OK! ოქტომბრის ნომრის მთავარი გმირები ქალები არიან. ქალები, რომლებმაც იბრძოლეს, იშრომეს, არ დანებდნენ და დასახულ მიზანს მაინც მიაღწიეს უამრავი წინაღობის მიუხედავად. ამ ნომრის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქალმა ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების და იყოს ბედნიერი. ჟურნალი OK! გაგაცნობთ რამდენიმე ქალბატონს, რომლებიც წარმატების მიღწევის საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.
ნინო გოზალიშვილი – ციფრული ფსიქოლოგი
ერთ-ერთი ყველაზე მიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანს ჰქონდეს მიმღებლობა. თუ შენ არ შეგიძლია ცოდნის მიღება სხვა ადამიანებისგან ან სხვების აზრის გათვალისწინება, წინ წასვლა და განვითარება შეუძლებელია.
ჩემს შემთხვევაში ასეა. საკუთარ თავზე მუშაობა და თვითდისციპლინა, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან გამოვიმუშავე, დღემდე ყველაფერში მადგება. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ჩემი ხუთი შვილია, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, ჩემი შვილებისთვის მაგალითი მე უნდა ვყოფილიყავი და ასეც არის, დედები საკუთარი ცხოვრების წესით ბავშვზე დიდ გავლენას ახდენენ.
ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, გვიყვარდეს ის, რაც ღვთისგან გვაქვს ნაჩუქარი, უნდა ვუფრთხილდებოდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, სულიერ სამყაროს, ფსიქოემოცურ მდგომარობას, გარეგნობას და თუ შენ არ მოუფრთხილდები ამ ყოველივეს, სამყარო ვალდებული არ არის, გიგზავნოს მუდმივად ახალი შესაძლებლობები, იზრუნოს შენს კეთილდღეობასა და წარმატებაზე. ამ ყველაფრის გარეშე არ არსებობს არანაირი წარმატება. ეს არის პირველი და საწყისი ეტაპი. შემდეგ უკვე საჭიროა მიზნების სწორად განსაზღვრა, რაც ახალმა თაობამ კარგად უნდა გაიაზროს.
ეს შეცვლის მენტალობას – ადამიანი არ იყოს ეგოს იმ ნაწილის მსხვერპლი, რომელიც მიზნების გამო ცხოვრების სიამოვნებასა და ბედნიერებაზე უარს ათქმევინებს, ბალანსი და ემოციების მართვა – ეს არის, რაც დღევანდელ რეალობაში ასე ნაკლებად არის და ჩემი რჩევაც ეს არის. საკუთარ თავზე მუშაობა, რაც გულისხმობს ასევე დისკომფორტში შესვლას და იმ დამატებით უნარებზე მუშაობას, რომლებიც დამატებით განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მიმღებლობა და საკუთარი ემოციების მართვა არის ნებისმიერი წარმატების საწინდარი. დანარჩენი კი უკვე შესაძლებელი ხდება, რადგან სამყარო სავსეა შესაძლებლობებით. არსებობს იდეა, შემდეგ ამ იდეის გაანალიზება და გაგება იმისა, თუ რამდენად ერგება დღევანდელ რეალობას ესა თუ ის წამოწყება და ბოლოს გადაწყვეტილების მიღება და თანამიმდევრულ მოქმედებაზე გადასვლა. ეს არის უმარტივესი ფორმულა, რომელსაც ადამიანები საკუთარი გონების დისციპლინის გარეშე ვერ აღიქვამენ და ბევრ შესაძლებლობაზე უარს ამბობენ. თუმცა ესეც არ არის საბოლოო ეტაპი… მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, საბოლოო შედეგია, რაც არის მთლიანად არსი პიროვნების წარმატების. მაშინ ჰქვია ადამიანს წარმატებული, როდესაც შეუძლია საკუთარი ცოდნა გაუზიაროს სხვა ადამიანებს და ამით დაეხმაროს მათ წარმატების მიღწევაში. მხოლოდ ამას მოაქვს საბოლოო წარმატება და რეალიზაცია ადამიანისთვის.
