ჟურნალ OK!-ში არაერთხელ დაწერილა „ბედნიერების ვექტორის“ შესახებ. ეს არის ალტერნატიული სივრცე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პარალელურად სხვა ბევრ საინტერესო აქტივობას სთავაზობს ქალებს, მაგალითად, როგორიცაა: #ერთადშემოვიაროთსაქართველო, #ქალებიქალებისთვის და სხვ. „ბედნიერების ვექტორის“ მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქალმა ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების და იყოს ბედნიერი. ჟურნალი OK! უფრო ახლოს გაგაცნობთ ჯგუფის დამფუძნებელს, თეა ადუაშვილს და მის სხვა წევრებს.
თეა ადუაშვილი (საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის გადასარჩენად“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი, საკონსულტაციო კომპანიის BCC-ის დამფუძნებელი და დირექტორი): 50 წლის ვარ, ოთხი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი რეგალია! facebook-ჯგუფი, „ბედნიერების ვექტორი“, 2022 წელს შევქმენი, რომლის დაფუძნების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქალთა ერთობა და გაერთიანება ერთი მიზნისკენ!
თავდაპირველად ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას წონის კლებასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე სხვადასხვა საინტერესო აქტივობების შეთავაზება დავიწყე ჯგუფში. 2023 წელს კი დამიდგინდა მძიმე დიაგნოზი და რამდენიმე თვით მომიწია აქტივობების შეჩერებამ. 8 თვის განმავლობაში მქონდა ფიქრის დრო, ათასი იდეა მომდიოდა თავში და ერთი სული მქონდა, დავბრუნებოდი ჯგუფს, სადაც მოუთმენლად მელოდნენ. 2023 წლის შემოდგომიდან აქტიურად ჩავები პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ზუსტად მაშინ დავიწყე მუშაობა პროექტზე #ერთადშემოვიაროთსაქართველო, რომლის წყალობით, ჩვენ უკვე შემოვიარეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, პოპულარიზაციას ვუწევთ იმ რეგიონს, ასევე, მხარს ვუჭერთ რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესს.
ამის გარდა, ამ პროექტს ყოველი ჩვენგანისთვის მოაქვს დადებითი განწყობა, ვცდილობთ უფრო მეტად გავიცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ეს ყველაფერი ახლოდან შევიგრძნოთ და ამ სილამაზით დავტკბეთ. ამ პატარა ქვეყანაში მართლაც საოცარი ბუნება გვაქვს, ამ ყველაფერს კი მოფრთხილება სჭირდება!
#ქალებიქალებისთვის
ჩვენს ჯგუფში 750-მდე ქალბატონია, აქედან 130 ქალი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში. მინდა ზოგადად ყველა ქალმა ირწმუნოს თავისი შესაძლებლობების, მიიღონ საკუთარი თავი და შეიყვარონ. ჩვენ ყველას გვყავს შვილები, ოჯახები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თავზე არ ვიზრუნოთ. „ბედნიერების ვექტორის“ მიერ განხორციელებული ყველა პროექტის მიზანიც ეს არის – ქალებმა დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა და ვიყოთ ბედნიერები. ჯანმრთელი, მოვლილი, ლამაზი, მშრომელი და განათლებული ქალი კი ქვეყნის სიძლიერეა! ზუსტად ასეთი ქალები არიან ჩვენთან გაერთიანებულნი, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა შეხედულების ქალბატონებს ერთმანეთის მხარდაჭერა გვაერთიანებს.
მახარებს ისიც, რომ ამ პროექტის, #ქალებიქალებისთვის, მხარდასაჭერად ბევრმა გამოთქვა სურვილი, მათი დახმარებით კი ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის ვაწყობთ მასტერკლასებს, ტრენინგებს და სესიებს.
ეს ჯგუფი და აქ დაბადებული ყველა პროექტი შვილივით მიყვარს! მიხარია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ქალები მხარს ვუჭერთ ქალებს და ეს უფრო გვაძლიერებს! საოცარი გრძნობაა, როცა ამდენი ქალისთვის თუნდაც მცირედი, მაგრამ სასარგებლო და სასიკეთო საქმის კეთება შეგვიძლია.
ქალებს ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ და ფრთები შეასხან საკუთარ ოცნებებს!
ანა ჭყონიძე, ფინანსისტი: 10 წელია ვმუშაობ ,,აგრო განვითარების ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში- „ბიოტეკსი“ და „როქი“. ყველაფერი პირველი კურსის მეორე სემესტრიდან დაიწყო, როდესაც მივხვდი, რომ თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გამოყენება შემეძლო და გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა. „როქში“ პირველივე გასაუბრების შემდეგ ამიყვანეს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, პარალელურად, „ბიოტეკსის“ მთავარი ბუღალტრის თანაშემწედაც დავიწყე მუშაობა. ამის პარალელურად, დავოჯახდი და მეორე კურსზე პირველი შვილი შემეძინა. არც სწავლა მიმიტოვებია და არც სამსახური, ეს კი, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის დამსახურებაა.
ზოგადად, ქალისთვის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება ერთგვარი გამოწვევაა. მიხარია, რომ იმ დროს მზად აღმოვჩნდი, ეს ორი ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. მახსოვს, გამოცდების პერიოდში, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ბავშვს ვაძინებდი და მერე შუაღამით მიწევდა მეცადინეობა, ზოგჯერ ბავშვით ხელშიც კი, თუმცა ამ ყველაფერს არ შევუშინებივარ. ჩემი ოჯახი ჩემთვის კიდევ უფრო დიდ მოტივაციად იქცა, მუდმივად მეფიქრებოდა იმაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რომ ჩემს შვილებს ჩემით ეამაყათ და ჩემი ოჯახის ამაგი დამეფასებინა.
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, უკვე სამი შვილი მყავდა. სამსახურში ახალ პოზიციაზე გადავინაცვლე, – „როქისა“ და „ბიოტეკსის“ ფინანსურ მენეჯერად. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო. ვცდილობდი არცერთი პროფესიული ტრენინგი, სემინარი თუ კონფერენცია არ გამომეტოვებინა, მიღებული ცოდნა საქმეში გამომეყენებინა და მეჩვენებინა მათთვის, რომ მეც ამ გუნდის ღირსეული წევრი ვიყავი. შეცდომებზე ვსწავლობდი და ყველა ამ ეტაპს გააზრებულად ვუდგებოდი. ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში გუნდის თითოეულმა წევრმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.
„იდეაჰაბი“
დაახლოებით ერთი წლის წინ დავაარსეთ ახალი კომპანია „იდეაჰაბი“, რომლის შექმნაც სამსახურებრივი პროცესების გასამარტივებლად, დროის ეფექტურად მართვისა და შესრულების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგვჭირდა. „იდეაჰაბი“ არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე და მათ SaaS (Software as a Service) პროდუქტებად ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ვამუშავებთ მორგებულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარება კომპანიებს ოპტიმიზაციაში, რესურსების დაზოგვასა და წარმატების მიღწევაში.
ჩვენი მისიაა, გავაუმჯობესოთ ბიზნესის მართვისა და ოპერაციების გამოცდილება მოწინავე ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის გზით. ჩვენი პროდუქტები გამორჩეულია მაღალი ხარისხით, სანდოობითა და მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მათი საქმიანობისთვის.
„იდეაჰაბი“-ის გუნდში მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად იკვლევენ და ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სერვისები შევთავაზოთ. ჩვენი კომპანია მზად არის პარტნიორობისთვის ბიზნესის ზრდისა და წარმატების უზრუნველსაყოფად.
„იდეაჰაბი“ მართლაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ახლა ჩემთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მაგისტრატურა ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით გავაგრძელო, რადგან ჩემს პროფესიაში – ACCA (the Association of Chartered Certified Accountants) – სერტიფიცირებას გავდივარ, ორივეს კოლაბორაცია შრომის ბაზარზე ბევრად მოთხოვნად, მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრად მაქცევს.
ქალები ქალებისთვის
ქალების გვერდში დგომა ყველაზე მეტად ქალებს გამოგვდის, რადგან ზუსტად გვესმის ის გამოწვევები, რაც ჩვენ წინაშე დგას. დღევანდელ რეალობაში ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. ყოველდღიურად ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და ვამტკიცებთ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ბარიერები, თუ სურვილი და მიზანი არსებობს. ამის ნათელ მაგალითს „ბედნიერების ვექტორის“ პროექტი წარმოადგენს.
ზოგადად, ძალიან მიყვარს საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია. როცა ქალბატონი თეა გავიცანი, მასში სწორედ ის ღირებულებები აღმოვაჩინე, რომლის გადმოტანაც ცხოვრების ყველა ეტაპზე მომცემდა მოტივაციას, წარმატებული ვყოფილიყავი. „ბედნიერების ვექტორში“ გაწევრებამ კი ეს შესაძლებლობა გაზარდა, იმდენი საინტერესო და წარმატებული ქალის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს, შეუძლებელია სიკეთეებით დახუნძლული არ დარჩე ყველა აქტივობის შემდეგ. მადლობა ქალბატონ თეას.
ლიკა მათიკაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი: როდესაც საქართველოში სწავლა დავასრულე, ჩემი დიდი სურვილი იყო, ცოდნის მიღება საზღვრებს გარეთ გამეგრძელებინა და ასეც მოხდა. დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის კოლეჯის (Birmingham College) ბაკალავრის ხარისხის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაზე Staffordshire University-ში, HR-ის მიმართულებით, რომელიც ასევე წარმატებით დავხურე.
