დღევანდელი ჩვენს გმირს იურისტობაზე არასოდეს უოცნებია, თუმცა ამ პროფესიის არჩევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროფესიის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ადვოკატს, სამართლის დოქტორს, პროფესორს და კიდევ არაერთი რეგალიის პატრონს, ნინო ლიპარტიას. ადამიანს, რომელსაც საკუთარი საქმე უზომოდ უყვარს და ეს სწორედ მისი წარმატებული კარიერის საწინდარია.
ნინო, რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პროფესიას ჩემს ცხოვრებაში დიდი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დავიბადე და გავიზარდე მედიკოსების ოჯახში, შესაბამისად, მედიცინასა და პაციენტის ინტერესებს ჩემს ოჯახში დიდი ადგილი ეჭირა. ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტიკით დავინტერესდი. სკოლის პერიოდიდან ინტენსიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობაში და მათ შორის, სატელევიზიო საბავშვო კონკურსებსა და გადაცემებში. ამასთან, ვიყავი გაზეთის საბავშვო რუბრიკის კორესპონდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში იურისტობაზე არასოდეს მიოცნებია და მიფიქრია, დღეს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მართალია, ჩვენი პროფესიული საქმიანობა თავდაუზოგავ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა მოგებული სასამართლო დავა, როდესაც დარღვეული უფლების აღდგენა ხდება, გავიწყებს ყველა იმ სირთულესა და შრომას, რომელიც ამ შედეგისთვის გასწიე.
საბედნიეროდ, ჩემი პრაქტიკული საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რამაც მრავალმხრივი განვითარების საშუალება მომცა.
2009 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2012 წელს ამავე უნივერსიტეტის – სამაგისტრო პროგრამა. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი და მომენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მუდმივად ვცდილობდი გარკვეული დრო დამეთმო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, 2020 წლიდან ვარ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა. მუდმივად ვცდილობ სტუდენტებს გავუზიარო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. ვარ არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი/ თანაავტორი.
2018 წლიდან საქართველოს ადვოკატები, დამოუკიდებელი პროფესიის ეგიდით, უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ საგანამათლებლო პროექტებს ადვოკატებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, რომელიც მიმართულია ადვოკატების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერებისკენ. ამ მიზნით ათობით სასწავლო და შემეცნებით პროექტს ვახორციელებთ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული პროექტები ემსახურება ქართველი ადვოკატებისა და პრაქტიკოსი იურისტების პროფესიულ გაძლიერებას, განვითარებას და საერთაშორისო და ევროპული გამოცდილების გაზიარებას.
2018 წელს ამირჩიეს GLIP-ის თავმჯდომარედ, 2019 წელს კი აღნიშნული ორგანიზაციის სახელით, USAID/Georgia G4G-ის რიგით მე-5 ყოველწლიურ ქალთა კონფერენციაზე ნომინირებული ვიყავი, როგორც „საუკეთესო ქალი არასამთავრობო სექტორიდან“.
GLIP აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, არის ევროპის სამართლის ინსტიტუტი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, ევროპის ბიზნესასოციაცია, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი, სინგაპურის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრი და ა.შ.
GLIP-ის პროექტებში, ქართველ ადვოკატებსა და იურისტებთან ერთად, ჩართულები არიან სასამართლოს სექტორის წარმომადგენლები. ადვოკატის როლი და მნიშვნელობა საკმაოდ დიდია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადვოკატი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მოსამართლესთან ერთად ემსახურება ქართული მართლმსაჯულების განვითარებას. ადვოკატისა და სასამართლოს ერთობლივი ჩართულობითა და სამართლებრივად რთულ და პრობლემურ საკითხებზე ღია მსჯელობით ადვილად არის შესაძლებელი, როგორც მართლმსაჯულების განვითარება, ისე პრობლემური საკითხების აღმოფხვრა. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უცხოელი ექსპერტებისაგან კომპეტენტური პასუხების მიღებას რთული სამართლებრივი საკითხების შესახებ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი საერთაშორისო სასწავლო და საინფორმაციო ვიზიტები.
ამის გარდა, 2018 წლიდან რადიო „კომერსანტის“ ეთერში მიმყავს ჩემი საავტორო გადაცემა „ბიზნესი და სამართალი“, რომელშიც საეთერო დრო ეთმობა სამართლის სხვადასხვა აქტუალური საკითხების გაშუქებასა და განხილვას. გადაცემაში დარგის ექსპერტებთან, ადვოკატებთან, სპეციალისტებთან და მოსამართლეებთან ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე.
