ქართული OK!-ის სტუმარი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი, უნიჭიერესი მომღერალი სალომე ბაკურაძეა. სიამოვნებით წარმოგიდგენთ სალომეს მუსიკალურ ოდისეას, რომელიც დასაბამს მომღერლის 3 წლის ასაკიდან იღებს – როცა პატარა სალომე დედის არიების უნაკლოდ შესრულებას იწყებს. ასე დაიწყო ყველაფერი და გაგრძელდა დიდი წარმატებით – მეგაპროექტებში მონაწილეობით და გამარჯვებით, თავბრუდამხვევი პოპულარობით, თაყვანისმცემლების არმიის შეძენით და კიდევ უფრო დიდი გეგმებით, რადგან, როგორც თავად მომღერალს სწამს, მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა.
სალომე, დავიწყოთ სულ თავიდან. როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა?
ჩემი მუსიკისადმი სიყვარული, უპირველესად, ოჯახმა განაპირობა. დედა პროფესიონალი ვოკალისტი-მუსიკოსია. პირადად მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ 3 წლისამ უკვე ზეპირად ვიცოდი დედის არიები. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ ჩემს ორივე ბაბუას განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები ჰქონდა. დედაჩემის მამა სოლო-მომღერალი იყო, მეორე ბაბუას არ ჰქონდა პროფესიული მუსიკალური განათლება, მაგრამ შეეძლო ნებისმიერი მუსიკალური ხმა ემღერა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გენებიდან დაიწყო.
როდის დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება მუსიკას თქვენი და ოჯახის მხრიდან? ცხადია, ასეთ ნიჭს ოჯახის წევრები არ დატოვებდნენ უყურადღებოდ.
რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩაერთნენ. სკოლაში ყოველთვის ვიყავი ცენტრალური ფიგურა, რომელიც ღონისძიებებს მუსიკალურად აფორმებდა, ჩემი და კი აკომპანირებას მიწევდა. 9 წლის ასაკიდან ქუთაისში „კონსტანტ რეკორდ სტუდიაში“ მიმიყვანა დედამ. სტუდიიდან დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა, სცენაზე გამოსვლა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სცენაზე, ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვიდექი, მიმყავდა კონცერტები და ვმღეროდი სიმღერებს, რომელთაც ჩვენთვის – ბავშვებისთვის წერდა ჩვენი პედაგოგი. ასე დაიწყო ჩემი ანი და ბანი მუსიკაში.
თუ გახსოვთ, როდის იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა გაიფიქრეთ, რომ მუსიკაა თქვენი მთავარი ცხოვრებისეული გზა?
10 წლის ვიყავი, როცა ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე აღმოვჩნდი. მახსოვს ყელში ბურთის მოწოლის შეგრძნება, კულისებიდან რომ გავიჭყიტე ჩაბნელებულ დარბაზში და ათასობით ანთებული თვალი დავინახე, რომლის სამიზნეც მე უნდა ვყოფილიყავი სცენაზე. თითქოს ზურგიდან რაღაც ძალა მძიმედ მეწეოდა, რომ არ გავეშვი. მაგრამ შემდეგ თავს ვძლიე, ცრემლები შევიკავე, მხრებში გავიმართე და სცენაზე გავედი. სიმღერა რომ დავიწყე, პირველივე ფრაზის შემდეგ მაყურებელმა ტაში ააყოლა ჩემს ნამღერს… მაშინ მთელი არსებით გავიაზრე, რომ ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ვაკეთო. ეს იყო ჩემი ერთგვარი ნათლობა სცენაზე.
სტუდიაში ძალიან აქტიური ვიყავი. რამდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა ბორჯომის ფესტივალში. იქ გავიცანი ნიკა მემანიშვილი, ნანი ბრეგვაძე – ქართული მუსიკის ნამდვილი კორიფეები, რომლებიც მონაწილეებს გვაფასებდნენ, პროფესიულ უნარ-ჩვევებს გვიმუშავებდნენ და ეს, თავისთავად, უდიდესი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის.
შემდეგ იყო ძალიან პოპულარულ ტელეპროექტ „ნუცას სკოლაში“ მონაწილეობის ეტაპი. გაიხსენეთ ეს პერიოდი.
ამასობაში მივედი იმ ასაკამდე, რომ პროფესია უნდა ამერჩია. რაკი მუსიკა ისედაც ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვა მიმართულებით წავედი და ხელოვნებათმცოდნეობა ავირჩიე – კინო და თეატრმცოდნე გავხდი. როცა პროფესია ავირჩიე და მასზე გადავერთე, თითქოს ცოტა მინელდა ჩემი აქტივობა მუსიკის მიმართულებით… პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მომთხოვა, მიმეცა მისთვის ჩემი სიმღერის ჩანაწერი, რომელსაც დაურთავდა ჩემს ფოტოსურათს და გააგზავნიდა იმ პერიოდისთვის ახალ და უკვე საკმაოდ რეიტინგულ მუსიკალური პროექტ „ნუცას სკოლას“ კასტინგზე. რა თქმა უნდა, დამირეკეს, მივედი სიმღერის ცოცხლად შესრულების კასტინგზე. აღმოჩნდა, რომ ბიძინა კვერნაძის სიმღერის შესრულების პირველივე ბგერებიდან მოიხიბლა ჩემით ნუცა ჯანელიძე და ასე მოვხვდი ამ ტელეპროექტში. აქედან დაიწყო ჩემი შეხება პოპულარობასთან. ადამიანები, რომელთაც აქამდე მხოლოდ ეკრანიდან ვხედავდი და ვეთაყვანებოდი, უკვე ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ, მაძლევდნენ რჩევა-დარიგებებს, გულით მგულშემატკივრობდნენ, დადებით შეფასებებს მაძლევდნენ. მთელი საქართველო იყო ჩართული ამ პროექტში და ჩემი სახელიც ამ პროექტის საშუალებით გახდა ცნობილი.
„ნუცას სკოლის“ საშუალებით აღმოგაჩინათ გენიალურმა ქართველმა კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და შემოგთავაზათ თანამშრომლობა. ეს ალბათ, ყველა არტისტისთვის სანატრელი იქნებოდა. გაიხსენეთ, როგორ მოხდა თქვენი დაახლოება?
ბატონმა ალექსანდრემ ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარს − ნოდიკო ტატიშვილს სთხოვა, მივეყვანე მასთან… ალექსანდრე ბასილაიას ჩამოყალიბებული ჰქონდა კვინტეტი და სურდა, ამ კვინტეტის ერთ-ერთი წევრი ვყოფილიყავი. მახსოვს, ნოდიკომ ისე წამიყვანა მასთან, რომ მე არც კი ვიცოდი, სად მივდიოდით. გაიღო კარი და აღმოვჩნდი ალექსანდრე ბასილაიას წინაშე, რომელმაც მაშინვე გულში ჩამიკრა. რამდენიმე სიმღერა ვიმღერეთ იმ დღეს, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მე კვინტეტის წევრი ვიქნებოდი. ეს წარმოუდგენელი ბედნიერება და წარმატება იყო ჩემთვის. მახსოვს, დედაც საოცრად ბედნიერი იყო ამ ფაქტით. 3-4 წელი გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა. გვქონდა გასტროლები, ფესტივალებში ვმონაწილეობდით, ვმუშაობდით რეპერტუარზე, ვასრულებდით სიმღერებს, რომელსაც ალექსანდრე ბასილაია ჩვენთვის წერდა. რა თქმა უნდა, მონაწილეობა მივიღეთ კომპოზიტორის ბოლო საიუბილეო საღამოში, სადაც განაცხადა, რომ მისი ახალი პროექტი ვართ. სამწუხაროდ, კვინტეტი მისი ბოლო პროექტი აღმოჩნდა…
ბატონ ალექსანდრესთან თანამშრომლობა იყო საოცრად ნაყოფიერი და გარდამტეხი ჩემს მუსიკალურ კარიერაში. ძირითადად ხომ ასე ხდება: არტისტებს ბევრი კონკურსის გავლა უწევთ, რათა ისეთმა კომპოზიტორებმა შენიშნონ, როგორიც იყო ალექსანდრე ბასილაია. ჩემთან კი ასე მარტივად, იღბლიანად მოვიდა ეს წარმატება და უდიდესი ბედნიერება, თანაც − საკმაოდ ადრეულ ასაკში.
ამის შემდეგ იყო მეგაპროექტი „ჯეოსტარი“, რომლის მსგავსი მასშტაბის შოუ, ალბათ, არც ყოფილა ქართულ ტელესივრცეში და თქვენ გახდით „ჯეოსტარის“ ფინალისტი. გაიხსენეთ მასში მონაწილეობის პერიოდი.