ინგლისში 5-წლიანმა ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შემძინა. იყო ბევრი სირთულე და გამოწვევა, თუმცა მქონდა ძალიან მკაფიო და ზუსტი მიზანი, რომ მაქსიმალური ცოდნა მიმეღო და საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქ კი გამეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, რაც, ქვეცნობიერად, ბავშვობიდან სულ მინდოდა. როგორც დედა მიყვებოდა, 5 წლის ასაკში თოჯინებს ვუტარებდი გაკვეთილებს. ვცდილობდი ნებისმიერ ასაკში გამეზიარებინა ის ცოდნა, რაც იმ მომენტისთვის მქონდა. ინგლისში ყოფნისას ვიყენებდი ყველა შესაძლებლობას სკოლებში, სემინარებზე მენახა, როგორ ასწავლიან და სწავლობენ, პროცესში დამკვირვებლის როლი შემეთავსებინა და შემდეგ მიღებული ცოდნის ადაპტირება ჩემს ქვეყანაში მომეხდინა.
წლებით დაგროვილმა დადებითმა უკუკავშირმა თავისით მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ზუსტი გეგმით დავბრუნებულიყავი ჩემს საქართველოში და ჩემი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი გამეხსნა. ასე შევქმენი ინგლისურის სასწავლო ცენტრი – „მხოლოდ ინგლისური“, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ყოველი გატარებული საათი მიყვარს.
ვცდილობ, გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ, რათა მარტივად შეძლონ ჩემი გაგება და ძალიან ბევრი საინტერესი აქტივობით ენა შემოესწავლოთ. მგონი, პირველი ცენტრია საქართველოში, სადაც სპექტაკლები იდგმება ინგლისურად ყოველ ახალ წელს და არის ძალიან დიდი ზეიმი. მიყვარს ბავშვებისა და მშობლების ერთიანობა, მათი აციმციმებული და ბედნიერი თვალები.
იღბლიანი ადამიანი ვარ, ძალიან გამიმართლა, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაბედნიერებს.
ქალები ქალებისთვის
ჩემი ცენტრის მთავარი ფრაზაა „შენ ხარ შესაძლებლობების ცისარტყელა“. ჩვენი შესაძლებლობებიც ხომ უსაზღვროა და მინდა, რომ ყველას შეეძლოს საყვარელი საქმის კეთება და აუცილებლობასთან ერთად დიდ სიამოვნებას ანიჭებდეს.
ყველა ქალს ვუსურვებ უფრო მეტ თვითრწმენას, რომელიც სწავლითა და შრომით მოიპოვება. მინდა იყოთ ბედნიერები, ლაღები და დამოუკიდებლები.
ძალიან ძლიერები ხართ, რასაც თქვენ თქვენს ყოველდღიურობაში მუდმივად ამტკიცებთ და ძალიან მიყვარხართ. „ბედნიერების ვექტორი“ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქალებისთვის, სადაც ქალები ვერთიანდებით საერთო მიზნით და ინტერესით, დავდივართ სხვადასხვა ქალაქში, ვეცნობით ერთმანეთს. ჯგუფში მუდმივად არის საინტერესო შემოთავაზებები სხვადასხვა აქტივობაზე და ეს უდავოდ მისასალმებელია.
ია მარკოიძე, ბუღალტერი: ვარ 46 წლის, 2007 წლიდან ვმუშაობ მთავარ ბუღალტრად სხვადასხვა კომპანიაში, ასევე, შპს „ოქტა გრუპში“ ფინანსური მენეჯერის პოზიცია მიჭირავს. მიხარია, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული გვყავს სულ ქალბატონები, როგორც არქიტექტორები, ასევე ინჟინრები და იურისტიც. „ოქტა გრუპი“ ვართ პროფესიონალთა გუნდი, ჩვენი მომსახურებები მოიცავს მიწების, შენობის, ინტერიერის დიზაინს, პროექტირებებსა და სამშენებლო საინჟინრო ხარჯთაღრიცხვის დამუშავებას, ვიწყებთ დავალების მიღებიდან და პროექტი მიგვყავს დამტკიცებამდე. სრული პროექტი ასევე მოიცავს ტოპოს, გეოლოგიას, არქიტექტურას, კონსტრუქციებს, საინჟინრო პროექტს და ა.შ. ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს, რათა კლიენტს დაკვეთა დროულად და ხარისხიანად შევუსრულოთ.
გვაქვს მიმდინარე დიდი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, დამკვეთი ფირმის, შპს „ეკო ჰოთელსის“ საცხოვრებელი ვილისა და სასტუმრო კომპლექსის, „გრიგოლეთის არმონია“ სხვადასხვა სახის დაპროექტება, თბილისის აეროპორტის მოფრენის ტერმინალის ზონის რეკონსტრუქციის პროექტი და სხვა მრავალი დამკვეთის პროექტები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გურიაში, კერძოდ, გრიგოლეთში, ზღვისპირა პროექტის, „გრიგოლეთის არმონიას“ განხორციელება, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ტურისტულ სექტორს საკმაოდ დიდ წარმატებას მოუტანს. გარდა ქართული კომპანიებისა, ვუწევ ბუღალტრულ მომსახურებას საქართველოში მყოფ უცხოელ ინვესტორებსაც.
ქალები ქალებისთვის
ქალბატონ თეა ადუაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა სასიამოვნოა. ის ჩემთვის არა მხოლოდ აუდიტორია, არამედ უფროსი მეგობარიც. „ბედნიერების ვექტორში“ მოხვედრა მისი დამსახურებაა. ჩემთვის „ბედნიერების ვექტორი“ დიდ ოჯახად იქცა. ხშირად გვიწყობენ სხვადასხვა სახის შემეცნებით შეხვედრებს, ვესწრებით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ვმოგზაურობთ როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს ჯგუფი სხვადასხვა პროფესიის ქალბატონს აერთიანებს, სასიამოვნოა მათი გამოცდილების მოსმენა და მათი რჩევების გაზიარება. ურთიერთდახმარება, თანადგომა, ყურადღება არის ის, რაც მათგან მახარებს.
ქალებს კი მინდა ვუთხრა, ჩვენ, ქალბატონებს, შეგვიძლია არაფრისგან ყველაფრის შექმნა. ვიყოთ საკუთარი ცხოვრების დეკორატორი.
ელისო ხარჩილავა, ლანდშაფტის დიზაინერი და ტრენერი: 2018 წლიდან ვარ პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერი. ჩემი სამუშაო მოიცავს კერძო ბაღების, კარ-მიდამოების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სასტუმროების გარემოს დაგეგმარებასა და ლანდშაფტური დიზიანის შეთავაზებას – სრული სერვისით პროექტიდან განხორციელებამდე და სურვილის შემთხვევაში, ბაღის მოვლის სერვისით.
ასევე ვატარებ ონლაინ და ოფლაინ პირად თუ ჯგუფურ ტრენინგებს: „ლანდშაფტის დიზაინი – საბაზისო კურსი დამწყებთათვის“ (საავტორო კურსი). მოკლევადიან ტრენინგ კურსებს, რომელიც წარმატებით იყიდება, აგრეთვე ვატარებ პერიოდულად მასტერკლასებს „ბაღი აივანზე“, „თანამედროვე ტენდენციები ლანდშაფტის დიზაინში“, „საყვავილე კომპოზიციები მარტივად“.
მაქვს ჩემი ლანდშაფტური დიზაინის კომპანია Green Art Georgia, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით, ინოვაციური დიზაინით და ეკოლოგიური მომსახურებით.
ამასთანავე, ვარ თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი და ვატარებ ექსპრესკურსს „ლანდშაფტის დიზაინი და ექსტერიერის დიზაინი“ – თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში. ასევე, ვარ თანაწამყვანი რადიო „იმედის“ დილის გადაცემაში „მწვანე რჩევები ელისო ხარჩილავასთან“.
ქალები ქალებისთვის
„ბედნიერების ვექტორი“ ჩემთვის არის აღმოჩენა. პანდემიის პერიოდში შექმნილი ჯგუფი ბევრი ადამიანისთვის და განსაკუთრებულად ქალებისთვის იყო იმედის და თვითრეალიზების გამოხატულება, სადაც ერთმანეთს პირად გამოცდილებებს ვუზიარებდით. გავიცანი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უამრავი საინტერესო ქალბატონი. პერიოდულად ტარდება სახალისო კონკურსები, ტრენინგები, სადაც დიდი მოწონებითა და სიხარულით ვმონაწილეობ. ეს საინტერესო ღონისძიებები კი უფრო გვაახლოებს ქალებს ერთმანეთთან და ჩვენი ცნობიერებაც იზრდება. მოდუნების საშუალება აქ ნამდვილად არ არის, რაც ძალიან მახალისებს და მომწონს. ამ ჯგუფში ყველას აქვს შესაძლებლობა, თავისი თავი სხვა რაკურსით წარმოაჩინოს და გააცნოს საკუთარი მომსახურება.
ქალებს ვეტყოდი, – მაქსიმალურად მიიღეთ ცოდნა, არ გაჩერდეთ, განვითარდით და ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მიღება, შეცნობა და შეყვარება. ყველა ქალი უნდა იყოს ბედნიერი, დამოუკიდებელი, რეალიზებული და დედა. ბედნიერი ქალი ბედნიერ და ლაღ შვილებს აღზრდის. მეტი სითბო და სიყვარულის უნარი უნდა გამოვიმუშაოთ, სამყარო ხომ ასეთი ლამაზი და უნიკალურია.