ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Gastro Book-ის მოწვეულ რედაქტორს, ექიმ-ჰემატოლოგს ნინო შარაშენიძეს, რომელმაც ჩვენი მკითხველისთვის ძალიან სასარგებლო და აქტუალური თემები შეარჩია. იქამდე კი, სანამ კითხვას შეუდგებით, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენს რესპონდენტს უკეთ გაგაცნობთ.
ნინო, თქვენ ხართ OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ. პირველად ხართ მსგავს ამპლუაში?
უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალი OK!-ის გუნდს, იმისათვის, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და შემომთავაზა, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი. მოგეხსენებათ, პროფესიით არ ვარ მზარეული და ჩემი გამოცდილება კულინარიული რეცეპტების გაზიარებისა, მხოლოდ ჩემი მეგობრების წრით შემოიფარგლება. ზოგჯერ ჩემს ფეისბუქგვერდზე და გარკვეულ კულინარიულ ჯგუფებშიც განმითავსებია ესა თუ ის რეცეპტი თანდართული ფოტომასალით. თუმცა მხოლოდ როგორც მოყვარულ კულინარს და არა პროფესიონალს.
მსგავს ამპლუაში პირველად ვარ და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს გამოცდილება. ვეცადე OK!-ის მკითხველისთვის გამეზიარებინა ძალიან აქტუალური თემები, რომლებიც უმეტესად ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებას ეხება.
საიდან დაიწყო თქვენი კულინარიის მიმართ ინტერესი?
ჩემი ინტერესი კულინარიის მიმართ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. გავიზარდე ძალიან დიდ ოჯახში, სადაც ბევრნი ვცხოვრობდით. ცხოვრობდა მამა თავისი ოჯახით, ბიძა თავისი ოჯახით და ბებია. გვყავდა არაჩვეულებრივი ნათესავები და მუდმივად ბევრი სტუმარი. შესაბამისად, სამზარეულოში იყო ფუსფუსი და იმერული სამზარეულოს ფოიერვერკი.
ყოველთვის ვიყავი გურმანი და სამზარეულოში ტრიალიც ძალიან მიზიდავდა. ხშირად ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო კერძების მომზადებაში, ამიტომ პატარ-პატარა როლებს ყოველთვის ვირგებდი. დედა მეუბნებოდა, რომ იმ ეტაპზე ჩემი მოვალეობა მხოლოდ სწავლა იყო და არ უნდა გამეცდინა დრო სამზარეულოში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჩემში იმდენად დიდი იყო ინტერესი კულინარიის მიმართ, რომ ყოველთვის ვპოულობდი დროს და მიზეზს, გარკვეული წვლილი შემეტანა სადილის მომზადებაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევდა მარტო ყოფნა და შემეძლო სამზარეულოში ჩემი შესაძლებლობები უკეთ გამომემჟღავნებინა. ჩემს მომზადებულ კერძებს მეგობრებს ვაგემოვნებინებდი. მათი მოწონება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.
გვიამბეთ თქვენი სახლის სამზარეულოს შესახებ. რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე ხშირად?
თანამედროვე ცხოვრების პირობებში, ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამოისობით, იძულებული ვართ, ძირითადად ფასტფუდით ვიკვებოთ. ძალიან მნიშვნელოვანია გამოვძებნოთ დრო სამზარეულოსთვის, რათა მოვამზადოთ კერძი, რომელიც იქნება ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი.
ჩემს ოჯახში კვირის განმავლობაში ძირითადად დედა ტრიალებს და მე მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს შესაძლებლობა რაიმე განსაკუთრებული მოვამზადო.
მენიუ, ძირითადად, ითვალისწინებს ჩემი შვილიშვილის ნიკოლოზის გემოვნებას და აზრს, რომელსაც ძალიან უყვარს სტუმრები. ჩვენ ერთად ვადგენთ მოსაწვევი სტუმრების სიას და ვგეგმავთ, რას მოვამზადებთ მათ გასამასპინძლებლად.
ვაწყობთ ბურგერფართის, ვაცხობთ ნამცხვრებს და კარტოფილის ღვეზელებს. რა თქმა უნდა, ხაჭაპურსა და ლობიანს. ხშირად ვამზადებთ წვნიანს და სწორედ წვნიანი კერძებია ჩვენი ოჯახის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
ჩემს სამზარეულოში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კერძები მზადდება. ტრადიციულიც, უცებ მოფიქრებულიც. ზოგჯერ ვამზადებ სუშის, ვხარშავ ღომს. შეიძლება იმერულად შევანელო ლობიო. ხშირად ვამზადებ თევზს. ზოგჯერ ვწვავთ ყველასთვის საყვარელ ქათმის ფრთებს და ბარკლებს. ვამზადებ სოუსებს. თუმცა ტყემლისა და პომიდვრის სოუსებს მთელი ზაფხული ვიმარაგებ.
ვცდილობ მოვამზადო ისეთი კერძი, რომელიც ოჯახის ნებისმიერი წევრის გემოვნებას მოერგება, მაგრამ გყავდეს ყველა კმაყოფილი, უკიდურესად ძნელი მისაღწევია.
თქვენს პროფესიაზეც გვიამბეთ. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობაზე?
მე ვარ პროფესიით ექიმი, შესაბამისად, ხშირად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არასწორად იკვებებიან. ვთვლი, რომ ჯანსაღი კვება არცთუ ისე დიდ დროს და დიდ მატერიალურ ხარჯებს მოითხოვს. აუცილებელია კვების რაციონში შედიოდეს ხილი, ნახშირწყლები, ცილოვანი საკვები. თუმცა რაციონს სჭირდება დროის გარკვეულ პერიოდში სწორად განაწილება.
ვინაიდან მე ვარ ჰემატოლოგი, ჩემი პაციენტების ძირითად ნაწილს აქვს სისხლნაკლებობა, განპირობებული სისხლწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინების დეფიციტით და ამ ვიტამინების მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში მხოლოდ საკვებით ხორციელდება. ძალიან ხშირად მიწევს მათთვის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის სრულფასოვანი კვება და საკვების სწორად მომზადება.
რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით და რატომ?
ყველა ქვეყნის სამზარეულოში არსებობს გარკვეული კერძი, რომელიც ძალიან მომწონს და ვცდილობ ჩემს სამზარეულოში გადმოვიტანო. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო და მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ძალიან მიყვარს ესპანური, თურქული, არაბული, ფრანგული და ბერძნული სამზარეულო. ბერძნებს უნიკალური კერძები აქვთ, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებით.
ტრადიციად დავამკვიდრე, როდესაც ვხვდები უცხო ქვეყანაში, ვსტუმრობ წიგნის მაღაზიას, ფეხბურთის სტადიონსა და იქაურ ბაზარს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ დავაგემოვნო მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნის ტრადიციული კერძები არატურისტულ რესტორანში. ხშირად მექმნება ინსპირაცია და გარკვეული გემოები ჩემს სამზარეულოში გადმომაქვს. მოგზაურობიდან დაბრუნებულს აუცილებლად მომაქვს რაღაც სანელებლები. ზოგჯერ ტრადიციული ჭურჭელიც. მთელ რიგ შემთხვევებში სწორედ სპეციფიკური ჭურჭელი განაპირობებს კერძის განსაკუთრებულ არომატს.
გაგვიზიარეთ თქვენი ბავშვობის მოგონებები. როგორც ვიცით, სტუმარმასპინძლობის კულტურასა და ტრადიციულ კერძებს დღემდე ინახავს თქვენი ოჯახი.
სტუმრის მიღება და სათანადოდ დახვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა ჩვენს ოჯახში. სტუმარი უყვარს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. ნიკოლოზი თავად მონაწილეობს სტუმრების გამასპინძლებაში. ესაა ერთ-ერთი დიდი სიამოვნება დატვირთული სამუშაო კვირის ბოლოს.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე