სიტყვა „პალატი“ ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს ნიშნავს, სადაც ოჯახი ძირითად დროს ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ატარებს და გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდება სტუმარს. პალატი ასოცირდება სახლთან, ოჯახსა და მყუდრო გარემოსთან. „პალატი ჩვენი სახლია“ – გახლავთ სლოგანი, რომელიც გამოხატავს ობიექტის კონცეფციასა და ფილოსოფიას. რესტორანი „პალატი“ 2013 წლის მაისში გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხილის მიმდებარე ისტორიულ უბანში, ძველი ორსართულიანი სახლის ადაპტირებით. შესაბამისად, უკვე თითქმის 10 წელია, რაც რესტორანი ქართულ ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ქალაქ ქუთაისში მოპოვებულმა სიმპათიამ, სიყვარულმა და დადებითმა შეფასებებმა განაპირობა „პალატის“ დედაქალაქისთვის გაცნობა და იმერული ხასიათის, თავისი ბარაქიანი სტუმარმასპინძლობითა და ტრადიციებით თბილისში ჩამოტანა. „პალატი“, განსხვავებული სივრცითა და შიდა ინტერიერით, რომელიც მთლიანად მოწყობილია სახლურ ყაიდაზე, ისტორიული ქუჩის ნაწილში, ძმები კაკაბაძეების 3 ნომერში იწონებს თავს. გთავაზობთ ინტერვიუს რესტორნის წარმომადგენლებთან, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ „პალატის“ შესახებ.
რას სთავაზობს „პალატი“ საზოგადოებას?
სრულიად მყუდრო და სასიამოვნო გარემოს, სტუმართან ინდივიდუალურ მიდგომას და განურჩევლად ყველა თანამშრომლის მიერ სტუმრის სურვილების გათვალისწინებას. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ქმნის მომხმარებლისადმი კომპლექსურ დამოკიდებულებათა სტანდარტიზებულ ჯაჭვს. ძირითადი და მთავარი მახასიათებელი, რომელსაც თითოეულ სტუმარს ვთავაზობთ, ტრადიციული მასპინძლობის პრეზენტაციაა მთელი წესების დაცვით. ამასთანავე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერსონალის მომსახურების განსაკუთრებულობა, ემპათიურობა და ნებისმიერ შენიშვნაზე თუ რჩევაზე ობიექტური რეაგირება ჩვენი მთავარი ნიშა და მახასიათებელია. განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მასპინძლობის გარდა გთავაზობთ:
- ალკოჰოლური სასმლის დეგუსტაციას შესაბამისი ხემსით.
- კორპორაციული ღონისძიების ორგანიზებას – ინდივიდუალურად, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად.
- საქმიანი ღონისძიების ინდივიდუალურ მენეჯმენტს – კონფერენც-სერვისს და ქეითერინგს.
- მუსიკალურ, თემატურ საღამოებს, საქველმოქმედო საღამოებისა და ღონისძიებების ორგანიზებას.
გვესაუბრეთ „პალატის“ გარემოზე, რომელიც მოსულ სტუმრებს დახვდებათ.
არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ ჩვენი სივრცის დიზაინს. ინტერიერს მთავარ ხიბლს სძენს ძველი ნივთები და ნახატები, რომლებიც სხვადასხვა სახლის რელიკვიას წარმოადგენდა და მეტად პათეტიკურს ხდის ჩვენ მიერ შექნილ სივრცეს. გამოყენებული გვაქვს ნატურალური ხის მასალა, ბუნებრივი გამწვანება. ძველ ნივთებზე ახალი სულის ჩადგმით ჩვენი სივრცის მთავარი ხიბლი იქმნება და ამით კიდევ უფრო ესმება ხაზი ჩვენს ინდივიდუალობას. გვაქვს ჭურჭელი მაღალი, ინგლისური ხარისხის, ძველი ავეჯით გაწყობილი ბარი, კედლები თანამედროვე ქართველი არტისტებისა და ფერმწერების ორიგინალური ავთენტური ნამუშევრებითაა შემკული. ყველა ოთახი, საპირფარეშოც კი, განსხვავებულია და ინდივიდუალურად არის მოწყობილი. ვფიქრობთ, სწორედ ამაშია ჩვენი დაწესებულების განსაკუთრებულობა. აღსანიშნავია გემოებით, არომატებითა და მადის აღმძვრელი სურნელით გაჯერებული ატმოსფერო, რომელსაც ფონად იმერული ცოცხალი მუსიკა გასდევს.
მოგვიყევით სამზარეულოზე…
ზოგადად, ქართული კულინარიული ისტორია ბევრად უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვიდრე სტანდარტული ქართული რესტორნების მენიუები. ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული გასტროამბები აქვს მოსაყოლი, უძველეს რეცეპტებთან ერთად, რომლებიც საბჭოთა კავშირის გავლენით, ერთ დროს ლამის დავიწყებას მიეცა, თუმცა ახლა ისევ იბრუნებს ძველ დიდებას. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ სტუმრის თეფშზე ყველა ის ძველი ტრადიცია, არომატი და ხასიათი მივიტანოთ, რითიც ამაყობს და მსოფლიოს აოცებს ჩვენი ქვეყანა. გარდა კულინარიული შედევრებისა, აღსანიშნავია ალკოჰოლური სასმელების ხაზი. ჩინებული ღვინო ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. მოგეხსენებათ, ჩვენს კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლებიც სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული სტუმრის ბოკალში აღმოვაჩინოთ ის სითხე, რომელიც ყველაზე კარგად გვიამბობს საქართველოს კულტურასა და საუკუნოვან ისტორიებს.
როგორ ფიქრობთ, რა ნიშა ექნება „პალატს“ ქართულ ბაზარზე?
ჩვენი მიზანია ოჯახური ატმოსფეროთი შევინარჩუნოთ ექსკლუზიური თვითმყოფადობა, ტრადიციული კერძების იმპროვიზებული ვერსიებით ხაზი გავუსვათ ქართული სამზარეულოს რელევანტურ თუ მრავალფეროვან მხარეს და წარმოვაჩინოთ სერვისის გულწრფელი, იმერული სტუმარმასპინძლობა. ჩვენი სტრატეგია მიმართულია სერვისის სფეროს განვითარების, ღვინისა და გასტრონომიული კულტურის სწორად მიწოდებისკენ, ანუ ნიშაზე მორგებული განვითარებისკენ. ვთვლით, რომ ყოველივე ამით საპატიო და დასამახსოვრებელ ადგილს დავიკავებთ ქართულ ბაზარზე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
რესტორანი „პალატი“ თავისი ეთნოკონცეფციითა და გასტრონომიული მიგნებებით ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. ჩვენთვის ყველაზე კარგი ბარომეტრი მეორედ დაბრუნებული სტუმარია. გვსურს თითოეული უცხოელი თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გული მოვიგოთ და ქალაქ ქუთაისში მოპოვებული სიყვარული ჩვენს დედაქალაქშიც ღირსეულად დავიმსახუროთ.