ნინო დადვანი – „ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი
გერქვას წარმატებული, ჩემი პიროვნული სტანდარტია, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ წარმატებული ვარ.
მაქვს ჩემი საქმე, არ მყავს სამსახურებრივი იერარქიით ზემდგომი, არავის კეთილ ნებაზე არ ვარ დამოკიდებული და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს, რომელიც არანაირი ვალდებულებით ძალისხმევას არ მოითხოვს ჩემგან.
დამოუკიდებელი საქმიანობა 2005 წელს სამედიცინო საქმიანობით დავიწყე. დროთა განმავლობაში სტომატოლოგიისა და ესთეტიკის პროფილის ერთ საერთო სივრცეში მოქცევაზე დავიწყე ფიქრი და, შესაბამისად, შევუდექი ბიზნესგეგმაზე მუშაობას. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ გამომივიდოდა…
დიახ, აუცილებლად გამოვა საქმე, რომელიც გიყვარს, რომელიც ადამიანების ყოფითი რუტინის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს, რომლისკენაც გეგმაზომიერად მიიწევ, პატარ-პატარა მიღწევების ერთმანეთზე ჰარმონიულად დაწყობით…. არანაირი საქმის წარმატებულად ქცევა არ არის მარტივი, იგი არ მოდის სპონტანურად და შემთხვევით.
დაიმახსოვრეთ, პირად განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა უპირობო აუცილებლობაა, რა დროსაც ცოდნასთან ერთად გამოცდილებაც იზრდება. როგორც ხელმძღვანელს, მევალება, გუნდის შერჩევა, ფინანსების სათანადოდ განკარგვა, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა – მნიშვნელოვანი შრეებია და ვცდილობ, ყველა მიმართულებით წარმატებაზე გათვლით ვიმოქმედო.
ქალებს ვურჩევ, სწორად განსაზღვრეთ, თქვენი ინტელექტუალური, ფინანსური და პიროვნული პოტენციალი რის მიღწევის საშუალებას მოგცემთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის, არ შეუშინდეთ არანაირ დაბრკოლებას. დასახული მიზნების შესაბამისად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. ქალბატონებო, გიყვარდეთ საკუთარი თავი, გჯეროდეთ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია. პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში კი შეგიძლიათ ჩემს ცენტრთან არსებული სასწავლო მიმართულებებიც დაიხმაროთ.
წარმატებები თქვენ!
ნანა ასანიძე – PR და მარკეტინგი, SMM, Digital Marketing, სავალუტო მომსახურების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი (არასაბანკო საქმიანობა)
წარმატება ერთი შეხედვით შესაძლოა მოიაზრებოდეს როგორც ციფრებში გამოხატული, გავლენით, გარკვეულ საფეხურებზე დგომა და დიდება. მე წარმატების საკუთარი საზომი და განსაზღვრა მაქვს, რომელიც იწყება ჩემი პიროვნული თავისუფლებით და საკუთარი თავის მიმღებლობით, რომ ვიყო პირველი მხარდამჭერი პირადი პროგრესისკენ და წინ გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ.
წარმატებისთვის მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა, შრომა და საკუთარი თავის შეცნობა, მუდმივი ძიება და ჰარმონიაში ყოფნა საქმეში, რომელიც ნაწილობრივ შენი საკუთარი თავის სახეა. მნიშვნელოვანია ვვითარდებოდეთ და ვიყოთ მუდმივ მოქმედებაში. ასევე, უნდა ვიყოთ თავდაჯერებული და გადაწყვეტილებებს არ უნდა შევუშინდეთ, ახლა და ამ წამს!