„ჯეოსტარის“ გამო ალექსანდრე ბასილაიასთან თანამშრომლობის დათმობა მომიწია. „ჯეოსტარი“ იყო პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონსა და წერტილს მოიცავდა და სუპერპოპულარობა მომიტანა. ეს პროექტი პირადად მე საკუთარ თავთან პირველსავე ტურში მოვიგე. ჟიურის თავმჯდომარე ნანი ბრეგვაძე იყო. მახსოვს, მე ალექსანდრე ბასილაიას „ჩიორა“ შევასრულე და ნანი ბრეგვაძის სიტყვები იყო საკვანძო ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ნამღერის შეფასებისას თქვა: ამ ადამიანს, როგორც კონკურსანტს, ვერ შევაფასებ, რადგან პროფესიონალი მომღერალი დგას ახლა სცენაზეო. ჩემთვის ნამდვილად გამარჯვება იყო, როცა პირველსავე ტურზე ასეთი სიტყვები მითხრა სცენის ცოცხალმა ლეგენდამ.
სალომე, როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანი ცხოვრება „ჯეოსტარის“ შემდეგ?
გაგრძელდა ერთი მხრივ, პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით. თეატრალურ, მუსიკალურ სკოლა-სტუდიაში მიმიწვიეს ვოკალის პედაგოგად, რაც კიდევ ერთი უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იყო ჩემთვის. სტუდიაში ჩემზე პატარებთან თუ თანატოლებთან ვმუშაობდი ახალ სიმღერებზე, ვუზიარებდი მათ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.
გარდა ამისა, ბენდთან ერთად დავიწყე მუშაობა კლუბში „მარჯანოვ ექსპრესი“, სადაც ჩვენს მოსასმენად ნამდვილი მელომანები დადიოდნენ. ტანია მარიაც კი იყო მოსული ჩვენთან ზაზა შენგელიასთან ერთად. ამასობაში, ისე გამოვიდა, რომ მოთხოვნად მომღერლად ჩამოვყალიბდი და საბედნიეროდ, დღემდე ასეა.
თქვენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც არაერთი კონცერტი გაქვთ ჩატარებული, ხომ ასეა?
დიახ, უამრავი გასტროლი მქონდა − როგორც ინდივიდუალურად, სოლოკონცერტის სახით, ასევე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წლებია, რაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების თუ საკონსულოების მიწვევით ვატარებ მუსიკალურ საღამოებს, ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის. ძალიან ხშირად ვმღერი მათთვის ქვეყნის ჰიმნს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საზღვარგარეთ.
კვლავ დავუბრუნდეთ ტელეპროექტების თემას. თქვენ კიდევ არაერთ პოპულარულ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა და იქაც დიდი წარმატებით. იყო „ბრავო“, ასევე, ძალიან პოპულარული „ერთი ერთში“. გაიხსენეთ ამ პროექტებში მონაწილეობისა და გამარჯვების ემოციები.
„ბრავოში“ ტელევიზიის რჩეული სახეები ვიღებდით მონაწილეობას და ამდენ ნიჭიერ მომღერალს შორის მე გავხდი გამარჯვებული. ეს ნამდვილი შოკი და მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემთვის. ამ პროექტში გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა ჩემი გულშემატკივრების არმია და პოპულარობა.
შემდეგ იყო პროექტი „ერთი ერთში“, რომელიც უდიდესი გამოწვევა გახლდათ ჩემთვის. დიდხანს ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მასში მონაწილეობა. აქ უკვე სამსახიობო ნიჭის მხრივაც გამოვცადე საკუთარი თავი. ყოველ კვირას სხვა ადამიანად გარდასახვა მომღერლისთვის ურთულესი ამოცანაა. იყო ნომრები, სადაც ჩემი დავალება სქესის შეცვლა და მამაკაცად გარდაქმნა იყო − როგორც ხმით, ასევე, ვიზუალურად და მანერულად. ეს იყო პროექტი, რომელიც ყველაზე დიდ შრომას, ფიქრს და დროს მოითხოვდა. საკმაო დისკომფორტი იყო ურთულესი კოსტიუმით და გრიმით ცოცხლად სიმღერის შესრულება. მუდმივად ვმუშაობდი სარკესთან. როცა ჩემ მიერ განსასახიერებელი არტისტი ქართველი იყო, ვიწყებდი მასთან კომუნიკაციას, ვაკვირდებოდი მანერებს, ვიღებდი რეკომენდაციებს სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებით და ყურადღებას ვაქცევდი ყველა დეტალს, რაც გარდასახვასა და ნომრის სრულყოფაში დამეხმარებოდა. ამ პროექტის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება საკუთარ თავთან გამარჯვების ტოლფასია, ჩემთვის საამაყო და უდიდესი გამოცდილებაა.
