ქართული ბრენდი „დოდოკა“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ფერად, ყოველდღიურ და ამასთანავე უნიკალურ სამოსს სთავაზობს. ბრენდი წლებია უკვე წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც „დოდოკას“ ფერად სამყაროს ქმნის. 6 განსხვავებული ქალის ერთი დიდი სიყვარული – ქსოვა წარმატების მთავარ მიზეზად იქცა.
დოდოკა, სანამ თქვენი გუნდის წევრებს გაგვაცნობდეთ, გვესაუბრეთ შემოდგომის კოლექციაზე.
დოდოკა მეფარიშვილი, „დოდოკას“ დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი: რა თქმა უნდა, შემოდგომას ახალი კოლექციით ვიწყებთ, განსაკუთრებულად ბევრი სიახლე გვექნება მამაკაცის ხაზით, რასაც ჩვენი მომხმარებელი მალე იხილავს.
გარდა ამისა, „დოდოკა“ განაგრძობს სკოლებთან თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საბავშვო კოლექციაში სკოლის ფორმები გვაქვს, რომლის ახალ დიზაინზეც ამჟამად ვმუშაობთ, ასევე გვექნება სხვადასხვა ფერში, რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ჰქონდეს. ქალბატონებს კი, როგორც ყოველთვის, ტრენდული სამოსით გავანებივრებთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვცდილობთ ახალი კოლექცია წინაზე უკეთესი და საინტერესო იყოს, შემოდგომის ფერები კი კვლავ იქნება ჩვენს პროდუქციაში.
რატომ დაინტერესდით ქსოვით?
თავდაპირველად ქსოვა პროფესიონალ მქსოველთან, მედეა კვირიკაძესთან შევისწავლე, რომელიც ახლა ჩემი გუნდის წევრია. სურვილი, შემექმნა რაღაც ახალი და განსაკუთრებული, იმდენად დიდი იყო, რომ ჩემი ეს გატაცება პროფესიად ვაქციე და შევქმენი ბრენდი „დოდოკა“. ჩემი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ხარისხიანი და ფერადი ნაქსოვი ტანისამოსი და აქსესუარები. მიხარია, რომ საზოგადოებამ ბრენდი თავიდანვე კარგად მიიღო, მომხმარებლის ზრდამ კი ჩემი გუნდის გაფართოებაც განაპირობა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი გუნდის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი მედეაა, დაწყებითი სკოლის პედაგოგი, რომელიც ჩვენთან ქსოვს. ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანია, რომლის იმედი ყოველთვის მაქვს. შემდგომ, მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ საქსოვი დაზგა და ასე გახდა ფატი ირემაძე „დოდოკას“ გუნდის წევრი. მან ნახევარი საუკუნე თავის საქმიანობას მიუძღვნა და არის პროფესიონალი მქსოველი.
წლის დასაწყისში დავაანონსე ქსოვის შემსწავლელთათვის მასტერკლასი და აღმოვაჩინე სალომე ცინცაძე, რომელსაც ძალიან უყვარდა ქსოვა და სურდა ხელობის დახვეწა. სწავლის დასრულების შემდეგ სალომე „დოდოკას“ გუნდის წევრი გახდა და უკვე 5 თვეა ექსკლუზიურ ტანისამოსს ქმნის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ნებისმიერ ქალს შეუძლია შეისწავლოს ქსოვა და შემდეგ დასაქმდეს. სწავლება მოიცავს შემდეგ პერიოდს: პირადი გამოცდილებით, რომელმაც საერთოდ არ ვიცოდი საქსოვი ჩხირის გამოყენება, დამჭირდა 7-8 თვე. ვინც უკვე ფლობს ქსოვას და სურს პროფესიონალურ დონეზე ხელობის შესწავლა (რაც მოიცავს ყველა დეტალს, იქნება ეს თარგის გამოყვანა თუ ნიმუშების შესწავლა), 3-4 თვე.
ჩვენი გუნდის წევრია ასევე მანანა მალაყმაძე – მკერავი, ერთგული და თავისი საქმის პროფესიონალი და ბუღალტერი მაია ართმელაძე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უძღვება.
ყველა ეს ქალბატონი ინდივიდუალური და განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საქმის სიყვარული აერთიანებთ, სწორედ ეს ქალები ქმნიან „დოდოკას“ ფერად სამყაროს.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ბრენდის წარმატებას?
