უსმენ და ხვდები, რას ნიშნავს პროფესიისადმი ნამდვილი სიყვარული, რომელიც აძლევს შესაძლებლობას, ბოლომდე დაიხარჯოს და სხვებსაც აგრძნობინოს მისი აუცილებლობა. „OK! ბათუმის“ სტუმარი ფიტნესინსტრუქტორი, საბინა ხაჯიშვილია, რომელიც არაერთ ქალბატონს დაეხმარა, უკეთესობისკენ შეეცვალათ ცხოვრება. მსოფლიო ჩემპიონის ოჯახში აღზრდილს ყოველთვის სჯეროდა, რომ ის საქმე, რაც მთელი არსებით შენია და რაშიც მთელ ენერგიას და შესაძლებლობებს დებ, აუცილებლად მიგიყვანს გამარჯვებამდე. მიიჩნევს, რომ გამარჯვებაა, როცა დღეს 300-მდე გოგო უცხადებს ნდობას და ხდება მათი ტრანსფორმაციის თანამოზიარე. რა სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს ფიტნესსფეროში, რა ინდივიდუალური მიდგომები გამოარჩევს სხვებისგან, რა ტიპის დასვენებას ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები – გაეცანით პასუხებს „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.
ბავშვობა… პროფესია… ინტერესები…
5 წლიდან ჩართული ვარ სპორტში, ვინაიდან ჩემი მამა მსოფლიო ჩემპიონია კარატე-დოში. შესაბამისად, მთელი ოჯახი „მოწამლული“ ვართ სპორტით. კარატე, ჩოგბურთი, მხატვრული ტანვარჯიში, ქართული ხალხური ცეკვები, ახალგაზრდული სპორტული შეჯიბრებები, სპორტის ზამთრის სახეობები და ა.შ. უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო. ყველგან ვმონაწილეობდი.
დავასრულე ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი გახლავართ (ინგლისური ენა/ლიტერატურა). ჩემი პროფესიით ვმუშაობდი სამ საჯარო სკოლაში, სხვათა შორის, ძალიან მოთხოვნადი პედაგოგი გახლავართ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ლოს-ანჯელესში (ჰოლივუდში), სადაც მოღვაწეობდა ჩემი ძმა დევი. იმ დროისთვის ის ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა იქ. ინგლისური ენის საბაზისო კურსიდან ჩამოვიტანე სიახლეები სკოლის მოსწავლეებისთვის და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სერტიფიკატი. ამის შემდეგ ისევ გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, შტატ ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ასევე გავიარე ერთთვიანი კურსი და მოვიპოვე საერთაშორისო სერტიფიკატი. ბათუმში რომ დავბრუნდი, ჩავაბარე მაგისტრატურაზე (ქართული ენის ფილოლოგია). ჩემი იმდროინდელი ინტერესები გახლდათ: ოჯახი, სწავლა, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, თვითრეალიზაცია და ა.შ. მყავს ულამაზესი ოჯახი, მეუღლე, ირაკლი კომახიძე, ისიც სპორტსმენი (ფეხბურთელი), ამჟამად ბიზნესმენია, ბათუმს ალამაზებს და აშენებს ელიტურ სახლებს. მყავს 15 წლის უმშვენიერესი ქალიშვილი, მარიამი და 4 წლის დავითი.
იყო ფიტნესინსტრუქტორი, მოიპოვო ადამიანების ნდობა, ნიშნავს…
ყველაფერს! ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივია – ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ და არასოდეს ეცადო ვინმეს მოსაწონებლად ან შთაბეჭდილების მოსახდენად საკუთარი „მე“ შეცვალო. ჩემს მაგალითს მოგიყვანთ: მეორე ფეხმძიმობის დროს დავიწყე აქტიური ვარჯიში, უამრავი გოგონა მწერდა. ზოგი ფეხმძიმე იყო და ჩემთან ერთად ვარჯიში სურდა, ზოგს კიდევ ძალიან ეშინოდა ყურებისაც კი. ჩვენთან ხომ სტერეოტიპია, ფეხმძიმისთვის ვარჯიში როგორ შეიძლება! მოკლედ, ჩემი ფეხმძიმობის ვარჯიშის დროს ძალიან ბევრ გოგონას მივეცი სტიმული. არც კი წარმოედგინათ, რომ ფეხმძიმეს ვარჯიში საერთოდ შეუძლია… დავითის გაჩენიდან 3 თვეში ისეთ მაგარ ფორმაში ჩავდექი, ყველას ეგონა, რომ რაღაც წამლები დავლიე ან სხეულზე ოპერაცია ჩავიტარე. არადა, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ყოველდღე ეტლით გავდიოდი ზღვისპირა პარკში და როდესაც ბავშვს ეძინა, ამ დროს ვვარჯიშობდი. არავის წარმოედგინა, რომ ვარჯიშით და სწორი კვებით მოკლე ვადაში ასეთ შედეგს მივაღწევდი. სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი მყავს, შესაბამისად, ყველა მადევნებდა თვალყურს, ვიდეოს სახით ყოველდღე ვუზიარებდი ადამიანებს ჩემს ვარჯიშებსა და შედეგს. ისეთი მოთხოვნა წამოვიდა გოგონებისგან, გავხსენი ჯგუფი. პირველ ვარჯიშზე 3 გოგონა მესწრებოდა და დღეს უკვე 300-მდე ულამაზესი ქალბატონი ვარჯიშობს ჩემთან. ეს ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია შენი პროფესიონალიზმი გაუზიარო სხვას და გააბედნიერო.
ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება თქვენი ოჯახის ტრადიციაა. რას ნიშნავს, როცა ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი ხარ, დამატებით რა პასუხისმგებლობაა ეს?
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და შემდგომ ეს სწორად უნდა გადასცე სხვას, რათა მათ აიტაცონ ჩვენი სწავლება. იგრძნონ საკუთარ თავზე დადებითი მუხტი/ეფექტი და დარჩნენ კმაყოფილები. მეც მშვიდად ვიქნები, როდესაც ჩემთან მოვარჯიშე საზოგადოება იქნება კმაყოფილი და ჩემი სწავლება გაამართლებს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ ჩემი მამა არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონია შოტოკან კარატე-დოში, ამ სახეობის მაღალი რანგის მფლობელი, მსოფლიო შოტოკან კარატე-დოს წევრი, შავი ქამრისა და 7 დანის მფლობელი. ხვდებით ალბათ, რომ ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, სხვა ბილიკი აგვერჩია. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი…
რა სტერეოტიპი არსებობს დღეს ფიტნესსფეროში, რომლის დამსხვრევასაც ცდილობთ?
ოფიციალურად, როგორც ფიტნესსინსტრუქტორი, უკვე 4 წელია ვმუშაობ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პრობლემებს ვეჯახები ხოლმე გოგონებთან ურთიერთობისას. გეთანხმებით, არსებობს გარკვეული სტერეოტიპები ფიტნესის სფეროში, რაც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს და მინდა გესაუბროთ მათზე. თუკი ჩვენ პროფესიონალურად მივუდგებით არსებულ საკითხს, მაშინ ფიტნესკლუბებში ვარჯიშები დამოკიდებულია ძალიან დიდ პრობლემებთან. კერძოდ, იქ არ ხდება კონცენტრირება ჩვენი ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულების დროს, რაშიც ხელს გვიშლის მუსიკა, ერთმანეთისადმი „პოზიორობა“, რომელიც გვართმევს ყურადღებას. ვარჯიშის დროს საჭიროა გონებრივი სიფხიზლე. ე.ი. ზედმეტად კუნთების დაბერვა და მის არაბუნებრივ ფორმებში მოყვანა, უბრალოდ იმიტომ, რომ ლამაზია, ეს ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და თავისუფალი გადაადგილებისთვის არ არის კომფორტული.
გაცილებით უფრო დიდი ეფექტი აქვს ბუნებაში ვარჯიშს, აი, მაგალითად, ზღვისპირა პარკში. ჩვენ გვჭირდება ჟანგბადი, რომელიც მხოლოდ ბუნებაშია და არა დახურულ სივრცეში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვით ვარჯიშებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ ესმის ბუნების ეფექტური ზეგავლენა ორგანიზმის მიმართ, თავიანთი კომპლექსებისა და მენტალობის გამო. 21-ე საუკუნეა და მთელი მსოფლიო გადასულია მსგავს ვარჯიშებზე ბუნებაში. ეს არის შეუდარებელი საშუალება, მითუმეტეს ჩვენთან, სადაც ბუნებრივადაა განაშენიანებული ზღვისპირა პარკი. ეს სურნელი ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად აისახება, რასაც ვერცერთ აფთიაქში ვერ იყიდი.
სამწუხაროდ, არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ბულვარში ვარჯიში სირცხვილად მიაჩნია. ამბობენ, რას იტყვის ის, რას იტყვის ეს და არაერთი მიზეზი მოჰყავთ. გახსოვდეთ, საკუთარ თავს შველით მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, იყავით დამოკიდებული საკუთარ თავზე და არა სხვაზე, მაგალითად „დაქალზე“, იმას მოუნდება თუ არ მოუნდება ვარჯიში. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დაბალი ინტელექტი. მოუსმინეთ საკუთარ გულისცემას, სურვილებს და არა სხვისას, ეს არის უტყუარი.
როგორი განცდაა, როცა ადამიანებს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში ეხმარებით?
ამ დროს ემოციებს საზღვარი არ აქვს. ბედნიერი ხარ, ისიც ბედნიერია. მიგზავნიან უამრავ შეტყობინებას, ფოტოებს, „იცი, საბინა, ეს შარვალი არ მეტეოდა“ , „ამ კაბას ვერ ვიცვამდი, ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა და შენი დამსახურებით მომეხსნა ეს კომპლექსი. უღრმესი მადლობა, მადლობა, მადლობა“. ცრემლები მადგება ხოლმე, როცა მათ შეტყობინებებს ვკითულობ. ზოგადად, ძალიან ბევრი მიზეზია, რისთვისაც დახმარებას მთხოვენ. ძალიან ბევრ პატარძალს ვეხმარები მათი საოცნებო კაბის მორგებაში. ვიღაცა სამოგზაუროდ მიდის და ფორმაში ჩადგომა უნდა, ახალნამშობიარებ დედიკოებს ვეხმარები ყველაზე უფრო, ასევე სქოლიოზის მქონე ადამიანებს.
რა ინდივიდუალური მიდგომები გაქვთ, რომელიც გამოგარჩევთ სხვებისგან?
ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რომ ჩემთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულებაა ერთმანეთისადმი. ჩემთან ერთმანეთის პრობლემების გაზიარება, ნუგეშისცემა, ხელის გაწოდება, გუნდურობა და ვარჯიშთა მრავალფეროვნებაა. სამწუხაროდ, მწვრთნელთა უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია სიგარეტზე, ე.წ ვეიპზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და მედიკამენტებზე, რაც ჩემთვის მიუღებელია. ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ აი, როგორი კარგი ვარ მე, არ ვეწევი და ისინი ცუდები არიან. უბრალოდ, ერთიმეორესთან არ არის თავსებადი და ეს ყველაფერი დროებით ეფექტთან არის დაკავშირებული. ანუ გქვია ტრენერი, რომელმაც მაგალითი უნდა მისცე სხვას და ეწევი?! თქმაც აღარ სჭირდება, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და, რაც მთავარია, ცუდად აისახება სპორტულ შედეგზეც.
ბათუმი, მისგან მიღებული ემოციები…
ბათუმი საქართველოს ულამაზესი ქალაქია. იყო ბათუმელი, არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ემოციები ძალიან დიდია, მითუმეტეს, სადაც დავიბადე და აღვიზარდე, ჩემთვის ყველა კუთხე-კუნჭული არის მშობლიური და ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია, რათა კვლავაც გავაგრძელო მუხლჩაუხრელი შრომა და ჩემი საქმიანობა გავხადო უფრო მეტად პოპულარული. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არის ბათუმიდან და ბათუმელობიდან მიღებული ნაყოფი.
რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების მთავარ მისიად?
რაც შეიძლება მეტი მომავალი თაობისა და საზოგადოების ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებში. ჩემი არჩეული პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების მთავარ მისიად დასახული მაქვს უექიმოდ, უწამლოდ, სპორტული აქტივობების დახმარებით ჩემი და ჩემი ოჯახის ხანგრძლივი ცხოვრება. აი, ზუსტად ამას მოვუწოდებ ჩემთან მოვარჯიშე სულიერად და ფიზიკურად უმშვენიერეს გოგონებსაც.
როგორია თქვენი განტვირთვის დრო, რა ტიპის დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?
სიმართლე გითხრათ ჩემთვის დასვენება არ არსებობს. მე ვისვენებ სპორტით! სადაც არ უნდა წავიდე, დილა იწყება ვარჯიშით/მედიტაციით, შემდეგ ჯანსაღი საუზმით. ოჯახთან ერთად ვსეირნობ ბუნებაში, ვბანაობ ზღვაზე/აუზზე, ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე, ასევე უცხოეთშიც. აქვე გამოგიტყდებით, რომ მიყვარს გემრიელად ჭამა (იცინის). თუ განტვირთვაა, ბოლომდე განტვირთვა იყოს. ასევე, მიყვარს ექსტრემალური გართობა, მაგალითად: პარაშუტი, ზიპლაინი, რაფტინგი, კვადროციკლით მგზავრობა და სამთო კურორტებზე თხილამურებით დაშვება.
რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით…
ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს: სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის კარგ რეჟიმს, პირად ჰიგიენას, მავნე ჩვევების არქონას, როგორებიცაა: ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი მოწევა და არასწორი კვება. აგრეთვე, სტრესის მართვას, სულიერ კეთილდღეობას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. ასევე, გჭირდებათ მიიღოთ და გასცეთ სიყვარული და თანაგრძნობა, პატიება, სიცილი, მხიარული ურთიერთობები საკუთარ თავთან და სხვებთან. ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს ერთი კონკრეტული განმარტება არ გააჩნია. აი, მაგალითად, რაც უფრო ჯანმრთელი ხართ, მით უფრო ნაკლებად გიწევთ ექიმთან ვიზიტი.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩემი საქმიანობის უფრო მასშტაბურად განვითარება. მაქვს გეგმები, მიზნები და ამოცანები. ვაპირებ საკუთარი ფიტნესკლუბის გახსნას. მსურს ჩემი საქმიანობა გავხადო უფრო მეტად პოპულარული, არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში და უცხოეთშიც. ამ წლის ოქტომბერში მივემგზავრები გრანდიოზულ საერთაშორისო „დუბაი აქტივ შოუზე“, სადაც 38 000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მეც მათ შორის. აქ იქნება შეჯიბრებები, ვარჯიშები, ცნობილი სპორტული ბრენდები, პოპულარულ ფიტნესტრენერებთან ინტერვიუები და ა. შ. ცოტას დავტოვებ საიდუმლოდ და რომ დაგიბრუნდებით, უფრო ვრცლად ვისაუბრებ ჩემს ინსტაგრამ და ფეისბუქგვერდებზე.