სალომე, თქვენი სამსახიობო მონაცემები განსაკუთრებით აღსანიშნავია ნოდიკო ტატიშვილთან ერთობლივი, საკმაოდ პოპულარული სიმღერის მუსიკალურ კლიპში, რომელსაც 18 მლნ-მდე ნახვა აქვს და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
ამ სიმღერას უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ჩემს შემოქმედებასა და კარიერაში. მისი შესრულების შემდეგ ბოლომდე შევიგრძენი, თუ რამდენს ნიშნავს, როცა ჩემს სიმღერას ათასობით ადამიანი მღერის და ის უყვართ, როცა კონცერტზე ჩემთან ერთად მღერის მთელი დარბაზი. სხვათა შორის, დღემდე უამრავი ადამიანი აღნიშნავს ჩემი და ნოდიკოს სამსახიობო მონაცემებს ამ ვიდეოში, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამ სიმღერამ ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ღონისძიებაზე − 2018 წლის „ოქროს ტალღაზე“ მთავარი პრიზი − „წლის სიმღერის“ ტიტული მოიპოვა. ეს გამარჯვება ნამდვილი დასტური იყო იმ სიყვარულისა, რაც ჩვენმა სიმღერამ საკმაოდ სწრაფად მოიპოვა მსმენელთა გულებში.
თქვენ კინოშიც გაქვთ მიღებული მონაწილეობა… რამდენად სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოცდილება თქვენთვის?
ანა სანაიამ დამაკავა მის მიერ გადაღებული ტრილოგიიდან ორ ფილმში. ეს გახლდათ ქართულ-ებრაული პროექტი, სადაც კაბარეს მომღერლის როლი მერგო. სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. წინა საუკუნეებში დავბრუნდი, მაშინდელი კოსტიუმები, გრიმი, გადაღებები ძალიან საინტერესო იყო. მე ვფიქრობ, თუ კიდევ იქნება საინტერესო შემოთავაზებები, კინოს ხაზს გავყვები ჩემს შემოქმედებაში.
სალომე, ხშირად ხართ ჟიურის მოწვეული წევრი მუსიკალურ კონკურსებში. როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს ამ როლში?
რადგან მე თვითონ კონკურსებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება მაქვს, ვცდილობ, ყოველთვის ობიექტური ვიყო შეფასებების დროს და ჩემ მიერ კონკურსანტებისთვის ნათქვამი თითოეული სიტყვა საჭირო და სასარგებლო რეკომენდაცია აღმოჩნდეს მათთვის, რათა პროფესიულად უფრო გაიზარდონ. არაერთხელ ვყოფილვარ უდიდესი მუსიკალური კონკურსის − ევროვიზიის ჟიურის წევრი და ჩემი დიდი სურვილია, თავადაც მოვსინჯო ძალები ამ კონკურსზე.
რა ან ვინ არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მოტივატორი?
საქმიანი ცხოვრების პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩემი ზრუნვა და სიყვარული არ აკლდება ჩემს ოჯახს – მეუღლეს და შვილს, დედას, დას, მეუღლის ოჯახს, ადამიანებს, რომლებიც მაძლევენ საშუალებას და დიდ მოტივაციას, შემოქმედებითად მუდმივად წინ წავიდე. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შემოქმედება იყოს მხიარული, პოზიტიური, ფერადი, რათა დადებითად აისახოს ადამიანების განწყობაზე და ამის ერთ-ერთი დასტურია ჩემი ვიდეორგოლი სიმღერაზე „აღარ გიცდი“, რომელიც პანდემიის დროს ჩავწერე და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად ვემზადები ჩემი შემოქმედების შემაჯამებელი სოლოალბომის გამოსაშვებად, რომელსაც მალე შევთავაზებ საკუთარ გულშემატკივრებს.
ჩვენი საინტერესო საუბრის დასასრულისკენ, მინდა, სამომავლო გეგმებზე გკითხოთ: რას აპირებს მომავალში სალომე ბაკურაძე?
ჩემი გეგმები იმ აღმოჩენების გაკეთება და რეალიზებაა, რომელიც ქვეყნებს გასცდება. მინდა, ის მოტივაცია დავიბრუნო, რომელიც კარიერის დასაწყისში მქონდა. არ მინდა იმას დავჯერდე, რაც მოვიპოვე და უკვე მაქვს. შესაძლოა, ბევრისთვის ჩემი კარიერა საოცნებოც კია, მაგრამ არ მსურს, თავად კმაყოფილი ვიყო ამ ყველაფრით და ამ ეტაპზე შევჩერდე. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი გრძელვადიანი გეგმები. მინდა, ბევრად დიდი ნაბიჯები გადავდგა, ვიდრე აქამდე გადამიდგამს.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე