გადაწყვიტა საკუთარი მიზნები რეალობად ექცია, არ შეუშინდა დაბრკოლებებს და უკვე სამი წელია ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. „OK! ბათუმის“ სტუმარი „რეფორმერ ფიტნესის“ დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძეა. ამბობს, რომ ვარჯიში მისი ცხოვრების წესია, რომელსაც არასდროს გადაუხვევს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს, რადგანაც ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. როგორი იყო ბიზნესის განვითარების ეტაპები, რომელ საინტერესო გატაცებას უთმობს დროს, რომელი განცდა არ ტოვებს არასდროს, როგორია თავისუფლების მისეული აღქმა – აღნიშნულ კითხვებზე პასუხს „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან გაიგებთ…
ყველაფერი დაიწყო ასე…
დავიბადე ბათუმში, საბჭოთა კავშირის მიწურულს, სკოლამდელი ასაკი მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონში გავატარე. მახსოვს, საბავშვო ბაღში მიმავალ გზაზე მე და ჩემს დაიკოს რაიკომის სახლის წინ კვარცხლბეკზე შემომდგარი ხელაწეული ძია ლენინი რომ გვეგებებოდა და ყოველ ასეთ შეხვედრაზე მშობლები მის ნაანდერძევ „სწავლა, სწავლა და სწავლა“-ს გვიმეორებდნენ. მერე იყო ძეგლის ჩამოგდებით განცდილი წყენა და ცრემლები, საბჭოთა კავშირის ნგრევა, დამოუკიდებლობის აღდგენა, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების ხელახალი ოკუპაცია, ბნელი 90-იანები, და სხვა მრავალი… ოჯახის ბათუმში გადმოსვლისთანავე ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საშუალო სკოლაში შევედი (შემდეგ კლასიკური გიმნაზია), მე-10 კლასიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიცეუმში გავაგრძელე სწავლა. შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და უკვე გააზრებულ ასაკში ლენინის, მარქსისა და ყველაფრის მიმართ, რაც ამ ხალხს უკავშირდება, – ზიზღი და სიძულვილი. ინტერესებიდან გამოვყოფდი ეკონომიკასა და პოლიტიკას, რადგანაც მგონია, რომ პირდაპირ ახდენს გავლენას ჩემს აწმყოსა და მომავალზე. შესაბამისად, ვცდილობ ჩავწვდე მისი მუშაობის კანონზომიერებებს.
ხართ „რეფორმერ-ფიტნესი“-ის დამფუძნებელი. მოგვიყევით, როგორი იყო პირველი ნაბიჯები ბიზნესში და კონკურენციის მიუხედავად, როგორ შეძელით თავის დამკვიდრება…
ბიზნესის დაწყებამდე სხვადასხვა სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება დამიგროვდა, ფაქტობრივად, სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა და ამ მხრივ წყვეტა არ მქონია, აგრეთვე რეფორმერი არ გახლავთ პირველი ფიტნესკლუბი, რომელიც ბათუმში ჩემი ძალისხმევით შეიქმნა. დაახლოებით 10 წლის წინ მქონდა ბედნიერება, ერთ-ერთ კომპანიაში პროექტის მენეჯერად მუშაობის დროს დამეკომპლექტებინა და შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მემართა სპორტდარბაზი, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა ამ მიმართულებითაც. რადგანაც ვარჯიში ჩემი ცხოვრების წესია, ყოველთვის მქონდა სურვილი, საკუთარი სპორტდარბაზი მქონოდა. 2017 წელს, როცა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა ახალი დასრულებული მქონდა, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი მიზნები რეალობად მექცია. მამის საკუთრებაში არსებულ შენობაში, სადაც დიდი ხნის წინ სტამბა ფუნქციონირებდა, თუმცა იმ დროს უკვე უფუნქციო გახლდათ, ჩავატარე აზომვითი სამუშაოები და დავიწყე ბიზნესგეგმის მომზადება. პროექტის მიზანი იყო არსებული შენობის გარე ფასადისა და შიდა სივრცეების სრული რეკონსტრუქცია და ერთ-ერთ სართულზე ფიტნესკლუბის მოწყობა. მზა ბიზნესგეგმით მივმართე ერთ-ერთ კომერციულ ბანკს. პირველი წინააღმდეგობა შემხვდა ბანკის წესების სახით, რომლის თანახმადაც, სტარტაპ პროექტის კრედიტით დაფინანსება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა გამონაკლისი არსებობდა, თუკი საკითხი სასტუმროს შეეხებოდა. კრედიტზე უარი ვერ გახდა ჩემი გაჩერების მიზეზი და ბიზნესგეგმაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, უკვე 2019 წლის ოქტომბერში შენობის სრული რეკონსტრუქციის შემდეგ, მე-3 სართულზე აპარტ-ოტელი „ლიბერესო“ გავუშვი ექპსლოატაციაში, ხოლო მე-2 სართული სავარჯიშო სივრცისთვის დავაკონსერვე. სასტუმროს გახსნითანავე ხელმეორედ მივმართე ბანკს უკვე ფიტნესკლუბისთვის კრედიტის გაცემაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც უარი მივიღე პასუხად, შესაბამისად, მომიწია სხვა ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებამ და სარემონტო სამუშაოებიც დავიწყე. რამდენიმე თვეში დაიწყო მსოფლიო პანდემია, ჩაიკეტა