როდესაც ადამიანები განსაკუთრებით განიცდიან ემოციურად მძაფრ მოვლენას, დროის აღქმა შესაძლოა დაიკარგოს. მოვლენა, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, შენთვის შესაძლოა თვალის დახამხამებაში გავიდეს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის სიკვდილთან ახლოს არსებულ გამოცდილებას, როგორიცაა ავტოავარია, ან დაგემართოს მაშინ, როცა ადამიანი ერთდროულად ივსება იმდენი ინფორმაციით, რომ მისი მეხსიერება უაღრესად მჭიდრო ხდება ყველა სტიმულის დასამუშავებლად. ამ ფენომენის სავარაუდო მუსიკალური ასახვა შეიძლება მოისმინოთ უილიამ ბასინსკის The Disintegration Loops-ში − ემბიენტური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან და დამანგრეველ ნაწარმოებში, რომელიც 11 სექტემბერს დაემთხვა და მოგვიანებით მიეძღვნა კიდეც. ამ ნამუშევრის მოსმენამ შესაძლოა თქვენს გონებაზე ისე იმოქმედოს, რომ სრულიად წაშალოს ზღვარი გარესამყაროსა და თქვენ შორის, და გარეთ თუ რაიმე ინგრევა, თქვენც დაგანგრიოთ.
The Disintegration Loops ამერიკელ ავანგარდისტ კომპოზიტორ უილიამ ბასინსკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. მან სცადა ძველი ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადატანა, ამ დროს კი ორიგინალური ფირები გაფუჭდა. ამ უკანასკნელმა დაშლა დაიწყო და შესაბამისად იშლებოდა მელოდიაც, მაგრამ ბასინსკისთვის ამ პროცესში მიღებული ჟღერადობა სრულყოფილი გახდა.
„დაშლის მარყუჟები“ იმდენად ჰიპნოზური მუსიკაა, რომ მსმენელი მოსმენისას მაშინვე გაიაზრებს – ეს არა მხოლოდ ემბიენტური მუსიკის კლასიკა, არამედ რაღაც უფრო მეტია. ეს პროექტი დასრულდა 2001 წლის 11 სექტემბრის დილას ნიუ იორკში, როდესაც ბასინსკის თვალწინ თვითმფრინავი შენობას დაეჯახა… ეს იყო ტერორისტული თავდასხმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. მეორე დღეს მან გადახედა კადრებს და შეუერთა თავის ახლად შექმნილ ხმოვან ნაწარმოებს, რითაც მუსიკამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. გაფუჭებული კომპოზიცია, რომელიც ოდესღაც საორკესტრო ნაწარმოები იყო, ახლა წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე კატაკლიზმურ და ფატალურ მოვლენას ქვეყნის ისტორიაში. ამ ხმებმა კიდევ უფრო დიდი ემოციური სიღრმე შესძინა ბასინსკის ნამუშევარს. მან ტყუპი შენობის განადგურების სურათი ალბომის გარეკანად გამოიყენა.
ეს გახდა „სამყაროს დასასრულის საუნდტრეკი“, − აღნიშნა ბასინსკიმ.
The Disintegration Loops თითქოს სიკვდილის მეტაფორა გახდა. ამ სევდიანი, მელანქოლიური და შემაძრწუნებელი კომპოზიციის მოსმენა მუსიკიდან, ხმაურიდან სიჩუმეში გადასვლას ჰგავს. უსმენ და იაზრებ, რომ საბოლოოდ ყველაფერი იშლება და მტვერს უბრუნდება. ჩვენ ვუსმენთ მუსიკას, რომელიც ჩვენ თვალწინ ქრება.