ნატალია ჩებანოვა არის ლიდერ ქალთა საზოგადოების აქტიური წევრი – ორგანიზაციისა, რომელიც ქართველ ქალებს უქმნის უნიკალურ პლატფორმას პროფესიული და პირადი განვითარებისთვის. ეს საზოგადოება წარმოადგენს სივრცეს, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, მხარს უჭერენ რთულ გადაწყვეტილებებში და ერთად იბრძვიან გენდერული სტერეოტიპების, პროფესიული ბარიერებისა და საზოგადოებრივი შეხედულებების დასაძლევად. ნატალიასთვის ეს წევრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან პირადად გამოიარა რთული გზა, სადაც მუდმივად უწევდა ბრძოლა როგორც პროფესიულ სფეროში არსებულ უხილავ ბარიერებთან, სადაც ფინანსები დღემდე ითვლება „მამაკაცურ დარგად”, ისე სოციალურ გამოწვევებთან — შშმ პირის სტატუსთან დაკავშირებულ წინასწარი განსჯებთან და შეფასებებთან. სწორედ ამიტომ სჯერა, რომ ქალთა ერთობლივმა ხმამ, ურთიერთმხარდაჭერამ და ერთმანეთის წარმატებების გაზიარებამ შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ბედები და კარიერული ტრაექტორიები, არამედ თანდათანობით გარდაქმნას მთელი საზოგადოების შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ ქალებს მიაღწიონ ნებისმიერ პროფესიულ სფეროში, განურჩევლად სოციალური წარმოშობისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ გარეგანი მახასიათებლებისა.

31 წლის ნატალია ჩებანოვა ფოთში დაიბადა, დღეს კი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. იგი არის შპს „ფენიქს ფინანს რევოლიუშენის” და ფინანსისტების კავშირის დამფუძნებელი და დირექტორი, პროფესიით კი ფინანსური ანალიტიკოსი რაოდენობრივი ფინანსების მიმართულებით. პარალელურად ის სწავლობს ორ სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოში, მეორე კი ამერიკულ უნივერსიტეტში, ონლაინ ფორმატში.
ნატალიას ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული მიღწევებით. ეს არის ისტორია იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა, რომ ცოდნას შეუძლია რეალობის შეცვლა. ფინანსური ციფრების პარალელურად მას სიტყვებიც უყვარს, მისი ჰობია წერა, რადგან სიტყვებს აქვთ ძალა იმ განცდების თქმის, რასაც ციფრები ვერ იტევს. მის დიდ ოცნებას კი საკუთარი კინო-კომპანიის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს შეახსენებს, რა არის სინამდვილეში მთავარი ცხოვრებაში.
ნატალიას კარიერა დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, დამწყები სპეციალისტისთვის შანსის მიღება ძალიან რთული აღმოჩნდა. საქართველოში, განსაკუთრებით ფინანსებში, პრაქტიკული გამოცდილების გარეშე კარიერის დაწყება ხშირად თითქმის შეუძლებელია.
,,ამ ობიექტურ სირთულეებს ემატებოდა დარგში არსებული უხილავი, მაგრამ ძალიან მძლავრი სტერეოტიპები: ფინანსები „კაცების საქმეა”, ხოლო ქალი მაქსიმუმ ბუღალტერი შეიძლება იყოს. ნატალია შშმ პირია და ხშირად მისი პროფესიონალიზმი არ ფასდებოდა მანამ, სანამ ლაპარაკს არ დაიწყებდა. გარეგნული შთაბეჭდილება ხშირად მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ ამ მცდარ შეფასებებთან ბრძოლამ გამაძლიერა” – იხსენებს ნატალია.
გარდამტეხი აღმოჩნდა შეხვედრა პირველ მენტორთან, ფინანსურ დირექტორთან, რომელმაც დაუჯერა. მან არა მხოლოდ პროფესიული შანსი მისცა, არამედ ასწავლა, დაიცვა, მოსთხოვა და პასუხისმგებლობა ჩამოუყალიბა. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ნატალიას ცხოვრება და დამოკიდებულება პროფესიასთან.

დღეს ნატალიას ძირითადი საქმიანობაა ბიზნესებისთვის მაღალი დონის ფინანსური ანალიზისა და კონსულტაციების გაწევა — რისკ-მენეჯმენტი, ფინანსური ინჟენერია, პროგნოზირების თანამედროვე მეთოდები, სამომავლო მომგებიანობის შეფასება და არსებული პრობლემების აღმოჩენა ფინანსური ანგარიშგების სიღრმისეული ანალიზით.
„ჩემი მისიაა საქართველოში ფინანსების რეალური არსის დანერგვა. ფინანსები არ არის მხოლოდ ბიუჯეტირება ან IFRS-ის მექანიკური შესრულება. ფინანსისტი არის ადამიანი, რომელიც წინასწარ ხედავს რისკებს, იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლია ბიზნესს რეალურად გაუზარდოს მოგება. სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა მინდა, რომ ფინანსისტი არ არის უბრალოდ ბუღალტერი”, — ხაზგასმით ამბობს ნატალია.
მისი მოტივაცია იყო და არის უსამართლობის განცდა. როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ფინანსების სწორი გაგება, რომ ადამიანური კაპიტალის მენეჯერებსაც კი ხშირად არ ესმით, რას ნიშნავს ფინანსური ანალიტიკოსი ან ფინანსური კონტროლიორი, გიჩნდება სურვილი, ეს შეცვალო.
პირად დონეზე მისი მოტივაცია არის ბრძოლა უხილავობის წინააღმდეგ. „მე არასდროს დავნებდები არც ბედს და არც იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც მიგანიშნებს, რომ არ უნდა არსებობდე. ამას ვაკეთებ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ცხოვრებაში უსამართლო სირთულეები შეხვდა. ჩემი გზავნილია მარტივი: არასდროს დანებდეთ”, — აცხადებს ნატალია.
კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი იყო იმედგაცრუება საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს. ეს მტკივნეული გამოცდილება გახდა ბიძგი საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. დღეს მან იცის ყველაფერი, რაც მაშინ მტკივნეულად ეჩვენებოდა, სინამდვილეში გზის ნაწილია.

უახლოეს პერიოდში ნატალიას მთავარი მიზანია კომპანიის ოპერაციული სტაბილიზაცია და გუნდის გაფართოება. სტრატეგიულ დონეზე გეგმავს ფინანსისტებისთვის საგანმანათლებლო კურსების შექმნას, პროფესიული კლუბ-ფორუმის ჩამოყალიბებას, კონფერენციების ორგანიზებას და ფინანსისტების პროფესიული კავშირის განვითარებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი მას სურს შექმნას კინო-კომპანია, რომელიც ისეთი ფილმების მსგავსად, როგორიცაა Forrest Gump ან Green Book, ადამიანებს შეახსენებს სიკეთეს, ღირსებას და ნამდვილ ღირებულებებს.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება ჩემთვის არის ადგილი, სადაც ქალი არ ამართლებს საკუთარ არსებობას, უბრალოდ არის ლიდერი. ეს არის სივრცე, სადაც მხარდაჭერა რეალურია და წარმატება გაზიარებული”, — განმარტავს ნატალია. მისი აზრით, ასეთი საზოგადოებები აძლიერებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთლიან საზოგადოებას. ისინი ქმნიან მაგალითებს, რომლებიც სხვებს აძლევს ძალას ირწმუნონ საკუთარი თავის. ნატალიასთვის ეს საზოგადოება ნიშნავს ხმას მათთვის, ვისაც ხშირად არ უსმენენ — იქნება ეს ქალები ფინანსურ სექტორში, შშმ პირები პროფესიულ გარემოში, თუ უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ შეუძლიათ მეტის მიღწევა იქ, სადაც საზოგადოება ზღვარებს უსახავს.
ნატალია ჩებანოვას ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაძლიოს არა მხოლოდ გარეგანი ბარიერები, არამედ შინაგანი ეჭვებიც. მისი გზა ადასტურებს, რომ რწმენამ საკუთარ თავში, მენტორების მხარდაჭერამ და დაუოკებელმა შრომამ შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, არამედ მთელი ინდუსტრიის შეხედულებები. დღეს ნატალია თავად არის ის ხმა და მაგალითი, რომელიც სხვებს აძლევს ძალას ირწმუნონ — არასდროს დანებდეთ.
პარტნიორი კომპანიის კონტენტი












