სამშობიარო ტრავმები, რაქიტი, სპინალური პარეზები); პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები, ფსორიაზი, დიფუზური ჩიყვი იოდის უკმარისობით და სხვა.
რა სახის დამატებით სერვისებს სთავაზობთ თქვენს დამსვენებლებს?
სტუმრებს აქვთ საშუალება გააკეთონ სასურველი ნომრის რეზერვაცია საუზმით ან სამჯერადი კვებით (შვედური სტილით), ან ისარგებლონ შეკვეთილი მენიუთი საზაფხულო კაფეში. მენიუში ჩართულია როგორც საბავშვო კვება, ასევე ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძები.
რომელ ლოკაციაზე ხართ და რამდენად ახლოს ზღვასთან?
სასტუმროს მდებარეობა მოსახერხებელია ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების კუთხითაც. ჩვენი სასტუმროდან 800 მეტრშია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, „ბლექ სი არენა“, „ციცინათელა“ − ატრაქციონების პარკი, მუსიკოსთა პარკი, მინიატიურული პარკი, ხოლო წვერმაღალას პარკი 3 კილომეტრშია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და როგორც სასტუმროს მენეჯერი, რა სიახლეებს გეგმავთ?
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს სერვისის განვითარებასა და დახვეწაზე, ისევე, როგორც ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაზე. მთავარი მოტივატორი ჩვენთვის არის დამსვენებლების შეფასებები, მოთხოვნები და სამომავლო სურვილები. მომავლისთვის იგეგმება კიდევ ერთი ღია აუზის, წყლის ატრაქციონების, საფეხბურთო მოედნისა და მინი-გოლფის დამატება. „ივერია ელლის“ გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტუმრების დასვენება იყოს მაქსიმალურად კომფორტული, დაუვიწყარი და პოზიტიური ენერგიით სავსე.