როცა მშობელი ხდები, უცებ გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას შენი შვილის მიმართ. ცოტა შიშსაც – შეძლებ თუ არა ამ დიდი პასუხისმგებლობის მხრებით ტარებას – შენ ხომ კარგი ადამიანი უნდა აღზარდო. მერე ხშირად ეკითხები შენს თავს – სწორად იქცევი თუ არა, აანალიზებ დაშვებულ შეცდომებს და შვილთან ერთად შენც იზრდები. სწავლობ, რა უხარია და რა სწყინს, რომ ხანდახან საყვედურს ჩახუტება სჯობია, რომ ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა მოუსმინო ან უთხრა, როგორ გიყვარს. მერე ისე აღარ გეშინია, იმიტომ, რომ ხვდები, შენს შვილს ძალიან სჭირდები და შენთან მეგობრობისთვის მზადაა – ჰოდა ასე, ყოველდღიურად ცდილობ ჩანერგო მასში სიყვარული, სიკეთე, მზრუნველობის განცდა. ალბათ, მთავარიც ესაა იმისთვის, რომ ჩვენი შვილები ღირსეული ადამიანები იყვნენ… ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობთ ყველასთვის საყვარელ მშობლებთან OK!-ის პროექტში „მშობლები და შვილები“ მომავლისთვის.
ანკა ვასაძე
რას ნიშნავს იყო დედა და სად გადის ზღვარი მშობლობიდან – მეგობრობამდე?
იყო მშობელი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა. დაწყებული იქიდან, როდესაც შვილს პირველად იყვან ხელში… ყველა ადამიანი განსხვავდება, შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანისთვის დედა შეიძლება იყოს მეგობარი ან მკაცრი აღმზრდელი, მისაბაძი ადამიანი ან ზოგ შემთხვევაში შვილმა იტვირთოს დედის როლი. მთავარი ისაა, რომ ეს ურთიერთობა ვერაფერს შეედრება. შვილთან მეგობრობა აუცილებელია, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს. ეს ზღვარი გადის მშობლის ავტორიტეტზე, რადგან გარკვეულწილად მშობელი მაგალითია შვილისთვის. პირადად მე დედასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და რაც დრო გადის, უფრო ვახლოვდებით. მიუხედავად ამისა, დღემდე არის უხილავი ზღვარი ჩვენს ქცევასა და დიალოგში, რაც ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაშიც თავისთავად გადმოვიდა.
„გამზრდელი“, როგორც პასუხისმგებელი ღირსეულ მომავალზე – მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?
სხვათა შორის, გამზრდელის სიტყვებს ხშირად მიმეორებდნენ გამზრდელი ბებიები. როდესაც ჩემი ქცევით არცთუ ისე კმაყოფილები იყვნენ. ნამდვილად აქვს პასუხისმგებლობა გამზრდელს, აღზრდის მეთოდს და ბუნებამაც თუ უშველა, ხომ გადასარევი იქნება. მთავარია, სიყვარული გადასცე და ასწავლო – უყვარდეს ადამიანები, სამშობლო, მეგობრები, სიცოცხლე…
გიორგი ცინცაძე
რას ნიშნავს იყო მამა?
სპორტსმენი მამებისთვის ძალიან რთულია სრულფასოვანი მშობელი იყო. თამაშები, გასვლები, შეკრებები – შეიძლება ითქვას, რომ შვილების პატარაობის ასაკს „გამოტოვებ“. შვილი რომ გყავს, თითქოს შენც იზრდები და სულ სხვა პასუხისმგებლობა გიჩნდება ცხოვრებაში. მიზნისკენ სწრაფვა სხვაგვარად არის მოტივირებული. შვილს ოჯახში უდიდესი სიხარული შემოაქვს და შენც მზად ხარ, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთო.
სად გადის ზღვარი მშობლობიდან მეგობრობამდე?
ყველაზე მაგარი ის შეგრძნებაა, როცა შვილი უკვე იმ ასაკშია, როცა შენი მეგობარი ხდება. მე, სამწუხაროდ, მამაჩემთან ეს ურთიერთობა დამაკლდა და ამიტომ ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილებისთვის კარგი მეგობარი ვიყო და, ალბათ, მაგ ასაკში, როცა მამაშვილობაში მეგობრობა შემოდის, ეს ზღვარიც ფერმკრთალდება.
ნინო დარასელი
რას ნიშნავს იყო დედა და შენი აზრით, სად გადის ზღვარი მშობლობიდან მეგობრობამდე?
მშობლობა შენი მთავარი მისიაა ცხოვრებაში. ზღვარს რაც შეეხება, ჩემთან ეს ზღვარი წაშლილია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილები არ ცნობენ გამყოფ ხაზს.
„გამზრდელი“, როგორც პასუხისმგებელი ღირსეულ მომავალზე – რა არის მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?
სიყვარული.
ფილმის გმირები რომ იყოთ, როგორ ფიქრობ, რომელი საუნდტრეკის ფონზე ვიხილავდი თქვენს დედაშვილურ კადრებს?
Mamma mia, Slipping Through my fingers.
დათო გორგილაძე
რას ნიშნავს იყო მამა ?
მგონი ისე ხდება, რომ მშობლობაზე, მშობლის პასუხისმგებლობასა და მშობლად ყოფნის ბედნიერებაზე მანამდე უფრო მკაფიო წარმოდგენა გაქვს, სანამ შენს ცხოვრებაში შვილი გაჩნდება. ჯერ ეიფორიაში ხარ, ნელ-ნელა კი ხვდები, რომ პასუხისმგებლობა სერიოზული და ყოველდღიურია, ბედნიერების განცდა კი იმაზე ბევრად ამაღლებული, ვიდრე წარმოგედგინა. ვფიქრობ, ჩემი როგორც მამის მოვალეობაა, რემედიოსს დავეხმარო გახდეს წესიერი მოქალაქე, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი და, რაც მთავარია, ბედნიერებისკენ სვლაში ხელი არ შევუშალო.
ფილმის გმირები რომ იყოთ, როგორ ფიქრობ, რომელი საუნდტრეკის ფონზე ვიხილავდი თქვენს მამაშვილურ კადრებს?
მგონი ცხოვრებისა და მამაშვილობის მთავარი ფორმულაც ეგაა – დროთა განმავლობაში ფილმის ჟანრებიც შეიცვლება და, შესაბამისად, მუსიკალური თემებიც. ჯერ, ალბათ, ჯონ უილიამსის მუსიკა იქნება, რომელიც გასდევს სათავგადასავლო, საფათერაკო ფილმებს – ჯადოქრობებსა და ჯადოსნობებს, განძის ძიებასა და სახლის გასაქურდად მოსულ მძარცველებთან გამკლავებას. გზად იქნება ალან სილვესტრის „ფორესტ გამპის“ საუნდტრეკიც, ჰანს ციმერის ჰანგებიც „ინტერსტელარიდან“ და იმით დამთავრდება, რითიც დაიწყო – „ამადეუსის“ მუსიკით.
მანიკა ასათიანი
რას ნიშნავს იყო დედა და შენი აზრით, სად გადის ზღვარი მშობლობიდან მეგობრობამდე?
ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია და მთავარი გამოწვევა. რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით ვიაზრებ, რას ნიშნავს და რამდენად რთულია, იყო კარგი მშობელი. ზღვარი სად გადის, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ, რაც დარწმუნებით მჯერა, აუცილებელია შვილთან მეგობრობა, იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს მშობლის ნდობა და იმედი. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ შვილს არ უნდა შეეშინდეს მშობელთან ამის აღიარების. სულ ვუმეორებ, რომ ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი, რადგან, რაც უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?
მშობელი ნამდვილად არის პასუხისმგებელი შვილის მომავალზე, მაგრამ ამას 100%-ით ვერ განსაზღვრავ. დედ-მამა ვალდებულია გარკვეულ საკითხებზე მიმართულება მისცეს შვილს და მთავარი ფასეულობები ჩაუნერგოს: იყოს ადამიანთა მიმართ სიყვარულით სავსე, ასწავლოს თავმდაბლობა, პატიება, თანაგრძნობა – ეს თვისებები თუ გაქვს, უკვე ადამიანი ხარ და მთავარიც ესაა – იყო ადამიანი და შეგეძლოს პიროვნულობის შენარჩუნება. ამას კი ბავშვობაში ჩანერგილი თვისებები განსაზღვრავს.
კოკო როინიშვილი
რას ნიშნავს იყო მშობელი?
იყო მშობელი, არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. რაც უნდა დიდი ასაკის იყოს შვილი, შენ ეს პასუხიმგებლობა სულ გაქვს. რთული, მაგრამ სასიამოვნო გზაა. რაც მთავარია, უდიდესი ბედნიერება, თან ისეთი გოგოს მამობა, როგორიც ჩემი შვილია.
თუ არსებობს ზღვარი თქვენს ურთიერთობაში, სად მთავრდება მამაშვილობა და იწყება მეგობრობა?
ჩემს შვილთან მეგობრობის ზღვარი მკაფიოდ არ მაქვს გავლებული იმიტომ, რომ ორივე ერთმანეთშია არეული ჩემი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. უბრალოდ, შვილის პატივისცემა უნდა მოიპოვო შენი მის მიმართ პატივისცემით. მერე ზუსტად ასევე გპასუხობს ისიც.
„გამზრდელი“-ს პასუხისმგებლობა – მთავარი, რაც უნდა ასწავლო შვილს…
ყველაზე მთავარი ახლა, რაც შვილს უნდა ასწავლო, არის თავისუფლება და ამ თავისუფლების სწორი გაგება, სწორი აღქმა.
საკო არშბა
საკო, რას ნიშნავს იყო დედა და შენი აზრით, სად გადის ზღვარი მშობლობიდან მეგობრობამდე?
დედობა ყველაზე დიდი ბედნიერება და თან უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმ დღეს თინა მეუბნებოდა: შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარო და ვერ აგიხსნით, როგორ გამაბედნიერა ამ სიტყვებმა. მგონი, ყველაზე დიდ რამეს მივაღწიე ჩემს შვილთან – ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, ყველაზე მეტად ერთმანეთს ვენდობით. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ზღვარი არ გვაქვს. არ ვიცი, რამდენად სწორი ან არასწორია, სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ერთმანეთის მიმართ ჩვენი უპირობო ნდობა შეგვიძლია ჩავთვალოთ იმის გარანტად, რომ ზღვრის გავლების აუცილებლობა არ დაგვიდგება.
„გამზრდელი“, როგორც პასუხისმგებელი ღირსეულ მომავალზე – რა არის მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?
ყველაზე მეტს ამ თემაზე ვფიქრობ, როგორი მინდა იყოს თინა, როცა გაიზრდება და მე რაში უნდა შევუწყო ხელი. თინა დამოუკიდებელი ადამიანია საკუთარი არჩევანით, შეხედულებებით, პოზიციით და ჩემთვის მისი ყველანაირი გადაწყვეტილება მისაღებია და ასე იქნება. უბრალოდ, სულ უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა დასჭირდეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მე სულ მის გვერდით ვიქნები, რათა დავეხმარო. მინდა სერიოზულად მიუდგეს განათლებას, იყოს შინაგანად თავისუფალი – ჩარჩოებისგან, სტერეოტიპებისგან, სტიგმისგან და მეც ვცდილობ ასეთი თავისუფალი გარემო შევუქმნა.
ფილმის გმირები რომ იყოთ, როგორ ფიქრობ, რომელი საუნდტრეკის ფონზე ვიხილავდი თქვენს დედაშვილურ კადრებს?
ალბათ, ყველაზე თბილი, სიყვარულით სავსე სიმღერა მოგვიხდებოდა, ისეთი, როგორიც ჩვენი სიყვარული და ურთიერთობაა.
ზუკა რურუა
რას ნიშნავს იყო მამა და შენი აზრით, სად გადის ზღვარი მშობლობიდან მეგობრობამდე?
პირველ რიგში, უნდა იყო მისი საყრდენი მთელი ცხოვრების გზაზე და ყველაფერი გააკეთო შვილისთვის – შეუძლებელიც კი. ბავშვმა უნდა იგრძნოს შენი არსებობა, როგორც მამის – მისი იმედი უნდა იყო, ხელჩასაჭიდი ადამიანი, შვილის ყოველდღიურობაში ჩართული და არა უბრალოდ „თოვლის ბაბუა“. ზღვარს რაც შეეხება, ვფიქრობ, შვილთან მეგობრული ურთიერთობა მშობლისა და ბავშვის სრულ თანასწორობას არ ნიშნავს, ამიტომ არსებობს ბევრ რამეში წითელი ხაზები და დისტანცია, რა თქმა უნდა… აი, მანდ გადის ზუსტად ზღვარი.
ამზრდელი“, როგორც პასუხისმგებელი ღირსეულ მომავალზე – რა არის მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?
შვილს უნდა ვასწავლოთ იცხოვროს თავისი ცხოვრებით და იყოს ბედნიერი. თან კომპლექსურად უნდა განვავითაროთ ბავშვი ემოციურად, ფიზიკურად, შემეცნებითად და სოციალურადაც. ჩემი აზრით, ეს არის საფუძვლები, რომლის დანერგვაცაა საჭირო, ამასთან, რთულიცაა. მშობლებისთვისაც რთული და შრომატევადია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ.
პროექტის „მშობლები და შვილები“ წარმდგენია ,,ავერსი ფარმა”.
ფოტო: ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ლოკაცია: Esquisse Restaurant Tbilisi