საზღვრები, აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება, ვაჭრობა, რამაც ერთი მხრივ, შეუძლებელი გახადა სასტუმროს ფუნციონირება, ხოლო მეორე მხრივ, გავლენა იქონია სავარჯიშო დარბაზის სარემონტო სამუშაოების ვადებსა და ბიუჯეტზეც, თუმცა, ამის მიუხედავად, უკვე 2020 წლის 21 სექტემბერს რეფორმერ-ფიტნესმაც აიღო სტარტი, მაგრამ ამით თავგადასავლები არ დასრულებულა. რეფორმერის გახსნიდან ორ თვეში, ნოემბრის ბოლოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, განმეორებით დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და აიკრძალა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პირველი შეეხო სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, რასაც ჩემი საჯარო პროტესტი და დაუმორჩილებლობა მოჰყვა, – მიღებული ჯარიმა, პოლიციის ძალით კლუბის დალუქვა და აღძრული სისხლის სამართლის საქმე. დაახლოებით 4-თვიანი ე.წ. ლოქდაუნის შემდეგ განვაახლეთ საქმიანობა და უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ყოველდღიურად ვზრუნავთ მომხმარებლისთვის კომფორტული დასვენებისა და სავარჯიშო გარემოს უზრუნველსაყოფად, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, ორიენტირებული ვართ ხარისხიანი სერვისის მიწოდებასა და თვითგანვითარებაზე.
რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი „რეფორმერზე“, როგორ ფიქრობთ, რა ხდის მას გამორჩეულს…
როგორც მომხმარებლები თავად აღნიშნავენ, სისუფთავე, მომსახურების მაღალი ხარისხი, კვალიფიციური კეთილგანწყობილი თანამშრომლები და მეგობრული ატმოსფერო, რაც მთავარია, მუდმივი სწრაფვა სრულყოფის, განახლებისა და განვითარებისკენ. ასევე აღსანიშნავია, რომ კლუბის წესების თანახმად, ჩვენთან სამწვრთნელო განათლებისა და გამოცდილების მქონე ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გახდეს თვითდასაქმებული და შეიქმნას პერსონალური ფიტნესინსტრუქტორის კარიერა.
საზოგადოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ სერვისის ხარისხი და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული კუთხით, რა სიახლეებს სთავაზობთ ხოლმე მომხმარებელს…
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მუდმივად ვზრუნავთ როგორც მომსახურების ხარისხისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის დახვეწასა და განახლებაზე, ერთ-ერთი ასეთი სიახლე გახლავთ ის, რომ სულ რაღაც ორი თვეა, რაც სრულად განვაახლეთ სატრენაჟორო დანადგარები და ინვენტარი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდის, „ტექნოჯიმის“ (Technogym) აღჭურვილობით. აღნიშნული კომპანია, რომელიც მრავალგზის გახლდათ ოლიმპიური თამაშების გენერალური მიმწოდებელი, უკვე 40 წელია, რაც წარმატებით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მომხმარებელს უკვე გაცილებით კომფორტული და ხარისხიანი ვარჯიშის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ბათუმი ამჟამად ამ სფეროში კონკურენციის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი გემოვნებისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ადგილობრივ ბაზარზე ასეთი ძლიერი კონკურენციის პირობებში ჩვენ ვცდილობთ მაღალხარისხიანი მომსახურებით პოზიციონირებას.
ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწიო პოპულარიზაცია, ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას… აღნიშნული კუთხით რას არის თქვენი ერთგვარი გზავნილი საზოგადოებისთვის…
ნებისმიერი ბიზნესი, განურჩევლად სფეროსა და მიმდინარეობისა, რომელიც ახერხებს მომხმარებლის, თანამშრომლებისა და კონტრაქტორებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას და არ უტოვებს განცდას, რომ ატყუებენ, უკვე არის სოციალურად პასუხსიმგებლიანი და მეტი არც არაფერი მოეთხოვება. შესაბამისად, ჩემი, როგორც ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი, შეიძლება მხოლოდ ამ მხრივ შეფასდეს კარგად ან ცუდად და რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ სფეროში საქმიანობას, ეს მხოლოდ ჩემი არჩევანია და ვმოქმედებ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო შემთხვევაში ვცდილობ, ადამიანებს ვუბიძგო ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რადგანაც იმის გარდა, რომ საკითხი ეხება ჯანმრთელობას, ფიზიკური აქტივობა ძალიან დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ადამიანის ცხოვრებასა და მენტალურ განვითარებაზე, ხდის უფრო ენერგიულს, აძლევს სიცოცხლის ხალისს, ზრდის მოტივაციას და აჩვევს დისციპლინას, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრასა და დასახული მიზნების მიღწევისთვის.