წარმატებამდე იყო ბევრი მცდელობა, ძიება, გამოუვალი სიტუაცია, დანებებაზე ფიქრი. სრულიად მარტო ბრძოლა დიდ საქმეებთან, პარალელურად კი რწმენა, რომელშიც ყოველთვის ნათლად ვხედავდი ჩემს მიზანდასახულობას და იმედებს, რომელსაც გავუმართლებდი. მაბედნიერებს და წარმატებასთან მაახლოებს ის ფაქტიც, რომ საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილისგან ვგრძნობ, ვარ მაგალითი და სტიმული, რომ არ არსებობს სტერეოტიპი „შეუძლებელია“.
ქალბატონებს კი ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის ძიება. ირწმუნეთ, იბრძოლეთ, იყავით დამოუკიდებელნი. ყველა ჩვენგან გვაქვს რაღაც, რაც უნიკალურს გვხდის.
მელანია გვენეტაძე – სილამაზის სალონ „მილანოს“ მფლობელი და „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ წევრი
ჩემი აზრით, წარმატება, ზოგადად, პირობითი ცნებაა, ზოგისთვის ის კონკრეტული ციფრებით, მატერიალური მდგომარეობით იზომება. ჩემთვის კი წარმატება არის ხალხის სიყვარული და ჩემი ადგილი საზოგადოებაში. ხანდახან ადამიანები არაკეთილსინდისიერადაც ახერხებენ მატერიალური წარმატების მიღწევას, თუმცა მე რასაც ვეძახი წარმატებას ანუ ხალხის სიყვარულს, არაკეთილსინდისიერი გზით ვერ მოიპოვება.
რაც შეეხება გზას წარმატებამდე, არ იყო მარტივი. ამ გზაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავი ნამდვილი და მართალი. მე ეს შევძელი, მე ვიყავი ის, რაც ვარ, არასოდეს არ მითამაშია. ვფიქრობ, სწორედ ამ გულწრფელი ნაბიჯებით და მიზნისკენ სწორი სიარულით მოვიდა ეს წარმატებაც.
ბიზნესი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მარტომ და გამოუცდელმა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდები გავიარე. ვფიქრობდი ხოლმე, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩემი მებრძოლი ხასიათის წყალობით არ დავნებდი. ყველა დაბრკოლება წარმატებით გადავლახე და უფრო გავძლიერდი.
უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჩემი სალონი ფუნქციონირებს. ყველა დეტალი, მათ შორის სალონის სახელიც, ჩემი შერჩეულია. „მილანო“ თბილი გარემოთი, მეგობრული დახვედრით და კარგი აურით გამოირჩევა. ჩვენი მომხმარებელი ამას ყოველთვის აღნიშნავს.
ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად შერჩევა. უპირველესად, უნდა აირჩიო პროფესია, რომელიც მოგწონს, გიყვარს. უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც არის შენი. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი აუცილებელია იყო ნამდვილი და არასოდეს არ დანებდე. ათასმეერთეჯერ სცადე, სცადე, სანამ არ გამოგივა.
ნინო მაისაშვილი – „ლარდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ბავშვთა ფსიქოლოგი სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით
მინდა გულწრფელი ვიყო თქვენს მკითხველთან და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ არ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, ნუ დაველოდებით სხვის აღიარებას ან სხვისი მოლოდინების გამართლებას, ყოველთვის ვიმუშაოთ საკუთარი თავისა და შედეგების გაუმჯობესებაზე, ნუ ვეძებთ პრობლემას სხვაში. დავფიქრდეთ, რისი გამოსწორება შეიძლებოდა და რას დავუთმობდით მეტ დროს. არ მიყვარს სიტყვა „შეცდომა“ და წარუმატებელი/არასწორი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ მის სისწორეში და არ შევუშინდეთ შედეგებს, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
მეორე რჩევა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ოცნება. იმისთვის, რომ ვიოცნებოთ, არ არსებობს სწორი დრო ან კონკრეტული ასაკი, დავისახოთ მიზნები და არ დავზოგოთ შრომა მიზნის მისაღწევად.
დასვით საკუთარ თავთან კითხვა: რა არის წარმატება ჩემთვის? მე თუ მკითხავთ, წარმატებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს მიზანი, გეგმა, ოცნება და იბრძვის, მუშაობს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
თუ ხართ ხელმძღვანელი, თქვენი მიზანი უნდა იყოს თითოეული თანამშრომლის დარწმუნება, რომ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი და კომპანიის წარმატება მათი დამსახურებაა.
შემიძლია გითხრათ თუ რატომ მივიჩნევ პირადად ჩემს თავს წარმატებულ ადამიანად, შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ როცა ადამიანი დაკავებულია იმ საქმიანობით, რაც ყველაზე მეტად უყვარს, რაც ანიჭებს სიამოვნებას და სადაც ახერხებს თავისი თავის რეალიზებას, ის უკვე წარმატებული ადამიანია. გიზიარებთ ჩვენი საბავშვო ბაღის სლოგანს – „დახატე შენი ბედნიერება“.
შორენა ინანეიშვილი – მაღაზია „აკვანის“ PR მენეჯერი და ახალშობილის, ქართული სამოსის ხაზის და ონლაინმაღაზია „თოთოს“ დამფუძნებელი
წარმატებისკენ სავალი გზა დღესაც გრძელდება, ამ გზაზე მთავარია გწამდეს და გჯეროდეს იმის, რასაც გინდა მიაღწიო, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე, შეიყვარო ის, რასაც აკეთებ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედო, წარუმატებლობასაც კი. წარმატების გზაზე აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობები, ადამიანები, რომლებსაც ენდობი, გულწრფელად გაფასებენ და უყვარხარ, ამ ადამიანების შემოკრება კი შენი უშუალობით, სწორი მიდგომითა და თავმდაბლობით არის შესაძლებელი… ყველას შრომა მაქსიმალურად უნდა დაააფასო, ვინც გეხმარება, რომ წარმატებული იყო.
წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივი სიახლეების ძიება. კი, რთულია დღეს რაღაც ახლის მოფიქრება და გაკეთება, მაგრამ უნდა ეცადო, რომ სულ შენს საქმეზე იფიქრო. იფიქრო იმაზე, რომ რაღაც ახალი შემატო საკუთარ თავს. მთავარია შენი ხელწერა იყოს ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს…
დღეს ისეთ გარემოშო ვართ, წარმატებული ქალი არავის უკვირს, პირიქით, სულ უფრო და უფრო იზრდება მათი რიცხვი და ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ქალებს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ სწორად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები, იპოვონ თავიანთ თავში ყველაზე ძლიერი მხარე და სწორად მიმართონ და გამოიყენონ ის. გაითვალისწონონ ის ფაქტორი, რომ პირდაპირ წარმატება მხოლოდ ილუზია ან დიდი გამართლებაა, რომელიც მალე დასრულდება. ნამდვილი წარმატებისთვის კი დიდი გზის გავლაა საჭირო, რაც ბევრი დაბრკოლების, ბევრი პრობლემის გადალახვას მოითხოვს, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება.
წარმატებული ქალისთვის აუცილებელია პირადი ურთიერთობები, ოჯახი, მეგობრები, ადამიანები, რომლებიც მის წარმატებას გულწრფელად გაიზიარებენ და მოტივაციას აუმაღლებენ… ჩემი აზრით, რეალურად წარმატებული ადამიანი ვერასდროს იაზრებს, რომ წარმატებულია და სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვს საკუთარი თავისგან.
ნინა ჯალიაშვილი – პროდიუსერი, ბიზნესრეპორტიორი
როდესაც წარმატებულ ადამიანს ან წარმატებულ ბიზნესს ვხვდებით, ხშირად ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამ წარმატების უკან იღბალი დგას, რომ ამ ადამიანს, უბრალოდ, გაუმართლა. თუ გამართლებას იმას დავარქმევთ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით, შესაძლებლობა მოგვეცა და ჩვენც ის ხელიდან არ გავუშვით, კი ბატონო, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, თუნდაც იღბალი თავზე დაგვებერტყოს, თუ მხოლოდ ბედს მივანდობთ ჩვენს საქმეს და წარმატების განმაპირობებელ სხვა ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება გამართლება გაელვებას ჰგავდეს და ჩვენი წარმატებაც დროებითი აღმოჩნდეს.
ალბათ წარმატება ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. ვიღაცისთვის ის დიდ ბრუნვასა და მოგებასთან ასოცირდება, ბევრისთვის ცნობადობაა ამის განმაპირობებელი. ზოგისთვის წარმატება ნიშნავს, სხვებს მისცეს საშუალება, მათაც შეძლონ საკუთარი რესურსების გამოვლინება და განვითარება, ბევრისთვის წარმატება საქმიდან სიამოვნების მიღებაა.
სინამდვილეში, ალბათ, წარმატება ამ ყველაფრის ერთობლიობაა და ცალკეული ინდივიდებისა და ბიზნესის ღირებულებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროპორციულობით არის გადანაწილებული. თუმცა, მე თუ მკითხავთ, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ – ეს ის მყარი ფუნდამენტია, რომელზეც გრძელვადიანი წარმატება უნდა აშენდეს. თუ თავს არ დავზოგავთ, საკუთარ დროსა და ენერგიას არ დავიშურებთ, თუ განვითარებაზე, ხარისხსა და ინოვაციურობაზე ორიენტირებული ვიქნებით, მუდმივად გავითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებს, თუ განსაკუთრებულ ნიშას და კონკურენტულ უპირატესობას ვიპოვით, მაშინ ის საქმე, რომლისთვისაც ჩვენი გული ძგერს, ნამდვილად იქნება წარმატებული და იმის საშუალებასაც მოგვცემს, ეს წარმატება სხვებსაც გავუზიაროთ.
ეს ფორმულა ერთნაირად მუშაობს ცალკეული პიროვნებისა და ბიზნესის შემთხვევაში, განურჩევლად მისი მასშტაბისა.
აკეთე საქმე მთელი გულით, არ დაიშურო ენერგია, იყავი გამორჩეული და ხარისხზე ორიენტირებული.
იმისთვის, რომ მე ჩემს საქმეში ვყოფილიყავი წარმატებული, ძალიან ბევრი ვიშრომე, ბევრი ღამე გავათენე და ბევრი ვიბრძოლე, რათა მეკეთებინა დღეს ის საქმე, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს.
ჟურნალისტობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, ეს არის ჩემთვის ყველაზე მრავალფეროვანი პროფესია, მუდმივად ხარ სიახლეებში და გაქვს უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეს საქმე ძალიან მარტივად მოეჩვენოს, მაგრამ საკმაოდ რთულია, ერკვეოდე ყველა საკითხში, იცნობდე ყველა სფეროს, წერდე და საუბრობდე გამართულად, გაუძლო საკმაოდ დიდ კონკურენციას და მუდმივად ვითარდებოდე, რომ სიახლეებს ადვილად დაეწიო. დღეს მე სამი ყველაზე რეიტინგული ბიზნესეკონომიკური გადაცემის პროდიუსერი ვარ. ვარ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი და მაქვს საკუთარი პატარა ბიზნესი, სილამაზისა და ესთეტიკის სალონი. თუმცა ამ ყველაფრისთვის გავიარე საკმაოდ დიდი და რთული გზა, იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, როცა უხელფასოდ ვმუშაობდი, სარკის წინ ვიდექი და საათობით ვვარჯიშობდი, მთელი ღამე ვმეცადინეობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევდი.
ყველა ქალბატონს ვეტყვი, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, არის დრო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, ყოველდღე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მთელი გულით და გონებით მჯერა, რომ მხოლოდ სწავლით, ჩვენი საქმის პროფესიონალურ დონეზე ცოდნით არის შესაძლებელი, ვიყოთ წარმატებულები და აუცილებლად უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს.
მიზანი ამართლებს საშუალებას.
გიყვარდეთ საკუთარი საქმე, ჩადეთ მასში მაქსიმალური ენერგია, იყავით განსხვავებული და წარმატება თავად მოგაგნებთ!