ვფიქრობ, ბრენდის წარმატებას გუნდი განაპირობებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი ქმნის ხარისხიან პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება, საბოლოოდ კი კმაყოფილი მომხმარებელი ბრენდის წარმატებას განაპირობებს.
თავის მხრივ, თანამშრომლების განწყობასა და, შესაბამისად, პროდუქტიულობაზე ზრუნვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, არასოდეს არ ვჩერდებით, ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციები და სიახლეებით გავანებივროთ მომხმარებელი.
ბიზნესის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, ვაპირებთ გუნდის გაფართოებას და, შესაბამისად, წარმოების გაზრდას. გაყიდვებმა აჩვენა, რომ „დოდოკას“ ნაქსოვებით ბევრი უცხოელი ტურისტია დაინტერესებული, ამასთანავე, წამოვიდა დაინტერესება საზღვარგარეთ ნაქსოვების გატანაზეც, რის გამოც სამომავლოდ ვგეგმავთ, უცხოური ბაზრის ათვისებასა და ჩვენი ხელით ნაქსოვი, ქართული წარმოების გაცნობას უცხოელი მომხმარებლებისთვისაც.
მაია ართმელაძე, ბუღალტერი:
„დოდოკას“ ბაზარზე განსხვავებული სტილითა და მრავალფეროვანი ფერებით ყველა ცნობს. სწორედ ეს იყო დოდოკას მიზანიც, შეექმნა ორიგინალური დიზაინის, დახვეწილი და, რაც მთავარია, საავტორო სამოსი, რომელსაც საკუთარი ხელით შექმნიდა.
ვფიქრობ, ჩვენი გუნდის წარმატებას შემოქმედებითი მიდგომა, საქმისადმი სიყვარული, მეგობრული გარემო და ახალი იდეები განაპირობებს. ჩემთვის სასიამოვნოა „დოდოკას“ გუნდში მუშაობა.
სალომე ცინცაძე, ხელით მქსოველი:
8 თვეა, რაც DODOKA-ს გუნდს შემოვუერთდი. ეს ერთდროულად საპასუხისმგებლო და სასიამოვნოცაა. ყოველთვის მინდოდა მექსოვა და ამ საქმის პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი, ამისი საშუალება კი დოდოკამ მომცა.
იყო ამ გუნდის წევრი ნიშნავს, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, გქონდეს სურვილი, შექმნა განსაკუთრებული და ყოველდღიურად იზრდებოდე. „დოდოკას“ მეგობრული გარემო ჩემთვის ერთგვარი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი ვაკეთო და შევთავაზო მოხმარებელს ხარისხიანი, ექსკლუზიური და განსხვავებული კოლექცია.
მედეა კვირიკაძე, ხელით მქსოველი:
დოდოკა ჩემი მოსწავლე გახლდათ. თავიდანვე ეტყობოდა, როგორი შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. ნიჭიერმა ახალგაზრდა ქალმა ისწავლა ხელსაქმე და შექმნა ქართული ბრენდი „დოდოკა“. მიხარია, რომ დაფუძნების დღიდან მის გვერდით ვარ. ის საოცარი ენერგიის მატარებელია, ყოველთვის აქვს ახალი იდეები და არასოდეს სჯერდება მიღწეულს. ვფიქრობ, ეს ენერგია გადამდებია, შესაბამისად, მეც ვცდილობ ფეხი ავუწყო და გვერდში დავუდგე.
„დოდოკას“ ქმნიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ქალები, რომლებიც ორიენტირებული არიან ბრენდის წარმატებაზე.
ფატი ირემაძე, დაზგაზე მქსოველი:
2 წელია „დოდოკას“ გუნდის წევრი ვარ. „დოდოკა“ ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, ვაკეთო საყვარელი საქმე და არ გავჩერდე, ვიყო რეალიზებული და აქტიური. მუდმივად ვეცნობით მოდის სიახლეებს, ვქმნით მოთხოვნად და ექსკლუზიურ სამოსს. ძალიან მომწონს ახალგაზრდებთან მუშაობა.
მანანა მალაყმაძე, მკერავი:
დოდოკას წლებია ვიცნობ. ნიჭიერმა და კრეატიულმა ადამიანმა ფერადი სამყაროს შესაქმნელად შეგვკრიბა. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. მჯერა, რომ ბრენდს წინ ბევრი წარმატება ელოდება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: გიორგი კალანდაძე