რა ენერგიას გაძლევთ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ…
მსოფლიოში არ არსებობს ქალაქი ბათუმის გარდა, სადაც ვიცხოვრებდი და ასე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. იმდენად მიჯაჭვული ვარ აქაურობაზე, რომ სხვა ქალაქში სწავლის სურვილიც არ გამჩენია და სტუდენტობა ბათუმში გავატარე. ჩემთვის ბათუმელობა ერთგვარი სტატუსია და დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
როგორია თავისუფლების თქვენეული აღქმა..
თავისუფლება ნიშნავს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებსა და მიღებულ შედეგებზე. ცხოვრობ ისე, როგორც თავს გრძნობ ბედნიერად, სხეულსა და საკუთრებას განკარგავ ისე, როგორც გსურს, საკუთარ თავს გამოხატავ იმ ფორმით, რა ფორმითაც გეკომფორტულება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ პირობით, რომ არ ზღუდავ, არ ხელყოფ, არ აზიანებ სხვის თავისუფლებას, ჯანმრთელობას და საკუთრებას.
რომელი სპორტსმენი გეყოლებოდათ სიამოვნებით „რეფორმერის“ სახედ…
თუ მარკეტინგული თვალსაზრისით შევხედავთ, მომხმარებელთან საკომუნკაციოდ მსგავსი PR ხერხის გამოყენების სურვილი ჯერჯერობით არ მიჩნდება, თუმცა შრომისმოყვარეობითა და ყოველთვის დროული და სწორი სამოქალაქო პოზიციით (იმედია ყოველთვის ასე იქნება) ქართველებისგან ამჟამად მერაბ დვალიშვილს გამოვარჩევდი.
მამა ხართ, როგორია შვილთან გატარებული თქვენი ერთი დღე…
ჯერჯერობით ერთი შვილი მყავს. ვფიქრობ, ძალიან კარგი მამა ვარ, თუმცა ვცდილობ ბევრად უკეთესი ვიყო და უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ ამ მხრივ საკუთარ თავზე. ერთად გატარებული ყოველი წუთი ძალიან მაბედნიერებს და ისეთი ენერგიით მმუხტავს, შემიძლია მთები გადავდგა.
მხოლოდ ერთი დღით, ყოვლისშემძლე რომ იყოთ…
გავაცოცხლებდი ილია ჭავჭავაძეს…
ისევ თქვენს ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ…
უკვე დავიწყე ფიქრი ბიზნესის გაფართოებაზე და სურვილი მაქვს, ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე გავიმყარო კონკურენტული პოზიციები კიდევ ერთი ფილიალის სახით, შემდეგ უკვე დედაქალაქისკენაც გავიხედავ, ამისთვის საჭირო მოტივაცია თუ მექნება.
განცდა, რომელიც არასდროს გტოვებთ…
ერთია, რომ „დრო არ მყოფნის“ და მეორე – „უკეთესადაც შემეძლო გამეკეთებინა“.
საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ…
საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობ, თავისუფლების (პასუხისმგებლობის აღების) შიში აქვს და ბელადომანიითაა შეპყრობილი.
სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენთ…
განწყობის, გარემოსა და სიტუაციის შესაბამისად, თუმცა ამ ბოლო დროს ვარჯიშისას ხშირად ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას.
საინტერესო გატაცება, ჰობი…
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ორთვლიანი ტრანსპორტი მიტაცებს და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ხშირად ვსეირნობ მოტოციკლეტით, მარტო ან მეგობრებთან ერთად.
წარმატება მოაქვს…
ჩემი აზრით, ნებისმიერი მიღწეული მიზანი, როგორი სიდიდის, ბუნების და ხასიათისაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ემსახურებოდეს, არის წარმატება. მის შედეგს სხვადასხვა დროსა და სივრცეში შესაბამისად, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და შეუძლებელია ყოველთვის ერთი და იმავე რეცეპტით იხელმძღვანელო, თუმცა ამ ფაქტორთაგან არსებობს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ეს გახლავთ დისციპლინა.
როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარ თავი წლების შემდეგ…
დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს შევწყვეტ ვარჯიშს…
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე