1900 წლის ივლისში ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის პროექტი.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო. მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.
თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა.
დიახ, მაშინ, 1905 წელს თბილისმა შესანიშნავი ნაგებობა შეიძინა და ფუნიკულიორი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა. თბილისის ფუნიკულიორის გახსნას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. გზის სიგრძე – 501 მეტრი, ლიანდაგის დახრის კუთხე – 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი – 0,98 მეტრია. ვაგონში 50 მგზავრი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ-ია.
ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მეტრი სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – „როტონდა“ აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრი, ქვედა სადგურისა 460 მეტრი, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა კი 267 მეტრია.
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა: დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი, ძველი რესტორანი 1936-1938 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართობი 100 ჰექტარს აღემატება დათბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკსთბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს.