დღევანდელ ჩვენს გმირს მიზნისკენ სწრაფვა და საკუთარი თავის რწმენა ბავშვობიდან ჰქონდა. 18 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ამ ყველაფერმა ის უფრო მეტად გაზარდა და დაანახვა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და განათლება იყო ის გზა, რომელიც მიზნამდე მიიყვანდა. წარმატებამაც არ დააყოვნა და 23 წლის ასაკში საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. ჟურნალი OK! გაგაცნობთ გიორგი პაპავას, რომელიც თავის ბავშვობაზე, მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
ბავშვობა…
დავიბადე და გავიზარდე ქართულ, ტრადიციულ და ამასთანავე პროგრესულად მოაზროვნე ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი ჩემს მიზნებს ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, მათ ჩემთვის მაინც არ შეუშლიათ ხელი, ჩემს ოცნებებს მივყოლოდი.
ვფიქრობ, კონკრეტულ გარემოში გაზრდას ზრდასრულ ასაკში გარკვეული ფსიქოტიპის ჩამოყლიბება მოყვება. ჩვენ თუ რომელიმე ფსიქოტიპს მივეკუთვნებით, ეს ბავშობაში მიღებულ გარე გამღიზიანებლებზე რეაქციებისგან ჩამოყალიბებული ჩვევებია და არა ის ვინც ვართ. თუ ამას ჩავუღრმავდებით და ჩვენს ბავშვობას შევიცნობთ, ცხოვრება უფრო მეტ ლოგიკას შეიძენს და ჯაჭვურ რეაქციებს დავინახავთ, ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება საკუთარი თავის შესწავლაში. ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ ახლო წარსულია, რაც დაკვირვების საშუალებას მიმარტივებს, მგონი, სჯობს ბავშვობაზე განვაგრძო საუბარი.
არასდროს ვყოფილვარ მომთხოვნი და „მიყიდე, მიყიდე“ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მეტის სურვილი მქონდა, ამას კი არავის ვაგრძნობინებდი, ვიცოდი, რომ განათლება და მომავლის სწორად დაგეგმვა წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა. მთელი ბავშვობა ველოდებოდი, როდის გავხდებოდი სრულწლოვანი, რათა ამესრულებინა სურვილები, შემეცნო სამყარო და ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ასეც მოხდა, 6 წელი გავიდა სკოლის დამთავრებიდან და ამ პერიოდში იმდენი რამ მოხდა, რასაც ბავშვობაში მხოლოდ წიგნებში თუ ვკითხულობდი, რომლების კითხვაშიც მათენდებოდა, რაც ხშირად მშობლებთან კამათის მიზეზიც გამხდარა. მახსოვს, ერთხელ წიგნების კითხვაც კი ამიკრძალეს. დიდხანს ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, დღემდე არ მიკითხავს ჩემი მშობლებისთვის, თუ რატომ მოიქცნენ ასე. ალბათ, ამით იმის თქმა სურდათ, რომ სამყაროში ყველა ქმედებას თავისი დრო, ადგილი და ზომიერება აქვს. დღესაც რომ მკითხოთ, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რა მიგიღიაო, გეტყვით, რომ ეს ახალი წლის ღამეს ნაჩუქარი, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაა“, ნიშანი იმისა, რომ წიგნებთან დაბრუნება შემეძლო. ახლა კი მგონია, რომ ჩემი ცხოვრება მრავალტომეული ნაწარმოებია, სადაც მწერალიც და მთავარი გმირიც თავად ვარ.
ემიგრაცია…
იღებ ჩემოდანს, ათავსებ შენს მთელ ცხოვრებას და უკან ტოვებ ყველაფერს განუსაზღვრელი ვადით – one way ticket და არ იცი, როდის დაბრუნდები, 1 თვეში, 1 წელში თუ ათწლეულში. არასდროს დამავიწყდება ის გრძნობა, თუ როგორია როცა თვითმფრინავში ადიხარ, ტოვებ შენს პატარა სამყაროს და წინ გელოდება ახალი გამოწვევები. მაშინ აცნობიერებ, რომ მიუხედავად უამრავი კეთილის მსურველისა, მაინც მარტო ხარ და ეს ცხოვრება მხოლოდ შენ გეკუთვნის, შენ იღებ გადაწყვეტილებას თითოეულ შენს საქციელზე, პასუხსაც შენ აგებ და ხვდები, რომ არავინ იცხოვრებს შენს მაგივრად! ემიგრაცია არამც თუ განათლების მიღებისა და ფინანსური ვალდებულებებისგან განთავისუფლების საშუალებაა, არამედ ეს არის თვითგანვითარების უპრეცედენტო შესაძლებლობა, ამ ყველაფერის აპრიორი კი სწორედაც რომ ტკბილი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი გართულდა, ვინაიდან საკმაოდ ბევრჯერ, დაახლოებით 6 თვეში ერთხელ ვიცვლი ქალაქსა თუ კუნძულს, შესაბამისად დღემდე მაინც მტკივნეულია თითოეული განშორება, მაგრამ ახალგაზრდული ენთუზიაზმი, გამბედაობა, მიზანდასახულობა და ზომიერი ამბიცია მაძლევს საშუალებას, რომ გავაგრძელო გზა და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის კულტურას გავეცნო.
რაც ყველაზე მთავარია, ჩემი საბოლოო დანიშნულება საქართველოა, სადაც მაქსიმალურად შევეცდები დაგროვებული ცოდნის გენერირებას.
განათლება...
მთელმა სკოლამ იცოდა, რომ პაპავა არქიტექტორი უნდა გამოსულიყო. თავისუფალ დროს 3დ პროექტებში სახლებს ვაპროექტებდი და ერთგვარი თამაში ჰობად, შემდგომ კი პროფესიად უნდა ქცეულიყო, მაგრამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, მონათესავე პროფესია ავირჩიე და ხელოვნებიდან სამშენებლო ინჟინერიაში გადავინაცვლე. დღეს პროფესიით მშენებელ-ინჟინერი ვარ და რომ არა კოვიდი, ახლა უკვე ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაც დამთავრებული მექნებოდა, მაგრამ კოვიდმა ჩემს მილიმეტრებში გაჭრილ კალაპოტს მიმართულება რადიკალურად შეუცვალა და უკვე სამი წელია რაც ციფრული მარკეტერი ვარ, რაშიც დიდი როლი ონლაინგანათლებამაც ითამაშა. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ თუ ფლობთ ინგლისურს, თქვენ წინ ბევრი შესაძლებლობა და საინტერესო სამყარო გადაიშლება, რომელზეც უფასოდ მიგიწვდებათ ხელი და შეგიძლიათ ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოთ. სწორედ ასე გავიარე ისეთი წამყვანი უნივერსიტეტების ონლაინსასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა University of California, Universita Bocconi, University of Illinois Urbana-Champaign.
ახალგაზრდა ელჩის გამოცდილება
23 წლისა საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გავხდი. ერთწლიანი მანდატის ფარგლებში, ჩემი მთავარი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავდა.
დღეს.
საცხოვრებლად გადმოვედი კუნძულ მიკონოსზე, საბერძნეთში, სადაც მთლიანობაში 6 თვით მიწევს გაჩერება და დროებით სასტუმროში ჯავშნების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ, პარალელურად კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვარ ციფრული მარკეტერი და ფრილანსზე მომსახურებას ვუწევ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს. ხოლო საბერძნეთში სეზონური დასაქმება ეს კიდევ საკმაოდ ფართო თემაა, მაგრამ ჩემთვის მუშაობის პარალელურად ეს არის ამოუწურავი დასვენების დღეები, რომელიც არ მთავრდება.
მიკონოსზე ცხოვრება საკმაოდ სპეციფიკურია, იგი ცნობილია ღამის ცხოვრებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი დამსვენებლებით. ვიწრო ქუჩებში სეირნობისას თქვენ გარანტირებული გაქვთ მსოფლიო დონის რომელიმე ცნობილ სახესთან შეხვედრა.
თავისუფალ დროს
სამყაროს შეცვლა თუ გვინდა, ჯერ ჩვენი თავის ცვლილებით უნდა დავიწყოთ, ამიტომ მიმდინარე წელი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან სრული კონცენტრაციით გადავწყვიტე, რომ ყველანაირი გარე ფაქტორებისგან გავნთავისუფლდე და მთელი ენერგია თვითგანვითარებას მოვახმარო. წესით, ეს უკანასკნელი ჩვენი ცხოვრების სტილი უნდა იყოს, მაგრამ თანამედროვე სამყაროს ტემპის აჩქარებამ და პრობლემებმა საკუთარ თავთან განმარტოების დრო წაგვართვა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს 6 თვე საკუთარ თავს მივუძღვნა და დავიწყე ისე ცხოვრება, როგორც ყოველთვის მინდოდა.
ყოველდღე გვეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდეთ, ამიტომ უკვე რამდენიმე თვეა სპორტდარბაზში ვარჯიში დავიწყე, გავაგრძელე მივიწყებული გერმანული ენის კურსები, ვცდილობ ავითვისო ბერძნული ენა და პარალელურად – ფუნდამეტურად გავეცნო გურჯიევის ლიტერატურას, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე საკმაოდ დიდ როლს თამაშობს თვითშემეცნებაში.
წარმატება მოაქვს…
თავისთავად, განათლებას, მაგრამ მხოლოდ განათლებაც არ არის წარმატების აპრიორი. ზოგადად, წარმატების კონკრეტული დეფინიცია არ არსებობს და ძალზე ინდივიდუალურია, გააჩნია, ვისთვის რას ნიშნავს ეს სიტყვა. შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ დღეს გიორგი პაპავა წარმატებისგან ჯერ კიდევ შორს არის და ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, ამიტომ ვისაუბრებ იმაზე, თუ რას არ მოაქვს წარმატება.
ამ სამყაროში მარტივი არაფერია, მაგრამ არც შეუძლებელი! შესაძლებლობები უსაზღვროა და მთავარი მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვაა, რომ ბედნიერ დასასრულამდე მიხვიდე.
ვფიქრობ, თუ ერთმა ადამიანმა მაინც მოახერხა და რაღაც კონკრეტული განახორციელა, თქვენც აუცილებლად შეძლებთ, უბრალოდ, დროის საკითხია, 1 დღე დაგჭირდებათ ამისთვის თუ 50 წელი. ის ადამიანები კი, ვინც გაუაზრებლად წინ გვიდგებიან და იმედებს გვიკლავენ, უფრო მეტად გვაძლიერებენ…. თქვენი აზრით, რას ეუბნებოდნენ ტესლას, როდესაც ის ალტერნატიული დენის წყაროებსა და უსადენო ელექტროგადამცემებზე საუბრობდა? ან ლეონარდო და ვინჩის, როდესაც თავის გამოგონებებზე საუბრობდა, ან თანამედროვე სამყაროში რას ეუბნებოდნენ იმ ტოპანტრეპრენერებს,რომლებსაც ბავშვობიდანვე აკვიატებული იდეები ჰქონდათ? ვგონებ, პასუხის საჭიროება არ მოითხოვება. შესაბამისად, ჩემი დაკვირვებით, წარმატების გასაღები განათლებასთან ერთად საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობაშია.
ახალგაზრდებს ვეტყოდი…
თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა გინდათ, ირწმუნეთ თქვენი თავის, მიჰყევით გულის ხმას, რაც ყველაზე მთავარია, აღმოფხვერით მარცხისა და მომავლის შიში. ყოველი მარცხი მიახლოებული გზაა გამარჯვებასთან, დატოვეთ თქვენი კომფორტის ზონა, შეწყვიტეთ ზედმეტი ფიქრი, გადადგით პირველი ნაბიჯი და ავტომატურად პირველს მეორეც მოჰყვება, ასე დაიწყებთ სიარულს და ბოლოს ირბენთ ისე, რომ ვერ გააანალიზებთ, სად იყავით და სადამდე მოხვედით. დროა იბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის და აი, მაშინ შეხვდებით იმ საქვეყნოდ ტკბილ კენწეროს.
სამომავლო გეგმები
ვგეგმავ 4-თვიან სოლო მოგზაურობას აზიის ქვეყნებში. ვფიქრობ, აზიური კულტურის გაცნობა ჩემთვის განსხვავებული და საინტერესო გამოცდილება იქნება, ჩემს აზიურ თავგადასავალს კი ვლოგების სახით სოცმედიის საშუალებით გაგიზიარებთ. აზიის შემდგომ კი დავუბრუნდები ისევ პიჯაკს, ახალგაზრდა ელჩობაზე გაცილებით საინტერესო და საერთაშორისო რეგალიით.
ტექსტი: სოფიო მალანია