ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Fashion Book-ის მოწვეულ რედაქტორ მაკა კვიციანს. დიზაინერი უკვე არაერთხელ გამხდარა ჩვენი რესპონდენტი, თუმცა მსგავს ამპლუაში აქამდე არასოდეს ყოფილა. ერთობლივად არაერთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვიმუშავეთ, რაზეც თავად უკეთ გვიამბობს. მანამდე კი აუცილებლად წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელიც სპეციალურად ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ჩავწერეთ.
მაკა, თქვენ ხართ OK! Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე ჟურნალზე მუშაობის გამოცდილება და რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს პროცესი?
მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია, პირველია ჩემთვის და სიმართლე გითხრათ ძალიან საინტერესო და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. მოითხოვს ბევრ დაკვირვებასა და დეტალებზე ორიენტირებას.
მიმაჩნია, რომ საოცრად კრეატიული პროცესია ჟურნალზე მუშაობა, მით უმეტეს − რედაქტორის ამპლუაში. ჩემთვის ეს იყო გამოწვევა, ძალიან მომეწონა მუშაობის პროცესი, მასალების მოძიება და შემდეგ მათი ორგანიზება. ვფიქრობ მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენ მიერ მომზადებული თემები.
რას წაიკითხავს მკითხველი OK! Fashion Book-ში?
უპირველესად ვეცადეთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული თემები გარკვეულწილად დაკავშირებული ყოფილიყო დღევანდელ რეალობასთან. შესაბამისად, მკითხველს გავუზიარე რამდენიმე მეთოდი სტრესთან გასამკლავებლად. ძალიან რთულია ასეთ სიტუაციაში კონცენტრაციის მოხდენა, მაგრამ აუცილებელია თავის ხელში აყვანა, თუნდაც წიგნების კითხვით, ფილმების ნახვით, ვარჯიშით, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებით და ა.შ.
ასევე, მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემისთვის, როგორიცაა მოდის განათლება. უამრავი ადამიანია დაინტერესებული ამ საკითხით და მეც ძალიან ხშირად ვიღებ ამ შეკითხვას ჩემი გამომწერებისგან სოციალურ ქსელში. ამიტომ გაგიზიარებთ რამდენიმე უნივერსიტეტს, სადაც შეძლებთ სრულყოფილად დაეუფლოთ ამ სფეროს.
მოგიყვებით მოდისა და არტის კავშირზე. ის, რომ მოდა არტის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. შევეცდებით წარმოგიდგინოთ მოდის ისეთი სახლები, რომლებიც თავის სიტყვას ამბობენ ინტერიერის სფეროში − არქიტექტურა იქნება ეს თუ ინტერიერის დიზაინი.
გიამბობთ ე.წ. ნიშურ ბრენდებზე, გაგიზიარებთ ინსტასქროლის რამდენიმე საინტერესო გვერდს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ თითოეული თემა ძალიან აქტუალური და საინტერესოა, მით უფრო − დღევანდელ რეალობაში.
ამ ეტაპზე როგორ ვითარდება საქართველოში მოდა?
ძალიან სამწუხაროა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ქართული მოდა ძალიან ნელი ნაბიჯებით ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ქართველი დიზაინერი ვართ, რომლებიც ბევრს ვშრომობთ და ჩვენს სიტყვას ვამბობთ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი ძირითადი პრობლემაა ტექნიკური ნაწილი, ამასთან ერთად − მუშახელი. ამ კუთხით ძალიან ნელა მივიწევთ წინ. ამ ყველაფერს კი ძირითადი ნედლეულის იმპორტიც ემატება, რადგან ელემენტარული პრინტის წარმოებაც კი რთულია ჩვენს ქვეყანაში. ფაქტობრივად, არაფერი წარმოებს, არ გვაქვს წვდომა ქსოვილებთან, ფერებთან, სხვადასხვა ტექნოლოგიასთან. სანამ ამ საქმის ლაბორატორიული მიდგომა არ დაიწყება, ტექნიკურად არ გაიმართება ეს სფერო.
თქვენს ბრენდზე მოგვიყევით. რამდენად დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა ბაზარზე?
რეალური მომხმარებელი არის ის, ვინც გიბრუნდება, ჩვენ კი გვიბრუნდებიან ჩვენი მომხმარებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ამ მხრივ.
პანდემიამდე სიტუაცია რა თქმა უნდა ბევრად უკეთესი იყო. დღესდღეობით უფრო კრიზისულ მდგომარეობაში ვართ. ისეთი დროა, ყველა გადარჩენას რომ ცდილობს. მიუხედავად ამისა, პირადად მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, სადაც ვართ და როგორც ვართ. ნელ-ნელა წინ მივიწევთ მყარი ნაბიჯებით, სტაბილურად მივდივართ და ვიმატებთ მაღაზიებს.
რამდენი მაღაზია გაქვთ ამ ეტაპზე?
დღესდღეობით უკვე 15 მაღაზია გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით.
რა გამხდარა თქვენი ინსპირაციის წყარო?
რაც შეეხება ინსპირაციას, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ კუთხით, რადგან ბრენდის დაარსების დღიდან ყველას გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი მიმართულება, რომელიც ყველა ბრენდს გამოგვარჩევს ერთმანეთისგან. შესაბამისად, არ უნდა დაირღვეს. მომხმარებლებს თუ სხვადასხვა მაღაზიას უნდა მივაწოდოთ ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენგან ელიან. შესაძლოა მსოფლიო მასშტაბის დიზაინერებმა მისცენ თავს უფლება და შექმნან ის, რასაც ინსპირაცია უკარნახებთ, მაგრამ ჩვენ გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომელსაც არ უნდა გავცდეთ. დიზაინერი ფასდება გაყიდვის მაჩვენებლებით. თუ გაქვს კარგი მაჩვენებლები, ეს ნიშნავს, რომ კარგი დიზაინერი ხარ, თუ არ გაქვს − ეს იგი არ ხარ შემდგარი ამ საქმეში.
და მაინც… ჩემს შემთხვევაში ყველაზე დიდ ინსპირაციას მოგზაურობით ვიღებ. ეს არის ის, რაც მასულდგმულებს და ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასევე, გამოფენები, ბალეტი, ოპერა და მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც ძალიან მაკლია და დიდი იმედი მაქვს მალე აღდგება. შესაბამისად, კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
ყოველდღიურად რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
სიმართლე გითხრათ ყოველდღიურად არ ვიპრანჭები, თუმცა ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე მიწევს მუდმივად შესაბამის ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ სპორტული სამოსისა და ფეხსაცმლის. მეტწილად DALOOD-ის სამოსი მაცვია, რადგან ყველაზე უკეთ ვირგებ ტანზე და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
ყოველდღიურად როგორ უვლით თავს?
თავის მოვლას დაახლოებით ნახევარ საათს ვუთმობ ყოველ დილით და ასევე, ყოველ საღამოს. აქტიურად ვიღებ სხვადასხვა სახის ვიტამინს. რაც შეეხება ინიექციებს, საკმაოდ მოვუკელი პანდემიის შემდეგ, რადგან არ არის რეკომენდებული ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აღარც ფილერებს ვწყალობ დიდად. ვცდილობ ჯანსაღი საშუალებებით მივაღწიო სასურველ შედეგს. ყოველდღიურად ბევრ წყალს ვსვამ. ამ ეტაპზე იოგა დაემატა ჩემს ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად.
როგორია ოჯახის როლი თქვენს ცხოვრებაში?
რაც შეეხება ოჯახს, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უჭირავს. დიდ დროს ვატარებ მშობლებთან, დასთან, ძმასთან. საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს და ძალიან მიყვარს, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით.
ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი და ინვესტიცია შვილები არიან და მუდამ ასე იყო. პატარა ასაკში დავოჯახდი და ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. გულშემატკივრობენ ყველა ჩემს წამოწყებას მეუღლეც და შვილებიც. არასდროს შეზღუდვა არ მქონია, პირიქით − ხელს მიწყობენ, რომ კარიერა მქონდეს და საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინო.
დაახასიათეთ თქვენი თავი სამი სიტყვით.
სამ სიტყვაში რომ ვერ ჩაატევ, ისეთი ქალი ვარ მე.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ანასტასია პაიჭაძე