საქართველოში იბადებოდნენ… დიახ, ლადო ასათიანის ეს ლექსი ჩემმა რესპონდენტმა გამახსენა. ბოლო შეკითხვაზე პასუხი ასე დაამთავრა და მეც გრძნობები ამეშალა. რამდენი მნიშვნელოვანი თემაა ჩადებული ამ ხუთკუპლეტიან ლექსში… ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ იმ ბედნიერ დღეს უნდა გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე… მთავარი სწორედ ესაა, რადგან ღმერთმა დაუშვა ჩვენი ამქვეყნად მოვლინება, ე.ი. არის მიზეზი და მიზანიც, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ… ჰოდა, ყურების ჩამოყრის დრო არცერთ ეტაპზე არ არის, რადგან ბავშვობა (ფიზიკური თვალსაზრისით) თუ არასდროს დაბრუნდება, მთავარია შინაგანად არ დავკარგოთ ეს ბავშვური სული, გულწრფელობა და სილაღე ჩვენში… ასე შევძლებთ ბედნიერი მომავლის შექმნას, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ − სწორედ ისე, როგორც ამას ქადაგებს ევროპული, ქრისტიანული მსოფლხედვა… ვსაუბრობთ ახალი თაობის ღირებულებებსა და მისწრაფებებზე, ლაშაო გაბუნიასთან ერთად.
ლაშაო, მოგვიყევით, რას საქმიანობთ და ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში რომელია ის ძირითადი, მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც გიწევთ?
ახლა ვმუშაობ მხოლოდ თეატრში. რამდენიმე დღეში ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს და ვფიქრობ გამიმართლა, რომ უკვე თეატრში ვარ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ესე არ არის ხოლმე. როდესაც კარიერის საწყის ეტაპზე ხარ, ალბათ, არც არის შესაძლებელი, განებივრებული იყო როლებით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ნამდვილად არ ვარ. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა ბევრი რამ გქონდეს სათქმელი შემოქმედებითად, თუმცა ეს ერთიანად არ ხდება. დრო არის საჭირო, მოთმინების უნარი და თავდაჯერება. მსახიობის, ხელოვანის შემოქმედებითი სამუშაო პროცესი უმნიშვნელოვანესია განვითარებისთვის, რაც ამ პერიოდში ინერტულია ბევრი მიზეზის გამო.
ხელოვნებაში, ალბათ, მთავარია იცოდე − როცა რაღაცას აკეთებ, რისთვის აკეთებ. თუ ამაზე პასუხს გასცემ, შეგიძლია აკეთო და მნიშვნელობა არ აქვს მედიუმს. მეც საკუთარ თავს ვცდი ხოლმე სხვადასხვა დარგში. პანდემიის პერიოდში, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, ასე გავაკეთე რამდენიმე დამოუკიდებელი არტ-პროექტი. როცა სოციალურ თემებზე ვმუშაობ, თავიდან ვიწყებ ხოლმე თემაზე ფიქრს, ვამუშავებ და შემდეგ ვწყვეტ ვიზუალიზაციის იდეას. ძალიან მიყვარს სიმბოლიკა და ის მომენტი, როცა ინტუიციით ვგრძნობ რაღაცას, შემდეგ კი აღმოვაჩენ, რომ სიმბოლური კავშირი არსებობს.
საკუთარ თავზე დაკვირვებაა ის, რასაც ბოლო პერიოდში ხშირად ვაკეთებ. ახალ ემოციებს ვეძებ და შემდეგ ვცდილობ გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს, რას და როგორ ვგრძნობ ამ დროს. რა მდგომარეობაშია ჩემი სხეული. ვიცი, რომ ამას ადამიანები მუდამ აკეთებენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია, ეს რაღაცნაირად საკუთარი თავის შესწავლას ჰგავს და ბევრი ისეთი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი, რაზეც, ალბათ, აქამდე არ მიფიქრია.
ახალგაზრდა თაობა − ერის მომავალი მის გარეშე წარმოუდგენელია. რომელი ფასეულობებით უნდა იყოს ნასაზრდოები მათი სულისკვეთება?
ახალგაზრდა თაობა ძალიან ბრძოლისუნარიანია, თავისუფლების ძიებისკენ მისწრაფებული. ადამიანები, ჩემ გარშემო, ვფიქრობ, მზად არიან იბრძოლონ თავიანთი ღირსებისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ მეც ასე ვარ.
რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელ საზოგადოებაში?
რთულია ვთქვა, რა მომწონს და რა არა. საერთოდ მგონია, რომ ადამიანები ვერგებით მოცემულობას, რომელიც ჩვენთვის კომფორტის ზონაა და თვითმიზანი არა მისი რღვევა, არამედ შენარჩუნებაა, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში.
ქართული ტრადიციების მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?
ტრადიციები კულტურის ნაწილია. ეს არის ერთგვარი კოდი, რომელიც ყოველდღიურობაში თან დაგვყვება. ტრადიციების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას აქვს უარყოფითი და დადებითი მხარეები, რომელთა ნაწილიც უბოროტოა. ასევე, მრავლად არის ტრადიციების ის ნაწილი, რომელიც თავისი არსებობით საფრთხეს უქმნის ადამიანების კეთილდღეობას. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს არის საძიებო მასალა, რომელიც ძიების პროცესში მიჩენს სურვილს, მოვახდინო ძველის განახლება.
რუსეთ-უკრაინის მიმართ თქვენი განწყობაც შევაფასოთ. როგორია ის?
უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა უმთავრესი − რწმენის ძალა. არასდროს დამავიწყდება კადრები, ეს ადამიანები როგორ დადიოდნენ ხელში აყვანილი, ვეებერთელა ძაღლებით, ჩამონგრეულ ქუჩებში. ეს ერი უდიდესი მაგალითია მსოფლიოსთვის და უპირველესად − ჩვენი ქვეყნისთვის. მათ აქვთ ღირსება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა თავისუფლებისთვის მებრძოლი სულისკვეთების მქონე სახელმწიფოსთვის. აი, რუსეთზე სათქმელი ერთია − ოკუპანტია! პუტინი − ღორი!
ახალგაზრდების წარმომადგენელი ხართ და გულწრფელად მაინტერესებს − თქვენი აზრით, არსებობს ე.წ. ორი რუსეთი? პუშკინის, ტოლსტოის, დოსტოევსკის… უკვალოდ გაქრა?..
ჩემთვის, დღეს არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი − ძალადობითა და ბოროტებით სავსე, დიდების იდეით შეპყრობილი გიგანტური სახელმწიფო, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმ ბოროტების ფასის გადასახდელად, რასაც დღეს აკეთებს.
ბულინგის თემასაც მინდა შევეხო − ჩემს ბავშვობაში ამ ტერმინს არ ვიყენებდით. იქნებ თვითონ ტერმინებმა დაამკვიდრა უღირსი ქცევები? გიფიქრიათ ამაზე?
არ მგონია, ერთმანეთის დაბულინგების სურვილი ტერმინის ტენდენციურობის ბრალი იყოს. თუმცა, ტენდენციურია ერთმანეთის ჩაგვრა, სხვადასხვა დოგმატური მიზეზის გამო, ასევე იმის გამო, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, რაც ძალიან დიდ სტრესში აგდებს ადამიანებს. სულაც არ მჭრის ყურს სიტყვა „ბულინგი“. საქართველო მორალური განვითარების საწყის ეტაპზეა და აუცილებელია მსგავს თემებზე ღიად საუბარი.
„ბულინგის“, როგორც ტერმინის, ყურის მოჭრაზე მეტად მე ის ვიგულისხმე, რომ იქნებ ისევ ჩვენშია პრობლემა? რომ ამ საკითხს იმდენად დიდი პროპაგანდა მოჰყვა, თითქოს პოპულარული გახდა მუდმივად სხვისი დაბულინგება − გადახედეთ სოც. ქსელებს, მუდამ ასეა…
სოციალურ ქსელებში რაც ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ 95% არაჯანსაღია. საერთოდ, როგორ შეიძლება ჯანსაღი იყოს რაიმე, სადაც საფუძველი შური და ერთმანეთის დამცირების სურვილია. ჩემი აზრით, ესეც იმის ბრალია, რომ ადამიანები სტრესში არიან. უბრალოდ უამრავი დრო აქვთ და ასე ხარჯავენ. მართლა მგონია, რომ ამ ადამიანების ნაწილს მაინც, თუ ექნება თავისი საქმე და შესაბამისი ანაზღაურება, ინტერნეტში სხვების ბულინგის მცდელობის არც სურვილი ექნებათ და არც დრო.
როგორია საქართველო, რომელშიც გსურთ 30 წლის შემდეგ იცხოვროთ?
სადაც თანასწორი უფლებები ექნება ყველა ადამიანს. არ მოხდება გარჩევა სქესის, კანის ფერის, სოციალური კლასის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით. ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება ადამიანების შრომა. ევროპულ საქართველოში ვისურვებდი ცხოვრებას. ჩემი აზრით, ღირებულებები, რომლებიც ევროპას აქვს, გულისხმობს თავისუფლების შინაარსის განსაზღვრებას.
ის, რაც არ მოგწონთ ძველ თაობაში და რაც გენატრებათ დღევანდელ ურთიერთობებში…
არ მიყვარს თაობათა ომებში ჩაბმა. უბრალოდ ვისურვებდი, რომ ერთმანეთის მოსმენა შეგვეძლოს და შემდეგ გვესმოდეს ერთმანეთის.
მომავლიდან რომ აგზავნიდეთ წარსულში წერილს, ვის გაუგზავნიდით ან რას ჰკითხავდით?
ბაბუაჩემს მივწერდი, რომ მენატრება და იმედი, რომელიც ჩემზე ჰქონდა დამყარებული, არ გავუცრუე.
ბაბუა ახსენეთ, და ოჯახი თქვენთვის არის ის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას სამყაროს მთავარი ფასეულობები?
არ ვიცი, სამყაროს ფასეულობები რაზე დგას. მე, უბრალოდ, კარგად მახსოვს ბაბუაჩემი, რომელსაც უნდოდა სამართლიანი და კეთილი ადამიანი ვყოფილიყავი. თუ მე ხელოვნებასთან კავშირის მცდელობა მაქვს, ბაბუას დიდი წვლილი მიუძღვის ამაში.
ჰობი…
ხატვა.
„საქართველოში…“ − დაასრულეთ წინადადება.
„…იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე…“
ყდის გმირი: ლაშაო გაბუნია
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: მარიამ კუხალაშვილი
ჩაცმულობა: DATUNA
ტექსტი: მარიამ გაბედავა