ნინო, სხვა რა აქტუალურ საკითხებზე მუშაობთ?
პროფესიული განვითარების გარდა, 2011 წლიდან სადაზღვევო კომპანია „არდის“ ინტერესებს ვიცავ და ამის პარალელურად ვახორციელებ საადვოკატო პრაქტიკას. ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა დაზღვევის, საბანკო, შრომის სამართლის, სახელმწიფო შესყიდვებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობა. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურია. ჩემი პრაქტიკული საქმიანობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დავებსა და ურთიერთობების სამართლებრივ მართვას ემსახურება. განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო შესყიდვების დავებში საბანკო გარანტიათა გამოყენების შემთხვევები და ამ საკითხზე წლების განმავლობაში დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.
ქართულ რეალობაში ბოლო 6-7 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა პაციენტთა მხრიდან სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები. პაციენტთა უფლებების დაცვისა და მისთვის კანონით გარანტირებული უფლების რეალიზების მოთხოვნით, ათობით პაციენტი მიმართავს სასამართლოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პაციენტის ჯეროვანი ინფორმირებულობის საკითხმა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო სამართლის მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. მედიცინის სამართალი განსაკუთრებულად საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ, ეს ჩემმა ოჯახურმა ტრადიციამ და გარემომ განაპირობა. ინფორმირებული თანხმობის შესახებ, 2020 წელს დავწერე სტატია, რომელიც პრაქტიკასა და სასწავლო მასალებში დღესაც აქტიურად გამოიყენება.
რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი?
თავდადებული შრომა, მუდმივი ზრუნვა განვითარებისაკენ და კეთილსინდისიერება. ეს უკანასკნელი სამოქალაქო ბრუნვის უმთავრესი პრინციპია და ყოველდღიური საქმიანობა თითქმის წარმოუდგენელია ამ პრინციპის დაცვის გარეშე. ჩემი პროფესია მოითხოვს კეთილსინდისიერ ქმედებას კლიენტის, კოლეგის, სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.
პრაქტიკული საქმიანობის ყველა ეტაპზე მრავალმხრივი საქმიანობა საინტერესო და მნიშვნელოვანია ადვოკატისათვის. თანამედროვე ცხოვრებაში საქმიანობის ტემპი განსაკუთრებით დაჩქარებულია და ყოველდღიური აქტიური ჩარევისა და ჩართვის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია კონკურენტუნარიან გარემოში ადგილის შენარჩუნება.
როგორ შეაჯამებდით 2023 წელს….
2023 წელი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. შემეძინა ტყუპი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, თითქმის არცერთი წამით არ შემიჩერებია პროფესიული საქმიანობა.
რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბაქოდან და ჩემი ხელმძღვანელობით გადავამზადეთ სადაზღვევო კომპანიათა იურისტები და ანდერრაიტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები საბანკო გარანტიათა ქართული და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული ჩემი საადვოკატო პრაქტიკა ასობით სასამართლო დავასა და საგარანტიო შემთხვევის რეგულირების გამოცდილებას მოიცავს.
წარმატება მოაქვს…
მოძრაობას და მხოლოდ მოძრაობას… ჩვენს პროფესიაში მუდმივი პროფესიული განვითარება და მასზე ზრუნვა აუცილებელია. პროგრესის არარსებობა ავტომატურად რეგრესს ნიშნავს.
სამომავლო გეგმები
2022 წელს დავაარსე „ნინო ლიპარტიას საადვოკატო ოფისი“ და 2024 წლიდან ვგეგმავ განსაკუთრებულ გააქტიურებას ამ მიმართულებით. ჩემი 13-წლიანი საადვოკატო გამოცდილება ითვლის ათეულობით წარმატებულ დავას. ამასთან, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც მომავალ იურისტებთან ერთად რამდენიმე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს მოიცავს. მათ შორის, მედიკოსებს. ამ წუთებში იგეგმება რამდენიმე სასწავლო ვიზიტი სხვადასხვა ინსტიტუციაში, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას განაპირობებს.
ბოლოს კი, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, მეუღლესა და ოჯახს უპირობო, მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, Glip-ის გუნდსა და მის მეგობრებს საინტერესო პროექტებისთვის.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი