63 წლის მალაზიელ მსახიობ მიშელ იეოს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს – ინფორმაციას NBC Los Angeles ავრცელებს.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ოსკაროსანი მსახიობის კოლეგები კინოინდუსტრიიდან და მეგობრები. სტუმრებს შორის იყვნენ რეჟისორი ენგ ლი („Brokeback Mountain“), რეჟისორი დენიელ კვანი, აკვაფინა („Crazy Rich Asians“, „Raya and the Last Dragon“, „Ocean’s 8“) და ოსკაროსანი მსახიობი კე ჰუი ქუანი, რომელიც ფილმში „ყველაფერი, ყველგან და ყველა ერთდროულად“ იეოსთან ერთად თამაშობდა.

მსახიობმა ჯეიმი ლი კერტისმა, რომელიც ცერემონიას ვერ დაესწრო, იეოს ვარსკვლავის გახსნა სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა:
„დიდი ხანია, ვაკვირდები როგორ მაღლა ადის შენი ვარსკვლავი ხელოვნების გალაქტიკაში. გილოცავ დიდების ხეივანში დამსახურებულ შესვლას“.

ღონისძიების დროს მიშელ იეო სიტყვით გამოვიდა. მსახიობმა აღიარა, რომ მისი გზა მალაიზიიდან ჰოლივუდამდე რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო. მსახიობმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გზაზე დაეხმარა და თავისი ვარსკვლავი მშობლებს მიუძღვნა.

მიშელ იეომ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმის – „ყველაფერი, ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once) გამოსვლის შემდეგ. 2023 წელს იეო აზიური წარმოშობის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. ის ასევე კარგად არის ცნობილი მაყურებლისთვის ფილმში „გეიშას მემუარები“ (memoirs of a geisha) შესრულებული როლით.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ












